გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მიღწევები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ცხოვრება


ადამიანი, ცხოველთა სამეფოს სხვა  წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არც საკმარისად ძლიერია, არც თავდაცვის ან გარემოს არახელსაყრელ პირობებთან შეგუების განსაკუთრებული საშუალებები გააჩნია, მაგრამ არათუ არ გადავშენდით, არამედ გავმრავლდით, გავვრცელდით და ხუთ კონტინენტზე გადავნაწილდით თითქმის 7 მილიარდი რაოდენობით.

ჩვენი მსხნელი ჩვენივე მაღალორგანიზებული, განვითარებული და უაღრესად რთული აგებულების მქონე ტვინია. მისი დამსახურებაა ადამიანის ცნობისმოყვარეობა,  ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება და მუდმივად ახლის ძიების სურვილი. ამ „თავგადასავლების“ პროცესში, უნებლიედ თუ მიზანმიმართულად, აღმოვაჩინეთ და გამოვიგონეთ ისეთი საშუალებები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი შემდგომი სიცოცხლისუნარიანობისათვის.

ცეცხლის მართვა

დაახლოებით მილიონი წლის წინ, ქვედა პალეოლითის პერიოდში აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. აშელის (Acheaulean) კულტურის წარმომადგენელი პირველყოფილი ადამიანები საკმარისად ჭკვიანები აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ცეცხლის დანთება, მართვა და გამოყენება ესწავლათ. ანთებული ჩირაღდნებით ისინი აშინებდნენ და ამგვარად თავს იცავდნენ ცხოველთა თავდასხმისგან. ცეცხლი იყო სითბოს წყარო ცივი კლიმატის დროს, ცეცხლზე მომზადებულმა მრავალფეროვანმა საკვებმა გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობა. ცეცხლის „ტრანსპორტირებამ“ შესაძლებელი გახადა ჩვეული, ძველი სამოსახლოების მიტოვება და ახალ ტერიტორიებზე გადასახლება.
ცეცხლის საშუალებით მოხდა შემდგომ მეტალურგიის განვითარებაც.

მარცვლეული და თესლი

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ადამიანს ხვნა–თესვა რომ არ ესწავლა. მთელი დრო ველურ მცენარეთა ნაყოფის შეგროვებაში დაიკარგებოდა, ადამიანთა გამრავლებასთან ერთად კი საკვების ნაკლებობის პრობლემაც დადგებოდა. ეს ძალიან გაწელავდა ყველანაირ პროგრესს და დღეს განვითარების ბევრად უფრო ქვედა საფეხურზე აღმოვჩნდებოდით.

სასმელი წყალი

განვითარებად და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც წყლის დალევამ სერიოზული პრობლემები და საავადმყოფოში იძულებითი ვიზიტი შეიძლება გამოიწვიოს. 2005 წლის WHO–ს მონაცამებით, წელიწადში 3–4 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული წყლისგან, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ომის, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღებისგან. უკიდურესად ღატაკ ქვეყნებში კი დღეში 4000 ბავშვი ხდება ბინძური წყლით ინფიცირების მსხვერპლი.
1854 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ სნოუმ აღმოაჩინა, რომ ქოლერასა და სხვა ინფქციურ დაავადებებს იწვევდა ჩამდინარე წყლებში მცხოვრები მიკროორგანიზმები. მან გადაწყვიტა წყლისათვის ქლორის დამატება, რის შედეგადაც დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. მას შემდეგ, კიდევ უფრო დაიხვეწა წყლის გაფილტვრისა და დაწმენდის პროცესი.
საკვების კონსერვირება

ბადრიჯნის კონსერვები საკმაოდ თავმდაბალად და მოკრძალებულად გამოიყურებიან საკუჭნაოში და ძნელია, ისინი გენიალურ გამოგონებად მიიჩნიო. მაგრამ ეს ასეა.
მე–18 საუკუნეში ნაპოლეონის ჯარები შიმშილით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე ბრძოლაში. საფრანგეთის მათავრობამ დააწესა ჯილდო 12000 ფრანკის ოდენობით მისთვის, ვინც გამოიგონებდა საკვების დიდი ხნით შენახვის მეთოდს. პარიზელ მზარეულ ნიკოლას აპერტს, რომელიც ლუდსა და კანფეტებს ამზადებდა, მოუვიდა იდეა – ნახევრად მომზადებული საჭმელი ჩაესხათ ბოთლებში, დაეცოთ საცობები და ჩაეშვათ ადუღებულ წყალში, რათა ბოთლებიდან ჰაერი გამოდევნილიყო. მისი აზრით, სწორედ ჰაერი აფუჭებდა საჭმელს.( მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ იყო, ლუი პასტერი რომ მიხვდა, „რაც“ აფუჭებდა) ფრანგმა ჯარისკაცებმა მართლაც წაიღეს ამგვარად მომზადებული საკვები და ოთხი თვის შემდეგაც ის საჭმელად ვარგისი იყო.
1810 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა პიტერ დურანდმა მიიღო პატენტი ახალი, გაუმჯობესებული კონტეინერებისა, რომლებსაც დარჩილული ხუფები ჰქონდათ. ორი წლის შემდეგ კი, ბრაიან დონკინმა და ჯომ ჰოლმა გახსნენს პირველი საკონსერვო ქარხანა, სადაც საკვებს უკვე არა მინის, არამედ ლითონის ქილებში აწყობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაინც ხდება სტიქიური უბედურებები ან ისეთი კატასროფები, როდესაც ელექტროდენისა, და შებამაისად, მაცივრის გამოყენება შეუძლებელი ხდება. ასეთ დროს კონსერვირებული საკვები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ანტიბიოტიკები

ერთ–ერთი მათავარი საფრთხე, რაც კაციობრიობას პერიოდულად ემუქრება ხოლმე მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არის ეპიდემიური აფეთქებები. ჯერ მარტო ცნობილმა „შავმა ჭირმა“ მე–14 საუკუნეში 200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
1920 წელს ლონდონელმა ექიმმა ალექსანდრე ფლემინგმა, რომელიც ანტიბაქტერიული ფაქტორის გამოყვანაზე მუშაობდა, შეამჩნია, რომ დაობებულ პეტრის ფინჯანში ( სპეციალური ლაბორატორიული თავსახურიანი ფინჯანი, სადაც თესავენ ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს) ბაქტერიები ვერ მრავლდებოდნენ. ცხრა წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა სტატია თავის აღმოჩენის შესახებ მეცნიერულ ჟურნალში, ხოლო მისმა ერთ–ერთმა სტუდენტმა სესილ პეინმა ობის სოკოსგან მიღებული პენიცილინი პირველად გამოიყენა ადამიანზე.
მას შემდეგ, წარმოუდგენლად შემცირდა ინფექციურ დაავადებათა სირთულე და რაოდენობა, ბევრი მომაკვდენებლი დაავადება კი განკურნებადი გახდა.

P.S.ძნელი წარმოსადგენია, რა ბედი გვეწეოდა, რომელიმე მათგანი რომ ვერ გამოგვეგონებინა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს უკვე ჩავლილი საფეხურებია. წინ კი უამრავი ახალი აღმოჩენა გველის.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close