არქივი

ოტია იოსელიანის მონათხრობი

9533177f4c7f

ეს მონათხრობი ვნახე ერთერთი ზღაპრების წიგნის წინასიტყვაობაში და გადავწყვიტე უცნაურზე დამედო პოსტი. წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა

ბებია რომელიც თვალწინ მიდგას, ას ხუთი წლისა იყო, ბებიას ბებია, დიდი პეპერა, – რომელიც ბებიასაც თვალწინ ედგა, ისე კარგად ახსოვდა, – ას თხუთმეტი წლისა. დიდი პეპერას ბებიაც – ას ათისა, მაგრამ ჩემს წინაპრებში ერთ ბებიას ას ოცდახუთი წელიც კი უცხოვრია… და მათ შორის ზოგიერთმა წერა–კითხვაც იცოდა.ბებიაჩემი სათვალეს ხმარობდა, მაგრამ ცალი მინა ჩატეხილი ჰქონდა და როცა ნემსში ძაფს უყრიდა, იმ თვალს ხუჭავდა, რომელზეც მინა ეფარებოდა (ასი წლის მოხუცი რომ კარგად ხედავდა, რცხვენოდა). კითხვის დროს კი სათვალეს მთლად შუბლზე აიტანდა: დაიქცა იმის ოჯახი, ვინც ეს მოიგონაო.

b0b09787b311

და იმ ას ოცდახუთი წლის ბებიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ბოლო ასხუთწლიან ბებიასაც არაფრით წარმოედგინა, თუ ზღაპარი იწერებოდა და იკითხებოდა.
ზღაპრებს ყვებოდნენ. ზღაპრებს ყვებოდნენ ზამთარში კერიის პირას, ზაფხულში – აივანზე, დავახშმებული მთვარე რომ თავზე წამოადგებოდათ. ყვებოდნენ ლოგინშიც კი. ერთი გრძელი ტახტი იყო გაჭიმული დარბაზის თავიდან ბოლომდე და ზედ გამწკრივებული ლოგინები. ბავშვები, ოთხიც კი, ერთად იწვნენ, ერთ საბანში.
ზამთრის გრძელ ღამეს რამდენიმე ზღაპარი იყო საჭირო და მთელი ზამთარი, ვინ მოთვლის – რამდენი. სად ჰქონდათ ამდენი წიგნი და ქაღალდი, ამდენი ლამპა და ფარანი, ან რა გემო აქვს დაწერილ ზღაპარს.თუ გარეთ შემოდგომის კოკისპირული წვიმა ან ქარბუქია და შენ ყვები – მაისის ვარდი ყვაოდაო, ვის რად უნდა. თუ ჭინკობის თვეა და შენ ვაზის ყვავილობა პირზე გაკერია, ვინ მოგისმენს. ზღაპრები ითხვზვებოდნენ ან გადაკეთდებოდნენ დროისა და ამინდის კვალობაზე. თუ ოჯახში მძიმე ავადმყოფი ყავდათ, უკვდავების წყალი უნდა გეძებნა. თუ საქორწილო გყავდა ვინმე, უფლისწულისა და დედოფლის ამბავი უფრო უპრიანი იყო. მტრისას და ავისას, ვინმე ახლობელი წავიდოდა ამ ქვეყნიდან – საიქიოს ბეწვის ხიდზე გასვლაზე და სამოთხეში დამკვიდრებაზე ჰყვებოდნენ. ასე რომ აიღო წიგნი და მშიერს დოყლაპიების ამბავი უკითხო, ნაზუქების მთა რომ შეჭამეს, რად უნდა, თუ მსმენელს პურის ნატეხი ენატრება.
ძნელია, შენ რა გიჭირს და გილხინს , წიგნში ისეთი ზღაპარი იპოვო და გადაკეთება ხომ – შეუძლებელი.დაბეჭდილს და დახატულს რაღას მოაკლებ და მიამატებ.
ცხრა დედმამიშვილს ცხრა და–ძმის ზღაპარი ერჩია მდიდარი, დედისერთა ნებიერას ამბავს. ზღაპარი მარტო გასართობად და უძილობის ჟამს თავშესაქცევად კი არ იყო მოგონილი. ზღაპარი ავადმყოფს კურნავდა, მშიერს აპურებდა, ღარიბს ამდიდრებდა; გერს დედინაცვლის ჯავრს ამოაყრევინებდა, ობოლს კვერს უცხობდა, მკვდარს საიქიოდან აბრუნებდა, უნუგეშოს ანუგეშებდა და მონას მეფობას ჰპირდებოდა.

a85133eaa84b

ზოგჯერ გრძელი, გაუთავარი ზამთარიც იცოდა და ზღაპრებში რომ ბოროტებას დავამარცხებდით, მოვსრავდით დევებს და ავსულებს, მოვილხენდით გავმდიდრებოდით, დიბა – ატლასით და მოსირმული ჩოხაახალუხით შევიმოსებოდით, გავუფლისწულდებოდით, ვიქორწინებდით მზეთუნახავებზე, მეფედ აღვზევდებოდით, რაღა გვექნა , აღარაფერი იყო ისეთი, რაზეც ოცნება შეგვეძლო, მაგრამ რუსთველი ამბობს: “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაიძღომელი” და ზღაპრად გაუგონარი ზღაპრები მოგვინდებოდა და ბებია იხსენებდა ჩვენი ას – ასწლიანი ბებიებისაგან გაგონილს.
ბევრი მისი ნაამბობი ზღაპარი სხვაგანაც გამიგონია და წამიკითხავს, მაგრამ ზღაპრად გაუგონარი ზღაპრები – არა. კი გითხარით დაწერილს, დახატულს და დაბეჭდილს ის გემო და პეწი არ აქვს, მაგრამ მთლად რომ დავივიწყოთ და წყალს გავატანოთ, არ ივარგებს; თქვენც ხომ უნდა იცოდეთ, რაა ზღაპრად გაუგონარი ზღაპრები.

4752a5a5e915

მწერალს, დრამატურგს, კინო-სცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, 81 წელი 2011 წლის 16 ივნისს შეუსრულდა.

Back to top button