საქალწულე აპკი – რუდიმენტი, ქალური ღირსება თუ დისკრიმინაცია..
დამაფიქრებელი, ცოტა კომიკური და უცნაური სტატისტიკა:პლასტიკურ ოპერაციათაგან საქართველოში საქალწულე აპკის გაკერვა ცხვირის ოპერაციის მერე მეორე ადგილზეა.
ასაკი – დაახლოებით 16-17 წელი. მიზეზად ძალადობას თითქმის არ ასახელებენ. “შემიყვარდა, მეგონა მასაც ვუყვარდი, მაგრამ აღარ გამოჩნდა, დაიკარგა”…
ძირითადად მოტივაცია ასეთია.
კიდევ ერთი სტატისტიკური ნიუანსი – თუ ადრე მსგავსი ოპერაცია უმეტესად თბილისში იყო გავრცელებული, ბოლო წლებში რეგიონებშიც გადაინაცვლა.
გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი: “სექსუალური ლიბერალობა ქალთა სქესში, ეტყობა, უფრო მისაღები ხდება თბილისში და აგრეთვე პროვინციაში, ოღონდ ქცევის და
არა რიტუალის დონეზე. ანუ ახალგათხოვილი უნდა იყოს ქალწული, რისი გამოვლინება-დადასტურება აუცილებელია. ალბათ, ნამდვილი ქალწული,
ადრე მეტი იქნებოდა ვიდრე ახლა, მაგრამ ძველებურად ითხოვენ რიტუალის აღსრულებას”…
გაფეტიშებული რიტუალის ჩასატარებლად ქალი იძულებულია, დამამცირებელი ნაბიჯი გადადგას – გაიკეთოს ოდიოზური ოპერაცია, რომლის დროსაც უწევს მობოდიშება
საკუთარ საქციელზე (“შემაცდინეს”…), ისტორიების მოგონება (“მეგონა ვუყვარდი, მაგრამ დაიკარგა”…). თუმცა ამას არავინ ითხოვს – ოპერაცია არალეგალურია
და ანონიმურობა ორივე მხრივ დაცულია – მაგრამ დანაშაულის შეგრძნება აქვს და თავს იმართლებს.
ფასი 50 დოლარიდან 200 დოლარამდე მერყეობს – გააჩნია აპკის მდგომარეობას. ზოგჯერ ნამშობიარები ქალებიც იკეთებენ ამ ოპერაციას (გინეკოლოგიაში მშობიარობად
ითვლება ე.წ. დიდი აბორტიც, როცა ნაყოფი 22-24 კვირისაა და დაახლოებით ერთ კილოს იწონის). ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული პლასტიკური ჩარევაა საჭირო.
ბუნებრივია, ფასიც სოლიდურია. თუმცა “ნატურით გადახდის” პრეცედენტებიც არსებობს – გინეკოლოგი საფასურის ნაცვლად მასთან დაწოლას ითხოვს?!
ოპერაცია კეტგუტის (კატის ან ბოლო დროს უფრო ცხვირის ნაწლავისგან დამზადებული) ან ვიკრილის ბუნებრივი ძაფით კეთდება, რომელიც ადვილად შეიწოვება ქსოვილში.
“გამძლეობა – 6-დან 12 დღემდე;ნაკლებად მტკივნეული – კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგჯერ ნარკოზით;გართულება იშვიათად მოჰყვება, (თუმცა – თუ ვაგინა
ანთებითია, შეხორცება კარგად ვერ ხდება), შედეგი მაქსიმალურია. აპკი პირველად მდგომარეობას უახლოვდება, მიღწეულია მთლიანობის სრული იმიტაცია, რის შედეგადაც
გაძნელებულია “პირველადი” აქტი.
ანონიმი გინეკოლოგი (როგორვ ითქვა, ოპერაცია არალეგარულია და ვითვალისწინებთ ექიმის ინტერესებს):”კაცები ხშირად ტრაბახობენ, რომ ყოველთვის ცნობენ, პარტნიორი
ქალიშვილია თუ არა. მაგრამ ეს მხოლოდ ტრაბახია და მეტი არაფერი. მამაკაცი სულ ადვილად შეიძლება მოტყუვდეს, მით უმეტეს, რომ ქალს იმიტაცია ეხერხება.
