არქივი

პოლონეთის ისტორია X-XV სს

f9e9d87ae17e
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყნის, პოლონეთის ისტორიის შუასაუკუნოვანი პერიოდი.
პოლონეთმა ქრისტიანობა 966 წელს მიიღო. სამხედრო თვალსაზრისით პოლონეთის ერთიან ძალად წარმოდგენა მეშკო I-ს მმართველობისას მოხდა. ახალ სახელმწიფოს ბევრი მტერი გამოუჩნდა. მათგან დასაცავად პოლონეთმა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის პროტექცია მიიღო, თუმცა სამაგიეროდ იძულებული გახდა ეცნო გერმანელი იმპერატორის ძალაუფლება. ამავე დროს, პოლონელებს მუდმივად უწევდათ ომები მეზობელ გერმანელ ფეოდალებთან და ზოგჯერ იმპერიასთანაც კი. სხვა საშიში მოწინააღმდეგეები იყვნენ პომერანიაში მოსახლე წარმართული ტომები, ბოჰემიელები(ჩეხები) და რუსული სამთავროები. პოლონელები აწარმოებდნენ როგორც დამცავ, ასევე შემტევ კამპანიებს. ამ პერიოდში არმიის მთავარ ძალას ქვეითი დრუჟინები წარმოადგენდნენ, რომელთაც მოხალისე ჯარიც უერთდებოდა.

თავისი ისტორიის შემდეგ ნაწილში(1138-1320) პოლონეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ეს პერიოდი ხასიათდება მოხალისეთა ნაწილების დაშლით და პროფესიონალურ, მთავართა დრუჟინებისა და ადგილობრივი არმიების გაძლიერებით. XII საუკუნის შუა ხანებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე პოლონეთში განვითარდა რაინდთა კლასი და ფეოდალური საზოგადოება. 1154-1155 წლებში ჰოსპიტალერთა და ტამპლიერთა ორდენები პირველად გამოჩნდნენ პოლონეთის მიწებზე. 1226 წელს სცენაზე ტევტონთა ორდენი გამოვიდა. ამავე პერიოდში გამოჩნდა ქრისტიანი

b4fe6666302d

ძმების პოლონური ორდენიც. ამას მოჰყვა მონღოლთა შემოსევა, რაც 1241 წელს, ლიგნიცესთან ბრძოლაში სასტიკ მარცხს მოჰყვა.
XIV საუკუნის პირველ ნახევარში ვლადისლავ I ლოკეტეკმა, კაზიმირ III დიდის ძემ გააერთიანა პოლონეთის სამეფო თავისი მმართველობის ქვეშ. ამავე პერიოდში გაიზარდა საფრთხე ტევტონთა გაძლიერებული ორდენისგან, რაც 1331 წელს პლოვცესთან პოლონელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ მცირე ხნით პოლონეთში მშვიდობამ დაისადგურა. კაზიმირ III ენერგიულად ცდილობდა ქვეყნის განვითარება-აღდგენას. მისი მმართველობისას პოლონეთის ტერიტორიაზე 80-მდე ძლიერი ციხე-სიმაგრე აშენდა. 1370 წელს, ჯერ კიდევ პატარა პოლონეთი, უნგრეთის სამეფოს შეუერთდა. ეს მხოლოდ დინასტიათა პირადი კავშირი იყო. უმემკვიდრეო პოლონელმა მეფემ ტახტის მემკვიდრედ უნგრელი პრინცი ლუდოვიკო დანიშნა. ლუდოვიკოს სიკვდილის შემდეგ გაერთიანებული უნგრო-პოლონური სახელმწიფო დაიშალა, ისე, რომ აღარ ჰქონდათ ერთმანეთთან არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური და სტრატეგიული კავშირი.

