გასართობისაკითხავისასარგებლო

ძირითადი მიმდინარეობები ისლამში


უზენაესი ხელისუფლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური და თეოლოგიური პრობლემაა ისლამში. ის დადგა მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ. ხელისუფლებისთვის ბროლაში ჩაეყარა საფუძველი ისლამის ძირითად მიმდინარეობებს: ხარიჯიზმი, შიიზმი და სუნიზმი.

ხარიჯიტები (ალ-ხავარიჯ- “გამოსულები”, “ამბოხებულები”, “გამთიშველები”.) არიან ილამის ისტორიაში ყველაზე ადრეული რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფების მიმდევრები. ეს დაჯგუფება შეიქმნა ალი იბნ აბი ტალიბსა და მუავიას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის პერიოდში. სიფინთან ბრძოლის დროს ალიმ ვერ გაბედა გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა მოწინააღმდეგისთვის და დათანხმდა სამედიატორო სასამართლოზე, რამაც მის ბანაკში უკმაყოფილება გამოიწვია. ალის უმოქმედობით იმედგაცრუებულმა 12 ათასმა მეომარმა მიატოვა იგი და დაბანაკდა სოფელ ჰარურასთან, რითაც დასაბამი დაედო ხარიჯიტულ მოძრაობას.
ხარიჯიტები განსაკუთრებით ყურადღება აქცევდნენ იმ დოგმატური საკითხების დამუშავებას, რომლებიც უკავშირდებოდა სახალიფოს თეორიას, მოქმედებისა და რწმენის ურთიერთმიმართებას. უზენაესი ხელისუფლების საკითხში უპირისპირდებოდნენ როგორც სუნიტებს, ისე შიიტებს. აღიარებდნენ რელიგიური თემის და სახელმწიფო მეთაურის არჩევითობის პრინციპს და ამასთანავე კანდიდატის არჩევითობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. იმამათზე პრეტენდენტის უფლებამოსილების აუცილებლ პირობას წარმოადგენდა ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, სამართლიანი დამოკიდებულება ადამიანებისადმი და ტირანი მბრძანებლების წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოსვლის უნარი. იმამის არჩევა და შეცვლა შეეძლო ყველა თემს. რელგიის საკითხებში ხარიჯიტები ისლამის “სიწმინდის” დამცველებად გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ რელიგიურ მოვალეობათა მკაცრ დაცვას. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ჭეშმარიტ რწმენას განსაზღვრას მოქმედება, “მძიმე ცოდვათა” ჩამდენთ ისინი მიიჩნევდნენ რჯულგანდგომილებად, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელი იყო “საღვთო ომი (ჯიჰადი). რჯულგანდგომილთა მკვლელობა ხარიჯიტებს რელიგიურ მოვალეობის დონეზე აჰყავდათ. ხარიჯიტები საერთოდ უკიდურესი ფანატიზმითა და არაშემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, რაც ვრცელდებოდა არა მარტო მათ პოლიტიკურ და რელიგიურ მოწინააღმდეგებზე, არამედ მშვიდობიან მუსლიმებზეც, რომლებიც არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს.

 

 

სუნიზმი არის ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა. მის მიმდევრებს ეწოდება სუნიტები, აჰლ ას-სუნნა ვა ლჯამა’ა (“სუნას და თემის თანხმობის ხალხი”). ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან სუნა და მიღებულია სახელმძღვანელოდ მუსლიმებისთვის. სუნიტებად ითვლებიან ის მულიმები, რომლეიბიც აღიარებენ პირველი ოთხი “მარლთმორწმუნე” ხალიფას (აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი) კანონიერებას, ჰადისთა ექვსი კრებულის უტყუარობას და ეკუთვნიან ოთხი სახღვთისმეტყველო სამართლებრივი სკოლიდან ერთ-ერთს. სუნიტური თვალსაზრისით, მოციქული მუჰამადის სიკვდილის შემდეგ მუსლიმური თემის პირდაპირი “კონტაქტი” ალაჰთან შეწყდა და მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნას მითითებების საფუძველზე, მათი სწორი განმარტება კი უზრუნველყოფილია თემის ერთობლივი აზრით, რომელსაც წარმოადგენენ ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერ-ღვთისმეტყველები. სუნიტების თანახმად, პოლიტიკური და სასულიერო ძალაუფლება ეკუთვნის არა ალის საგვარეულოს წევრებს, არამედ მუსლიმური თემის მიერ არჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი პირადი თვისებებით და ცოდნით შესაფერისია იმისთვის, რომ განახორციელოს ცხოვრებაში ყურანის აღთქმები.
სუნიტურ ისლამს თანამედროვე ისლამოლოგიურ გამიკვლევაში არცთუ იშვიათად ორთოდოქსულს უწოდებენ.

