საკითხავისასარგებლოუცნაური

მწერები მკურნალის როლში

65b5dfb176f6
ბევრი ადამიანისთვის მწერები ასოცირდება არა მკურნალობის მეთოდთან, არამედ დაავადებების გადატანის საშუალებასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ბუზები მრავალი სახის ინფექციას ავრცელებენ, რომ სახლში შემოჭრილი ტარაკნები და ჭიანჭველები თავიდან უნდა მოიშოროთ, ხოლო მალარიის გადამტანი კოღოების გამო ყოველ წელს 3 მილიონი ადამიანი იღუპება.
 
55f583219d35
მიუხედავად ამისა, არსებობს რეცეპტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ბევრისთვის საშინელი მწერები გამოყენებულ იქნას ექიმის როლში. თუმცა ცხადია, ყველას არ სიამოვნებს ასეთი მეთოდებით მკურნალობა.

 

9289a25ce17e
ამაზრზენი შესახედაობის ლეშის ბუზის მატლები მძორისა და სხვა არანაკლებ საშინელი სუბსტანციების გარდა ზოგჯერ ღია, დაჩირქებულ ჭრილობებში ცხოვრობენ. ჭრილობების მიდამოში ისინი გამოყოფენ განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომლებიც ქსოვილებს ერევა, მიღებულ რბილ სითხეს კი იწოვენ. სწორედ ამ პროცესს, რომელიც ერთი შეხედვით არც ისე მიმზიდველი ჩანს, აქვს განკურნების ეფექტი. ჭრილობაში მოხვედრილი მატლი ირჩევს ქსოვილის უკვე მკვდარ უჯრედებსა და ძვლის პატარა ნატეხებს და პირველად მათ შეექცევა. ამავე დროს მის მიერ გამოყოფილი ფერმენტები ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, ხოლო ფერმენტებში არსებული ალატონინი ჭრილობის სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს.

მატლებით მკურნალობას თანამედროვე ეპოქაშიც კი მიმართავენ ზოგიერთ საავადმყოფოებში. ამისთვის იჭერენ არა უბრალო ბუზებს, რომლებიც მრავლად არიან ქუჩაში (რადგან მათ შეიძლება გადაჰქონდეთ ტეტანუსი და განგრენის ბაცილები), არამედ ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილებს. მათ მატლებს შეუძლიათ, ფრთხილად და გულმოდგინედ გაასუფთავონ დაშავებული ადგილები და დააჩქარონ აღდგენის პროცესი.

 

4a50ae2f0ea5
ფუტკრის შხამით მკურნალობის მეთოდი დიდი ხანია, ცნობილია და მრავალი ადამიანი იყენებს მას. ფუტკრის შხამი მრავალ სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს. ის წარმატებულად გამოიყენება რევმატული ართრიტისა და სკლეროზის სხვადასხვა ფორმის დროს. მაგრამ ამ წამალმა, ისევე როგორც სხვა სინთეტიკურმა ძლიერმოქმედმა წამლებმა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქციები, რიგ შემთხვევებში კი ორგანიზმი სიკვდილამდეც მიიყვანოს, ამიტომაც ფუტკრის შხამის მოხმარებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

 

354409c9ebf2
ჭიანჭველას შხამი ასევე დიდი ხანია, რაც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. მაგალითად, მას წარმატებულად იყენებენ დაზიანებული და დაავადებული სახსრების განკურნებისთვის. ჭიანჭველას შხამი მრავალი წამლის შემადგენლობაში შედის.

 

ab3b8ce4be30
ბევრ ერსა და ეთნიკურ ჯგუფში არსებობს ტრადიციული წამლის რეცეპტები, რომლებიც ჭიანჭველებს ეხება. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები თავის ტკივილის ასარიდებელი წამლის დასამზადებლად მწვანე ჭიანჭველებს მდუღარე წყალში ხარშავენ. ამბობენ რომ ასეთი ,,ჭიანჭველას ჩაი” არამარტო თავის ტკივილს ხსნის, არამედ რეგენერაციის უნარს აძლიერებს. ეს უჩვეულო სასმელი გემოთი ჩვეულებრივ მწვანე ჩაის მოგვაგონებს.

 

7640d3d3f87a
აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მობინარე ჭიანჭველების ზოგიერთი სახეობის უზარმაზარი ყბები ასევე წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ ჭრილობის შესახორცებლად. ამისთვის ჭიანჭველას ჭრილობის პირზე სვამენ და როცა მწერი ყბებს დახურავს, თავს აცლიან. ამ სასტიკი მეთოდით მოპოვებული ყბები ნაკერის მაგივრობას წევს.

 

43007d289e06
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ტარაკნებისგან დამზადებული ანტიბიოტიკებიც არსებობს. ტარაკნის თავის განგლიონი – ნერვული კვანძი, რომელიც ორგანიზმში თავის ტვინის ფუნქციას ასრულებს – შეიცავს ნივთიერებას, რომელიც საკმაოდ ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია. ტარაკნის ,,ტვინისგან” მიღებული ანტიბიოტიკები იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველაზე საშიში ოქროსფერი სტაფილოკოკიც კი, რომლისგან გამოწვეული ინფექციაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავედ ითვლება.

 

0313c2936fdc
გასაკვირია, მაგრამ ანოფელესის კოღო სამედიცინო დანიშნულებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მალარია ძალიან მძიმე და საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლის გამოც ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს არ ამბობენ მალარიის მიღებაზე იმის გამო, რომ სანაცვლოდ სხვა დაავადებები აიცილონ თავიდან. ამ დაავადებათა რიცხვში შედის სიფილისიც. დადასტურებულია, რომ მალარიის პარაზიტები აქტიურად ხოცავენ სიფილისის ბაქტერიებს. შედეგად მიიღება ასეთი სქემა: მალარია ,,კურნავს” ადამიანს სიფილისისგან, ექიმი კი – მალარიისგან.

 

82c9e50d272a
კოშენილისგან კარგი წამლის მიღებაა შესაძლებელი. ამ არც ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე მწერზე დიდი ხანია ნადირობენ, რადგან მათი დაჭყლეტვით მიიღება ღია წითელი ფერის საღებავი. ასევე ამბობენ, რომ მათ სპირტიან ნაყენს აქვს ყივანახველისგან, ასთმისა და ფილტვების სხვა დაავადებებისგან განკურნების უნარი.

 

8fe537eb2fa4
მწერები, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო არსებები არიან ჩვენს პლანეტაზე. არსებობს მწერების ისეთი სახეობები, რომელთა უბრალო შეხებაც კი მტკივნეულ და გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. მაგალითად, ასეთი ,,ძღვენით” არის დაჯილდოებული სამხრეთ ამერიკაში მობინადრე გიგანტური აბრეშუმის ჭიის უწყინარი მატლი.

მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც საკვების უკმარისობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, ხალხმა უკვე დიდი ხანია, მწერებისა და სხვა უხერხემლო ცხოველებისგან კერძების დამზადების ხელოვნება აითვისა. შემწვარი მორიელი, კალიები, აბრეშუმის მუხლუხი – ამ ყველაფერს დიდი რაოდენობით მოიხმარენ საკვებად. არსებობს მდიდრული რესტორნებიც კი, სადაც მწერებისგან დამზადებული დელიკატესები აქვთ.
 
 

 

მსგავსი ამბები

Back to top button