ჰუსიტური მოძრაობა
XIII-XV საუკუნეებში ჩეხეთი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. XIV საუკუნეში ჩეხეთი თითქოს ალყაშემორტყმული იყო გერმანელი კოლონისტებით. ჩეხი “თავის საკუთარ სამშობლოში ცხოვრობდა როგორც დევნილი”. გერმანული ენა იყო გაბატონრბული ქალაქების ადმინისტრაციაში, სასამართლოში, ეკლესიასა და სკოლებში. ჩეხური ენა კი პროვინციალურ ენად გამოიყურებოდა.
იმპერატორის კარლ IV-ის (1346-1378) ზეობისას სიტუაცია გამოსწორდა. კარლ IV-მ ჩეხეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ სახელმწიფოდ აქცია. გაფართოვდა ჩეხეთის დასავლეთის საზღვრები, მოააწესრიგეს ძველი გზები, გაჰყავდათ ახლები. ბურგუნდიიდან ჩეხეთში ჩაიტანეს ვაზი და პრაღის შემოგარენი ზვრებით დაიფარა. მაგრამ კარლ IV გაედაცვალების შემდეგ ჩეხებისთვის სულ უფრო აუტანელი ხდებოდა ეროვნული ჩაგვრა. კარლ IV-მ ჩეხებს საკუთარი ღირსების გრძნობა გაუღვიძა და ამით გარკვეულწილად საფუძველი მოუმზადა ჰუსიტურ მოძრაობას- ჩეხი ხალხის ბრძოლას კათოლიკური ეკლესიისა და გერმანული აგრესიის წინააღმდეგ.
პრაღის უნივერსიტეტის (რომელიც კარლ IV-მ დააარსა) პროფესორი იან ჰუსი (1372-1415) რომის პაპს ეკლესიის მეთაურად თვლიდა და არა განსაკუთრებული მადლის მქონე ქრისტეს მონაცვლედ დედამიწაზე. იგი უარყოფდა განსხვავებას საერო და სასულიერო პირებს შორის ზიარების შესრულებისას. მიაჩნდა, რომ ყველას აქვს ზიარების უფლება არა მხოლოდ პურით, არამედ ღვინითაც. ამიტომ ჰუსის მომდევრბს მებარძიმეებს უწოდებდნენ, რადგან ღვინოს ზიარებისას განსაკუთრებული სასმისით ბარძიმით სვამდნენ. ასეთი მოთხოვნა ამსხვრევდა ზღუდეს სასულიერო და საერო პირებს შორის, ამკვიდრებდა საყოველთაო ღვთიურობას.
იან ჰუსი
პრაღის უნივერსიტეტი
რელიგიურთან ერთად ჰუსი აყენებდა ეროვნულ მოთხოვნებსაც. ღვთისმსახურება, ქადაგება და სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტში ჩეხურ ენაზე უნდა ყოფილიყო. ჰუსმა მიაღწია პრაღის უნივერსიტეტის მმართველების გერმანელებიდან ჩეხებისათვის გადაცემას.
იან ჰუსის ძეგლი პრაღაში
ჰუსის ბედი ტრაგიკული იყო. იგი მიიწვიეს სანხრეთ გერმანიის ქალაქ კონსტანცაში საეკლესიო კრებაზე თითქოს მისი იდეების განსახილველად. იმპერატორმა ჰუსს დაცვის სიგელი მისცა, მაგრამ კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა ყველა უმაღლესი სასულიერო პირი და კათოლიკური ევროპის ყველა საუკეთესო ღვთისმეტყველი, ჰუსი ერესში დაადანაშაულეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 1415 წელს იგი კოცონზე დაწვეს.
იან ჰუსის სიკვდილით დასჯამ აღაშფოთა ჩეხი ხალხი. ისინი ჰუსის სასჯელს ეროვნულ შეურაცყოფად მიიჩნევდნენ. ჰუსიტური მოძრაობა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ, ანტიკათოლიკურ ხასიათს ატარებდა. იგი საკმაოდ ფართო და არაერთფეროვანი იყო. მასში გამოიკვეთა ორი ფრთა: ზომიერი- მებარძიმეების და რადიკალური- ტაბორიტების. ტაბორიტების სახელწოდება წარმოდგება მთა ტაბორის სახელიდან, სადაც ამ მოძრაობის ცენტრი იყო.