თანაც პირველადი სქესობრივი აქტი მკაცრად ინდივიდუალურია – ყველაფერი საქალწულე აპკზეა დამოკიდებული. ექსპერტიზა მის ექვს ტიპს გამოყოფს, აქედან, მაგალითად,
ნახევარმთვარისებული, რამდენიმე აქტის შემდეგაც არ ირღვევა”…
აღმოსავლური თუ სამხრეთული კულტურებისთვის დამახასიათებელი კოლექტიურობის პირობებში, როცა ყველა ყველას ცხოვრებით ცხოვრობს და ყველამ ყველას ამბავი იცის,
ანონიმურობის მკაცრი დაცვა შეუძლებელია. “გაკერილია” – ყურიდან ყურში ჩურჩულით გადადის ეჭვნარევი დასკვნა. მაგრამ მაინც ყველა კმაყოფილია – წონასწორობა
აღდგენილია!.. წმინდათწმინდა სარეცელზე წითელი ლაქა იხატება – ქალის მსხვერპლშეწირვის რიტუალი აღსრულებულია!..
თამრიკო საბედაშვილი, გენდერის მკვლევარი, სოციოლოგი:”… “ქალწულობის ინსტიტუტი” ავისი ფუნდამენტალიზმით იწვევს იმას, რომ ქალები კონსპირაციულად
აგვარებენ და აღადგენენ საქალწულე აპკს იმისთვის, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, იმისთვის, რომ გათხოვდნე, მოატყუონ თავისი პარტნიორი და ყველა გარშემო
მყოფი. ეს, ფაქტიურად, თავის მოტყუებაა და საქმე გვაქვს გაფეტიშებულ სიწმინდესთან, რომელიც ჩვენ თვითონ აღარ ვიცით, რამდენად არის სიწმინდე – რეალურად
ხომ ეს ყველაფერი პირობითია. მაგრამ ისეთი ძლიერია საზოგადოებრივი მატრიცა, რომელსაც ქალი უნდა მოერგოს, რომ მისი “თავს წამოყოფა”, რევოლუციური ქმედება,
ძნელია. ადამიანის გადაწყვეტილებას არა მარტო მისი პირადი სურვილი და მისწრაფება, არამედ გარემო პირობები განსაზღვრავს. ხშირად ამ სურვილებსაც სწორედ
გარემო აყალიბებს. ამიტომ, ქალიშვილობა ქალისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხად რომ არ დარჩეს, საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს.
ბევრ კულტურაში და არა მარტო ჩვენთან, ქალის მორალური სახე ერის მორალური სახის ბარომეტრია. ეს მომდინარეობს კერ კიდევ ფეოდალური ეპოქიდან, როცა
ქალებს სიწმინდის შესანახად რკინის ქამრებს უკეთებდნენ. იმ დროს ძალზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი იყო, ვისზე გადავიდოდა მიწის მფლობელის მემკვიდრეობა,
ვისთან იცხოვრებდა ქალი და შვილს ვისგან გააჩენდა. ამიტომ რაინდები ქალებს ქამრებს უკეთებდნენ, კლიტეს ადებდნენ და მიდიოდნენ საომრად ან სხვაგან. ქალიშვილობა,
ქალის სხეულზე კონტროლის ძველი ფორმაა. ჩვენთან ეს რაღაცნაირად გადათამაშდა და გახდა ტრადიციული, კეთილშობილური. არადა, როგორც ვთქვი,
ქალწულობა არის ქალის სხეულზე დაწესებული მკაცრი კონტროლი, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევა და თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის მკვეთრი შეზღუდვაა.
ქალიშვილობის მოთხოვნით ხდება ქალის განივთება და დასაკუთრება. ვინც დეფლორაციას აკეთებს, ის ხდება პატრონიც. ჩვენი წესის მიხედვით, ქალისთვის
პირველი პარტნიორი აუცილებლად მეუღლე უნდა იყოს, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რამდენად აწყობს ქალს ასეთი სექსუალური გარიგება. 1994
წელს შევუერთდით ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დისკრიმინაციის გამომწვევი
წეს-ჩვეულებები ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ა.შ. მიერ ყველანაირი ზომებით უნდა იქნას აღმოფხვრილი. ამის მიუხედავად, ჩვენთან
ამაზე ლაპარაკიც არ დაწყებულა. პირიქით, ბევრი მას ებღაუჭება, ამოფარებულია და ჰგონია, რომ გლობალიზაციის პირობებში ყველაფერს ვკარგავთ და ესეც თუ
დავკარგეთ, ყველაფერი დაიღუპება – ჩვენს იდენტურობასა და ქართველობას დავკარგავთ. თუმცა ბევრი არაქალწულია, რომლებსაც ამით ქართველობა არ დაუკარგავს
და პირიქით, ვინც ყველანაირ წესს იცავს, ქვეყნისთვის გული არ შესტკივა და შესაბამისად არაფერს აკეთებს.
