არქივი

შუმერული მითოსი

e0d7a6bbe114
XIX საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე ქალაქ ნასირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 75 კმ-ზე მდებარე უძველესი ნაქალაქარის ადგილას ამოზიდულ ბორცვზე გათხრები დაიწყო ფრანგმა არქეოლოგმა ერნესტ დე სარზეკმა. გათხრებისას მზის სინათლე იხილა ოთხი ათასი წლის წინანდელი შუმერული ქალაქის – ლაგაშის ნანგრევებში ჩამარხული მატერიალური კულტურის შესანიშნავმა ძეგლებმა – ლურსმული წარწერებით დაფარულმა ქანდაკებებმა და თიხის ფირფიტებმა. ამით დადასტურდა, რომ დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV-III ათასწლეულში ცხოვრობდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი ცივილიზებული ხალხი, შუმერები.
შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის, თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება ეგვიპტეს შევადაროთ. მართლაც, შუმერებიდან და საერთოდ შუამდინარეთიდან ბევრი რამ დაიწყო კაცობრიობის კულტურის სფეროში. აქ ჩაისახა ცოდნის ბევრი დარგი. მაგალითად, მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავთმცოდნეობით დამთავრებული; დროის დაყოფა სამოც ერთეულად და ზოდიაქური სისტემა; აქ დაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცხრილები და სხვა… გაიხსნა პირველი სკოლები და წიგნთსაცავები. შეიძლება ითქვას, რომ შუამდინარეთის სწავლულთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომლებიც ბუნდოვნების მიუხედავად დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ძველ ებრაელთა და შემდეგ ქრისტიანულ რელიგიას.

69360de7f6ec

მგავსად ყველა ძველი ცივილიზაციისა, შუმერებსაც თავისი რწმენა-წარმოდგენები ჰქონდათ.
ძვ.წ. III ათასწლეულში შუმერში იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც ფიქრობდნენ სამყაროს, ბუნების აგებულებაზე. შუმერელი მოაზროვნისათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს ”ანოქის”, რაც ცა-მიწას ნიშნავს. შუმერელთა წარმოდგენით დედამიწა ბრტყელი დისკო იყო, ხოლო ცა – ცარიელი სივრცე, რომელიც ზევიდან და ქვევიდან მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი – ”ლილ”. ეს სიტყვა ნიშნავს ქარს, ჰაერს. მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები იმავე ნივთიერებისაგან იყო შექმნილი, რისგანაც ატმოსფერო, ოღონდ მათ ნათებაც შეეძლოთ. “ცა – მიწას” ზევიდან, ქვევიდან და ორივე გვერდიდან გარს ერტყა უსასრულო ოკეანე, რომელშიც სამყარო, როგორღაც ინარჩუნებდა სიმყარესა და უძრაობას. შუმერელთა აზრით, თავდაპირველად იყო პირველქმნილი ოკეანე. ამ პირველქმნილ ოკეანეში როგორღაც ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო მოძრავი ”ატმოსფეროთი”. შემდეგ ატმოსფეროსგან წარმოიქმნენ მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები; ხოლო, როცა დედამიწას გამოეყო ცა და წარმოიქმნა მანათობელი სხეულები, გაჩნდა მცენარეები, ცხოველები და ბოლოს – ადამიანი.
ბუნებრივია, რომ თავიანთი სახელმწიფოების პოლიტიკური ორგანიზაციის ანალოგიით, შუმერელებმა სათვეში დააყენეს მთავარი ღმერთი, რომელსაც დანარჩენი ღმერთები თავის ხელისუფალად თუ მეფედ აღიარებდნენ. მთავარ ღმერთს რანგით მოჰყვებოდა შვიდი ღმერთი, რომლებიც ”განაგებდნენ ბედისწერას”, და ორმოცდაათი ე.წ. ”დიდი ღმერთი”. ყველაზე საინტერესოა ის დაყოფა, რომელიც შუმერელმა თეოლოგებმა დაადგინეს ღვთაებათა შორის – ეს არის შემოქმედი და არაშემოქმედი ღმერთები. ესეც სამყაროზე მათი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა. ვინაიდან სამყაროს მთავარი ელემენტები იყო ცა, დედამიწა, ზღვა და ატმოსფერო, მათი ღმერთები შემოქმედი იყვნენ, სხვა დანარჩენი კი – არაშემოქმედი.

