კარნავალი – სიტყვის წარმოშობის 2 ვერსია არსებობს. Carrum novalis ლათინურად რიტუალური, ბორბლებიანი ხომალდია, რომელსაც ძველად, ევროპის ქვეყნებში, ქუჩებში დაასეირნებდნენ ნაყოფიერების კერპებთან ერთად. მეორე ვერსიით სიტყვა უკავსირდება Carnem levare-ს, რაც იტალიურად “მშვიდობით, ხორცო“-ს ნიშნავს. ევროპული კარნავალები, ტრადიციულად ქრისტიანული დიდი მარხვის წინ ტარდება, რომლის დროსაც ხორცის ჭამა და სხვა სახის მსუყე სიამოვნებები იკრძალება. სამაგიეროდ, კარნავალი იძლევა ყველაფრის უფლებას.
ფესვები უფრო ღრმად არის მოსაძებნი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე, მსგავსი ზეიმები ეგვიპტეში, სპარსეთში, საბერძნეთსა და ძველ რომში იმართებოდა. მას სატურნალია ერქვა – სახალხო ზეიმი, დღესასწაული, რომელიც ნაყოფიერების ღმერთის, სატურნის პატივსაცემად, მოსავლის აღების შემდეგ იწყებოდა. სამუსაოს დასრულებისთანავე ხალხი თავს უფლებას აძლევდა დაესვენა და ეზეიმა. ეს პერიოდი საერთო მხიარულებას ეძღვნებოდა. ყველა ივიწყებდა საქმეს, იხურებოდა სკოლები, სასამართლოები, დროებით ომებიც კი ჩერდებოდა.
კარნავალის წინამორბედის, სატურნალიის მთავარი მოტივი, არსებული წყობის „გადატრიალება“ იყო. ძალაუფლება ხუმარა მეფის ხელში გადადიოდა, მონა ბატონის ადგილს იკავებდა, უკანასკნელი მას ემსახურებოდა, ოჯახის უფროსი ბავშვი იყო, მდიდრების და ღარიბების უფლებები კი თანასწორობდა. ქუჩები ნიღბოსნებით ივსებოდა. კარნავალის დროს ნებისმიერი ხუმრობა ნებადართულია – ამ დევიზით მცირე ხნით ირღვეოდა ყველა ბარიერი, უქმდებოდა ყველა აკრძალვა. კარნავალი ყველას უხაროდა, გარდა უღირსისა და შერცხვენილისა.
მხიარული ნიღბოსნები მოსყიდულ მოსამართლეს, უპატიოსნო ვაჭარს, გარყვნილ ღვთისმსახურს და რქოსან მეუღლეს ზუსტად იმ სახლის ფანჯრებთან განასახიერებდნენ, სადაც დამსსახურებული ადრესატი ბინადრობდა. ნაწყენთა რისხვა სასაცილოდ არავის ყოფნიდა, ხუმარას ანონიმურობის ნიღაბი იდეალურად იცავდა. სხვათა შორის, ანონიმურობა კარნავალის მონაწილეებს თავაშვებული ამურული გართობის ნებასაც აძლევდა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ რისკთან იყო დაკავსირებული.
დღესდღეობით კარნავალები მთელ მსოფლიოში იმართება. ისტორიის, კულტურისა და ხალხის ხასიათიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა თავისებურად აღნიშნავს წელიწადის „მეხუთე დროს“.
ამბობენ, პირველმა პორტუგალიელმა კოლონიზატორმა, რომელმაც სამოთხის ნაწილი ბრაზილიაში იპოვა, გახარებულმა ზეიმი დაიწყო და მას შემდეგ ვეღარც გაჩერდაო. ძნელი სათქმელია, კარნავალთან ერთად. ბრაზილიური, კერძოდ კი რიო დე ჟანეიროს კარნავალი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარულია მსოფლიოში. სითბოსა და მზის, უჩვეულოდ ლამაზი ლანდშაფტისა და ეთნიკური მრავალფეროვნების ქვეყანაში, კარნავალი ისტორიისა და კულტურის ჰანუყრელ ნაწილად იქცა. სამბა, სიგიჟე, თავისუფლება და ღიმილი, რომლის დანახვაზე კაცობრიობა შეგიყვარდება, ბრაზილიური კარნავალია.
ბრაზილიურ კარნავალზე სახეს ნიღბით ნაკლებად იფარავენ, ვენეციურისგან განსხვავებით
ვენეციური კარნავალი ელეგანტური და იდუმალია. დიდმარხვამდე 10 დღით ადრე, ათასობით ევროდ შეფასებულ კოსტუმებთან ერთად, ქუჩასი საქმიანად მიმავალ ადამიანსაც შეხვდებით, რომელსაც შეიძლება სულაც არ ეკარნავალება, მაგრამ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს – თეთრი ნიღბით და შავი მოსასხამით შემოსილი მიიჩქარის სამსახურში. შეიძლება საკუთარი ქვეყნის დროშის ფერები და ჰიმნის მელოდია სეეშალოს, მაგრამ საკარნავალო ნიღბების ავტორის სახელს ყველა ზუსტად გეტყვით. ნიღბებს ვენეციაში სახელგანთქმული ოსტატები ამზადებენ.
ევროპაში ყველა საკარნავალო ქალაქს თავისი ხელწერა აქვს. საფრანგეთში (ნიცასა და ტულუზაში) თეატრალურ მსვლელობებსა და მოხეტიალე ჯამბაზების ცეცხლოვან წარმოდგენებს, პაპიე-მაშეს უზარმაზარი თოჯინები ამშვენებს.
გერმანელები საკარნავალოდ კიოლნში მიემგზავრებიან და ამტკიცებებნ, რომ მათი კარნავალი ყველაზე „უდარდელია“. თანაც, საუკეთესო ლუდიტ გაჯერებული. რაშიც ნამდვილად ვერ შევედავებით.
ესპანელები ამაყობენ ჩვენთან კარნავალი ფრანკოს დიქტატურის დროსაც ტარდებოდაო. თუ ბარსელონაში ამ საზეიმო დროს მოხვდებით, კონფეტების ზღვაში მოგიწევთ ცურვა.
წყარო: DAVID VELIJANASHVILI’S ARTICLE.
photoes: BY DOMINIQUE ROBERTS
GOOGLE.COM
YANDEX.COM