არქივი

ღვინო, დუდუკი და ქალები

430efeff7049
როგორც აღმოჩნდა, ღვინისფერი, თვალებამღვრეული და ამქვეყნიური სიამოვნებით გაბრუებული დროების საგალობელი, “ღვინო, დუდუკი და ქალები,” სინამდვილეში მხოლოდ ქართული მიმბაძველობაა და სხვა არაფერი, რადგანაც მას დიდი არაქართული ისტორია აქვს და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული კლიშეა.

“ღვინო, დუდუკი და ქალები.” ალბათ ხშირად გაგიგიათ ეს ფრაზა, რომელიც ცხოვრების გარკვეული წესის აღმნიშვნელია. როცა ქართველი კაცი მას წარმოთქვამს თვალწინ დიდი სუფრა უდგას, რომელსაც ის ძმაკაცებთან ერთად შემოსხდომია. სუფრა სავსეა მადის აღმძვრელი ქართული კერძებით, ოთახი – კიდევ უფრო მადის აღმძვრელი, ნახევრად შიშველი, აღგზნებული ქალებით და შესაბამისი მუსიკის ფონზე ის ერთნაირი სიშმაგით მისძალებია ერთსაცა და მეორეს.

“ღვინო, დუდუკი და ქალები” ვიღაცებისგან უბრალოდ წამოსროლილი სიტყვები არ არის. ამ პატარა წინადადებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ბევრ ქვეყანაში ის წლების განმავლობაში გარკვეულ სუბკულტურადაც კი ჩამოყალიბდა. თუმცა, დაზუსტებით არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხდა ეს პირველად და ვინ იყო პირველი, ვინც ეს “დამბურძგლავი” სიტყვები წარმოთქვა. ამის დადგენა ძალიან ძნელი იქნებოდა, რადგან გართობის ასეთ ფორმას უძველესი დროიდან მიმართავდნენ. მაგალითად, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, XVI-XVII საუკუნის ირანის სამეფო კარზე, სეფიანთა დინასტიის ბატონობის პერიოდში, ეს რიტუალადაც კი იქცა.

bf9fe28f5e28

სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოსთვის კარგად ნაცნობი შაჰ აბას I, სულეიმანი, სულთანი ჰუსეინი და სხვები, ხშირად მართავდნენ ლხინს მდიდრულ სუფრასთან, ლამაზი ქალების გარემოცვაში, დამკვრელების თანხლებით. დღესდღეობით “ღვინო, დუდუკი და ქალები”-ის ირანული ინტერპრეტაცია ასეთია: “ხორცი, ღვინო და ახალგაზრდობა.”

უმეტეს ქვეყნებში ეს კლიშე ყველაზე მეტად შემდეგი სახით გამოიყენება: “ღვინო, ქალები და სიმღერა”. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველწყარო დაუდგენელია, ვარაუდები მაინც არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი წარმოშობა XVIII-XIX საუკუნის გერმანელი პოეტის იოჰან ჰაინრიხ ვოსის ლექსს უკავშირდება, რომელიც ამბობს: “ვისაც არ უყვარს ღვინო, ქალები და სიმღერა, ცხვორების ბოლომდე სულელად დარჩება” (“Who doesn’t love wine, women and song, Remains a fool his life long”). ასევე არ გამორიცხავენ, რომ ამ ლამაზი სიტყვების (“ღვინო, დუდუკი და ქალები”) ფესვები XI-XII საუკუნის სპარსი პოეტის ომარ ხაიამის ციტატებში უნდა ვეძებოთ.

ასე რომ, “ღვინო, დუდუკი და ქალები” ისტორიის სრულუფლებიანი ნაწილია და რაც მთავარია, მხოლოდ ისტორიკოსებისთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს. როგორც ჩანს, იგი შეიძლება ხელოვნების მოღვაწეთათვის შთაგონების წყაროც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, როგორც ეს XIX საუკუნის ავსტრიელი მხატვრის ჯოზეფ დენჰაუზერის შემთხვევაში აღმოჩნდა და ამ უკანასკნელმა თავის ერთ-ერთ საკმაოდ სახასიათო ნამუშევარს საკმაოდ სახასიათო სახელიც შეურჩია.

