საკითხავისასარგებლოუცნაური

იდეოლოგიურ-ფანატიკური სუიციდი

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:
1.ეგოისტური თვითმკვლელობები – მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები;
2.ანომიური თვითმკვლელობა – ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
3.ალტრუისტული თვითმკვლელობა – ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.�ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
4.ფატალისტური თვითმკვლელობა – ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გათვალისწინებით
მე ამ პოსტში შევეხები ფატალისტურ სუიციდს.

სამურაები
“ჰაგაკურე” (თარგმანი იაპონ.- “ფოთლებქვეშ დამალული”) უმეტესწილად მონოლოგის ფორმითაა დაწერილი და გარკვეულწილად კოდექსის სახე აქვს. მასში მსჯელობა საკითხზე მხოლოდ საკითხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მიმდინარეობს, მასში არა არის კრიტიკული დამოკიდებულება პოსტულატებისადმი და მათი მრავალმხრივი შეფასება, როგორც ეს დასავლურ–ქრისტიანულ ტრადიციაში გვხვდება. ჰაგაკურე არის წერილობითი კანონი მეომართათვის.
ამ კანონების ნაკრები საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროს მიმოიხილავს და აყალიბებს მეომრის (იაპონელი მეომრის, ბ. ჩ.) ქცევას საზოგადოებაში, მის მოვალეობებს, უფლებებს და დანიშნულებას საზოგადოებაში.
სწორედ ამ წიგნის არსებობამ აქცია ტრადიციად ბატონი-ვასალის ურთიერთობების განვითარება და დაცვა იაპონურ კულტურაში. უფროსისადმი სრული მორჩილება, მისი ერთგულება, მისთვის თავგანწირვა მებრძოლთა უპირველეს ფუნქციად იქცა და საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობების მთავარ პრინციპად ჩამოყალიბდა.
ჰარაკირის ან სეპუკუს დროს, როდესაც სამურაი თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს, მიღებული იყო და აუცილებელიც გარკვეული ცერემონიული რიტუალის ჩატარება: სიკვდილისათვის გამზადებული მებრძოლი აქტამდე სვამდა ერთ ჭიქა საკეს (ბრინჯის ღვინო), ამბობდა თავის საბოლოო ტანკას (ხუთტაეპიან ლექსს) და შემდეგ გადადიოდა დანაზე (ვაკიძაში), რომლითაც თვითმკვლელობა სრულდებოდა.
სეპუკუს რიტუალის აუცილებელი მონაწილე იყო კაიშაკუ, ანუ “მეორე”, ადამიანი, რომელიც როგორც წესი თვითმკვლელის უახლოესი მეგობარი იყო და რომელსაც წამების შესამსუბუქებლად სასიკვდილოდ დაჭრილი სამურაისათვის თავის მოკვეთა ევალებოდა. უცნაური დეტალია, მაგრამ მაინც გვინდა აღვნიშნოთ: სამურაის ჰარაკირის დროს მოეთხოვებოდა ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს და ამისათვის მას უნდა გაეთვალისწინებინა ერთი წესი: თვითმკვლელს, მუცლის ღრუს გაჭრის შემდეგ უნდა მიეღო კაიშაკუსათვის მოხერხებული პოზა იგი წინ უნდა გადახრილიყო, რათა თავის მოკვეთისას არტერიიდან მომდინარე სისხლს გარშემო ყველაფერი არ დაესვარა, ხოლო მოკვეთილი თავი წინ გადავარდნილიყო.
ეს სასტიკი მომენტები და ასეთი წესი კარგ ტონად ითვლებოდა და ძირითადად მაღალი რანგის მებრძოლებისათვის იყო აუცილებელი. სეპუკუს ურთულეს და ყველაზე საპატიო ფორმად ითვლებოდა “ძიუ–მონძი” გირი ანუ მუცლის ჭრა იაპონური იეროგლიფის “ძიუს” (ათი) ფორმით (十 – იაპონური ტრადიცული “კანჯი”, რიცხვი 10–სათვის). ეს ჭრა სრულდებოდა შემდეგნაირად: პირველი ჭრა ხდებოდა ჰორიზონტულ სიბრტყეში, შემდეგ დანა გამოჰქონდათ სხეულიდან და მეორე ჭრა სრულდებოდა ცენტრიდან (ჰარა) ვერტიკალზე ზევით.
ისტორია მოგვითხრობს, რომ ბოლო სამურაი ვინც ძუმონძი გირი აღასრულა, იყო გენერალი მარესუკე ნოგი. რუსეთ–იაპონიის ომის გმირი, ამომავალი მზის ორდენის კავალერი, რომელიც 1912 წელს, იმპერატორ მუცუჰიტოს (მეიძის) სიკვდილის შემდეგ, სეპუკუს მეშვეობით მიჰყვა თავის ბატონს. ჟამთაღმწერი ამბობს, რომ გენერალმა “ძუმონძი გირის” შესრულების შემდეგ უნიფორმის ღილები შეიკრა და ისე დაელოდა კაიშაკუს მოქნეულ ხმალს. გენერალმა თავის გამოსათხოვარ წერილში, ბოდიში მოუხადა ყველა იაპონელ ჯარისკაცს, რომლებიც პორტ–არტურის ალყის დროს დაიღუპნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალ ნოგის მეუღლემ კისერი გადაიჭრა და ქმართან ერთად მოიკლა თავი.

