გასართობისაკითხავიუცნაური

სილამაზის ეტალონები და მათი მსხვერპლნი

da6bc4d6d550
ხშირად გვიკვირს ხოლმე რასაც ქალები აკეთებენ, იმისათვის რომ უფრო ლამაზები გახდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, იმასთან შედარებით, რასაც ძველი დროის ქალბატონები აკეთებდნენ, რათა თავისი კულტურისთვის შესაბამისი სილამაზის ეტალონისთვის მიეღწიათ. იხილეთ რამდენიმე მაგალითი.

ed93a8eadcd5

ძველ ეგვიპტეში სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა გამხდარი ქალი, შავი, გრძელი, დაწნული თმით (ხშირად პარიკი) და მწვანე ნუშისებრი თვალებით.ეგვიპტეში უთმობას კი არა, თმის არსებობას ებრძოდნენ. არამარტო თმას იჭრიდნენ, არამედ ქალებიც და კაცებიც მთელ სხეულზე არც ერთ ბეწვს არ იტოვებდნენ. ეს მათთვის ჰიგიენა და მავნებელი პარაზიტებისგან დაცვა იყო (ეგვიპტელები დღეში საშუალოდ 4-5ჯერ ბანაობდნენ). ეგვიპტელი ქალები (კაცებიც) თმების შეჭრის შემდეგ სელის, მატყლისა და ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკის იყენებდნენ. ქოჩორშერჩენილი ეგვიპტელი ქალები თმას შავი ხარის ცხიმისა და ყვავის კვერცხების ნაზავით იღებავდნენ. იმავე ეგვიპტელების გამოგონებაა წითელი ხოჭოებისა და ჭიანჭველას კვერცხებისგან დამზადებული პომადა და ფრჩხილის ლაქი ცხვრის სისხლისა და ქონისგან. გადმოცემით, დედოფალ კლეოპატრას საყვარელი პუდრის შემადგენლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნიანგის ექსკრემენტი შედიოდა!

5afec92db427

ძველ საბერძნეთში, რომისგან განსხვავებით, ქერა ქალი (მითუმეტეს, ცისფერთვალება) ლამაზად კი არა, სულაც ეშმაკისეულად ითვლებოდა. ელადაში დიდ პატივს ხარის ენისგან დამზადებულ ფერ-უმარილს სცემდნენ, კანის ფერის გასაუმჯობესებლად და დასანოტივებლად სახეზე ლოკოკინებს იდებდნენ. სხვათა შორის, სილამაზის ეტალონებიც სწორედ ძველ საბერძნეთში დააწესეს, სადაც გიმნასტიკა და სპორტი საკმაოდ პოპულარული გახლდათ. აფროდიტეს (და აფროდიტობის მსურველთა) პარამეტრები ასეთი იყო: სიმაღლე 164სმ, მკერდის გარშემოწერილობა – 86სმ, წელი – 69სმ, თეძოს გარშემოწერილობა – 93სმ. როგორც ხედავთ, ეგვიპტესგან განსხვავებით, სადაც თხელი და სიფრიფანა ქალები მოსწონდათ, ძველი ელინები ცარიელ ძვალს ძვალზე აცმულ ხორცს ამჯობინებდნენ.

7cb49682964f

შუა საუკუნეების ევროპაში ფერმკრთალი (ფერმიხდილი, ფერწასული, ერთი სიტყვით, უფერული) ქალები იყო მოდაში. ასეთი შედეგის მისაღწევად სასოწარკვეთილი ქალები კორსეტებს გრძნობის დაკარგვამდე იჭერდნენ და ზედმეტი სისხლის თავიდან მოშორებისთვის წარამარა წურბელებს „მიმართავდნენ“. უჩვეულოდ თეთრი (უფრო სწორად, ხელოვნურად გათეთრებული) კანის მოდას გაფართოებული გუგებიც დაემატა, რისთვისაც თვალში შმაგას ექსტრაქტს იწვეთავდნენ (ალკალოიდების შემცველი მცენარის საყოველთაოდ მიღებული სახელი „ბელადონა“ იტალიურად „ლამაზ ქალს“ ნიშნავს). იგივე საშუალებას მიმართავდნენ არაბი ქალებიც (ქალები შმაგას უწყინარ კოსმეტიკაში იყენებდნენ, ხოლო მამაკაცები – „სამართლის ქმნაში“: ამ მცენარის წვენის თვალში ზომაზე მეტი ჩაწვეთება ადამიანის დაბრმავებას იწვევს).