ტაბორის მთა
მებარძიმეები მოითხოვდნენ ეკლესიის პრივილეგიებისა და საკლესიო მიწათმფლობელობის გაუქმებას, ღვთისმსახურების შემოღებას ჩეხურ ენაზე და ზიარებას ორივე სახით. პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი დამოუკიდებელი ჩეხური მონარქიის მოთხოვნით გამოდიოდნენ. მებარძიმეებს მხარს უჭერდა ქალაქის მოსახლეობა, დიდებულები და უმაღლესი სასულიერო პირები.
რაც შეეხება ტაბორიტებს, ისინი მოითხოვდნენ საეკლესიო რეფორმებს, გადასახადების გაუქმებას, უარყოფდნენ წმინდანთა კულტს და წმინდა ნაწილების თაყვანისცემას. ტაბოროტთა ბელადები თავისი მიმდევრებისგან მოითხოვდნენ პირად საკუთრებაზე უარის თქმასა და მთელი სახსრების საერთო ხაზინისათვის გადაცემას. ტაბორიტებს შორის იყვნენ გლეხები, ქალაქის ღარიბობა და წვრილი აზნაურები.
გერმანელ დიდებულებსა და კათოლიკურ ეკლესიას არ სურდა თავისი სიმდიდრის დაკარგვა ჩეხეთში. რომის პაპმა ჰუსიტების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, რომელიც ჩეხებისა და გერმანელების ეროვნებათაშორის ომად გადაიქცა, რადგან ჯვაროსანთა რაზმს, რომელსაც გერმანიის იმპერატორი ხელმძღვანელობდა, ძირითადად გერმანელები შეადგენდნენ. ჰუსიტებს მეთაურობდა გამოცდილი სარდალი, ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი იან ჟიჟკა. იან ჟიჟკამ კარგად ორგანიზებული მუდმივი ლაშქარი შექმნა, რომელიც მაღალი საბრძოლო თვისებებითა და რკინისებური დისციპლინით გამოირჩეოდა.
იან ჟიჟკას ძეგლი პრაღაში
რომის პაპმა და გერმანიის იმპერატორმა ჰუსიტების წინააღმდეგ ხუთი ლაშქრობა მოაწყვეს და ყველა სამარცხვინოდ დამთავრდა მათთვის. ჩეხებმა გმირულად დაიცვეს სამშობლოს დამოუკიდებლობა. პაპმა და იმპერატორმა გადაწყვიტეს “ციხე” შიგნიდან გაეტეხათ და თავად ჩეხების დახმარებით მოეღოთ ბოლო მათ ქვეყანაში მომდინარე განმანთავისუფლებელი ომისათვის. მათ დაიწყეს მოლაპარაკება ზომიერებთან და წარმატებასაც მიაღწიეს. მებარძიმეებსა და ტიბორიტებს შორის ურთიერთობა სულ უფრო გაუარესდა, რასაც მათი საომარი დაპირისპირება მოჰყვა. პრაღის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ლიპანთან ზომიერები თავს დაესხნენ ტიბორიტებს (1434) და გაანადგურეს მათი ძალები. კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა ზომიერებთან. დათმობებს შორის იყო ზიარება ორივე სახით და ღვთისმსახურება ჩეხურ ენაზე.
ჩეხეთი ჰუსიტური ომების დროს
ჰუსიტურმა ომებმა ხანგრძლივი დროით მოუღო ბოლო ჩეხეთში გერმანელთა ბატონობას. ქალაქთა უმრავლესობაში მოსახლეობას ჩეხები შეადგენდნენ. ჩეხურმა ენამ დაწესებულებებსა და სასამართლოებში განდევნა გერმანული და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.