არქივი

ტასმანიის ველური ბუნების უცნაურობები – ნაწილი 1

ტასმანიური ეშმაკი
ჯუნგლებში დღე საკმაოდ ჩუმი და წყნარია. ღამით საგრძნობლად იცვლება სურათი – მთელ ტყეში შემზარავი ღმუილი და კივილი ექოსავით ისმის. რა ღმუის ან რა გაჰკივის ასე ყურისწამღებლად? ეს არის ტყის ერთობ აგრესიული და ანჩხლი ჩანთოსანი ბინადარი, რომლისთვისაც ვიღაცას, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო სახელი დაურქმევია. მოკლედ გაიცანით ჩვენი ტასმანიური ეშმაკი. ამ შეუპოვარ და უშიშარ ცხოველს ძალზე მრისხანე გამომეტყველება აქვს და შემზარავ ხმებსაც გამოსცემს, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ლეშზე ნადირობს“. მაგრამ, ხომ გაგიგიათ გამოთქმა, როგორც ქუხს ისე არ წვიმსო – ტასმანიური ეშმაკი არც ისეთი საშიშია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეს ეშმაკები საოცარი სისწრაფით ასუფთავებენ ტყეს ლეშისაგან. ძლიერი ყბებითა და კბილებით თითქმის ყველანაირი მძორის დაღეჭვა და გადაყლაპვა შეუძლიათ თავის კანიან ძვლიან ყველაფრიანად. ჭამენ ბევრს და თანაც სწრაფად.  ნახევარ საათში შეუძლიათ თავიანთი წონის 40 პროცენტს გაადინონ ბრდღვნა. ეს მართლა საგმირო საქმეა. აბა, რომელი ადამიანი შეჭამს ერთ ჭამაზე 25 კილო ხორცს?

 

ვომბატი
ახლა, ნება გვიბოძეთ გაგაცნოთ ჯუნგლების შედარებით უწყინარი ბინადარი – საყვარელი, მშვიდი და ფუმფულა ცხოველი – ჩვეულებრივი ვომბატი. როგორც ყველა ჩანთოსანი, დედა ვომბატი ნაშიერს ჩანთით ატარებს და ძუძუს აწოვებს. თუმცა არის პატარა განსხვავება – ვომბატების ჩანთა სხეულის უკანა ნაწილში იხსნება. ასე პატარა სრულიად დაცულია მტვრისა და ჭუჭყისგან მაშინ, როცა „დედიკო“ წინა თათებით მიწას თხრის ბუნაგისთვის. ვომბატებს მუდმივად მზარდი კბილები აქვთ, რისი მეშვეობითაც მიწაში ყველაფერს იოლად ღრღნიან და აქუცმაცებენ. მიუხედავად ტლანქი გარეგნობისა, ჩვეულებრივი ვომბატები საოცრად მოქნილები და მოხერხებულები არიან. ისინი სუფთად და აკურატულად კრეფენ მცენარეებს მიწიდან წინა თათებით და გემრიელად შეექცევიან.

Mr.Green

Nothing

მსგავსი ამბები

Back to top button