7dabf83db362

ფერმკრთალი ქალები იაპონიაშიც ძალიან უყვარდათ. მიტკალივით სახე, კუნაპეტი შავი თმა და შავი ლაქით შეღებილი კბილები თავისებურ კონტრაქტს ქმნიდა (გემოვნების ამბავია, თორემ გულგასახეთქი სანახაობა კი უნდა იყოს!). სხვათა შორის, იაპონური რთული ვარცხნილობის შენარჩუნება მართლაც დიდ მსხვერპლს მოითხოვდა – წვით და დაგვით შექმნილი საპარიკმახერო ხელოვნების შედევრი ძილში რომ არ ჩამოშლოდათ, საბრალო ქალები კისერქვეშ სპეციალურ ხის „სასთუმლებს“ იდებდნენ. კიდევ, იაპონელი ლამაზმანები წარბებს იპარსავდნენ და მათ ადგილას შავი საღებავით ახალ წარბებს იხატავდნენ.

f2c26343c9f4

თეთრი სახის ფერი ჩინეთშიც ფასობდა. ხელოვნურად დაგრძელებულ წარბებთან და თხელ აღნაგობასთან ერთად, ჩინელ ქალებს სხვებისგან ერთი თავისებური „სილამაზის ეტალონი“ გამოარჩევდათ – ე.წ. „ლოტოსის ფეხები“. ჩინელ გოგონებს დაბადებიდანვე ფეხებს მჭიდროდ უხვევდნენ, რათა არ გაზრდოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში “დიდტერფებიანი” ქალები ვერ თხოვდებოდნენ. ქალის ფეხის ზომა დაახლოებით 33-34-ს არ უნდა ასცდენოდა. „გაკოჭილი“ ფეხი დროთა განმავლობაში იმდენად დეფორმირდებოდა, რომ თასმებშეხსნილ ქალს სიარული კი არა, დამხმარების გარეშე დგომაც აღარ შეეძლო.

გაპარსული წარბები და შუბლი აღორძინების ეპოქის ქალების „საფირმო ნიშანია“. ელისაბედის ხანაში ინგლისელი ქალები თმას ტუტით იღიავებდნენ. რასაც, ცხადია, ნაადრევი სიმელოტე მოჰყვებოდა. თუმცა ინგლისი ალბათ ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც სიქაჩლე მოდად აქციეს, ხოლო წითურ და ჟღალ ფერს ტყვიის, გოგირდის, კირისა და წყლის ნაზავით აღწევდნენ. მოგვიანებით, როცა დედოფალ ვიქტორიას დროს კოსმეტიკის მოხმარება სამარცხვინოდ და მხოლოდ მეძავეების განმასხვავებელ ნიშნად ჩაითვლება, საბრალო ქალები ტუჩების გასაწითლებლად ჩხვლეტა-კბენას, ხოლო ლოყების შესაღაჟღაჟებლად თვითგასილაქებას შეეჩვევიან…

