არქივი

აივ ინფექცია და შიდსი

45f2270fcd10

შიდსის ვერაგი ხასიათის შესახებ ყველას სმენია. არაერთი წელიწადია, ეს ვირუსი ჩვენს პლანეტას უტევს და ვინც კი გაეკარება, ყველას მუსრს ავლებს. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხილებულ იქნა (ინფექციის გამომწვევი ვირუსის სტრუქტურა მეცნიერებმა იოლად გაშიფრეს),

მისი განადგურება ვერა და ვერ მოხერხდა. მეტიც, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი სულ უფრო მეტ მსხვერპლს ესხმის თავს – უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში 40 მილიონამდე ინფიცირებულია. მათ შორის ძალიან ბევრი მოზარდია.
მოზარდებში აივ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მეტად გავრცელებულია ნარკომანია, კერძოდ კი ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები.
კიდევ ერთი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტია. მოზარდისთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ შიდსი საშიში დაავადებაა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ეგებ, ჯობდეს, თინეიჯერებს უფრო დაწვრილებით მოვუყვეთ კოშმარული ზღაპარი ყველაზე ვერაგი ვირუსის შესახებ?
ჩვენი ზღაპარი მოზარდებისთვის იწყება:

ვერკვევით ტერმინებში

შიდსი თუ აივ-ინფექცია? შესაძლოა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელს დავარქმევთ მდგომარეობას, რომელიც სიკვდილს მოასწავებს, მაგრამ მათ შორის სხვაობაზე მაინც შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
დაიხსომეთ: როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება, ადამიანი უკვე აივ-ინფიცირებულია. თავად დაავადება ანუ შიდსი მაშინ ვითარდება, როცა მისი ნიშნები იჩენს თავს. შესაძლოა, გარეგნულად შიდსის კვალიც არ ჩანდეს, მაგრამ ლაბორატორიულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოავლინოს. იმის შესაფასებლად, გასცდა თუ არა პროცესი “მარტივი” ინფიცირების სტადიას და ჩამოყალიბდა თუ არა შიდსი, ექიმი ლაბორატორიულ კვლევას ნიშნავს. შედეგად კი ირკვევა, თუ როგორია:
– იმუნური სისტემის მდგომარეობა;
– ვირუსით დატვირთვა, ანუ რა კონცენტრაციითაა იგი ორგანიზმში.
მარტივად რომ ვთქვათ, უსიმპტომო სტადია აივ-ინფიცირებაა, სიმპტომების გაჩენა კი შიდსზე მოგვანიშნებს. საზოგადოდ, შიდსი გარკვეული სინდრომების ან სულაც ოპორტუნისტული (თანდართული) დაავადებების, მაგალითად, რომელიმე ინფექციის, სიმსივნის, ნაკრებს წარმოადგენს. როცა ექიმი დიაგნოზს აფიქსირებს, წერს: აივ-ინფექცია – შიდსი.

მთელ მსოფლიოში რეგისტრირებული შემთხვევები ინფექციის გადაცემის გზის მიხედვით ამგვარადაა გადანაწილებული:
64% – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები;
28,6% – ჰეტეროსექსუალური კონტაქტები (ხშირი, დაუცველი კონტაქტები). მართალია, კომერციულ სექს-მუშაკებს შეგნებული აქვთ აივ-ინფიცირების საშიშროება, მაგრამ მაინც რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან;
3,4% – ჰომო და ბისექსუალური კონტაქტები, თუმცა ჩვენს ქვეყანაში გადაცემის ამგვარი გზა ნაკლებაქტიურია;
1,2% – ვერტიკალური გადაცემა – ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს;
1,6% – გადაცემის გზა უცნობია;
1,2% – სისხლის რეციპიენტი.
გარდა ამისა, რისკის ჯგუფში შედიან ის ქრონიკული ავადმყოფები, რომლებსაც ხშირად უწევთ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

