გართობა

Play! A Video Game Symphony


ბოლო დროს ვიდეო-თამაშები იმ დონემდე განვითარდა, რომ უკვე საუბარი დაიწყო ამ ჟანრის ხელოვნების ჟანრებში ჩათვლაზე. მართლაც, კომპიუტერთან მჯდომი გეიმერი ხშირად თავს ამოყოფს ინტერაქტიულ ფილმში, რომელსაც გააჩნია ხელოვნების კომპლექსური ჟანრისთვის საჭირო ყველა კომპონენტი. აქ არის გაერთიანებული ორ და სამგანზომილებიანი გრაფიკა, ანიმაცია, პროგრამირება, გახმოვანება და მუსიკა. ვიდეო-თამაშებზე მუშაობენ მხატვრები, მსახიობები, კომპოზიტორები. Play! A Video Game Symphony არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ხშირად ის, რასაც თამაშს ვეძახით, ხელოვნების ნიმუშია.

ყურადღება! თუ ვიდეო ჩანაწერების ხარისხი არ მოგეწონათ, სულ ბოლო ვიდეოს მაინც მოუსმინეთ, პროფესიონალური ჩანაწერია, და მოსასმენად ნამდვილად ღირს :)


Play! A Video Game Symphony – არის კონცერტების სერია, რომელიც მთლიანად ეძღვნება ვიდეო თამაშების საუნდტრეკებს. ეს არ არის მოყვარულთა რომელიმე დაჯგუფება, აქ იხილავთ საუკეთესო მუსიკოსებს, პრესტიჟულ ორკესტრს, გუნდს, და მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებს. ოღონდ ბეთჰოვენის, შოსტაკოვიჩის და მალერის სიმფონიების ნაცვლად, World Of Warcraft-ის, Halo-ს, Final Fantasy-ს და სხვა ვიდეო თამაშების მუსიკას მოისმენთ.

ეს ყველაფერი დაიწყო 2004 წელს. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა კომპანიამ – Square Enix (რომელმაც გამოსცა ისეთი თამაშები, როგორებიცაა Final Fantasy, Kingdom Hearts) – კონცერტების პროდიუსერს, ჯეისონ მაიკლ პოლს მიმართა წინადადებით, გაემართა Final Fantasy-ს მუსიკის კონცერტი. მან ეს წინადადება მიიღო. კონცერტს დიდი წარმატება ხვდა წილად, ბილეთები უპრობლემოდ გაიყიდა და ფანები კმაყოფილები დარჩნენ. სწორედ აქედან დაებადა მას იდეა, ჩაეტარებინა კონცერტი ბევრი სხვადასხვა ვიდეო თამაშების მუსიკის შესრულებით. ასე გაჩნდა ”Play! A Video Game Symphony”. პრემიერა 2006 წელს, ილინოისის შტატში, როზმონტის თეატრში გაიმართა. ხოლო 2009 წელს ალბომიც კი გამოსცეს, სადაც ჩაწერილი იყო მათი ბრწყინვალე გამოსვლა პრაღაში.

კონცერტი ყოველთვის წარმატებით ტარდება, სცენის მაღლა დამონტაჟებულია უზარმაზარი ეკრანი, რომელზეც აჩვენებენ სამახსოვრო კადრებსა და სცენებს იმ თამაშიდან, რომლის საუნდტრეკებიც სრულდება. უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გეიმერებითაა გადაჭედილი, სცენაზე კი მუსიკას ასრულებენ საუკეთესო პროფესიონალები, რომლებსაც ფანების საყვარელი ყოველი მუსიკალური მონაკვეთის შემდეგ ფეხზე დგომით აჯილდოვებენ აპლოდისმენტებით.


Play! A Video Game Symphony არაა ერთადერთი პრეცენდენტი ვიდეო თამაშების მუსიკის სიმფონიებად შესრულებისა. ასეთი კონცერტები სხვების მიერაც ხშირად იმართება, და ყოველი მათგანი ამტკიცებს, რომ “თამაში” უკვე თამაშზე ბევრად მეტია.

მსგავსი ამბები

Back to top button