ეს ძალიან ღრმად გამჯდარი კულტურული პრობლემაა, რომელიც კომპლექსურია და სოციალურთან არის გადაჭაჭვული. ქალიშვილობა, როგორც ფასეულობა ხელსაყრელია
ერთი სქესისთვის და ნაკლებად ხელსაყრელია მეორესთვის. მას და საერთოდ, თამაშის წესებს კაცები განსაზღვრავენ და შესაბამისად მაქსიმალურ სარგებელსაც ისინი იღებენ
(ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო მასშტაბით უმეტესი პატრიარქალური საზოგადოების პრინციპია). კაცი აღიქმება “ჭეშმარიტ” კაცად, ვაჟკაცად, თუ ქალიშვილს
მოიყვანს ცოლად. ამავე დროს, კაცი უფრო “კაი ტიპი” და მამაკაცურია, თუ ბევრ ქალთან ურთიერთობს და დიდი სექსუალური გამოცდილება აქვს. მისგან
განსხვავებით ჩვენი კულტურა ქალში აფასებს უმწიკვლელობას, “თვალებდახრილობას”, “ღაჟღაჟა ლოყებს” (მორცხვობა), თავშეკავებულობას, უმანკოებას – ეს
ყველაფერი ქალურობისა და “კარგი ქალობის” ნიშნებია. თუ ქალს პარტნიორები ჰყავს, ის არა თუ ქალურობას კარგავს, არამედ აღიქმება არაადამიანადაც,
რომელიც სექსზეა გამგელებული. ის, რომ ქალს შეიძლება სექსის ბუნებრივი მოთხოვნილება ჰქონდეს ისევე, როგორც მამაკაცს, ბუნებრივ მოვლენად არ განიხილება.
ურთიერთობა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან მის “ქართველობაზე”, “ადამიანობაზე”, “მამაკაცობაზე” არანაირ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს”…
გაგა ნიჟარაძე:”საქართველო მეტად ტრადიციული ქვეყანაა, სადაც სექსუალური ტაბუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. ამას ორი მიზეზი აქვს –
ზოგადფსიქოლოგიური და ზოგადბიოლოგიური. 1. მამაკაცს ყოველთვის აქვს შიში, სხვა მასზე უკეთესი არ აღმოჩნდეს და ქალიშვილობის ტრადიციით გარანტირებულია,
რომ ის იქნება პირველი და სანატრელი. 2. მამრსა და მდედრს სხვადასხვარი დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი გენები
რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს, ქალისთვის – შეინახოს თავისი ნაშიერები და მათ გზა მისცეს ცხოვრებაში. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი არასოდეს არ
არის დარწმუნებული, რომ შვილი მართლაც მისია. ამიტომ, ქალიშვილობის მოთხოვნით, კონტროლი ხორციელდება.
საერთოდ, ჩვენში ქალის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) უმთავრესი სოციალური დანიშნულება (რაც სხვას უკან იტოვებს), არის დედობა. ამიტომ ქალის
სექსუალობაზე საქართველოში ლაპარაკიც არ არის. არსებობს ასეთი გავრცელებული მოსაზრებაც კი, რომ ქალმა ოფიციალური, ლეგალური ურთიერთობის დროსაც
კი არ უნდა მიიღოს სექსუალური სიამოვნება”…
ქალის სიამოვნების მარეგულირებელი და მაკონტროლებელი პატრიარქალური კულტურები სხვადასხვა აკრძალვებსა და წესებს იგონებენ. მაგალითად, აფრიკაში,
განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში, გავრცელებულია ქალების დაცვეთა – როდესაც აჭრიან კლიტორს და აცლიან მის მიმდებარე ეროგენულ ზონას.
თამრიკო საბედაშვილი:”ოპერაცია ძალიან მტკივნეულია. 13-14 წლის გოგონები დიდი ხნის განმავლობაში გვერდებზე ფიცრებაკრულნი დადიან, რათა ჭრილობა
შეხორცდეს. ეს უკანასკნელი ყოველ მშობიარობაზე იხსნება და ხელახლა უკეთებენ. არსებობდა მოსაზრება, თითქოს ეს ყველაფერი ჰიგიენისთვის კეთდებოდა,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ, პირიქით, ოპერაციის შედეგად ბევრს სისხლი ეწამლებოდა”.
დავუბრუნდეთ საქართველოს და ნუ შევქმნით ილუზიას, რომ ჩვენში სექსუალობასთან დაკავშირებით გაცილებით ლმობიერი დამოკიდებულებაა. ქალი აქაც მოიაზრება
“გამრავლების კონვეირად” ანდა სურვილების დაკმაყოფილების ობიექტად, რომლის სიამოვნების ფაქტორი იგნორირებულია.