 

 

მალიქიტები არიან მალიქ იბნ ანასის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო-სამართლებლივი სკოლის მიმდევრები. მალიქიტიზმის თანახმად, სამართლის მთავარი წყაროებია ყურნი და სუნა, რომელიც ყურანის გაგრძელებად განიხილება. საჭიროების შემთხვევაში მათ ემატება მედინის ჩვეულებითი სამართალიც. ისინი უშვებდნენ ლოგიკური დასკვნების შესაძლებლობას და ანალოგიით განსჯას, მაგრამ უფრო შეზღუდულად, ვიდრე ჰანიფიტები.
უკვე IX საუკუნეში მალიქიტების მაზჰაბი ჰიჯაზისა (მექა და მისი მიმდებარე ტერიტორია) და მედინის გარდა გავრცელდა ზემო ეგვიპტეში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთში. ირანსა და შუა აზიაში ისინი თითქმის არავითარ როლს არ თამაშობდნენ. ამჟამად მალიქიტების მაზჰაბი გაბატონებულია მაღრიბის ქვეყნებში, დასავლეთ აფრიკაში, ზემო ეგვიპტეში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

 

 

შაფიიტები, აშ-შაფიია არიან აშ-შაფიის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო-სამართლებლივი სკოლის მიმდევრები. შაფიიტების სამართლებლივი სისტემა წარმოადგენს კომპრომისს ჰანიფიტებისა და მალიქიტების სისტემებს შორის, მაგრამ უფრო ახლოს დგას უკანასკნელთან. მისი მთავარი პრინციპები ასეთია: ყურანი და სუნა ერთიანი წყაროა. სუნა მხოლოდ ავსებს ყურანს, მაგრამ არ იძლევა პარალელურ მასალას შესადარებლად და საშუალო გადაწყვეტილების გამოსაყვანად.
IX-X საუკუნეებში შაფიიტების მოღვაწეობის ცენტრები იყო მექა და მედინა, შემდეგ ისინი თანდათან გავრცელდნენ სირიაში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ირანის სხვადასხვა რაიონში. თბილისიდან გამოსული ათ-თიფლისის ნისბით მოღვაწე მუსლიმების დიდი ნაწილი იყო შაფიიტი. ამჟამად შაფიიტების მაზჰაბი წამყვანია ეგვიპტეში, ბაჰრეინში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდონეზიაში. ისინი არიან სირიასა და სამხრეთ არაბეთშიც.

 

 

 

 

 

ჰანიბალიტები, ალ-ჰანაბალა არიან იმამ აჰმად იბნ ჰანბალის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო-სამართლებლივი სკოლის მიმდევრები. ჰანიბალიტების გავრცელებას ხელი შეუწყო იდეურმა რეაქციამ, რომელიც დაიწყო სახალიფოში, 827-851 წლებში გაბატონებული მუთაზილების მოძღვრების უარყოფის შემდეგ. XIV საუკუნემდე ამ სკოლას მრავალი მიმდევარი ჰყავდა მთელს ისლამურ სამყაროში, ხოლო ამჟამად ჰიჯაზსა და ნეჯზში (არაბეთის ნახევარკუნძულზე). ჰანიბალიტების სამართლებრივი სისტემისთვის დამახასიათებელი იყო უკიდურესი შეურიგებლობა ყოველგვარი “სისხლისადმი” და თავისუფალი აზრისადმი რელიგიის საკითხებში. ისინი უარყოფდნენ ყურანის და ჰადისების ნებისმიერ თავისუფალ, რაციონალურ განმარტებას.ჰანიბალიტები გამოირჩეოდნენ უკიდურესი სიმკაცრით და ფანატიზმით შარიათის დაცვის დროს.

