არქივი

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

2a697eed0fef

მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:
თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
ნუ შეხვალთ შენობაში;
თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.

http://www.youtube.com/watch?v=dAUCUS-OrSo&feature=related

მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:
თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;
თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;
მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;
ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;
დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;
გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;
საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;
თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:
ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;
ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;
დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;
თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;
თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;
ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;
შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი – აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი – დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე – დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი – დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება

აღარ ესაჭიროებათ.

ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1. დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4. შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

გახსოვდეთ!

· სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

· პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;
· დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.

წყარო: medportal.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button