თამრიკო საბედაშვილი:”მამაკაცის მხრიდან შიშის მომენტი, ვაითუ მასზე უკეთესი აღმოჩნდეს, ამყარებს “ქალიშვილობის ინსტიტუტს”. როცა ქალს ერთი პარტნიორი
ჰყავს, მან არ იცის როგორია სხვა. ამით მამაკაცს უპირატესობა გარანტირებული აქვს და ხშირ შემთხვევაში აღარც ზრუნავს ქალის სექსუალურ სიამოვნებაზე.
ეს ქალის ფრიგიდულობის დასაბამი ხდება. მისთვის სექსუალური ურთიერთობა უკვე ტვირთია, რასაც ქორწინება აკისრებს. ამის შედეგადგ ვხვდებით ქორწინებაში გაუპატიურებას,
რაც ჩვენი კანონმდებლობით არანაირად არ რეგიულირდება. აქვე უნდა მოვიხსენიოთ მოტაცების ჯერ კიდევ არსებული ტრადიცია, რის შედეგადაც ქალი იძულებულია დარჩეს
მამაკაცთნ, რომელიც არ უყვარს და თითქმის არ იცნობს. იმის მიუხედავად, სექსუალური აქტი შედგა თუ არა, მას რეპუტაცია უკვე შელახული აქვს და ხშირად
გოგონას მშობლები ამბობენ უარს მის უკან მიღებაზე, რადგან ეშინით, რომ ის ვეღარ გათხოვდება.
ქალების ფრიგიდულობა და ის, რომ მამაკაცებს ყოველთვის ჰყავთ პოტენციური პარტნიორები, იწვევს ასაკში შესული ქალების აგრესიას ქმრების მიმართ – შურისძიება,
მანიპულაცია შვილებით და ა.შ. ეს არაღანსაღი ოჯახური ვითარება შვილებზეც აისახება და ზოგადად საზოგადოებაზეც. ანუ საბოლოოდ ამას სერიოზილ ფსიქოლოგიურ
თუ სოციალურ პრობლემებთან (დანგრეული ოჯახები და ა.შ) მივყავართ”.
ქალის, როგორც ფრიგიდული დედის მოაზრება, იწვევს მისი როლის საგანგებო, ხაზგასმული სტატუსის დაკანონებას, რაც უკვე მომდევნო თაობის ასექსუალური
ურთიერთობის წინაპირობა ხდება.
გაგა ნიჟარაძე:”სადაც დედის სოციალური როლი ძლიერია, იქ მამის როლი უფრო სუსტია. საქართველოში მამა ნაკლებად აქტიური ფიგურაა. დედა კი იმდენად
მნიშვნელოვანია ქართულ კულტურაში, რომ ხშირად დედის ძებნა ცოლ-ქმრულ ცხოვრებაშიც მიმდინარეობს – ანუ მამაკაცი ცოლში ეძებს ქალს, რომელიც მას მოუვლის,
უპატრონებს, თვითონ კი ისევ თავნება ბიჭი იქნება”…
მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება ქალის აგრესიას მიმართავს ისევ და ისევ ქალისადმი, რადგან ის აღიქმება, როგორც მეტოქე. ქალის მხრიდან სექსუალური
თავისუფლების გამოვლინების მიმართ მამაკაცები გაცილებით ლოიარულნი არიან – ოღონდ არა ოჯახური მასშტაბით. მათთვის მთავარია, დაცული იყოს ცოლის,
შვილის, დის და ა.შ. მორალური სიწმინდე, სხვა კი მეტ-ნაკლებად მისაღებია.
თამრიკო საბედაშვილი:”ის ქალები, რომლებმაც ქალიშვილობის ინსტიტუტი ” აამთავრეს” და “დიპლომი აიღეს”, შვილებსაც ასე ზრდიან, მეზობლებსაც,
ნათესავებსაც და შესაბამისად უფრო მეტად კიცხავენ, უფრო მკაცრად სჯიან “სხვანაირ” ქალებს, ვიდრე კაცები, მაგრამ ამის მიუხედავად სწორედ მამაკაცთა
მეშვეობით ხდება “ქალწულობის ინსტიტუტის” შენარჩუნება”…
გაგა ნიჟარაძე:”კაცი სხვა ქალს კარგად უგებს იმის გამო, რომ მას პოტენციურ პარტნიორად აღიქვამს. საერთოდდ, სექსთან დაკავშირებული ნებისმიერი “გადახვევა”
ძლიერი შეურაწყოფისა და დამცირების საგანი ხდება. ამასწინადელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველისთვის სქესობრივ როლთან დაკავშირებული ატრიბუტიკა და
თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადსაკაცობრიო – მაგალითად: ჭკუა, წესიერება, სისუფთავე, შრომისმოყვარეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცუდი
მამაკაცი, ცუდი დედა, ცუდი და ა.შ. ამიტომ პოლიტიკაში მამაკაცის დისკრედიტაცია მიდის შემდეგი დეფინიციით, რომ ის “ცისფერია”, ქალის კი – გათახსირებული,
უწესო… ეს მიღებული “ფასეულობაა” და ამ მხრივ ქალების არანაკლებ იცავენ ტრადიცას. თუმცა საბოლოოდ სექსუალობა და მასთან დაკავშირებული რიტუალი
მამაკაცისთვის უფრო მტკივნეულია და შესაბამისად მნიშვნელოვანიც”.