 

ჰანაფიტები, ალ-ჰანაფია არიან აბუ ჰაფინის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის მიმდევრები. ჰანაფიტური სკოლის მოძღვრების შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აბუ ჰანიფას მოწაფეებმა აბუ იუსუფმა და მუჰამად აშ-შაიბანიმ. ჰანაფიტები მთლიანად და უსიტყვოდ იღებენ ყურანს სამართლის წყაროდ, ხოლო სუნას- როგორც დამოუკიდებელ წყაროს, მაგრამ მხოლოდ ჰადისების გულდასმით შერჩევის შემდეგ. ჰანიფიტები შედარებით შემწყნარებლები არიან სხვა სარწმუნოების აღმსარებლობისადმი. ისინი ფართოდ იყენებენ ადათობრივ სამართალს (ურფი), როგორც სამართლის დამხმარე, მაგრამ ამასთან, დამოუკიდებელ წყაროს. ჰანიფიტობა ოსმალეთის იმპერიაში სახელმწიფო მაზჰაბი იყო. ამჟამად ის უპირატესად გავრცელებულია თურქულენოვან სუნიტებში, ავღანეთში, სირიაში, ინდოეთის, ჩინეთისა და ინდონეზიის მუსლიმებში.

 

თვითგვემის რიტუალი შიიტებში

 

შიიტები (აშ-ში’ა, “მომხრენი”, “პარტია”)- იმ სხვადასხვა თემათა და დაჯგუფებათა გამაერთიანებელი სახელწოდებაა, რომლებიც ალი იბნ აბი ტალიბისა და მის შთამომავლებმა მოციქულ მუჰამადის ერთერთ სულიერ მემკვიდრეებად და ხელისუფლების ერთადერთ კანონიერ მატარებლებად მიიჩნევდნენ. მუჰამადის გარდაცვალების შედეგ (632 წელს) მის უახლოეს მიმდევართა ერთმა ნაწილმა უსამართლოდ მიიჩნია აბუ ბაქრის ხალიფად არჩევა. ისინი თვლიდნენ, რომ უზენაესი ხელისუფლება “მოციქულის ოჯახში” უნდა დარჩენილიყო, ხალიფა ალი უნდა გამხდარიყო.
სამხედრო-პოლიტიკურმა წარუმატებლობებმა, ალის ვაჟის, ჰუსაინის ტრაგიკულმა დაღუპვამ, ალ-მუხთარის აჯანყების მარცხმა და სხვა, ხელი შეუწყო შიიტთა წრეში რელიგიური ძიებების განვითარებას, პოლიტიკური დაჯგუფებიდან შიიზმის რელიგიურ-პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბებას.
ჯერ კიდევ ალის სიცოცხლეში მისი ზოგიერთი მიმდევარი ქადაგებდა იმამათის “ღვთაებრივი ბუნების” იდეას, ამტკიცებდა, რომ მუჰამადმა ალი თავის სულიერ მემკვიდრედ განაწესა. სახალიფოს აღმოსავლეთ პროვინციების (ირანი, ერაყი) ისლამზე მოქცევის შემდეგ შიიტური მრწამსი შეივსო უზენაეს ხელისუფლებაზე მისტიკური წარმოდგენებით. მრავალრიცხვოვან გადმოცემათა და ყურანის ცალკეული ადგილების ალეგორიული განმარტების მეშვეობით შიიტები ამტკიცებდნენ, რომ მუჰამადმა მკაფიოდ დასახა ალი თავის მემკვიდრედ და იცავდნენ უზენაესი ხელისუფლების მემკვიდრეობით გადასვლის პრინციპს.
შიიტურმა პროპაგანდამ, ომაიანთა უზურპატორული ხასიათის მტკიცებით, ხელი შეუწყო ამ დინასტიის დამხობას, ამ აქტით კი ისარგებლა ჰაშიმიანთა საგვარეულოს აბასიანთა შტომ. შიიტებმა შემდგომშიც გააგრძელეს ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მაგრამ მალე მათ წრეებში თავი იჩინა უთანხმოებებმა. VIII საუკუნიდან უკვე განასხვავებდნენ შიიტების “ზომიერ” და “უკიდურეს” მიმართულებებს. “ზომიერებს” მიაკუთვნებდნენ იმამიტებს, რომლებიც დღეს შიიტთა მრავალრიცხვოვან თემს წარმოადგენენ და შიიტების სახელით სწორედ მათ მოიხსენიებენ, და ზაიდიტებს. “უკიდურეს” შიიტებს განეკუთვნებიან პირველ რიგში ისმაილიტები, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე დაჯგუფებად იყოფიან. ზოგიერთი სექტა იმდენად დაშორდა თავდაპირველ დებულებებს, რომ დამოუკიდებელ რელიგიურ მიმდინარეობადაც შეიძლება ჩაითვალოს. ისლამის მთელის ისტორიის მანძილზე, შიიტთა სხვადასხვა თემები მეტნაკლები წარმატებით ცდილობდნენ ხელისუფლების სათავეში მოსვლას. შუა საუკუნეების მუსლიმური სამყაროს სხვადასხვა რეგიონებში არსებობდა შიიტთა რამდენიმე სახელმწიფო (ზაიდიტთა, ისმაილიტთა, კარმატთა და სხვა), XVI საუკუნის დასაწყისიდან შიიზმის იმამიტური მიმართულება ირანის ოფიციალური იდეოლოგია ხდება.
იმამიტები წარმოადგენენ ირანის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ერაყის მცხოვრებთა დაახლოებით 69%-ს. სხვადასხვა შიიტური თემები არის ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
შიიზმის პოლიტიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ირანის 1978-1979 წლების ისლამური რევოლუციის შემდეგ.

