არქივი

Deus le volt! – უფლის სახელით…

2df75ef83e10
მინდა შემოგთავაზოთ პოსტი ისეთ საკითხზე, რაც ცოტა არ იყოს გულს მტკენს და მაფიქრებს…

Deus le volt! Deus le volt! Deus le volt! – უფლის სახელით!უფლის სახელით!უფლის სახელით! – რამდენი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც 1196 წელს ჯვაროსნული ომების ლოზუნგად გადაიქცა სწორედ ეს ფრანგული სიტყვები, მის გარშემო შეიკრიბა ათასობით შეიარაღებული ადამიანი, მზად მყოფნი მოეკლათ თითოეული თუნდაც უდანაშაულო ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა “ქრისტიანი”. გაენთავისუფლებინათ იერუსალიმი და ეხსნათ სული ცოდვათაგან. ამ ხოცვა-ჟლეტის და სისხლის ფასად უფალი მათ შეუნდობდა, ამას ასწავლიდა ეკლესია ხალხს. უფლის სახელით უნდა განადგურდეს, უნდა დაეცეს, უნდა დაიხოცოს, ამოწყდეს და მიწასთან გასწორდეს. არანაირი შეწყალება არაქრისტიანთათვის, არც კაცისთვის, არც ქალისთვის, არც ბავშვისთვის, არც მოხუცისთვის. “დახოცეთ ყველა ღვთის სახელით, დაე მათი სისხლი დაიღვაროს და საფასურად მოვიპოვოთ სასუფევლი და ხსნა”. ქრისტიანული Exceptis excipiendis(იმის გარდა რაც გამონაკლისია) გადაიქცა ბარბაროსულ Absque omni exceptionae-დ(ყველანაირი გამონაკლისების გარეშე)…რამდენი საეკლესიო კრება შედგა, რამდენი სინოდი შეიკრიბა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფანატიზმი აღმოეფხვრათ და მოესპოთ, უფრო და უფრო აღვივებდნენ. ქრისტიანობა? რატომ ჰქვია ამ რელიგიას ქრისტიანობა?იმიტომ ხომ არა, რომ უფლის ძემ, იესო ქრისტემ გვიქადაგა და გვასწავლა. სწორედაც ამიტომ…და რას გვიქადაგებს იგი? ფანატიკურ და უნაყოფო რწმენას? ქრისტეს სახელით კაცთმოძულეობას? ადამიანების ხოცვა-ჟლეტას? რათქმაუნდა არა. აბა რატომ მისდევდნენ ჩვენი წინაპრები ამ ვითომდა “წმინდა”, “საღვთო” საქმეს? ზოგი იტყვის, მუსულმანებს “ჯიჰადი” აქვთ, წმინდა ომი, რომელიც სხვა რელიგიის ხალხების დასასჯელად და მოსარჯულებლადაა მიმართული, მაგრამ იესო ქრისტე გვიქადაგებდა: “ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო”. კარგი, ეს ხომ არაფერი, მაგრამ რატომ უნდა მომხდარიყო უნიათო და უვიცი ქრისტიანების მიერ უდიდესი კულტურის, ანტიკურობის განადგურება, რომაული ლიტერატურის დაწვა და მოსპობა. რატომ დაწვეს ტიტუს ლივიუსის ისტორიის ტომები? რატომ ებრძოდნენ სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, ლიბანიოსის მოძღვრებებს, კრძალავდნენ საერო ლიტერატურას.
04wya
ქრისტიანობის სირცხვილიც იყო ის, რომ ჯვაროსნებმა, როდესაც იერუსალიმი აიღეს, მთელი მოსახლეობა ამოწყვიტეს და ქალაქი სისხლში ჩაახრჩეს, ხოლო როდესაც სალაჰ-ად-დინი ანუ სალადინი შევიდა “წმინდა ქალაქში”, მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სურვილი ჰქონდა თავისუფლად გაუშვა, ხოლო დარჩენილთაგან არცერთი არ დაუსჯია. რატომ ხდებოდა ასეთი ფაქტები, როდესაც ჩვენი რელიგია წესით და კანონით უფრო შემწყნარებელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ისლამი. მეტი რაღა უნდა ითქვას, როდესაც სწორედ ქრისტიანებმა აქციეს მუსულმანები ფანატიკოს და სისხლისმსმელ მოწინააღმდეგეებად, როდესაც მათ მიმართ საშინელი სისასტიკე გამოიჩინეს და დაამცირეს მათი სიწმინდეები. რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ მხატვრებს ეკლესია დამოუკიდებელ აზროვნებას უკრძალავდა და ერთფეროვანი, უსახური ნახატების ხატვას აიძულებდა. რომის იმპერია როგორ გაქრისტიანდა? მართლა დაესიზმრა და გამოეცხადა კონსტანტინეს რაიმე? არა, ამ ყველაფერსაც პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნდა. იმპერატორს ერთი რელიგიის გარშემო გაერთიანებული ქვეყანა სჭირდებოდა და ამისთვის ქრისტიანობა მშვენივრად