არქივი

ავატარის ფსიქოლოგია

48d4c192d237
ადამიანის შინაგან სამყაროზე ყველაფერი შეიძლება მეტყველებდეს, რაც კი მას უკავშირდება და მათ შორის პროფილის სურათი, რომელსაც იგი ირჩევს ბლოგებზე ან ფორუმებზე დარეგისტრირებისას, ანუ ავატარი.

ავატარის მიხედვით ადამიანზე არც ისე ცოტა რამ შეიძლება ითქვას. ერთი შეხედვით, სისულელეა რაიმე დასკვნის გამოტანა პატარა სურათის შემყურე, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ვირჩევთ ავატარს, ჩვენ ჩვენი გემოვნების, პრიორიტეტების, სურვილების გამოხატვა გვინდა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ავატარით გამოვხატავთ, ჩვენი პიროვნებაა. ხშირ შემთხვევაში, ქვეცნობიერად ჩვენ სწორედ ჩვენს პიროვნებას გამოვხატავთ ავატარის საშუალებით. თუმცა, “პიროვნება”, მაინც ზოგადი სიტყვაა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ასევე ინდივიდუალურია მათი თვითშეფასება. ავატარით ჩვენ გვინდა, ჩვენს იმ თვისებაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მახასიათებელია. თუმცა, ეს მახასიათებელი ყოველთვის კარგი არ არის. იგი შეიძლება ცუდიც იყოს, მაგრამ მისი უპირატესობა ის არის, რომ იგი ჩვენს ინდივიდუალიზმს გამოკვეთს. ავატარი შეიძლება არამარტო რომელიმე კონკრეტულ თვისებას, არამედ გარკვეულ სტატუსსაც გამოხატავდეს.

ავატარი ნიღაბია. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იმისთვის გვჭირდება, იმად წარმოვჩინდეთ, რაც არ ვართ (თუმცა, ასეც ხდება). ჩვენ ავატარს მეტ-ნაკლებად ერთნაირი მიზნით ვარჩევთ. ავატარი მეტყველებს იმაზე, თუ რა მხრით სურს ადამიანს, წარმოჩინდეს იმ საზოგადოებაში, რომელთანაც ვირტუალურად ურთიერთობს. თუმცა, ჩვენი ავატარი შეიძლება ისეთ თვისებებსაც ავლენდეს, რომელიც ჩვენთვისაც უცნობია და ჩვენი ნაცნობებისთვისაც.

ავატარი უამრავი არსებობს, მაგრამ არის ზოგადი ტიპები, რომლებიც კლასიფიცირებულია იმის მიხედვით, თუ ადამიანთა როგორი კატეგორია ერთიანდება მათში.

