საკითხავისასარგებლო

ფსიქოლოგი, „გიჟების“ ექიმი, თუ პრობლემების გადაჭრის რეალური საშუალება?

მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ფსიქოლოგის პროფესიას, იღებენ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგისგან კომენტარს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საზოგადოების ცნობიერება ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ აღიარონ ფსიქოლოგის ინსტიტუტის საჭიროება და, შესაბამისად, მიმართონ მას ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის გადაჭრის მიზნით. ასევე, დამაფიქრებელია ის ფაქტორი, რომ უმრავლესობა ადამიანებისა აცნობიერებს, რომ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. მაშინ რატომ გვიჭირს ასე პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ მივმართოთ სპეციალისტს, რომ გადავჭრათ ჩვენში და ჩვენს გარემოში წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები?

თუ ამ კითხვას გავყვებით, აღმოჩნდება, რომ ჩვენს კულტურაში არის მრავალი მითი თუ სტერეოტიპი პროფესია „ფსიქოლოგის“ ირგვლივ, რომლის დამსხვრევაც ძალიან რთულია. მაგალითად: რომ ფსიქოლოგს მიმართავენ „სუსტები“, „გიჟები“, „გიჟების ექიმი“ (რად მინდა ფსიქოლოგი, გიჟი ხომ არ ვარ?!), ადამიანები, რომელთაც აუცილებლად აქვთ რაიმე პათოლოგია და ა.შ. ეს წარმოდგენები, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ ბევრი ურევს ერთმანეთში პროფესია „ფსიქიატრს“ და „ფსიქოლოგს“.

ფსიქოლოგიური დახმარების თავისებურება ისაა, რომ ფსიქოლოგი მუშაობს ჯანმრთელ ადამიანებთან, ეხმარება მათ ყოველდღიურობაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაში, დაწყებული რესურსების გაცნობიერებით, თვითრეალიზაციის პრობლემით, დამთავრებული – ოჯახში კონფლიქტით, შვილის აღზრდაში შექმნილი პრობლემებით. ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს, უკეთ დაინახოს საკუთარი სიტუაცია, სადაც მას აქვს პრობლემები, გადალახოს იგი და ცხოვრება განაგრძოს უფრო კომფორტულად, გახდეს კმაყოფილი საკუთარი თავით და მის ირგვლივ არსებული გარემოთი.

ხშირ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც მიმართავს ფსიქოლოგს, კარგად აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალურობას, იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოირჩევა გაბედულებით – აღიაროს, რამდენად კომფორტულად ცხოვრობდა აქამდე და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება აქამდე, რომ ამ ეტაპზე რაღაცაა შესაცვლელი, ხოლო როდესაც ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან თავისი სურვილით, ხშირ შემთხვევში, ნახევარი სიტუაცია უკვე გადაჭრილია ხოლმე; საჭიროა, უბრალოდ, მხარდაჭერა და მისი შემზადება „ახალი“ ცხოვრებისათვის, რასაც ფსიქოლოგი საუბრის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ახერხებს.

სხვა ხელისშემშლელი მითი იმისა, თუ რატომ არ მიმართავენ ფსიქოლოგს, არის ის, რომ სჯერათ – „ყოვლისშემძლენი“ არიან („ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ“); ასევე, მითი ფსიქოლოგის მიმართ, რომ იგი ფლობს „ზებუნებრივ“ ძალას, მას უნდა შეეძლოს ერთ სეანსში პრობლემის გადაწყვეტა. ზოგიც ფიქრობს, რომ ფსიქოლოგი მას „გაშიფრავს“ და ამით მის პიროვნებას, როგორც ასეთს, „დაანგრევს“. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მცდარი შეხედულებაა! გარდა ამისა, ასეთი ქმედება ჩაითვლებოდა დანაშაულად. გამოდის, რომ ყველა ფსიქოლოგი პოტენციური დამნაშავეა. მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან მცირე შანსია ამ მითის დაჯერებისა, რომ შესაძლოა, ფსიქოლოგი დამნაშავედ იქცეს.