როცა ყველაფერი მჟღავნდება

ინკუბაციური პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე, სხვა ინფექციური პათოლოგიებისგან განსხვავებით, შიდსის შემთხვევაში ცვალებადია. ფარული პერიოდი საშუალოდ 4-5 წელს შეადგენს, თუმცა, შესაძლოა, უფრო ხანმოკლეც იყოს ან გახანგრძლივდეს, რაც შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:
– რა რაოდენობით ვირუსმა შეაღწია ორგანიზმში, ანუ ინფიცირება ჩხვლეტით მოხდა თუ ტრანსფუზიით. თუკი ადამიანს დიდი ოდენობით ინფიცირებული სისხლი გადაუსხეს, ვირუსი ორგანიზმში ჭარბად იქნება და, შესაბამისად, ინკუბაციური პერიოდიც მოკლეა.
– მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე;
– რამდენად ვირულენტური (“აგრესიული”) შტამი იჭრება ორგანიზმში.
ფარული პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით აივ-ინფიცირებულები იყოფიან: სწრაფად პროგრესირებად, საშუალო დონის (როდესაც ფარული პერიოდი 4-5 წელს შეადგენს) და მუდმივად არაპროგრესირებად კატეგორიებად. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც 1981 წელს დაინფიცირდნენ, მაგრამ შიდსი ჯერ არ განვითარებიათ, თუმცა შესაძლოა, დაავადება სულ მალე ჩამოუყალიბდეთ.
გახსოვდეთ: ადამიანი გადამდებია ინფიცირების დღიდან. ვირუსი შეიჭრება თუ არა ორგანიზმში, აქტიურად იწყებს გამრავლებას. გვხვდება ყველა ბიოლოგიურ სეკრეტში: ყველაზე მეტად – სისხლში, თავზურგტვინის სითხეში, სპერმაში, ნაკლებად – ნერწყვსა და ოფლში.
თუკი აივ-ინფიცირების შიშით (დაუცველი სქესობრივი კავშირის, საერთო შპრიცით ინექციის შემდეგ) ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოჩენა მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება. ამას კი დრო სჭირდება. ეს ე.წ. ფანჯრის პერიოდია, როცა ვირუსი არ ჩანს. ის ინფიცირებიდან ორ თვეს მაინც გასტანს.

ეს ყველამ უნდა იცოდეს
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ინფიცირებულისგან ჯანმრთელს გადაეცემა:

სქესობრივი გზით.
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სქესობრივი გზით აივ-ინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია და 70-80%-ს შეადგენს. ეს გასაგებიცაა: ვირუსები სპერმასა და საშოს სეკრეტში ძალზე დიდი კონცენტრაციით გროვდება. ამ გზით ვირუსის გადაცემის საშიშროება კიდევ უფრო მეტია, თუკი სქესობრივ პარტნიორებს რომელიმე ვენერული დაავადება აწუხებთ. სქესობრივი გზით გადამდები ესა თუ ის დაავადება (სიფილისი, გონორეა და სხვა) შიდსის ვირუსისთვის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც აივ-ინფექციისთვის იოლად იღება. ასე იმიტომ ხდება, რომ ვენერული დაავადებები უხშირესად სასქესო ორგანოების დაწყლულებას და ანთებით ცვლილებებს განაპირობებენ, დაზიანებულ უბნებში კი ვირუსი იოლად იჭრება. გარდა ამისა, ანთების კერაში ჭარბადაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ძირითადი სამიზნე – თ-ლიმფოციტები, რომლებიც ინფექციის შეჭრისთანავე უთანასწორო ბრძოლაში მარცხდებიან.
გარდა ამისა, ქალბატონები გაცილებით იოლად ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. არ იფიქროთ, რომ აივ-ინფექცია მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ემტერებოდეს; უბრალოდ, ვირუსი ქალის ორგანიზმში უფრო ადვილად იჭრება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მამაკაცის სპერმა ვირუსებს დიდი კონცენტრაციით შეიცავს. ამავდროულად, ზედაპირი, რომელიც ამ ვერაგი მიკროორგანიზმებით მოითესება, ქალის ორგანიზმში მეტია.

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებით (ინფიცირება საერთო შპრიცით).
ასე ვირუსის გადაცემა ნაკლებად ხდება, ვიდრე სქესობრივი გზით და სიხშირე 5-10%-ს შეადგენს. სწორედ საერთო შპრიცის გამოყენების გამოა ნარკომანებში შიდსი საკმაოდ გავრცელებული.
მაშ, რა ვიღონოთ? რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი ნარკოტიკებზე უარის თქმაა, მაგრამ ინფიცირების რისკს ერთჯერადი შპრიციც ამცირებს (ცხადია, მხოლოდ მაშინ, თუ მას ერთი ადამიანი გამოიყენებს და არა რამდენიმე).