 

მუთაზილიტები, ალ-მუთაზილა- პირველი რაციონალირი მიმართულების თეოლოგიური სისტემის შემქმნელი ისლამში. მუთაზილიტების სკოლის დამაარსებლად ითვლებიან ვასილ იბნ ატა და ამრ იბნ უბაიდი, რომლებიც თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად “ჩამოშორდნენ” თავიანთ მასწავლებელს ჰასას ალ-ბასრის. მუთაზილები უარყოფდნენ ღვთაებრივ ატრიბუტებს და ქადაგებდნენ ღმერთის ერთიანობას და წმინდა სულიერებას. მართალია მუთაზილები აღიარებდნენ ყურანის რელიგიური ჭეშმარიტების წყაროდ, მაგრამ თვლიდნენ მას შექმნილად, უშვებდნენ მისი ალეგორიული განმარტების შესაძლებლობას, უარყოფდნენ ჰადისების ბრმად აღიარებას. მუთაზილებმა შექმნეს დოგმატების საკუთარი სისტემა, რომელიც ხალიფა ალ-მამუნმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. ხალიფამ ყველაფრი გააკეთა ამ მიმდინარეობის ასაღიარებლად სახალიფოში, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია. ხალიფა ალ-მუთავაქილის დროს ის გამოცხადდა “მწვალებლობად” და დაიწყეს მისი დევნა-შევიწროება. მუთაზილები კვლავ გამოჩდნენ არენაზე ბუვეინთა ხანაში. X-XII საუკუნეებში მუთაზილიტთა სკოლები არსებობდნენ ერაყში, ირანსა და შუა აზიაში. მუთაზილიტების ძირითადი იდეები ადრევე შეითვისა შიიზმა.

 

ვაჰაბიზმი არის რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა ისლამში, რომელიც წარმოიქმნა არაბეთის ნახევარკუნძულზე XVIII საუკუნის შუა ხანებში, ჰანბალიტთა მაზჰაბიდან, მუჰამად იბნ აბდ ალ-ვაჰაბის მოძღვრების საფუძველზე. ეს მოძღვრება მოითხოვდა მუჰამადის დროინდელ ადრეულ ისლამისკენ დაბრუნებას, ერთღმერთიანობის პრინციპების დაცვას, უარის თქმას სიახლეებზე, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემაზე, გმობდა ფუფუნებას, მოხვეჭილობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საღვთო ომს, როგორც მრავალღმერთიანებთან, ისე მუსლიმებთან რომლებიც განუდგნენ ადრეული ისლამის პრინციპებს. ვაჰაბიზმის იდეოლოგიას მხარი დაუჭირა და დროშად აიტაცა საუდის საგვარეულომ, რომელიც იბრძოდა არაბეთის გასაერთიანებლად. XIX საუკუნეში ვაჰაბიზმმა მტკიცე პოზიციები მოიპოვა არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში, შემდეგ გავრცლდა ინდოეთში, ინდონეზიაში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამჟამად ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური იდეოლოგიის საფუძველია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close