ჯოზეფ დენჰაუზერის “ღვინო, ქალები და სიმღერა”
3f0be0bff7a3

“ღვინო, ქალები და სიმღერა” ამ კლიშეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, თუმცა არა ერთად ერთი. მაგალითად, ესპანელები ამბობენ: “ბანქო, ქალები და ღვინო.” ბულგარელებს ხელოვნება და ესთეტიკა ასეთ დროს ნაკლებად ხიბლავთ, თუმცა ხარისხის მიმართ პრეტენზიულები არიან: “სასმელი, საჭმელი და კარგი ქალები.” პორტუგალიელებიც შესძახებენ: “მეძავები და ვინიო ვერდე (პორტუგალიური ღვინო).” განსხვავებული შეხედულებით გამოირჩევიან ბერძნები, რომლებიც სიამოვნების წინაპირობად საფრთხეებსაც ხედავენ: “ცეცხლი, ქალი და ზღვა.” მათ მსგავსად, თურქებიც მიიჩნევენ, რომ ნეტარება ბრძოლის შედეგად მოიპოვება: “ცხენი, ქალი და იარაღი.” ამ ინტერპრეტაციებს ის აერთიანებს, რომ ისინი ერთი და იმავე შინაარსისაა, თუმცა, ეროვნული ტრადიციებისა და შეხედულებიდან გამომდინარე, ისინი მაინც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

“ღვინო, დუდუკი და ქალები”-ის თანამედროვე გაგება ხშირად ასოცირდება ასევე ცნობილ კლიშესთან, “სექსი, ნარკოტიკი და როკ-ენ-როლი.” იგი პირველად ინგლისელმა მომღერალმა იან დურიმ გამოიყენა.

იან დური
b1a751d3a1b4

1977 წელს გამოვიდა იან დურის ცნობილი სინგლი “Sex, drugs and rock ‘n’ roll”. მალე ფრაზა “სექსი, ნარკოტიკი და როკ-ენ-როლი” ძალიან პოპულარული გახდა, რადგანაც იგი კარგად მიესადაგებოდა ჯერ კიდევ 60-იან წლებს და დღემდე ხშირად გამოიყენება საზოგადოების გარკვეული ფენის ცხოვრების წესის დასახასიათებლად.

ასეა, თუ ისე, გასაკვირი არ არის, რომ “ღვინო, დუდუკი და ქალები” სიტყვების ასეთი ცნობილი ერთობლიობაა. ის ხომ უბრალოდ სიტყვებს არ აერთიანებს. მას წამიერად შევყავართ იმ სამყაროში, სადაც მხოლოდ ორი, მაგრამ ყველაზე ლამაზი, საინტერესო და გენიალური რამ არსებობს:

პირველი ეს არი ღვინო…

“ღვინო მსოფლიოში ყველაზე ცივილიზებული რამაა.” – ერნესტ ჰემინგუეი.

“ღვინო გულს სიმამაცით ასვებს.” – პლატონი.

“ღვინო ყოველდღიურობას აადვილებს, ხდის აუჩქარებელს, ნაკლები დაძაბულობითა და მეტი შემწყნარებლობით.” – ფრანკლინი.

“ღვინო კარგი რამაა, თუ მას კარგად გამოიყენებ.” – შექსპირი.

“ღვინო არის მზის სინათლე, წყლით ერთ ჭიქაში შეგროვილი.” – გალილეო გალილეი.

 

მეორე არის ქალები…

“ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.” – ფრიდრიხ ნიცშე.

“ზრდასრული ქალის სექსუალური ცხოვრება ფსიქოლოგიისთვის ბნელი კონტინენტია.” – ფროიდი.

“ქალების საზოგადოება კარგი მანერების საფუძველია”. – გოეთე.

“პირველი ვნებისას ქალს უყვარს თავისი სატრფო, ყველა დანარჩენისას კი მას მხოლოდ ისევ ის სიყვარული უყვარს.” – ბაირონი.

“ღმერთი ქმნის ლამაზ ქალს, ეშმაკი ხდის მას მიმზიდველს.” – ვიქტორ ჰიუგო.

მსგავსი ამბები

Back to top button