c1ceea596f21

რაც შეეხება შექმნის მეთოდს, რომლითაც ეს ღმერთები სარგებლობდნენ, შუმერელმა თეოლოგებმა წამოაყენეს დოქტრინა, (აღმოსავლეთმა რომ მიიღო) – დოქტრინა ღვთაებრივი სიტყვის შემოქმედ ძალაზე. მათი სწავლების მიხედვით, საკმარისი იყო შემოქმედ ღმერთს რაიმე ჩაეფიქრებინა, შემდეგ კი წარმოეთქვა სიტყვა და სახელი. სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოდგენა ღვთიური სიტყვის შემოქმედ ძალაზე შუმერელებს შეექმნათ ადამიანთა საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად. თუკი ადამიანს, მმართველს, ბრძანების საშუალებით შეეძლო მიეღწია თითქმის ყველაფრისთვის, რასაც კი მოისურვებდა, – მხოლოდ და მხოლოდ მის ბაგეთაგან მოწყვეტილი სიტყვის ძალით, – სამყაროს ოთხი სტიქიის მმართველი ზებუნებრივი ძალის მქონე უკვდავ ღმერთებს რატომღა არ შეეძლებოდათ თავიანთი ღვთიური სიტყვით მიეღწიათ ბევრად უფრო მეტისთვის და გადაეწყვიტათ ყოველგვარი პრობლემა?!
სამყაროს წარმოშობას შუმერელები ამგვარად ხსნიდნენ:

1. თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მის გაჩენაზე არაფერია ნათქვანი. ადვილი შესაძლებელია, შუმერელთა წარმოდგენაში იგი მუდამ არსებობდა.

2. პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა, რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.

3. ადამიანის სახის მქონე ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ (მიწამ) შვეს ჰაერის ღმერთი ენლილი.