19bcb02cca2b

პოლონეთის მეფე ლუდოვიკო უნგრელის სიკვდილის შემდეგ, მისი უმცროსი ქალიშვილი იადვიგა პოლონეთის დედოფალი გახდა, ხოლო 1386 წელს ცოლად გაჰყვა ლიტვის დიდ მთავარ იაგელოს. იაგელომ კათოლიკური ქრისტიანობა მიიღო და ვლადისლავ II-ს სახელით პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ეკურთხა. პოლონეთის ისტორია ამის შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდა თავისი უახლოესი მეზობლის, მოწინააღმდეგისა და იაგელოსა და იადვიგას ქორწინების შემდეგ პარტნიორის, ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიას. ლიტვასთან შეერთებამ შეცვალა და გააძლიერა პოლონეთის არმია, რომელიც განსხვავდებოდა მეზობელ ქვეყანათა შეიარაღებული ძალებისგან. XIII საუკუნეში მონღოლების ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა ოქროს ურდო, რომლის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო რუსულ სამთავროთა დიდი ნაწილი. ამან საშუალება მისცა ლიტვის მთავრებს, რომ გაეფართოებინათ სახელმწიფო აღმოსავლეთით, რუსული მიწების ხარჯზე. წარმართული ლიტვის ეს ექპანსია დასრულდა იმით, რომ ამ სამთავრომ დაიკავა კიევის რუსეთის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამ დროისთვის დაიწყო ოქროს ურდოს დასუსტება, რამაც საშუალება მისცა ლიტვას 1392 წელს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მიეღწია. ამ პერიოდში ლიტვის დიდი სამთავრო უკვე გაქრისტიანებული და პოლონეთთან კავშირში შესული იყო(ლიტვა-პოლონეთის უნია). გაერთიანების მიუხედავად, პოლონეთი და ლიტვა უმთავრესად ცალ-ცალკე, საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ, თუმცა ჰყავდათ ერთი საერთო, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე, ტევტონთა ორდენი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიტვა და პოლონეთი მუდამ ერთად და ძმურად იბრძოდნენ.

feab9c3c1380

XV საუკუნე პოლონეთის არმიაში უამრავი ცვლილების შემომტანი გახდა. იგივე პროცესი მიმდინარეობდა ევროპის სხვა ქვეყანათა არმიებში. ტევტონთა ორდენი ნელ-ნელა კარგავდა პოზიციებს, რაც 1410 წელს მათი სასტიკი მარცხით დასრულდა გრიუნვალდთან, პოლონეთ-ლიტვისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდეგ წელს ტორუნში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად პოლონეთ-ლიტვასა და ტევტონთა ორდენს შორის ზავი დაიდო. იაგელოს მემკვიდრემ, ვლადისლავ III იაგელონჩიკ“ვარნელჩიკმა”(ვარნელი) ყურადღება გაამახვილა სამხრეთით მიმდინარე მოვლენებზე, განასაკუთრებით ოსმალეთის იმპერიის სწრაფ ზრდაზე. 1444 წელს ეს ენერგიული ხელმწიფე სწორედ ოსმალებთან შეტაკებაში დაიღუპა ბულგარეთში, ვარნასთან გამართულ ბრძოლაში(1440 წლიდან ვლადისლავ III უნგრეთის მეფეც იყო, ამიტომ ვარნასთან მას ერთგვარი კოალიციური არმია ჰყავდა). პოლონეთის ტახტზე მისი ძმა, კაზიმირ IV იაგელონჩიკი ავიდა. ახალ მეფეს პომერანიის შეერთება სურდა და მხარი დაუჭირა პრუსიაში მიმდინარე აჯანყებას ტევტონთა ორდენის წინააღმდეგ, ჩაერთო რა 13 წლიან ომში. პოლონელებმა არმიაში უამრავი მოქირავნე აიყვანეს. კაზიმირის არმია “ვაგენბურგის”ტაქტიკით მოქმედებდა, რომელიც პოლონელებმა ჩეხი ჰუსიტებისგან გადმოიღეს, ასევე დახვეწეს საალყო ტექნიკა. სამხედრო მოქმედებები არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც მიმდინარეობდა. პოლონეთს უკვე სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავდა(მანამდე პოლონეთი მხოლოდ სახმელეთო სახელმწიფო იყო). ტევტონთა ორდენთან ბრძოლა პოლონეთის საბოლოო გამარჯვებით დასრულდა 1466 წელს, ჯვაროსანთა ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბალტიისპირეთში, პოლონეთის ვასალი გახდა.

 

ნიკა ხოფერია

http://samxedro-istoria.blogspot.com/ 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button