საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველოს უძველესი ხიდები

ქველ საქართველოში უამრავი ხიდი არსებობდა, მაგრამ დღემდე ძველ ხიდთაგან ცოტა თუ გადარჩა. განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაში ხიდები ქვისა შენდებოდა, უმეტესობა მაშინაც და უფრო გვიანაც ცალმალიანი (ერთთვლიანი) იყო, ისე რომ კონსტრუქცია ორსავ მხარეს უშუალოდ ნაპირის კლდეებს ებჯინებოდა. შუა მდინარეში ბურჯების ამოყვანას ერიდებოდნენ კონსტრუქციის სირთულის გამო, მაგრამ თუ მდინარის სიგანე მოითხოვდა, ასეთი ბურჯების აგებაც შეეძლოთ. მალები, რა თქმა უნდა, ყოველთვის თაღოვანია, დამახასიათებელია, აგრეთვე, ხიდების კუზიანობა. XI-XII ს-თა კარგი ნიმუშებია ბესლეთის ხიდი სოხუმთან, დონდალოს ხიდი აჭარაში (აჭარისწყალზე) და მდ.თეძამზე ქართლში, რკონის მახლობლად. მდ.ბესლეთზე აშენებული ხიდი (სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 8 კმ მანძილზე) ერთთაღიანია. მალის სიგრძეა – 13,3 მ., ხიდის მთლიანი სიგრძე – 35 მ., თაღის სიმაღლე წყლის დონიდან – 8 მ. (რის გამოც ხიდი არ იფარებოდა წყალდიდობის დროსაც), ხოლო სიგანე სულ – 4,7 მ., (ამგვარი სივიწროვე ძველი ქართული ხიდების დამახასიათებელია). ხიდი ქვისაა, კირის ხსნარზე ნაშენი. მოსაპირკეთებელი ბლოკები სიმაღლით – 1 მეტრია, სიგანით 30-35 სმ., მათ შორის აგურშერეული დუღაბის ფართო ფენებია. ქვებზე შერჩენილია ძალიან ლამაზი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი. ხიდის გაანგარიშებამ დაადასტურა, რომ მას დიდი დატვირთვის გაძლება შეეძლო.

გატეხილი ხიდი
გვიანა ფეოდალური ხანის ხიდთმშენებლობის ნიმუში. მდებარეობს თბილისიდან 57 კმ.-ის დაშორებით, გადებულია მდ.ხრამზე (ქციაზე). ამ ხიდზე გადადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული მაგისტრალი, რომელიც საქართველოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან აკავშირებდა. ამის მახლობლად წინათაც არსებობდა ხიდი, ეს კი, როგორც მემატიანეთა ცნობები მოწმობს, ააშენა ქართლის მეფემ როსტომმა XVII ს-ის შუა წლებში. თავისი ფორმებით და საერთო იერით ძალიან ენათესავება ირანულ ხიდებს, რომლებიც, აშკარაა, ნიმუშად ჰქონდათ, აშენების დროს. ხიდი ნაშენია ე.წ. ქართული (კვადრატული) აგურით (22X22X4 სმ). ბურჯების ქვემო ნაწილები ალგეთის ქვის (ანდეზიტის) თლილი ფილებითაა მოპირკეთებული. ოთხი მალია, ყველას ისრული კამარის სახე აქვს (მალების ზომაა: 26,1; 8,0; 16,1; 8,2 მ.). ხიდის საერთო სიგრძეა 175 მ., გასავლელი ნაწილის სიგანე – 4,3 მ., ნაპირის ბურჯებში მოწყობილია ქარვასლები. მათი ფართობი 300 მეტრამდეა. საქართველოში დარჩენილია XVII ს-ის სხვა ხიდებიც – მდ. მაშავერაზე, სოფ.ქოჩალუსთან (ქვემო ქართლში), მდ. ჭიშურაზე (ქუთაისის მახლობლად). გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ აშენებული 1668 წ.. ეს უკანასკნელი – ქვის ხიდია, ყოველგვარი ირანული ფორმების გავლენის გარეშე.
წითელი ხიდი

XVII საუკუნის პერიოდიდან შემორჩენილი ხიდები და პირველყოფლისა ყურადღებას იპყრობს „წითელი ხიდი” მდ. ხრამზე. ხიდი აგებულია XVII საუკუნის შუა ხანებში როსტომ მეფის დროს. ხიდის საერთო სიგრძე აღწევს 153 მეტრს. იგი ოთხმალიანია, ისრული ფორმის თაღები გამოყვანილია ბრტყელი აგურით, ხოლო ბურჯები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ხიდის სიგანეა 4,3 მ. თაღები მდინარის დონიდან აღმართულია 12-14 მეტრით. ხიდი გვერდებიდან შუაგულისაკენ თანდათანობით მაღლდება და მთავარი თაღის თავზე გარდატყდება, რის გამო მას “გატეხილი ხიდიც” ეწოდება. ხიდის სანაპირო ბურჯებში მოწყობილია ბუხრიანი დიდი ოთახები, რომლებიც ქარვასლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამას გარდა არის მომცრო ოთახი – სადარაჯოსათვის ან მებაჟისათვის. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ხიდი მდ.ვერეზე თბილისში, ყაურმის ხიდი მდ.თაფარავანზე, ხიდი მდ.ჭიშურაზე აგებული 1667 წ. გენათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ, მდ.მაშავერაზე, და სხვ.





წყარო:saunje.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close