მედმუშაკებში შპრიცით მანიპულაციის დროს.
1996 წელს აშშ-ში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 52 აივ-ინფიცირებული მედმუშაკი გამოავლინა. ამათგან 45-ს ინფექცია ნემსის ჩხვლეტით შეეყარა, დანარჩენს – ვირუსით კონცენტრირებული სისხლის დაზიანებულ კანზე, თვალში, პირის ღრუში მოხვედრისას. დაინტერესებულმა მკვლევარებმა დაინფიცირების საშუალო ალბათობაც გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ნემსის ჩხვლეტისას იგი 0,3%-ს შეადგენს, ანუ 300 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი ხდება ვირუსის მსხვერპლი, ხოლო დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე და თვალში მოხვედრის შემთხვევაში ალბათობა კიდევ უფრო ნაკლებია და მხოლოდ 0,1%-ს უტოლდება.
საზოგადოდ, მედმუშაკებში ვირუსით დაინფიცირების საშიშროება ძალზე დაბალია (0,01%-ზე ნაკლებია) და საქართველოში ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ვერტიკალური გზით ანუ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე.
ვირუსის გადაცემის ალბათობა ამ შემთხვევაში 5-10%-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში 700 000 აივ-ინფიცირებული ბავშვი იბადება, რომლებიც მუცლადყოფნის ან ძუძუთი კვების პერიოდში ინფიცირდებიან. ამჟამად საქართველოში ყველა ორსულის გამოკვლევა აივ-ინფექციაზე არ ხდება. ორსული მხოლოდ ამ შემთხვევაში იგზავნება შემდეგი გამოკვლევისთვის, თუკი მკურნალმა ექიმმა ეჭვი მიიტანა, რომ მომავალი დედა ინფიცირებულია.

შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით.
როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, ტრანსფუზიის დროს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ შემოწმებული სისხლი გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში სისხლის გადასხმით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. დასნებოვნების ალბათობა, სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 3-5%-ია.

ვირუსი არ გადადის:

. კოცნით. ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, რომ კოცნით ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამბორი საშიშია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოჰყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და მასში ვირუსი იოლად აღწევს. ეს ეხება ოფლსა და შარდსაც. სხვა ფიზიოლოგიურ სითხეებში (სპერმაში, რძეში, მით უმეტეს – სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში) ვირუსები ძალზე მაღალი კონცენტრაციითაა და ინფიცირების თვალსაზრისით საშიშია;
. მწერების ნაკბენით. თავდაპირველად, როდესაც ვირუსი ის-ის იყო აღმოაჩინეს, მართლაც გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი გადამტანი შეიძლებოდა “უწყინარი” კოღოები, ტკიპები და სხვა სისხლისმწოველი არსებანი ყოფილიყვნენ. სპეციალისტები მალევე მიხვდნენ, რომ მწერები არაფერ შუაში არიან, რადგანაც კბენისას ისინი ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებენ და არა სისხლს. ისინი ამ უკანასკნელს, პირიქით, თქვენი ორგანიზმიდან ამოწოვენ. წარმოიდგინეთ, რაოდენ სავალალო მდგომარეობა იქნებოდა მთელ მსოფლიოში, მწერებს შიდსი რომ გადაჰქონდეთ – ეს პაწაწინა არსებები სულ რამდენიმე წელიწადში გაავლებდნენ მუსრს კაცობრიობას;
. სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს, მანიკიურ-პედიკიურით, თმის შეკრეჭითა და გაპარსვით;
. ანალიზების ჩაბარების დროს;
. აუზზე, აბანოსა და საუნაში;
. ხელის ჩამორთმევით;
. პირადი ჰიგიენის ნივთებით (მაგალითად, პირსახოცით, ჭურჭლით) და ტანსაცმლით;
. დონორობისას. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, სხვას სისხლი გადაუსხათ, მათ შორის – შიდსით დაავადებულსაც კი.

გაფრთხილდით:

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აივ-ინფექციისგან დამცავი ვაქცინა ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, ამიტომ, გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
იმუნოდეფიციტის ვირუსისგან თავი რომ დაიცვათ:
. უთუოდ იმკურნალეთ, თუკი სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადება გაწუხებთ. ვენერული დაავადება ხომ აივ-ინფიცირების რისკს ერთიორად ზრდის.
. ნურასოდეს გამოიყენებთ სხვის ნემსს, სამართებელსა თუ ჯაგრისს. მართალია, ამ ორი უკანასკნელის მეშვეობით დაინფიცირების ალბათობა ძალზე დაბალია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
. თუკი სისხლთან შეხება მოგიწევთ, სასურველია, რეზინის ხელთათმანებით იმოქმედოთ. თუ ხელები მაინც დაგესვარათ, საპნით გულდასმით დაიბანეთ.
. სამედიცინო (მაგალითად, სტომატოლოგიური) მანიპულაციის ან კოსმეტოლოგთან ვიზიტისას დარწმუნდით, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადო წესით არის გასტერილებული.
. და, რაც მთავარია: სქესობრივი კავშირის, მით უფრო – შემთხვევითი კონტაქტის დროს უთუოდ გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).

წყარო: aversi.ge

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button