  • ნარცისისტული –  ამ ტიპის ავატარებში შეიძლება გამოხატული იყოს ძალაუფლება, გრანდიოზულობა, ან ზოგადად, განსაკუთრებულობა. ადამიანი მას იმიტომ არჩევს, რომ თავის გამორჩეულ ბუნებას ან სტატუსს (თუ ისე არსებობს) გაუსვას ხაზი.
  • შიზოიდური – ავატარების ეს ტიპი ადამიანთა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ მიისწრაფვიან “რაღაც ამოუცნობისკენ”. ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ არაამქყვენიურ ბუნებას. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში მათი ავატარები აბსტრაქტული ხასიათისაა. ავატარი ამ შემთხვევაში გზავნილია, რომელიც ყველას ამცნობს, რომ მოცემულ პიროვნებას ვერ უგებენ, რადგან მას თავისი საკუთარი სამყარო აქვს.
  • პარანოიდული – ეს ტიპი ძალიან ახლოსაა წინასთან. აქ განსხვავება ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარანოიდული ტიპის ავატარებს ირჩევენ, ნაკლებად ტოვებენ საინტერესო ადამიანის შტაბეჭდილებას. მათი ავატარები ნაკლებად ფილოსოფიური ხასიათისაა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სიმარტოვეს, სიცივეს, ადამინებისადმი უნდობლობასა და საზოგადოებისგან საკუთარ გარიყულობას გამოხატავენ. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანების ავატარები მოკლებულია იუმორის გრძნობას.
  • შიზოტიპური – ადამიანები, რომლებიც გულგრილობითა და მარტოსულობით გამოირჩევიან, ზოგჯერ შიზოტიპურ ავატარებს ირჩევენ. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომლებსაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ და საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეხედულებებს არ იზიარებენ. ისინი ასევე საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენასაც ცდილობენ.
  • დეპრესიული – დეპრესიული ხასიათის ავატარებში მუქი ფერები სჭარბობს, რადგან დეპრესია, როგორც წესი, ტკივილთან ასოცირდება. დეპრესიული ადამიანები ისეთ ავატარებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც სიბნელე და სიცარიელეა. ზოგჯერ ასეთი ავატარები ადამიანის დაბალ თვითშეფასებაზეც მიუთითებს.
  • მანიაკალური – ასეთი ტიპის ავატარები, როგორც წესი ადამიანის იმპულსურ ხასიათზე მეტყველებს.
  • მაზოხისტური – ეს როდესაც ადამიანს აქვს მიდრეკილება თავის თავს ზიანი მოუტანოს. მაგალითად, ავატარი, სადაც კაცი საკუთარ ფეხს ჭამს, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანმა შეიძლება დააყენოს პროფილის სურათად.
  • ფსიქოპატური – ამ ტიპის ავატარები გამოირჩევა ძალადობრივი, ზოგჯერ უცენზურო და ანტისოციალური ხასიათით. ეს მახასიათებლები, სავარაუდოდ, ნაწილობრივ მაინც ვრცელდება ადამიანზე, რომელიც ფსიქოპატურ ავატარებს ანიჭებს უპირატესობას.
  • არტისტული – ამ ტიპის ავატარებს ისეთი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც გამუდმებით ყურადღების ძიებაში არიან. მათი მიზანია, რომ სხვებში “ბოლომდე ამოუცნობის” იმიჯი მოირგონ. სწორედ ამიტომ სიტყვა “არტისტული” შემთხვევითი არ არის. ამ ტიპის ავატარები მაცდური და დამაინტრიგებელი ბუნებისაა.

არსებობს განსხვავებული კლასიფიკაციაც, რომელიც ავატარებს იმისდა მიხედვით განიხილავს, თუ რა არის მათზე გამოსახული და შემდეგ უკავშირებს ამ ყველაფერს ფსიქოლოგიას.

ცხოველები 
c21d612582546e76640cf943e0665a41e890

ცხოველები გარკვეულ თვისებებთან ასოცირდებიან. ამიტომ, როცა ადამიანი ავატარად ცხოველის სურათს არჩევს, მას შესაძლოა, უნდა, მისი ამ ცხოველთან საერთო რაიმე თვისების გამოკვეთა. მაგალითად, მგელი დაუნდობლობასა და სიჭკვიანესთან ასოცირდება, ვეფხვი – ძალასა და მედიდურ ბუნებასთან. შეიძლება ადამიანი თავისი ცხოვრების წესით, რაიმე საერთოს ხედავდეს რომელიმე ცხოველთან, ან ფრინველთან. ან შესაძლოა, მას რაიმე თვისება უბრალოდ მოსწონდეს. საკუთარი თავის ცხოველთან შედარებით, ადამიანს სურს საკუთარი შინაგანი ბუნება გამოსახოს.

