არქივი

ზვიად გამსახურდია

fc6d03c6fcc8
რამდენიმე წლის წინ მოვამზადე პრეზენტაცია, იმის შესახებ თუ რატომ მოხვდა ზვიად გამსახურდია “საქართველოს დიდ ათეულში” მე-3 ადგილზე. უცვლელად გთავაზობთ მას. ვისაც გაინტერესებთ მისი პერსონა და არ გეზარებათ კითხვა სრულიადში გეპატიჟებით.

ზვიად გამსახურდია ”საქართველოს დიდ ათეულში” მე-3 ადგილზეა. მის შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს: ერთნი მას ქვეყნის გადამრჩენლად მიიჩნევენ, მეორენი – დიქტატორად, მესამენი – სანიმუშო პრეზიდენტად, მეოთხენი – დემოკრატად, ზოგი ავანტიურისტად, ზოგი – ოდიოზურ ფიგურად. მე დამაინტერესა ამ ფაქტმა და სწორედ ამიტომ დავიწყე ამ საკითხის კვლევა. ამისათვის მე გავეცანი იმდროინდელ პრესას, ზ. გამსახურდიას მიერ გამოცემულ არალეგალურ ჟურნალებს ”ოქროს საწმისი” და ”საქართველოს მოამბე”, ავიღე ინტერვიუები უფროსებისგან.
45d186b5c6c4
ჩემი აზრით, ყველაფერი დასაწყისში უდნა ვეძებოთ. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა მე-10 კლასიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 1956 წელს , როდესაც, აკაკი ბაქრაძის სიტყვით რომ ვთქვათ, ” საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულმა ახალგაზრდობამ პაწია ჯანყი მოაწყო” სტალინის დასაცავად.
ზ. გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა ისარგებლეს ხალხის ამ შეკრებით და გაავრცელეს პროკლამაციები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. X კლასელმა ბიჭებმა შექმნეს საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანო ”გორგასლიანი”. იმ პერიოდში ეს, ალბათ, პატარა საქმე არ იყო. საბჭოთა სპეცსამსახურებმაც, რაღა თქმა უნდა, არ დააყოვნეს და ამ ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. თუმცა, მალე იძულებულნი გახდნენ, გაეთავისუფლებინათ. ჩემი აზრით, საბჭოთა ხელისუფლებას არ აწყობდა ამ საქმისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება.
პირველ რიგში საინტერესოა, რომ მაშინდელი პროპაგანდისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, მეათეკლასელ ბიჭებს ესმოდათ, რომ საქართველო დაპყრობილი ჰყავდა საბჭოთა რუსეთს და თავის მოვალეობად თვლიდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. აქ ალბათ გადამწყვეტი როლი კონსტანტინე გამსახურდიას და მის ოჯახს ეკუთვნის. ამ ოჯახში იკრიბებოდნენ ჩვენი ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები, თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტები, მწერლები,პოეტები. ასეთ გარემოში გაიზარდა ზ. გამსახურდია. მე ვფიქრობ, რომ დანარჩენებსაც, მის კლასელებს სწორედ ზ. გამსახურდიამ გაუღვივა პატრიოტული გრძნობები და ჩააბა საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. ამის დასტურია მერაბ კოსტავას დედის, ოლღა დემურია-კოსტავას მოგონება, რომელიც იხესენებს რომ როდესაც ზვიადი მერაბს სტუმრობდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა. „მერაბ საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავანთავისუფლოდ“- ეუბნებოდა ხშირად იგი მერაბს.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ქართველმა იცოდა, რომ დაპყრობილები ვიყავით და თავისუფლებაწართმეულები, თუმცა ისინი ვერ ბედავდნენ ხმამაღლა ამის თქმას და დინებას მიჰყვებოდნენ. რეპრესიების შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ ხმას თუ ამოიღებდა, მასაც საფრთხე ელოდა. ზვიადს ბავშვობიდანვე ჰქონდა ლიდერის თვისებები, რადგან, როგორც მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ამბობს, მათ თავიდან ლიდერი არ ჰყოლიათ არჩეული, თუმცა თავისთავად მოხდა, რომ ყველა ზვიადს ეკითხებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და როგორ უნდა ემოქმედათ.
4e02afa2bb2e
ზვიადს თავიდან რამდენიმე თანამებრძოლი ჰყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი მას და მერაბ კოსტავას ჩამოშორდნენ, რუსეთის უშიშროების ე. წ. კაგებეს ზეწოლის, თუ სხვა მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, ეს ხალხი პატრიოტებად დარჩა, მაგრამ ისინი ვეღარ ბედავდნენ აქტიური ბრძოლის გაგრძელებას, ან იქნებ ჩათვალეს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არა აქვს, რადგან, მართლაც წარმოუდგენელი იყო საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით ბრძოლა. სხვადასხვა მონაცემებით, საბჭოთა რეპრესიებს 20-დან 60 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. კიდევაც რომ გამართულიყო სასამართლო, რომელი მოსამართლე გაბედავდა საბჭოთა ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წასვლას? ის ხომ მაშინვე იმ დასახვრეტის გვერდით აღმოჩნდებოდა რაიმე აბსურდული ბრალდებით! ამ ფონზე გასაოცარია ზ. გამსახურდიას თავგანწირვა, როგორც თვითონ უწოდებდა, ამ ”კოსმიური გველეშაპის, ამ პლანეტარული მხეცის” წინააღმდეგ ბრძოლაში. ალბათ, აქ არის საძიებელი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ზ. გამსახურდია ისეთი უდიდესი მოღვაწეების გვერდით, როგორებიც არიან ილია და დავით აღმაშენებელი. ალბათ, ასეთი თავგანწირვისთვის დააფასა ქართველმა ხალხმა ზ. გამსახურდია და გვერდში ამოუყენა ჩვენი ერის ყველაზე საამაყო შვილებს.
