არქივი

ენამახვილი გენიოსები

0f3af706e103

კურიოზი

სახელოვანი გერმანელი კომპოზიტორი რობერტ შუმანი ერთხელ თავის მეუღლეს, გამოჩენილ პიანისტს საკონცერტო მოგზაურობაში თან ახლდა.
სამეფო კარზე ჩატარებული კონცერტის შემდეგ ხელმწიფემ შეაქო ხელოვანი ქალი და მერე მის ქმარს შეეკითხა:
– ბატონო შუმან, თქვენც მუსიკოსი ხართ?

დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი

საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტრი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემს ახსნა-განმარტება მისცა:
– იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.
– რას ამბობ? – გაოცდა ბიჩემი. – მე ვერასოდეს ვივარაუდებდი, რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში!

შეფასება

ოპერა “ევგენი ონეგინში” ონეგინმა ორთაბრძოლაში ლენსკი რომ მოკლა, დარბაზში მყოფმა ბიჭუნამ იკითხა:
– დედიკო, ის იმიტომ მოკლეს, რომ ცუდად მღეროდა?

დაბნევა

კომპოზიტორი იოჰანეს ბრამსი კაფეში შევიდა, თავისუფალ მაგიდასთან დაჯდა და ფინჯანი ყავა შეუკვეთა. ერთი ახალგაზრდა მივიდა და კომპოზიტორს თავაზიანად მიმართა:
– უკაცრავად, ბატონო, მაგრამ თქვენ ჩემს შლაპაზე ზიხართ.
– ჰო, რა? უკვე მიბრძანდებით? – მიუგო მან დაბნევით.

გოეთეს სახლ–მუზეუმში

ვაიმარში ექსკურსანტები გოეთეს სახლ–მუზეუმს ათვალიერებდნენ. სანახავი ბევრი რამ იყო და დამთვალიერებლები დიდხანს დადიოდნენ ოთახებში. ერთ ქალს მოსწყინდა ამდენი სიარული და სკამზე ჩამოჯდა.
– ეგ გოეთეს სკამია და დაჯდომა არ შეიძლება, – გააფრთხილა იქაურმა თანამშრომელმა.
– მერე რა უშავს, – მიუგო ქალმა, – როცა მოვა, ავდგები.

მკაცრი კრიტიკოსი

ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
– რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
– განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

იმედის გაცრუება

– საინტერესოა, სიყვარულში ბედმა გაგიღიმათ თუ არა? – ჰკითხა ნაცნობმა ქალმა მარკ ტვენს.
– არა, ჩემო კარგო, – მიუგო მან, – ერთადერთი ქალი მიყვარდა და ისიც გათხოვდა.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ქალმა, – ვის გაჰყვა!
– მე! – თქვა მწერალმა.

მიძღვნა

ჰაინრიხ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
– მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
– სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, – მიუგო მან.

ასეც ხდება

ერთმა ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა გაზეთში წაიკითხა ლექსი, რომელსაც მისი გვარი ჰქონდა მოწერილი, თუმცა მას არ ეკუთვნოდა.
იგი აღშფოთებული მიიჭრა რედაქციაში საჩივლელად.
– თანაც ლექსი საშინლად სუსტია, – დასძინა ბოლოს.
– ეგ ჩვენც ვიფიქრეთ, მაგრამ მაინც დავბეჭდეთ, რადგან თქვენი გვეგონა, – უთხრა რედაქტორმა.

წარმატება უზრუნველყოფილია

ერთმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსს თავისი ახალი ბალადა დაუკრა.
– მშვენიერი ნაწარმოებია! – უთხრა შტრაუსმა, – ოღონდ, აი, ზოგიერთი ადგილები მოცარტს მაგონებს.
– არა უშავს, ეს ხელს არ შეუშლის! – მიუგო ამაყად კომპოზიტორმა, – მოცარტს ყოველთვის სიამოვნებით ისმენენ…

წყარო: ჩემი ბიბლიოთეკა

Tornike.Gelashvili

ბეთჰოვენი მეხუთე სტიქიაა!.

მსგავსი ამბები

Back to top button