გამოიყენა, თავად კი სიცოცხლის ბოლომდე წარმართად რჩებოდა. რომს უკვე ვერც ქრისტიანობამ უშველა და სამჯერ დაეცა ზედიზედ, სანამ დასავლეთის იმპერია საბოლოოდ არ განადგურდებოდა. ამ პერიოდის ქრისტიანულ ლეგენდებს არ იკითხავთ? რომის პაპ ლეო დიდის ვიზიტი ატილა “ღვთის მათრახად” წოდებულთან, დასრულდა იმით, რომ ეს უკანასკნელი იტალიაში აღარ გაჩერდა და რომთან ომი შეწყვიტა. ქრისტიანებმა მაშინვე შეთხზეს მითი, რომ ატილას მოციქული პეტრე გამოეცხადა, რომელიც ხმლით დაემუქრა და აიძულა პაპის თხოვნაზე დათანხმებულიყო. სინამდვილეში რა მოხდა? რა და ატილამ თითქმის მთელი რომის სიმდიდრე მოითხოვა და უზარმაზარი გამოსასყიდი დააკისრა იმპერიას, რისი მიღების შემდეგაც უარი თქვა რომის აღებაზე. ძალიან საინტერესოა რატომ ცდილობენ ყველა იმ საქმეში უფლის სახელის ჩარევას, სადაც ეს საჭირო არ არის და იმის მაგივრად რომ განადიდოს უფალი, აკნინებს მის სახელს. რელიგიის გაუფასურება ყველაზე საშინელი რამაა…
qbcb9
თუ ხალხი დაინახავს, რომ სამღვდელოება იტყუება, ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი აზრი და გამოგვიყენოს რათა თავად მყარად მოიდგას ფეხი და სხვის ხარჯზე არხეინად იცხოვროს, გამოგვიტენოს თავი სისულელეებით, დაგვიდოს აკრძალვები სხვადასხვა ლიტერატურაზე, რომელმაც შეიძლება საღი აზრი გააღვიოს და მიახვედროს ადამიანი ბევრ რამეს, როდესაც ყოველი მეათე ადამიანი მღვდელია, როდესაც ყოველ ნაბიჯზე ეკლესიაა, ეს არაა უფლის სახელის დიდება და რელიგიის სიძლიერე, არა, ეს რელიგიის გაუფასურებაა…ისმის კითხვა: თუ ასეთი ძვირფასია ჩვენთვის ძველი ტაძრები, რომლებზეც თავად სამღვდელო პირებიც იძახიან, რომ მეტი მადლი აქვს, რატომ აშენებენ ყოველდღე ახალ-ახალ ტაძრებს და დანგრევის პირას მიყვანილ, უძველეს, ისტორიულ ეკლესიებს მანამდე არ აქცევენ ყურადღებას, სანამ თავზე არ ჩამოგვექცევა?..
გავიხსენოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის რელიგიური ღონისძიება არცერთ მეფეს არ გაუტარებია, გარდა დიდი დავით მეოთხისა, აღმაშენებელი მეფისა, ბრძენი და შორსმჭვრეტელი ხელმწიფისა. იგი იცნობდა იმ დროისთვის გავრცელებულ ყველა რელიგიურ მოძღვრებას, შეისწავლიდა ფილოსოფიას, ისტორიას, კითხულობდა როგორც ბიბლიას ისე ყურანს. ასეთი ხელმწიფის მოსვლა, რომელსაც კარგად ესმოდა თუ რა დღეში იყო მაშინდელი ეკლესია და ხალხის მოტყუების და გაღლეტის ხარჯზე როგორ ზრდიდა ძალაუფლებასა და ქონებას. მარტო ის რად ღირს, რომ ქართველ ეპისკოპოსს, მოდისტოსს, თავისი ძმის, ძაგან აბულეთის ძის მსგავსად ფეოდალური მიწები და სიმაგრეები გააჩნდა. ასეთი ეკლესიური პირი ძალიან ბევრი იყო, ამიტომ მეფემ შესანიშნავად გათვალა რა უნდა გაეკეთებინა და მტკიცე ხელით, სიმკაცრითა და ბრძნული განსჯით მოახერხა აღეკვეთა ეს საშინელი, “ბოროტების ბუდე”, სადაც არა ღვთისა და ეკლესიის, არამედ ბნელეთის მოციქულები მსახურობდნენ, ფულსა და ძალაუფლებაზე დახარბებული ანაფორიანი ავაზაკები. დავითმა ისინი ღირსეული, უფლის რწმენით და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე სამღვდელოებით ჩაანაცვლა, რითაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის განვითარებისა და ხალხის ერთიანი იდეოლოგიის ჩამოყალიბების გზაზე. საქართველოს სინამდვილეში ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება არასდროს აღარ ჩატარებულა, რამაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ კვლავ მოუშალა ჯებირი დავითის მიერ ზომიერ საზღვრებში მოქცეულ ეკლესიას და ისევ დაიწყო ტყუილი, გამცემლობა, გამომძალველობა, ფულის მოყვარე სამღვდელოების პარპაში. ეს მოგვიანებით, XIX-XX საუკუნეებში შესანიშნავად გამოიყენეს რუსებმა, რომელთაც ჯერ ავტოკეფალია მოგვიშალეს, შემდეგ კი ბოლშევიკებმა საკმაოდ ადვილად მოახერხეს კომუნიზმის დანერგვა ისე, რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს დაავიწყეს ღმერთიც, რელიგიაც და ეკლესიაც…
