არქივი

სამედიცინო მითები

snake wine cup medicine symbol thumb13757792

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიან ელემენტარულ სამედიცინო წეს–ჩვეულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დოგმებად ყალიბდება. ბევრი ასეთი წესი განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ორმა ამერიკელმა ექიმმა მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები შეაგროვა, რომლებსაც ხშირად თავად ექიმებიც კი ემორჩილებიან, მაგრამ სულ ტყუილად.

1. დღეში 8 ჭიქა წყალი
სპეციალისტებმა ვერანაირი მიზანშეწონილობა ვერ აღმოაჩინეს ამ რეკომენდაციაში. ეს მითი 1945 წლიდან მოდის, როდესაც სამეცნიერო პრესაში გამოქვეყნდა ვარაუდი, რომ ზრდასრულ მამაკაცს დღეში 2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. იქვე ისიც ეწერა, რომ წყლის ამ მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს ორგანიზმი საკვებიდან იღებს, მაგრამ ეს არავის დაამახსოვრდა. წყლის მარაგს ადამიანი ასევე იღებს ნატურალური წვენებიდან, რძიდან და კოფეინიანი სასმელებიდან.

2. მამაკაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ
თითქმის საუკუნეა არსებობს მითი, რომ კაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ. ზოგი ამ მოსაზრებას აინშტაინსაც მიაწერს, მაგრამ ეს არსად დაფიქსირებულა. რეალურად კვლევებმა გამოარკვია, რომ მამაკაცი თავისი ტვინის შესაძლებლობების გაცილებით მეტს იყენებს, ვიდრე 10 პროცენტია.

3. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება
ეს მითი ხშირად ტრიალებს ფილმებსა თუ შოუებში. თმისა და ფრჩხილების ზრდას რთული ჰორმონალური რეგულაცია სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წყდება. ამ მითის წარმოშობა შესაძლოა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სიკვდილის შემდეგ რბილი ქსოვილები თავის მოცულობას კარგავს და შესაბამისად თმა და ფრჩხილებიც უფრო კარგად იკვეთება.

4. წვერის გაპარსვა თმას სწრაფად ზრდის, ამუქებს და აუხეშებს
ეს მითიც ძალიან ხშირია, თუმცა ჯერ კიდევ 1928 წელს დამტკიცდა, რომ თმის შეჭრა ან მისი სრული გადაპარსვა არანაირად მოქმედებს მის სწრაფ ზრდაზე. გადაპარსვის შემდეგ ამოსული თმა უხეშად იმიტომ გვეჩვენება, რომ მას ისეთივე დაბოლოება არ აქვს, როგორიც გრძელს. შედარებით მუქი კი იმიტომაა, რომ ახალამოსულ თმას და წვერს მზის სხივების მოქმედება ჯერ კიდევ არ განუცდია.

5. ცუდ განათებაზე კითხვა სიბრმავეს იწვევს
ცუდი განათების დროს რთულია კონცენტრირება. თვალებს იშვიათად ახამხამებთ, ეს კი სიმშრალეს იწვევს. ცუდი განათება კითხვისთვის დისკომფორტის შემქმნელია, სიბრმავეს კი ნამდვილად არ იწვევს.

6. როცა მუცელი ცარიელია, ადამიანი შიმშილს განიცდის
რეალურად ადამიანს შიმშილის გრძნობა მაშინ უჩნდება, როდესაც სისხლში საკმარისი რაოდენობით არაა საკვები ნივთიერებები. ეს სიგნალი ტვინს გადაეცემა და ორგანიზმში განგაში იწყება. ამ მითის დასამსხვრევად საკმარისია, ავადმყოფობის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც მუცელი სრულიად ცარიელია, მაგრამ ადამიანს შიმშილის გრძნობა არ აწუხებს.
შიმშილის გრძნობა არ გაგინელდებათ, თუ ხილს მიირთმევთ. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. მათ ხილ–ბოსტნეული არასოდეს ანაყრებთ, რადგან ისინი არ შეიცავს ისეთი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მამაკაცის ორგანიზმს სრულიად დააკმაყოფილებდა.

7. უკეთესია, ვენდოთ წამლის ანოტაციას, ვიდრე ექიმის სიტყვას
რა თქმა უნდა, წამლის ანოტაციის წაკითხვა საჭიროა, რათა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებს და რას კურნავს ის, მაგრამ პრეპარატის დოზა, მიღების ხანგრძლივობა, ჯობია, ექიმმა დაგვიდგინოს. ანოტაცია ზოგადად ორიენტირებულია ადამიანზე, რომელსაც ერთი კონკრეტული დაავადების გარდა არაფერი აწუხებს.

8. რაც უფრო ძვირია პრეპარატი, მით ეფექტურია
ესეც მცდარი მოსაზრებაა. პრეპარატის მაღალ ფასს განსაზღვრავს მისი მწარმოებელი ქვეყანა, რეკლამა. ხანდახან პრეპარატი ძვირია იმის გამოც, რომ ბაზარზე უალტერნატივოა. იაფი წამლებიც შეიძლება იყოს ეფექტური. მაგალითად, ბრილიანტის მწვანე დღემდე ყველაზე იაფი და ეფექტური პრეპარატია ჭრილობაზე წასასმელად და მიკრობებთან ბრძოლისათვის.

წყარო: www.janmrtelobainfo.ge

მსგავსი ამბები

Back to top button