გართობაკულტურა

გუგლის შემოთავაზება

mh6uh4bo577w7daddi39

“გუგლი” იმდენად დარწმუნებულია ბრაუზერ ქრომის უსაფრთხოებაში, რომ ლეპტოპსა და $20,000-ს სთავაზობს მას, ვინც ბრაუზერის უსაფრთხოების სისტემას მწყობრიდან გამოიყვანს.

ქრომის გატეხვას შეეცდებიან ჰაკერების კონკურს Pwn2Own-ზე, რომელიც 9-11 მარტს გაიმართება ვანკუვერში. გარდა ქრომისა, ჰაკერების სამიზნე იქნება ასევე IE, Firefox და Safari. მაგრამ ამ ბრაუზერების “გატეხვის” შემთხვევაში პრიზი $15,000-ია, გუგლმა კი $5,000-ით მეტი შესთავაზა მოხალისეებს + CR-48 ნოუთბუქი. გარდა ამისა, ფულადი პრიზი დაემატებათ Pwn2Own-ის სპონსორებისგან, რომელთა თქმით, წლევანდელი კონკურსის საპრიზო ფონდია $105,000. თუმცა უფრო მეტს მიიღებს ის, ვინც პირველ დღეს გატეხავს ქრომს – მეორე და მესამე დღეს გუგლისგან იგივე რაოდენობის, ხოლო Pwn2Own-ისგან ორჯერ ნაკლები თანხა გადაეცემათ.

გასული წლის დეკემბერში ქრომის წილი ბრაუზერების ბაზარზე თითქმის 15%-მდე ავიდა. ყველაზე პოპულარული იყო IE – 46.9%, შემდეგ FF – 30.8 და მესამე ადგილზე ქრომი. ეს პირველი წელია, როცა გუგლი კონკურსში ჩაერთო და საკმაოდ ხმაურიანადაც.

ქრომის სისტემა ცოტათი განსხვავდება დანარჩენი ბრაუზერებისგან. ის იყენებს დაცვის მექანიზმს “სენდბოქსს”, რომელიც უზრუნველყოფს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შეჩერებას. ვინც ქრომის გატეხვას გადაწყვეტს, ამისთვის ჯერ სენდბოქსს უნდა დაუსხლტეს, რაც არც ისე ადვილი იქნება.

სენდბოქსის გამოყენება სხვა კომპანიებმაც გადაწყვიტეს. მაგალითად, იმისთვის, რომ აპლიკაცია უფრო უსაფრთხო გაეხადა, Adobe-მ ის დაუმატა პოპულარულ პროდუქტს – Adobe Reader-ს.

გარდა იმისა, რომ მსგავსი პრეცენდენტი Pwn2Own-ის ისტორიაში პირველია, გუგლის განცხადება იმითაცაა საინტერესო, რომ გასული წლების კონკურსებზე (2008-2010) ყველა სხვა ბრაუზერი გატეხეს, ზოგჯერ ძალიან მოკლე დროშიც. 2010 წლის გამარჯვებული იყო პიტერ ვრუგდენჰილი, მან IE8-ს მოუღო ბოლო.

გარდა ბრაუზერებისა, “დასაჰაკი მასალები” იქნება: iOS-ზე მომუშავე iPhone 4, Windows 7-ზე მომუშავე Dell Venue Pro, Blackberry 6 OS-ზე მომუშავე Blackberry Torch 9800 და Android-ზე მომუშავე Nexus S. ნებისმიერ დაჰაკულ პროგრამაზე დაწვრილებითი ცნობა მიეწოდებათ ამ პროგრამის მწარმოებლებს. ინფორმაცია საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც კომპანია შესაბამის პრობლემას აღმოფხვრის.

ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გაგზავნოს Pwn2Own-ის ელ.ფოსტაზე სახელ-გვარი, სამიზნე და საჭირო რამე-რუმეები (მაგალითად IP მისამართები). ყოველ მონაწილეს მიეცემა 30 წუთი, რომლის განმავლობაშიც დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოს.

მსგავსი ამბები

Back to top button