5a0dbbb5f544
ჩემი აზრით, არ იქნება მართებული ზ. გამსახურდიას შედარება დავითთან და ილიასთან. მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ ზ. გამსახურდია მათი საქმის გამგრძელებლად ჩანს. ცნობილია, რომ დავითს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო საქართველო ექცია იმდროინდელი მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს, მაღალგანვითარებულ ქვეყნად. აქვე უნდა ითქვას, რომ დავითი საქართველოს მეფე იყო, ანუ სახელმწიფოში პირველი პირი და წესით და კანონით ქვეყანაში ყველა მას ემორჩილებოდა. ამ მხრივ უარეს მდგომარეობაში იყო ილია, რომელიც მხოლოდ გაღატაკებული თავადიშვილი იყო, ხოლო მისი ქვეყანა მხოლოდ რუსეთის ერთი პატარა გუბერნია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეფის რუსეთი (ჰოი, საოცრებავ!) უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე საბჭოთა იმპერია. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ილიას დროს, მართალია, მკაცრი ცენზურის პირობებში, მაგრამ მაინც დაშვებული იყო კერძო პირის მიერ ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, კერძო ორგანიზაციების შექმნა, რაც ილიას აძლევდა საშუალებას, ექადაგა და განეხორციელებინა თავისი იდეები. ამ მხრივ ზ. გამსახურდია კიდევ უფრო მძიმე პირობებში იყო. მის დროს ჟურნალ-გაზეთების გამოცემაც კი აკრძალული ჰქონდა კერძო პირს. ამიტომ ის იძულებული იყო არალეგალურად გამოეცა და გაევრცელებინა ჟურნალები. ოფიციალურ პრესას რომ დისიდენტს არავინ დაუთმობდა, ეს გასაგებია. გარდა ამისა, რუსეთის იმპერატორი გაცილებით მეტი ჰუმანურობით და განათლებით გამოირჩეოდა, ვიდრე საეჭვო ფსიქიკის მქონე, ყოვლად უწიგნური საბჭოთა ლიდერები. ისე, რომ ჩემი აზრით, ხალხმა დააფასა ზ. გამსახურდიას თავგანწირული, უთანასწორო ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის, უმძიმეს პირობებში. ეს კი გვიჩვენებს, თუ რა მაღალი ღირებულებები აქვს ქართველ ხალხს და როგორ აფასებს ერი პიროვნების თავგანწირვას სამშობლოსათვის.
42679879b635
საბჭოთა უშიშროება შუღლის ჩამოგდებას გამსახურდიასა და კოსტავას შორისაც ცდილობდა, რისი დასტურიცაა მერაბ კოსტავას ნათქვამი ზვიადის იუბილეზე, მერაბის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე: „ ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მე მაშინ ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“. ამის გარდა მერაბის სიკვდილის შემდეგ, დედამისს ოლღა დემურია-კოსტავას წერილი აქვს გამოქვეყნებული „მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ“, სადაც იგი თავისი შვილისა და ზვიადის მეგობრობაზე საუბრობს და იმაზე, რომ მათ შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობდნენ, ამ ქალბატონმა თავი ვალდებულად ჩათვალა, ეს
წერილი დაეწერა, რომ მათი ძმური, ქრისტესმიერი მეგობრობა დაემტკიცებინა. კაგებემ ვერაფერი მოახერხა, მათ იცოდნენ უშიშროების მეთოდები და ანკესზე არ წამოეგნენ.
ზვიად გამსახურდია საკმაოდ განათლებული კაცი იყო, იგი იყო მწერალთა კავშირის წევრი, ნათარგმნი აქვს შექსპირის, უაილდის, უიტმენის ნაწარმოებები. მისი პოლიტიკური ბრძოლის გამო იგი დისიდენტად გამოაცხადეს, მისი სახელის ლაფში ამოსვრას ცდილობდნენ პრესის საშუალებით, რასაც იმ დროს სანდოდ მიიჩნევდნენ და ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იგი ამ საშუალებით გამორიცხეს მწერალთა კავშირიდან 1977 წელს. ამავე წელს გამორიცხეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუდიდან, რა თქმა უნდა, ეს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელთა თუ წევრთა გადაწყვეტილება არ ყოფილა, არამედ „ზევიდან მოსული ბრძანება“ იყო. უშიშროება სჯიდა ზვიადს. მას საარსებო წყაროები მოუსპეს და მის ოჯახს გაუჭირდა. ეს იყო მაგალითი,რომ სხვებს მისთვის მხარი არ დაეჭირათ.
მიუხედავად ამისა, ზვიადმა ოჯახი უკანა პლანზე დააყენა და ქვეყნის განთავისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელა.
3b32d2136487