საქართველოში სექსთან დაკავშირებული პრობლემები, რა თქმა უნდა, მხოლოდ “ქალწულობის ინსტიტუტით” არ შემოიფარდგლება, მაგრამ, ის ერთ-ერთი მძლავრი
წეს-ჩვეულებათაგანია, რომელიც თავს მხოლოდ საუკუნოვანი არსებობით “იმართლებს”.
თამრიკო საბედაშვილი:”არ არსებობს არაფერი, რაც გადახალისებას არ ექვემდებარება. მით უმეტეს, თუ კარგად გადავხედავთ ჩვენს კულტურას, ისტორიას, ტრადიციას,
იქ ძალიან ბევრ ნიშას აღმოვაჩენთ, რომელშიც ადამიანთა თანაბარუფლებიანობა შეიძლება მოვიაზროთ”…
– ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადად ადასტურებს, რომ ქალწულობის შანახვის აუცილებლობა “გადახალისებას” ნამდვილად საჭიროებს. რამდენად არის ნიადაგი
მზად “რევოლუციისთვის” აქ, საქართველოში?
გაგა ნიჟარაძე:”რევოლუციისა რა მოგახსენოთ… სამი თვის წინ დავბრუნდი ყირგიზეთიდან, ბიშკეკიდან. ძალიან გამიკვირდა, როცა შუა ქალაქში დიდი ახლადაშენებული
გეი-კლუბი ვნახე – თან თურმე იქ მსგავსი კლუბი არაერთია. თითქოს ტრადიციული აზიური ქვეყანაა, მაგრამ ეტყობა ეს ტრადიციები და აკრძალვები ჩვენში გაცილებით
ღრმად არის. საქართველოში ასეთი ლეგალური კლუბები ჯერ წარმოუდგენელია. სიმპტომატურია ისიც, რომ ჩვენში სტრიპტიზ-ბარებმა ვერ “გაიხარა”, სექს-შოპები
დახურეს. თუმცა ნორმები ნელ-ნელა იცვლება და 5-10 წელიწადში სტატისტიკა სულ სხვანაირი იქნება”.
სამედიცინო თვასაზრისით ნაადრევი სექსუალური უერთიერთობა ქალისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც სექსუალური მოთხოვნილების ჩაკვლა საკუთარ თავში.
ამან შეიძლება ენდოკრინული მომწიფების სრული დარღვევა გამოიწვიოს. რასაკვირველია, ქალწულობის ტრადიციის მოსპობაზე პანსექსუალიზმის ქადაგებას სულაც
არ გულისხმობს. უბრალოდ, თუ თავს არ მოვიტყუებთ, კარგად დავინახავთ, რომ მას აბსურდულობამდე მივყავართ. მით უმეტეს, რომ ქირურგიული ჩარევის გარდა,
სექსის ალტერნატიული ფორმებიც არსებობს (ანალური, ორალური, მასტურბაცია…), რაც პატრიარქალური წარმოდგენების მიხედვით კიდევ უფრო დიდ გარყვნილებად
და აღვირახსნილობად მიიჩნევა, მაგრამ რომლის დროსაც აპკის სიწმინდე და ხელშეუხლობა დაცულია.
რა გვირჩევნია?მოტყუებული სირაქლემას პოზა თუ გულწრფელობასა და ურთიერთგაგებაზე აგებული ურთიერთობები?რა სჯობს?ქალის ღირსებაზე რამდენიმე სანტიმეტრის
ქსოვილის მიხედვით განსჯა, თუ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი (ქალიც და კაციც) გონიერი და ამავე დროს ბიოლოგიური არსებაა, რომელსაც თავად შეუძლია
და აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ იცხოვროს?
წყარო: ჟურნალი კაკადუ