მე-18 საუკუნის ლამაზმანები კორსეტით წელს 40სმ-მდე იწვრილებდნენ, ტყვიანარევი საცხებით სახეს ითეთრებდნენ, პიგმენტულ ლაქებს კი ვერცხლისწყლით იშორებდნენ (ლაქებს შეიძლება იშორებდნენ, აი, სანაცვლოდ რას იძენდნენ…). ამ დროს მოდაში შემოვიდა „მრავალსართულიანი“, ცხიმშეზელილი პარიკები, სადაც უხვად ბუდობდნენ წილები, ტილები და რწყილები (იუველირებმა დრო იხელთეს და ახალი აქსესუარიც გამოიგონეს: პარიკში ჩასარჭობი „ტილსაჭერები“). ამავე ეპოქის ბანოვანები წარბების ადგილას თაგვის ტყავის ზოლებს იკრავდნენ, ლოყებქვეშ სახის “დასამრგვალებლად“ საცობებს ილაგებდნენ.

რუსეთში კარგად ჩასუქებულ ქალებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

48ccb5398479

მოდით, თვალი გაკვრით აფრიკულ იდეალებსაც შევავლოთ. თუ ევროპა-აზიაში მოდაში ხან ყავარივით გამხდარი და ხანაც ჩათქვირებული ქალები იყვნენ, აფრიკელების უმრავლესობა უპირატესობას სწორედ ფერხორციან ქალებს ანიჭებს: ზოგიერთ ტომში გოგონებს ბავშვობიდან საგანგებოდ ასუქებენ – ითვლება, რომ მუცელზე თორმეტ ნაოჭზე ნაკლები თუ ექნა, შინაბერად დარჩება. გვინეაში მაღალი და ჩვენი წარმოდგენით კოხტა ბიუსტი სიმახინჯის ეტალონია – აქ თავს დაჩამიჩებული და ჯიბესავით ჩამოკიდებული მკერდებით იწონებენ. გაბონში, ჩინეთისგან განსხვავებით, ქალს რაც უფრო დიდი ტერფი აქვს, მიწაზე უფრო მყარად დგას და შესაბამისად, უფრო ლამაზია.

fde86f0797a6

კონგოში არა მხოლოდ წარბებს, წამწამებსაც ერჩიან და დაუნანებლად იშორებენ. აფრიკის ბევრ ქვეყანაში, ცენტრალური აზიის მცხოვრებლების მსგავსად, ბეტელს ღეჭავენ და კბილებს სამუდამოდ იშავებენ, მადაგასკარზე კბილებს სულაც იქლიბავენ და ყურის ნახვრეტიც რაც უფრო დიდია, მით უფრო ლამაზი და შესაშურია (საყურის კი არა, ცალ ყურზე მთელი საგვარეულოს სამკაულების ჩამოკიდება შეიძლება, ადგილი ყველას ეყოფა!). აი, კუნძული მანგოს მცხოვრები თავმომწონე ქალებისთვის საყურეს მხოლოდ სამკაულის ფუნქცია არ აკისრია: მარცხენა ბიბილოში გაჩრილი დანა საოჯახო მეურნეობაშიც საჭირო ნივთია და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მოყვარესაც თვალს დაუყენებ და მტერსაც დააფრთხობ. აფრიკელებს სჯერათ, ტუჩში რაც უფრო დიდი ძვლის ნატეხია გარჭობილი, ოჯახში მით უფრო მეტი ბარაქა იქნება. მართალია – ერთი მჭამელი პირი ნამდვილად მოაკლდებათ.
მძიმეა თავმომწონე ქალის ბედი, ძალიან მძიმე! და რაოდენ დიდია ამ საწყალი სუსტი არსების მიერ სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის გაღებული მსხვერპლი – უსიამოვნო პროცედურით გამოწვეული უმნიშვნელო დისკომფორტიდან ფიზიკურ ტკივილამდე და საკუთარი ჯანმრთელობის უმოწყალოდ განადგურებამდე…

P. S. თქვენ რომელ სილამაზის ეტალონს ანიჭებთ უპირატესობას? მე მაგალითად ეგვიპტურს, თუ არ ჩავთვლით ჭიანჭველების კვერცხებს და ნიანგის ექსკრემენტებს.

წყარო: chocolatecake-men.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button