gzj2c
საინტერესოა ეს კითხვაც: რატომ გაიყო ეკლესია ორ ნაწილად, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებად? ამან ხომ ცუდის მეტი არაფერი მოუტანა ქრისტიანობას, ნუთუ კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და რომის პაპის კინკლაობასა და რამდენიმე საკითხში უთანხმოებას ასეთი მძიმე შედეგები უნდა გამოეწვია. რა მოჰყვა ამას კარგი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის? კონსტანტინოპოლი, აღმოსავლეთის ქრისტიანების მასულდგმულებელი, სულიერი და კულტურული ცენტრი დაეცა, ფერხთით განერთხა ისლამური ოსმალეთის წინაშე. მართლმადიდებლური ტაძრები მეჩეთებმა დაფარეს და აღარ გამოჩნდა ძალა, რომელიც იხსნიდა მუჰამედის მიმდევართაგან რომისა და იერუსალიმის შემდეგ მესამე ყველაზე წმინდა ქალაქს ქრისტიანთათვის. სხვა რაღა უნდა ითქვას, იერუსალიმის სამარცხვინო აღება და შემდეგ სალადინისგან მისი დაბრუნება, თითქმის უსისხლოდ და უმსხვერპლოდ, ესეც სირცხვილია “ქრისტიანობისთვის თავდადებული რაინდებისთვის”.
რამდენი დიდი ადამიანი, რამდენი მოაზროვნე, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, მმართველი, სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, ისტორიკოსი შეეწირა “ქრისტიანობისა და ჭეშმარიტების მღაღადებელი”ბრბოს ბრმა მორჩილებას იმათთვის ვინც მათ მხრებზე დაყრდნობილი ავიდა ძალაუფლების საფეხურებზე. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი. ჯორდანო ბრუნო…რა უნდა ითქვას ამ გენიალურ მოაზროვნესა და მეცნიერზე, ის რომ მან ასტრონომიაში უდიდეს წარმატებას მიღწია, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს…გალილეო გალილეი ძლივს გადაურჩა წამებით აღსრულებას “წმინდა” ინკვიზიციისგან. ჟანა დ’არკზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს უდანაშაულო, უმანკო ქალიშვილი, რომელმაც საფრანგეთის გამარჯვებებს სათავე დაუდო ასწლიან ომში, ინკვიზიციის მსხვერპლი აღმოჩნდა, “ეშმაკეული” და ერეტიკოსი, როდესაც “ორლეანელი ქალწული”ჯვრითა და დროშით ხელში მიუძღოდა ფრანგებს მტრების განსადევნად. ესპანეთში ამ მხრივ საერთოდ კატასტროფა ხდებოდა ამ მხრივ. ქვეყანა თითქმის ასწლეულით ჩამორჩა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს სწორედ ინკვიზიციის და ეკლესიის ძლევამოსილების გამო. ვისაც წაგიკითხავთ ლიონ ფოიხტვანგერის “გოია”, კარგად გეცოდინებათ რელიგიური ფანატიზმის შესახებ ესპანეთში, ამ ფანატიზმს სწორედ ეკლესია წარმოშობდა…უამრავი რამის გახსენება შეიძლება კიდევ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ ამ ამაზრზენი ამბებით…
bpqn8
სამწუხაროდ დღესაც კი არსებობს ნიშნები იმ საშინელი და დამთრგუნველი კლერიკალიზმისა, რომელიც ყველაზე მეტად უწყობდა ხელს ხალხის დამონებას ეკლესიისადმი და ყველაფერ იმ ცუდს, რასაც არა ქრისტე, არამედ სამღვდელოება ქადაგებდა. იესო ქრისტე, ძე უფლისა ჩვენისა – აი სწორედ ჩვენი ხსნა, ჩვენი რწმენის საყრდენი, ხოლო წიგნი სწავლებისა და ჩვენი რელიგიურობისა არის სახარება, წმინდა წერილი. მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, ეს ჩვენი წინაპრების რწმენაა, რამაც საქართველოს ამდენი საუკუნე გააძლებინა და ერი იხსნა საბოლოო განადგურებისგან, თუმცა ეკლესიის ძალაუფლებასაც თავისი საზღვრები უნდა ჰქონდეს, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს დაუწესდა, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და რაც მთავარია ჩვენი, ქართველი ერისთვის.

პოსტი საკონკურსოა

მსგავსი ამბები

Back to top button