მეტი ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პირი გავლენას ახდენს სხვა პირზე და ამ სიტუაციაში არც ფსიქოლოგია გამონაკლისი, მაგრამ კარგი სპეციალისტისთვის, პროფესიონალისთვის დამახასიათებელია, რომ ის ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ამ შემთხვევაში საუბარია ფსიქოლოგისა და მისი კლიენტისა თუ პაციენტის ურთიერთობაზე, მზად არის, იყოს მიმღებლური თავისი კლიენტისა და მისი პრობლემების მიმართ და ადეკვატურად უპასუხოს მის ფსიქოლოგიურ საჭიროებებს(მხარდაჭერის, უპირობოდ მიღების, ემოციების თავისუფლად გამოხატვის საშუალების მიცემის, პრობლემის შეფასებისა და შემდეგ დადებითი მხარეების გაცნობიერების და სხვ.).

ჩვენ ფსიქოლოგები, ვაწყდებით სტერეოტიპებს, რომლებიც განსაკუთრებით ართულებენ ჩვენს სამუშაოს. ეს დაკავშირებულია ფსიქოკონსულტაციის პროცესსა და მის შედეგთან. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ კლიენტს აქვს მოლოდინი, ფსიქოლოგიური დახმარება მიიჩნიოს ჰიპნოზის ჩატარებად, „ჯადოქრობად“, ისეთ ტექნიკის გამოყენებად, რომ ის უცებ განთავისუფლდეს პრობლემებისგან; ელოდება, ასევე, რომ ფსიქოლოგი ეტყვის ან გააკეთებს ისეთ რამეს, რომ ის იმწამსვე განთავისუფლდება ტანჯვისა და უარყოფითი შეგრძნებებისგან თუ ემოციებისგან. ხოლო თუ მისი ასეთი მოლოდინები არ მართლდება კონსულტანტის მიერ პირველსავე სეანსზე, შესაძლოა, პიროვნებამ დაკარგოს ნდობა პროცესის მიმართ და აღარასოდეს მიაკითხოს ფსიქოლოგს.

აქ უკვე საჭიროა, რომ საზოგადოება გაერკვეს, თუ რით განსხვავდება ფსიქოლოგიური დახმარება მაგიისგან: ფსიქოლოგს შეუძლია, გადაგიჭრათ პრობლემური სიტუაცია. კვალიფიციური ფსიქოლოგი მიჰყვება ადამიანის შინაგან განცდებს, სამყაროს, ეხმარება მას ამ სამყაროში უკეთ გარკვევაში, დაძლიოს შინაგანი დაბრკოლებები და გაააქტიუროს მასში არსებული დაფარული რესურსი, შესაძლებლობები, უნარები. ამიტომ შედეგი ფსიქოლოგთან მისვლისა, მასთან ურთიერთობისა, მეტწილად დამოკიდებულია, ადამიანი რამდენადაა მზად ცვლილებებისადმი, რამდენად სურს ეს მას. ეს პროცესი, ანუ ცვლილებები კი, თავისთავად, მოითხოვს მისგან გარკვეულ ძალთა მობილიზაციას. გარდა ამისა, სტაბილური შედეგის მიღწევა ფსიქოლოგიური დახმარებით იშვიათადაა  „სწრაფი“, ხანმოკლე კონსულტაციის გზით მიღწევადი (საჭიროა, სესიების რაოდენობა მერყეობდეს, სულ მცირე, 5-დან 10-მდე, კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე). არსებობს მეთოდები,რომელთა გამოყენებითაც სესიათა გაცილებით ნაკლები რაოდენობით მიიღწევა კლიენტის პრობლემების მოგვარება, ზოგჯერ – წუთებშიც კი (სტრატეგიული თერაპია, ნლპ, ჰიპნოზი), მაგრამ რამდენად სტაბილურია დროში მათი შედეგი, ეს სადავო საკითხია.

დასკვნის სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფსიქოკონსულტაცია – ეს არის გახსნილი ურთიერთმოქმედება ორი ადამიანისა – ფსიქოლოგისა და კლიენტისა (ჯგუფური კონსულტირებისა თუ შეხვედრის შემთხვევაში, ფსიქოლოგისა და ჯგუფის წევრებისა), პიროვნების დახმარების ეფექტიანი ფსიქოლოგიური ფორმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა; პიროვნება, რომელსაც აქვს დიდი გაბედულება – თვალი გაუსწოროს საკუთარ პრობლემურ სიტუაციას და ძლიერი დაუოკებელი სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ!

პატივისცემით: გიორგი დონაძე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close