არქივი

Finita-la-comedia

328e11b6ca74

ამბობენ, რომ ერთხელ, პატარა ნეაპოლელი ბიჭი შემზარავ სცენას შესწრებია – სოფლად ჩამოსულ მოხეტიალე კომედიანტთა დასის მსახიობს მოღალატე ცოლი გაოგნებული მაყურებლის თვალწინ მოუკლავს.
ამ ამბავს მოზარდზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია – წლების შემდეგ, ახალგაზრდა კომპოზიტორს ბავშვობის მოგონებები სანოტო ფურცლებზე გადაუტანია და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ულამაზეს ოპერად ქცეულა…
კლასიკურ იტალიურ მუსიკაზე საუბარს, ჩვეულებრივ, ვერდით, როსინით ან პუჩინით იწყებენ და მკითხველს, ეგებ, ეუცნაუროს კიდეც ეს არჩევანი, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზები” შედევრია და თანაც ისეთი, “აიდას” ან “ტოსკას” რომ არაფრით ჩამორჩება.

ლიბრეტო, ერთი შეხედვით, მარტივ სიუჟეტურ ხაზზეა აგებული – ეჭვიანი ქმარი, ორგული ცოლი, უარყოფილი თაყვანისმცემელი, რომელიც ქალისთვის სამაგიეროს გადასახდელად შემზარავ ხერხს მიმართავს… თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე თვეში შექმნილმა ნაწარმოებმა კომპოზიტორს საქვეყნო დიდება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ლეონკავალოს შემოქმედება ოცამდე ოპერასა და ოპერეტას ითვლის, ის მაინც poeta unius libri – ერთი წიგნის ავტორია და მსოფლიო კლასიკური მუსიკის გრანდების გვერდით “ჯამბაზების” წყალობით მოიხსენიება.
ჯამბაზ კანიოს, მშვენიერი ნედას, მახინჯი ტონიოს და საბრალო სილვიოს დრამა მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, მაგრამ მთელი ცხოვრების სამყოფ ვნებებს იტევს. მარადიული თემების – სიყვარულის, სიძულვილის, ეჭვის, შურისძიების და ღალატის შერწყმა ექსპრესიულ იტალიურ მელოდიასთან იშვიათი სინატიფის ნაზავს ჰქმნის, მსმენელს პირველივე აკორდებით იპყრობს და აჯადოებს.
მთავარი ხიბლი კი კლასიკური ოპერის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა – “სცენა სცენაზე” – როდესაც გმირები – მოხეტიალე მსახიობები, კომედია დელ არტეს პერსონაჟების ნიღბებს ირგებენ, ჩვენს თვალწინ კოლომბინად, ტადეოდ და არლეკინად გარდაისახებიან, მაგრამ მხიარული ინტერმეცოს ნაცვლად კულისებში აბობოქრებული ვნებათაღელვა გამოაქვთ სააშკარაოზე და დრამა კიდევ უფრო შემზარავი ხდება.

საოპერო სამყაროში ალბათ, ყველაზე ცნობადი არია – კანიოს “Vesti la Giubba”, თავის დროზე, კარუზოს უმღერია და, წესით, უკეთესი რა უნდა ინატროს მსმენელმა, მაგრამ მე მაინც ლუჩანო პავაროტი მირჩევნია. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით – ერთი ფრაგმენტიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გენიალური ტენორი დიდი მსახიობიც გახლდათ.
“ჯამბაზებს” თბილისის ოპერაშიც დგამენ და, ლეონკავალოს ჯადოსნური მუსიკით დასატკბობად, აპენინებზე ვოიაჟი არც არის საჭირო, მაგრამ მაინც მგონია, მას სადმე, იტალიის პატარა ქალაქის მთავარ მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე უნდა მოუსმინო, რათა სრულად აღიქვა მომნუსხავი მელოდია, “ridi, Pagliaccio”, რომელიც, სიმღერაზე მეტად, განადგურებული ადამიანის ქვითინს წააგავს და ტონიო-ტადეოს შემაძრწუნებელი ტრაგიზმით სავსე საფინალო ფრაზა:
“კომედია დასრულებულია, ბატონებო”!

წყარო: hexe.ge

მსგავსი ამბები

Back to top button