4. ჰაერის ღმერთმა ენლილმა ერთმანეთს განაშორა ცა და მიწა. იმ დროს, როცა ანმა ასწია ცა, ენლილმა ძირს დაუშვა მიწა, თავისი დედა. ენლილის კავშირმა თავის დედასთან – მიწასთან – მისცა საწყისი მსოფლოს – ადამიანს, ცხოველებს, მცენარეებს და ცივილიზაციას.
შუმერელთა აზრით ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ღმერთიც კი გარეგნობით, აზროვნებით თუ ქცევით ადამიანს ჰგავდა. ღმერთებიც, ადამიანთა მსგავსად ადგენდნენ მოქმედების გეგმას, სვამდნენ, ჭამდნენ, ქორწინდებოდნენ, ოჯახს ქმნიდნენ და არც ადამიანური სისუსტე თუ სატკივარი იყო მათთვის უცხო. ისინი სიცრუეზე მაღლა ჭეშმარიტებას აყენებდნენ, ძალადობაზე მაღლა – სამართლიანობას, მაგრამ მათი ქმედებანი ყოველთვის როდი იყო გასაგები უბრალო მოკვდავისათვის.
შუმერელთა აზრით, ღმერთები ცოცხლობდნენ “ცისა და მიწის მთაზე,”იქ, სადაც მზე ამოდის” და მანამ იმყოფებოდნენ იქ, ვიდრე სამყაროს რომელიმე განსაზღვრული ადგილას, რომელზეც ისინი ზრუნავდნენ, მათი თავი არ დასჭირდებოდათ. მაგრამ არ ვიცით ისინი სივრცეში როგორ გადაადგილდებოდნენ; წყაროებიდან ვგებულობთ, რომ მთვარის ღმერთი ნავით მოგზაურობდა, მზის ღმერთი – ეტლით, ქარიშხლის ღმერთი კი ღრუბლებით.
ძვ.წ III ათასწლეულის შუმერში, სულ ცოტა, რამდენიმე ასეულ ღმერთს მაინც სცემდნენ თაყვანს. შუმერელებს ჰყავდათ უამრავი ღმერთი, რომელთაც ისინი სისტემატურად სწირავდნენ მსხვერპლს, გამუდმებით ეთაყვანებოდნენ და ლოცულობდნენ.
შუმერელ მოაზროვნეებს, მათი მსოფლმხედველობის თანახმად, გაზვიადებული წარმოდგენა არ ჰქონიათ ადამიანსა და მის ამქვეყნიურ ხვედრზე. მათი ღრმა რწმენით, ადამიანი თიხისაგან იყო შექმნილი და საერთოდაც, ღმერთებმა იგი მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მათთვის სასმელ-საჭმელი მიერთმია, საკურთხევლები აეგო და ათასგვარი სხვა სამსახური გაეწია, რათა ღმერთებს უზრუნველად ეკეთებინათ თავიანთი ღვთაებრივი საქმეები. ადამიანთა ბუნდოვანი და საშიშროებით აღსავსე ბედი მთლიანად ბრძენ ღმერთებზე იყო დამოკიდებული. სიკვდილის შემდეგ ღმერთებს შეეძლოთ ყურადღება მიექციათ მარტოხელა და არც არაფრით გამორჩეული მოკვდავთათვის, როცა იგი მათ წინაშე გართხმული შემწეობას ევედრებოდა.
შუმერულ ღმერთთაგან უმთავრესი იყო ოთხი ცის ღმერთი – ანი’, ჰაერის ღმერთი – ენლილი’, უფსკრულის ღმერთი – ენქი და დიდი დედა-ქალღმერთი – ნინხურსანგა. ეს ოთხი ღმერთი ყოველთვის ღმერთების სიის სათავეში მოიხსენიებიან და ხშირად ერთადაც მოქმედებენ. სხვა მრავალი ღმერთი მეორეხარისხოვანია ე.ი. ისინი არიან მთავარი ღმერთების ცოლები, შვილები ან მსახურები.
ცის ღმერთი ‘”ანი'” ოდესღაც შუმერთა პანთეონის უმთავრესი ღვთაება იყო. ანის მთავარი სამლოცველო ქალაქ-სახელმწიფო ურუქში იყო, რომელიც დიდხანს მთავარ როლს ასრულებდა შუმერის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართალია, ანის შემდგომ ათასწლეულებშიც სცემდნენ თაყვანს მთელ შუმერში, მაგრამ დაახლოებით ძვ.წ 2500 წლის შემდეგ შუმერთა მთავარი ღმერთის როლს ჰაერის ღმერთი ენლილი ასრულებდა. მას პირველ რიგში მოიხსენიებენ სხვადასხვა რიტუალების დროს, მითებსა და ლოცვებში. მას უკვე ”ღმერთები მამას”, ”ცისა და მიწის მეუფეს” და ”ყველა ქვეყნის მბრძანებელს” უწოდებდნენ. მეფეები და მბრძანებლები თავს იწონებდნენ, ხელისუფლება თვით ენლილისაგან გვაქვს მიღებულიო, რომ ენლილმა ააყვავა მათი ქვეყანა, გაამარჯვებინა მტრებზე. სწორედ ენლილი ”ასახელებდა მეფეს”, ”გადასცემდა მას სამეფო კვერთხს” და ”მოწყალე თვალით უყურებდა”.