ცნობილი ადამიანები
1f7c6f1b58c8f2448e566bfa77293fbea90b

ცნობილი ადამიანების ავატარებს ხშირ შემთხვევაში ის თავისებურება აქვს, რომ უცებ შემოდის მოდაში და მალევე ეცემა დავიწყებას ამ ადამიანთან ერთად. ანუ რაც მეტად ცნობილია ადამიანი, მით მეტი ადამიანი იყენებს ავატარს მისი გამოსახულებით. ცნობილი ადამიანების ავატარის გამოყენებას ბევრი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. ადამიანებისთვის მისაბაძია ის თვისებები, რომლითაც ეს ადამიანი არის, ან იყო პოპულარული. როგორც წესი, ცნობილი ადამიანების იმ თვისებებს სცემენ თაყვანს, რაც ზედაპირზე ჩანს. მაგალითად, ერნესტო ჩე გევარას ავატარს არავინ იყენებს იმის გამო, რომ მისი პირადი თვისებები მოსწონს. ამას უფრო იმის გამო აკეთებენ, რომ ის დიდი რევოლუციონერი იყო. ზოგჯერ ცნობილი ადამიანების ავატარებს იმიტომაც იყენებენ, რომ ხაზი გაუსვან იმ პერიოდის, ან სფეროს ისტორიის ცოდნას, რომელსაც წარმოადგენს ცნობილი ადამიანი. მაგალითად, თუ სიდ ბარეტის ავატარი გიყენიათ, სავარაუდოდ Pink Floyd-ის მოღვაწეობის ისტორიას კარაგდ იცნობთ. თუმცა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცნობილი ადამიანების ავატარებს მიმართავენ, ამ ადამიანების დაცინვაა. მაგალითად, ავატარი ბინ ლადენის გამოსახულებით უფრო მის დაცინვას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე მისი პიროვნების, ან რომელიმე თვისების იდეალიზირებას.

საკუთარი თავი
07b6eba1607b747ec1a903023169ed4d6c8f

ავატარად საკუთარი სურათის გამოყენება ძალიან ხშირია. მრავალი ადამიანი არჩევს საკუთარი თავი “ბოლომდე წარმოაჩინოს” ვირტუალურ სივრცეში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ცალკეულ, მისთვის მოსაწონ თვისებებს გაუსვას ხაზი. ზოგჯერ ეს ჟესტი მიანიშნებს, რომ ადამიანი მზად არის “თამამი ურთიერთობებისთვის, თუმცა, უმეტესად ეს მის პატიოსნებასა და უკომპქლექსობაზე მეტყველებს. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ უნდება “იყოს ის, რაც არის”. თუმცა საკუთარი სურათის ავატარად გამოყენება, შესაძლოა, ადამიანის ამპარტავნებასა და თვითდაჯერებულობაზეც მიანიშნებდეს. ზოგადად, ძალიან რთულია ხასიათის გამოკვეთა. ბევრი რამაა დამოკიდებული სურათზე, ანუ რა მდგომარეობაში გადაწყვიტა “უცნობმა სუბიექტმა” საკუთარი თავის წარმოჩენა “ფართო საზოგადოების” წინაშე.

მულტფილმების გმირები
ff050aaf6d0f0463c648e27212dc25fdbdc6
მულტფილმების გმირების ავატარები პოპულარულია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც. ამ შემთხვევაშიც ადამიანი ცდილობს, ხაზი გაუსვას რაიმე თვისებას, რომელიც მისი აზრით, საერთო აქვს მულტფილმის გმირთან. მულტფილმების გმირების ავატარად გამოყენება, შესაძლოა, ადამიანის ბავშვურ ხასიათზე, ან იუმორის გრძნობაზე მეტყველებდეს. ამასთან, იგი მხიარული ადამიანიც უნდა იყოს, რადგანაც მელანქოლიური, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი სავარაუდოდ მულტფილმის გმირებს არ გამოიყენებს საკუთარი პიროვნული შტრიხების წარმოჩენის საშუალებად.

