არქივი

მსოფლიოში ყველაზე დიდი აღლუმი

Уменьшить

500 ტანკი, 151 სამხედრო თვითმფრინავი, ბირთვული რაკეტები – აი, ის არასრული ნუსხა, რამაც 1-ელ ოქტომბერს პეკინის ცენტრში ჩაიარა ან დედაქალაქს გადაუფრინა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის ალბათ უსიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა აღლუმზე გამოყვანილი Dong Feng-31A ტიპის მობილური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ინდივიდუალური დამიზნების სამი ბირთვული ქობინი მიაქვს. ამ რაკეტით ჩინეთს შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს, რაც ამერიკელებისთვის სერიოზული საფრთხეა.

1 ოქტომბრის აღლუმით პეკინმა მთელ მსოფლიოს შეაცვლევინა აზრი ჩინეთის არმიაზე. აქამდე მიჩნეული იყო, რომ ჩინეთის თითქმის 2,3 მლნ-იანი შეიარაღებული ძალები მხოლოდ რაოდენობით შეიძლებოდა ყოფილიყო სახიფათო, ხოლო შეიარაღება მოძველებული ჰქონდა.
ამიერიდან კი გაცხადდა, რომ ჩინეთის არმიამ გადაიარაღება დაიწყო და სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა ხდება თვით აშშ-ისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, ინდოეთსა და იაპონიაზე.

ჩინური არმიის ასეთი გაძლიერება იმანაც განაპირობა, რომ პეკინმა ბოლო წლებში რუსეთისგან იყიდა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა და მათი წარმოების ტექნოლოგიები. რუსეთში ნაყიდი Су-27 ტიპის გამანადგურებლების ბაზაზე ჩინელმა კონსტრუქტორებმა მისი ასლი, J-11 შექმნეს. დღეს მოსკოვი კი აპროტესტებს ჩინელების მიერ საბჭოთა და რუსული საბრძოლო ტექნიკის კოპირებას, მაგრამ უკვე გვიანია.

ჩინეთისთვის ყველაზე საშიში ამერიკული ატომური ავიამზიდებია. თვითონ ჩინეთიც იწყებს ავიამზიდების მშენებლობას და თან ამერიკული “მცურავი კუნძულების” გასანადგურებლად მსოფლიოში უნიკალურ იარაღს ქმნის – მართვად ბალისტიკურ რაკეტას, რომელსაც მოძრავი სამიზნის – ავიამზიდების აფეთქება შეუძლია.

1 ოქტომბერს აღლუმზე ჩინეთმა მსოფლიო დონის განაცხადი გააკეთა – იგი პრეტენზიას აცხადებს დადგეს ზესახელმწიფოებს – აშშ-სა და რუსეთს შორის და მოსკოვი გვერდზეც გასწიოს.

წყარო: www.kvirispalitra.ge/military

მსგავსი ამბები

Back to top button