ასასინები
ასასინთა სექტის მამოძრავებელი ძალა იყო უცნობი ულამაზესი ბაღი და ჰაშიში, რომელიც “მთათა მოხუცს” უკაცრიელი მთებიდან შემოჰქონდა მცირე რაოდენობით. ჰაშიშის ბანგით მთვრალი ნეოფიტები უეცრად ხვდებოდნენ ედემის სადარ მშვენიერ წალკოტში. თვალწარმტაცი ჰურიები ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდნენ მათ. გამოფხიზლების შემდეგ ცოდვილ მიწაზე აღმოჩენილ ახალგამომცხვარ ადეპტებს ეუბნებოდნენ, რომ მათ სამოთხე იხილეს და რაიმე ამაღლებული მიზნისთვის სიცოცხლის გაწირვის შემდეგ ისინი სამუდამოდ დაბრუნდებოდნენ უკან. სინამდვილეში კი, ასეთი “ედემი” მხოლოდ ციხესიმაგრეების საიდუმლო წიაღში გაშენებული რეალურად არსებული ბაღები გახლდათ. ჰაშიშის 2-3 ულუფის შემდეგ ადამიანი ხდებოდა მთლიანად დამოკიდებული მისთვის შემდეგი დოზის მიმცემზე. დაინახა რა ასეთი ეფექტი, იბნ საბაჰმა გააფართოვა თავისი საქმიანობა, ამავე დროს ხელი მიჰყო თავისი ახალგამომცხვარი ჰაშიშინების მაღალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე მომზადებას. ამან გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც არავინ ელოდა. ათი ასასინი მებრძოლი უდრიდა 100 კაცზე მეტს. ასასინი ბრძოლიდან არ გარბოდა, რადგან მაშინ სამოთხეში ვერ მოხვდებოდა და შესაბამისად არც ჰაშიშს მიართმევდნენ იქ ვერცხლის კოვზებით. უკვე მიხრწნილმა “მთათა მოხუცმა” შექმნა ჰაშიშინების მთელი არმია და უპრობლემოდ დაიპყრო მთელი რიგი ციხესიმაგრეები, მათ შორის აუღებელი ალამუტიც, მათ გარნიზონის მათ რელიგიაზე მოქცევა შესძლეს. რომელიც საკუთარ რეზიდენციად აქცია. ამრიგად, ჰაშიშინები იქცნენ დამოუკიდებელ და ფრიად აგრესიულ პოლიტიკურ ძალად. ჰაშიშინების გულის მოგებას ცდილობდა ყველა სულთანი და ხალიფა, ვისაც თავში ჭკუა ჰქონდა და არ სურდა, ერთ დილასაც ღორივით დაეკლათ. მთათა მოხუცს მემკვიდრე არ დარჩა, მის მაგივრად არჩეულებმა კი იმდენი ტალანტი ვეღარ გამოიჩინეს და ამიტომაც ჰაშიშინების გავლენა შედარებით შემცირდა, თუმცა სექტა კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაშიშინები ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან გავლენას და დამოუკიდებლობას. ციხესიმაგრე ალამუტმა 400 წლის განმავლობაში 300 მეტ შეტაკებას გაუძლო. ბოლოს ისევ შიგნიდან გატყდა. 1270 წელს იგი მონღოლებმა აიღეს, მათ მხარს მის აღებაში 500 ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა დავით ნარინის მეთაურობით. ალამუტის დაცემით ასასინთა სექტამ დაკარგა მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულის სტატუსი და მმართველ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ჰაშიშინები არ გადაშენებულან, ჰაშიშინების მიწისქვეშა სექტის და მსგავსი დაჯგუფებების შვილობილია ე.წ. „ალ ქაიდა“.

ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა
ალბათ ყველამ იცით როგორ მოიკლა თავი კლეოპატრამ. მისი სუეციდის იარაღი აღმოჩნდა სამეფო კობრა- ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი არსება პლანეტაზე, მაგრამ გარდა ამისა ეგვიპტური წარმოდგენებით სამეფო კობრა იყო ფარაონის მცველი. ის გამოსახულია ფარაონის სამეფო ნიშნებზეც.
კლეოპატრას თვითმკვლელობა თვითგადარჩენაა საყოველთაო დამცირებისაგან მაგრამ ის ასევე ატარებს იდეოლოგიურ ხასიათს.უძველესი ხანიდან მოყოლებული ფარაონი ღმერთად აღიქმებოდა ეგვიპტელი ხალხის მიერ, შესაბამისად კლეოპატრასაც თავი ქალღმერთად მიაჩნდა, იგი თვლიდა რომ ქალღმერთ ისისის შვილი იყო. ის იყო დედამიწაზე მოვლენილი ღვთაება, რათა ეგვიპტისთვის დაებრუნებინა დიდება და ნაყოფიერება. სამეფო კობრა წმინდა ცხოველი იყო ეგვიპტელებისთვის და თუ კლეოპატრა თავს მოიკლივდა, თან წმინდა ცხოველის ნაკბენით, იგი ხაზს გაუსვამდა მის ღვთაებრიობას. იდეოლოგიური მოტივებით კლეოპატრას სუიციდი იყო ყველაზე ბრწყინვალე და დიდებული სიკვდილი. ეგვიპტელები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიკვდილს ვიდრე სიცოცხლეს, რადგან სიკვდილი ეს არის ღმერთთა სამყოფელში დამკვიდრება. კლეოპატრას სუიციდი არის შესანიშნავი გზა არაამქვეყნიურ სამყოფელში დასამკვიდრებლად.

წყარო: lib.ge, wikipedia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close