e03fa1023fd4
ენქი

მოგვიანებით შექმნილი მითებიდან ვიგებთ, რომ ენლილი ქველმოქმედი ღმერთი იყო, მან განსაზღვრა სამყაროს აგებულება, შექმნა სასიკეთო ძალები. მან შექმნა დღე, ენლილმა შეიბრალა კაცთა მოდგმა და მისცა მას ყველაფერი.
შუმერელთა აზრით, ღმერთებს, მიწიერი მეფეების მსგავსად, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ გადასაჭრელი: ჯერ მეფეებისა და მათთან დაახლოვებული პირებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება. ამიტომ ღმერთისათვის რომ მიემართა, უბრალო მოკვდავს საგანგებო შუამავლების დახმარება სჭირდებოდა. ამ შუამავლებს ღმერთები სწყალობდნენ და შეიძლებოდა გაჭირვებულის ვედრებას ღმერთებამდე მიეღწია.
შუმერელ მოაზროვნეებს სწამდათ და ქადაგებდნენ, რომ ადამიანთა ყოველგვარი უბედურების მიზეზი მათი ცოდვები და დანაშაული იყო; და რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ისინი ასწავლიდნენ, რომ ყოველგვარი ადამიანური ტანჯვა განპირობებულია ამა თუ იმ მიზეზით, რომ ყველაფერში თვით ადამიანები არიან დამნაშავენი და არავითარ შემთხვევაში ღმერთები.
შუმერები, მართალია ფიქრობდნენ სამყაროს ბუნებასა და წარმოშობაზე, მის აგებულებაზე და მსოფლიოს სხვა კანონზომიერებებზე, მაგრამ მათ ვერ შექმნეს ფილოსოფია, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. მოვლენათა კლასიფიკაციისა და განზოგადოვების ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელსაც იზიარებს თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, სრულიად უცნობი იყო შუმერელი მოაზროვნეებისათვის.
შუმერელი მასწავლებლები და ლიტერატორები არ იყვნენ და არც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ნამდვილი ფილოსოფოსები. მიუხედავად ამისა, ყველაფერს, რაც ბუნებასა და მათ გარემომცველ სამყაროს შეეხებოდა, ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ. ის გრძელი სიები, რომელშიც ჩამოთვლილია მცენარეების, ცხოველების, ლითონების თუ ქვების სახელწოდებანი, ბუნების მოვლენათა და ცოცხალ არსებათა გულმოდგინე შესწავლაზე მეტყველებს. მსოფლიოს ისტორიაში შუმერებმა პირველებმა სცადეს, შეგნებულად გაეანალიზებინათ, თუ რას წარმოადგენდა მათი თანადროული ცივილიზაცია და ამ მიზნით შეადგინეს კიდეც ისეთი ნუსხა, რომელშიც ერთ ასეულზე მეტი საზოგადოებრივი ინსტიტუტის, საქმიანობის, ხელობის, ქცევის ნორმათა თუ შეფასებათა სახელწოდებანია ჩამოთვლილი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა””სფეროშიც შუმერელი პედაგოგები ხეების, მცენარეების, ცხოველებისა და ქვების მხოლოდ ჩამოთვლით კმაყოფილდებოდნენ; დღემდე გაურკვეველია, რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ ისინი საგანთა თანმიმდევრობის დაცვისას; მაგრამ ის კი უეჭველია, რომ შუმერელები არა თუ არ იცნობდნენ ბოტანიკის, ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კანონებს, დაახლოებითი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მასზე. დღეისათვის ცნობილია გრამატიკული ფორმებით გაჭედილი უამრავი ფირფიტა, რაც იმას მეტყველებს, რომ შუმერები იყენებდნენ გრამატიკული კლასიფიკაციის პრინციპს, მაგრამ ერთი ფირფიტაც არ არის ნაპოვნი, რომელზეც ჩაწერილი იქნებოდა ზუსტი გრამატიკული წესები და განსაზღვრებანი.
იგივე ითქმის მათემატიკაზეც; ამოცანებითა და ამოხსნებით სავსე უამრავ ფირფიტებს შორის ერთსაც ვერ ნახავთ ისეთს, ზედ რომ განზოგადოებული წესები, აქსიომები და თეორემები ეწეროს. დაბოლოს, შუმერელებს ჰქონდათ კანონთა რამდენიმე კრებული, რომლებიც თავის მხრივ ასობით ცალკეული კანონისგან შედგებოდა, მაგრამ არსად გაკვრითაც კი არაფერია ნათქვამი სამართლის ზოგად პრინციპებზე.
თუ შუმერელ პოეტს დავუჯერებთ, შუმერელთა მიერ შეცნობილი სამყარო გადაჭიმული იყო ჩრდილოეთით – არმენიის მთიანეთამდე, სამხრეთით – სპარსეთის ყურემდე, აღმოსავლეთით – ირანის მთიანეთამდე და დასავლეთით – ხმელთაშუა ზღვამდე.
ბოლო 50 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა სულიერი და მატერიალური კულტურის ისეთი საგანძურები გამოავლინა, რომელზეც მეცნიერთა წინა თაობებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ქვიშისა და მტვრის სქელი ფენის ტყვეობისაგან დახსნილმა უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეობამ, აგრეთვე უძველესი ენების გაშიფრვამ და დიდი ხნის წინათ დაკარგული, მივიწყებული, ლიტერატურუმალი ძეგლის აღდგენამ ჩვენი ისტორიული ჰორიზონტი ერთბაშად რამოდენიმე ათასწლეულით გააფართოვა.

წყარო:interesting.ge

მსგავსი ამბები

Back to top button