არქივი

სლავა მეტრეველი (ქართული ფეხბურთს დიდი ვირტუოზი)

0c86cc29aea9
თამაშობდა სოჭის “სპარტაკში”, გორკისა და მოსკოვის “ტორპედოში”, 1963-71 წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 375 მატჩი და გაიტანა 83 გოლი, საბჭოთა ნაკრებში – 48 მატჩი და 11 გოლი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ევროპის 1960 წლის ჩემპიონი, ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მონაწილე, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს 1964 წლის საუკეთესო სპორტსმენი, 1968 წლის 6 ნოემბერს “მარაკანაზე” გამართული ბრაზილიისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები გუნდების ისტორიული მატჩის მონაწილე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა თბილისში 1998 წლის 7 იანვარს.

d2b1a85e7ca2

სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთა ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამორჩევა ფეხბურთის გულშემატკივართა მუდმივი საკამათო თემაა. მაგრამ, როცა საქმე სლავა მეტრეველს ეხება, აქ სადავო და საკამათო არაფერია: მეტრეველს ყველა დროის ვარსკვლავთა შორის მოიხსენიებენ, მისი თაობის გულშემატკივრებს კი დღემდე ახსოვთ დინამოელთა მარჯვენა გარემარბის ვირტუოზული თამაში, ელვისებური სოლო-გარღვევა, მოულოდნელი და ზუსტი გადაცემები. არაერთი ცნობილი სპეციალისტის აზრით, მითი ძველი და თანამედროვე ფეხბურთის არსებობის შესახებ მედროვეთა გამოგონილია: არსებობენ ნიჭიერი და უნიჭო ფეხბურთელები და, მაშასადამე, არსებობს კარგი და ცუდი ფეხბურთი. 1960-იანი წლების თბილისის “დინამო” კარგ ფეხბურთს თამაშობდა, რადგანაც დინამოელთა უმრავლესობას ნიჭიერი ფეხბურთელები შეადგენდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო სლავა მეტრეველი. იმ თაობის “დინამოს” თვალსაჩინო წარმომადგენელს ვლადიმერ ბარქაიას ეჭვი არ ეპარება, რომ მეტრეველი დღევანდელ ფეხბურთსაც ასევე წარმატებით ითამაშებდა და მას წინ ვერავინ დაუდგებოდა.

[ვლადიმერ ბარქაიას ხმა] “სლავა უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. ეგეთი ფეხბურთელი მარჯვენა “კრაიზე” ჩვენს პერიოდში არ იყო. შეიძლება იყო გარინჩა…სლავა “კლასიკი” ფეხბურთელი იყო. მიშა მესხი, ხომ ამბობენ, იყო “ვზრივნოი”, ლამაზი ფეხბურთელი, მაგრამ სლავა სხვანაირი იყო -“კლასიკი”. სლავამ შემოიტანა თბილისის “დინამოში” პირველად პროფესიონალიზმი.”

5e8c369ce476

მეტრეველი თბილისში მოსკოვის “ტორპედოდან” გადმოიყვანეს და, მართალია, გამოცდილება არ აკლდა, თავიდან მაინც გაუჭირდა ახალ გუნდში თამაში და აქაურ გარემოსთან შეგუება. ადაპტაციის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე თვეში ყველა პრობლემა მოგვარდა და თბილისელთა იერიშებიც გაცილებით მწვავე და შედეგიანი გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “დინამოს” უფროს მწვრთნელად გავრილ კაჩალინი დაინიშნა და მეტრეველი მარჯვენა ფრთიდან ცენტრში გადაიყვანეს, მის ადგილზე კი ილია დათუნაშვილი გაამწესეს. დათუნაშვილის აზრით, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება, რამაც მეტოქეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა.

[ილია დათუნაშვილის ხმა] “ამ მანევრით უდიდესი უპირატესობა მოვიპოვეთ მოწინააღმდეგის მიმართ, იმიტომ რომ ყველას ეგონა სლავა იქნებოდა მარჯვენა მხარეს და სლავას ვეღარც იჭერდნენ. მარჯვნივაც იყო, მარცხნივაც იყო, ცენტრშიც იყო. მოკლედ, ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს იმ დიდ გამარჯვებაში, რომელსაც 1964 წელი ჰქვია.”

იმავე აზრისა გახლდათ თავად გავრილ კაჩალინი, ვისი ხელმძღვანელობითაც ქართულმა ფეხბურთმა პირველი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა. ცალკეულ ფეხბურთელთა დახასიათებისას კაჩალინი წერდა: “ცხადია, სლავა მეტრეველს მანამდეც კარგად ვიცნობდი, ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა. ასეთ ფეხბურთელს -უაღრესად ნიჭიერს, საზრიანსა და ერთგულს – ნებისმიერი ჩემი კოლეგა ინატრებდა.” იმ დროისთვის მეტრეველს საბჭოთა ნაკრებში თამაშის უკვე ექვსწლიანი გამოცდილება ჰქონდა და, როცა ნაკრებს სათავეში კაჩალინი ედგა, სლავა იშვიათად თუ მჯდარა სათადარიგოთა სკამზე. ამ გუნდმა ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას სწორედ კაჩალინის ხელმძღვანელობით მიაღწია, როცა 1960 წელს ევროპის თასი მოიგო. ნაკრებში სხვებთან ერთად სამი ქართველი თამაშობდა: გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. ფინალური მატჩი პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონზე გაიმართა.საბჭოელთა მეტოქე იყო იუგოსლავიის ნაკრები. პირველი გოლი იუგოსლავიელებმა გაიტანეს, მაგრამ მეტრეველმა მალე აღადგინა წონასწორობა, დამატებით დროში კი მესხის გამჭოლ გადაცემას პონედელნიკის ზუსტი თავური მოჰყვა. ფრანგული პრესა ლევ იაშინის ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა ქართული ტანდემის – მესხისა და მეტრეველის თამაშს. ვლადიმერ ბარქაიას თქმით, იმდროინდელი საბჭოთა ნაკრები წარმოუდგენელია მეტრეველის გარეშე:

b2e18b62c999

[ვლადიმერ ბარქაიას ხმა] “ნაკრებში ბავშვივით უყვარდა სუყველას. სლავა რომ ჩამოვიდოდა, “კაროლს” ეძახდნენ, “კაროლს”. რომ ჩამოვიდოდა, ყველას უხაროდა, ამბობდნენ – “კაროლ პრიეხალ, კაროლ!” სლავასაც ბავშვივით უხაროდა ეს ყველაფერი.”

ბარქაია და მეტრეველი ძველი მეგობრები იყვნენ, იმ დროიდან მოყოლებული, როცა გაგრისა და სოჭის ბავშვთა გუნდებში თამაშობდნენ. ბატონი ვლადიმერი გულისტკივილით იხსენებს სლავას ცხოვრების ბოლო წლებს, როცა, მძიმედ დაავადებული, ახლობლებისა და თანაგუნდელების გარდა, არავის გახსენებია.

[ვლადიმერ ბარქაიას ხმა] “ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან ჩვენი სლავა, არავინ არაფერში არ ეხმარებოდა. წავიდა ღარიბი და მშიერი და დატოვა ეს ქვეყანა.”

 

წყარო:http://www.radiotavisupleba.ge

gogliko

private
Back to top button