ცხოვრების წესი/პოზიციური ავატარები
c4defe6432d6d4f62c7820c9bdb403a24522

არსებობს ავატარები, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ადამიანის საქმიანობის შესახებ. სურათის დიზაინი მან შეიძლება თავად შექმნას, ასევე შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ანიმაციები, ან საკუთარი სურათი, სადაც იგი იმ საქმიანობითაა დაკავებული, რომლის დემონსტრირებაც სურს. საქმიანობა შეიძლება იყოს დაკავშირებული ადამიანის პროფესიასთან, ან უბრალოდ იყოს ჰობი. ან, შესაძლოა, ადამიანი არც კავდებოდეს იმ საქმიანობით, რომელიც ავატარზეა გამოსახული, მაგრამ მოსწონდეს ის და აინტერესებდეს.

ეროტიკა 
a2936f5ce2580deec3bc0dcc79b2d6e4b227

ზოგი ადამიანი ეროტიული ხასიათის ავატარებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც წესი, ასეთ ავატარებზე მეტწილად, უფრო ქალია გამოსახული, ვიდრე კაცი. ეროტიული ავატარი ხშირად კონკრეტული გზავნილია სხვა ადამიანების მიმართ. თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყენებს ეროტიულ სურათებს ავატარისთვის, მას შეიძლება იმის თქმა სურს, რომ იგი სექსუალურ სფეროში წარმატებულია და ირიბად მიანიშნებს საპირისპირო სქესს “ახლო ურთიერთობებისთვის” მზადყოფნაზე. შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვერავინ იქნება. შესაძლოა, ეროტიული ავატარები მის პასიურ სექსუალურ ცხოვრებაზეც მიანიშნებდეს. მსგავსი ავატარები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებშიც გვხვდება. მეტად სავარაუდოა, რომ იგი ამას საკუთარი თავის “რეკლამირებისთვის” აკეთებდეს. შესაძლოა, მას სურს, რომ საპირისპირო სქესის თვალში იგი სწორედ სექსუალურობის კუთხით წარმოჩინდეს. თუმცა, ეს დასკვნები ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ გაამართლებს. ალბათ ბევრად უფრო ადვილი იქნება ზრახვების ამოცნობა, თუ ადამინი საკუთარ სურათს იყენებს, სადაც იგი, მისივე აზრით, “სასურველ მდგომარეობაშია”.

ძალა
932863b696a827df367fae21043e8679b2ee

ავატარები, რომლებიც ძალას, ან ძალაუფლებას გამოხატავს, ძალიან პოპულარულია. ისინი ზოგადად სიძლიერესთან ასოცირდება. ცნება “სიძლიერე” ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად ესმის და შესაბამისად, მათ განსხვავებული მიზეზები აქვთ, თუ რატომ იყენებენ ასეთ ავატარებს. ზოგს ფიზიკური ძალის ერთგვარი დემონსტრირება სურს. ზოგი კი პირიქით, ცდილობს ამ გზით საკუთარი უსუსურობის შეგრძნება დაფაროს. მსგავსი თემატიკის ავატარები ხშირად, შეიძლება ადამინის ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე მიანიშნებდეს. ეს სურვილი ზოგჯერ ძალიან ქვეცნობიერად ჩნდება. მაგალითად, როცა ვინმეს ავატარად ზევსის სურათი უყენია, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ძალაუფლება ამ ადამიანისთვის ყველაფერია, ოღონდ ის თავადაც ვერ აცნობიერებდეს თავის მისწრაფებას. ძალის, ან აგრესიის გამომხატველი ავატარი ასევე შეიძლება ადამიანის ულევ შინაგან ენერგეტიკაზეც ლაპარაკობდეს. ეს მაშინ, როცა ადამიანი ვერ ახერხებს თავისი ენერგიის (პოზიტიურის, ან ნეგატიურის) ყოველდღიურ ცხოვრებაში ბოლომდე გახარჯვას.