d9e111584652
1991 წლის მარტშ ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი შეკითხვით: გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სადაც მოსახლეობის 99%- მა თანხმობა განაცხადა და 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ზვიად გამსახურიდას მეთაურობით. 1991 წლის 26 მაისს კი ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ზვიად გამსახურდიას 87%-მა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართველები მას ენდობოდნენ და თავის ლიდერად მიაჩნდათ.
078cdab769ba
ზვიად გამსახურიას მთავრობის წინაამღდეგ აჯანყება ფაქტობრივად 2 სექტემბერს დაიწყო. ანუ, იგი მხოლოდ 3 თვე იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.. რა უნდა დაეშავებინა პრეზიდენტს, რომელსაც ქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა 3 თვეში ისეთი, რომ მისი ძალით გადაყენება და მის წინაამღდეგ აჯანყება გამხდარიყო საჭირო? მე ვფიქრობ, არაფერი. მაგრამ არაფრის გამო არ ხდება ამგვარი ამბები. ზვიად გამსახურდიას სურდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი, რაც შეუძლებელი იყო. ჩვენ გვქონდა მხოლოდ 2 გზა, 2 არჩევანი. ან რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენა, ან აშშ-ს გავლენის ქვეშ გადასვლა. მესამე არ არსებობდა, რაც ზვიადს სურდა.
იმ პერიოდში საქართველოში ვიზიტით იყო აშშ-ს ყოფილი პრეზიდნეტი რიჩარდ ნიქსონი, რომელიც ზვიად გამსახურდიას შეხვდა და სავარაუდოდ აშშ-ს მფარველობა და მხარდაჭერა შესთავაზა, მაგრამ ზვიადმა უარი განაცხადა, რადგან ისეთი კაცი, როგორიც ის იყო, ამაზე არ დათანხმდებოდა. მას არ სურდა ვინმეს მფარველობის, ან ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო მისი ქვეყანა, ამ უარის გამო მეორე მხარეს მოქმედების საშუალება მიეცა და დაიწყო სამხედრო გადატრიალება. ზვიადი ქვეყნიდან გააძევეს, კაცი რომელმაც თავის ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღო და თავი გადადო მისთვის. ჩემი აზრით, ზვიად გამსახურდია უნდა დათანხმებულიყო ამ შემოთავაზებას. შევეცდები დავასაბუთო, რატომ.ისტორიიდან ვიცით, რომ ყველა დამპყრობელი, ან თუნდაც ის ქვეყანა, რომლის გავლენის ქვეშ ვიყავით, ცდილობდა საკუთარი ბატონობის თუ გავლენის შენარჩუნებას თავისი წესწყობილების ჩვენს ქვეყანაში გადმონერგვით. თუ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩებოდა, საქართველოს ისევე არ ეწერა განვითარება, როგორც რუსეთი ვერ ვითარდება გარკვეული მიზეზების გამო, რაც თავისთავად ცალკე თემაა. აშშ-ს გავლენის ქვეშ გადასვლის შემთხვევაში ეს ქვეყანა ეცდებოდა თავისი დემოკრატიული მმართველობის დანერგვას საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარი იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ასეც ხდება. ჩემი აზრით, თუ ზ. გამსახურდია დათანხმდებოდა აშშ-ს წინადადებას, რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოში გადატრიალების მოწყობას. აქვე აღსანიშნავია, რომ თვით ევროპის ქვეყნებიც კი გარკვეულწილად აშშ-ს გავლენის ქვეშ არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლის ამ ქვეყნებს განვითარებაში, ან ეროვნულობის შენარჩუნებაში. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ზ. გამსახურდიამ ერთპიროვნულად მიიღო. ასეთი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მისთვის საერთოდ დამახასიათებელი იყო. ეს კი იწვევდა საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და ინტელიგენციის ერთი ნაწილის დიდ უკმაყოფილებას გამსახურდიას მიმართ და ოპოზიციაში ედგა მას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-სთვის მოკავშირეობაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, იყო გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა. რაც შეეხება მის ათეულში მოხვედრას და თანაც საპატიო მესამე ადგილზე, ეს, როგორც აღვნიშნე, მისი დიდი თავდადებისა და თავგანწირვის დაფასებაა ქართველი ერის მიერ. ამის გარდა ზვიადი გამსახურდია საქართველოს უახლესი ისტორიაა და ქართველთა უმრავლესობას დღემდე ახსოვს ის და მისი წვლილი სამშობლოს წინაშე.

P.S მადლობა მათ ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხა პოსტი, თუ არიან რა თქმა უნდა ესეთები :D

მსგავსი ამბები

Back to top button