ბოროტება
e6e189a696c0410708faa3bfa26f7ffe0932

როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს ბნელი მხარე. ადამიანებს, რომლებიც ბოროტების გამომსახველ ავატარებს ანიჭებენ უპირატესობას, სწორედ ამ “ბნელი მხარის” წარმოჩენა სურთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბოროტია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მას მსგავსი თემატიკა იზიდავს. ის, თუ რატომ იზიდავს ადამიანს ბოროტება, ძალიან რთული თემაა და ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები აქვს. ზოგადად, ცხოვრებაშიც ბოროტება ხშირად ნიღაბია. ზოგი ცდილობს, გარშემომყოფთ თავი ბოროტ, ზიანის მომტან ადამიანად მოაჩვენოს, რადგან რომელიმე თვისება, ან თვისებები დაფაროს. ასეთი ქცევა ნაკლები თავდაჯერებულობისა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების გამოძახილია. თუმცა, ავატარის შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ როგორია ადამიანი. შესაძლოა, მას ნაკლებად აქვს მსგავსი პრობლემები, მაგრამ მის ავატარზე მაინც ბოროტი ძალები, სატანისტური სიმბოლოები, სისხლი, ცეცხლი, ან უარყოფითი პერსონაჟებია გამოსახული.

ექსცენტრიული ავატარები
edb99e92c935691967673db5db3c8045063b

ექსცენტრიული ავატარი ძალიან ბევრნაირი არსებობს, ისევე, როგორც ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ასეთ ავატარებს ირჩევენ. სიტყვა “ექსცენტრიული” უცნაურს, არაორდინალურს ნიშნავს. ასეთ ავატარებზე ძნელია კონკრეტული თემატიკის დანახვა. ასევე ძალიან რთულია იმ ადამიანების ფსიქოტიპის განსაზღვრა, რომლებიც უცნაურ ავატარებს ანიჭებენ უპირატესობას. შეიძლება ადამიანს უყვარდეს სიურპრიზები, ან უბრალოდ სურდეს, თავის ინდივიდუალიზმს გაუსვას ხაზი, რადგანაც მან ორიგინალური ავატარით გადაწყვიტა თავისი სათქმელი გადმოეცა. ექსცენტრიული ავატარი, შესაძლოა, ადამიანის ფსიქოლოგიურ გაუწონასწორებლობაზეც მეტყველებდეს, ანუ როცა სიტყვა “ექსცენტრიული” ავატარის უკან მდგომ ადამიანსაც მიესადაგება. ვარაუდი შეიძლება ბევრნაირი იყოს. ერთადერთი, რაც ფაქტია, ის არის, რომ ამ ტიპის ავატარებით ადამიანს სურს, ყურადღება მიიქციოს.

აბსტრაქცია
ef266f905ee4098b48022fde29e58713bede

ზოგჯერ ადამიანები აბსტრაქტულ ავატარებს მიმართავენ. ასეთ ავატარებში, ისევე როგორც, ზოგჯერ ექსცენტრიულ ავატარებში, შეუძლებელია რაიმე კონკრეტულის დანახვა. ზოგადად აბსტრაქცია არის ის, რასაც ვერ შეეხები, ვერ დაინახავ და ზოგჯერ ვერც გადმოსცემ. სწორედ ამიტომ აქვს მას ასეთი უცნაური ასახვა სურათზე. ჩვენს გონებაში ძალიან ბევრი ფიქრები და აზრები იბადება და ხანდახან ვერ ვახერხებთ ჩვენი ემოციებისა და განცდების გამოხატვას. ადამიანის სწორედ ასეთ მდგომარეობაზე მეტყველებს აბსტრაქტული ავატარი.

 

რა თქმა უნდა, ავატარის მიხედვით ადამიანის პიროვნებაზე რაიმე სერიოზული დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. აქ მოყვანილი კლასიფიკაცია და ფსიქოლოგიური ანალიზი მეტწილად, მხოლოდ ვარაუდია და გარდა ამისა, არასრული. საერთოდ არ არის აუცილებელი, აქ ნახსენები მახასიათებლები ავატარების უკან მდგომ ადამიანებზეც ვრცელდებოდეს. ამიტომ, ნუ მიუდგებით პოსტს, როგორც მეცნიერულ დასკვნას, ან რაიმე მსგავსს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button