საკითხავისასარგებლოსაქართველო

გენეტიკური გენეალოგია

ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვიდვართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები? ეს შეკითხვები საუკუნეების მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს და დღესაც არ კარგავენ თავის აქტუალურობას. დღემდე ერთადერთ საშუალებას ამ საკითხების გარკვევისა გენეალოგიის, ისტორიული წყაროების და არქეოლოგიური მასალების შესწავლა წარმოადგენდა. თუმცა, მეოცე საუკუნის ბოლოდან კაცობრიობას თავისი წარმომავლობის შესწავლის ახალი, უტყუარი ინსტრუმენტი გაუჩნდა. ეს არის გენეტიკური გენეალოგია. დნმ–ის შესწავლა გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ ადამიანების წარმომავლობა, მიგრაციების გზები და ეთნიკური ჯგუფების ურთიერთკავშირები.


აღნიშნული საკითხების შესასწავლად, გენეტკური გენეალოგია იყენებს ადამიანის დნმ–ის სამ ტიპს – იგრეკ დნმ–ს (Y-DNA), მიტოქონდრიულ დნმ–ს (mtDNA)და აუტოსომურ დნმ–ს.

  • იგრეკ ქრომოსომის კვლევა გამოიყენება მამობრივი ხაზის შესასწავლად. ეს არის სქესობრივი ქრომოსომა, რომელიც პირდაპირი ხაზით გადაიცემა მამიდან მხოლოდ ვაჟიშვილზე .

  • მიტოქნდრიული დნმ–ის მეშვეობით ხდება დედობრივი ხაზის შესწავლა. ეს არის გენეტიკური მასალა, რომელიც მოიპოვება მიტოქონდრიაში. ქალები გადასცემენ მიტოქონდრიულ დნმ-ს თავის ვაჟიშვილებსაც და ქალიშვილებსაც, მაგრამ ვაჟიშვილები თავის შვილებს უკვე ვეღარ გადასცემენ დედის მიტოქონდრიულ დნმ-ს.

  • აუტოსომური დნმ არის დნმ არა-სქესობრივი ქრომოსომებიდან. ადამიანებს გააჩნიათ 22 წყვილი არა-სქესობრივი ქრომოსომა რომელთაგან ერთი წყვილი გადაიცემა მამისგან და მეორე დედისგან. ვინაიდან აუტოსომური დნმ შთამომავლობას გადაეცემა ორივე, დედობრივი და მამობრივი ხაზით, მისი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სხვადასხვა მოსახლეობის კვალი კონკრეტული ინდივიდის გენომში.

მსოფლიო რელიგიების უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ მთელი კაცობრიობა ორი ადამიანისგან წარმოიშვა. გენეტიკის მეშვეობით, აღნიშნული მოსაზრება გარკვეულწილად დასტურდება. მართლაც, დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის შთამომავალია, რომლებსაც მეცნიერები პირობითად იგრეკ–ქრომოსომულ ადამსა და მიტოქონდრიალურ ევას უწოდებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორი ადამიანის გარდა სხვები არ არსებობდენენ, უბრალოდ სწორედ მათი შთამომავლები აღმოჩნდნენ ყველაზე სიცოცხლისუნარიანები, ხოლო სხვების შთამომავლებმა დღემდე ვერ მოაღწიეს.

ათასწლეულების მანძილზე, ადამიანების პირველადი ჯგუფის გამრავლებასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებასთან ერთად, როგორც იგრეკ, ასევე მიტოქონდრიულ დნმ–ში ჩნდებოდა ახალი მუტაციები, რომლებიც განასხვავებდნენ ამა თუ იმ ჯგუფს წინაბორბედისგან. დღეისთვის, გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუჯგუფები» ეწოდება და რომელთა აღსანიშნავად ლათინური ასოები გამოიყნება.

ძირითადი ჰაპლოჯგუფები კიდევ იყოფიან ქვეჯგუფებად. მაგალითად, იგრეკ–ჰაპლოჯგუფიJორ დიდ ქვეჯგუფად იყოფა –J1დაJ2.ორივე მათგანს კიდევ გააჩნია ქვეჯგუფები, მაგ.J1a, J1b, J2a, J2bდა ა.შ.

ყველა თანამედროვე ერში რამოდენიმე ჰაპლოჯგუფია გავრცელებული. ჰაპლოჯგუფის რომელიმე კონკრეტულ ხალხთან «მიბმა» არ შეიძლება (იშვიათი გამონაკლისების გარდა), ვინაიდან ამ მუტაციების უმეტესობა მრავალი ათასი წლის წინ გაჩნდა, როდესაც არც ერთი თანამედროვე ეთონოსი ჯერ არ არსებობდა. თუმცა, შესაძლებელია მათი წარმოშობის და გვრცელების არეალის განსაზღვრა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ისტორიული პროცესების შესასწავლად.

ქართველების გენეტიკა
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად შეიძლება წავაწყდეთ ორ საპირისპირო აზრს ქართველთა წარმოშობის შესახებ. ერთის მიხედვით, ქართველები უნიკალური, «ქართული გენის» და «სუფთა სისხლის» მატარებლები არიან, რომელიც გამოარჩევს მათ ყველა სხვა ერისგან.

მეორე მოსაზრების მიხედვით, ქართველები «ნარევი» ერი ვართ. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და უამრავი შემოსევების გამო, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ქართველების გენოფონდში ყველა დამპყრობელმა საკუთარი კვალი დატოვა და ჩვენ სპარსელების, ბერძნების, რომაელების, არაბების, სომხების, ყივჩაღების და მონღოლების «ნარევი» ვართ.

არსებული გენეტიკური მონაცემების მიხედვით, ორივე მოსაზრება მცდარია, თუმცაღა სიმართლის მარცვლები ორივეში შეიძლება ვიპოვოთ.

არ არსებობს ცნება «ქართული გენი» (ისევე როგორც «გერმანული გენი» ან «სომხური გენი»). თანამედროვე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები, რომლებიც დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის და ანატოლიის რეგიონისთვის.

(66 ქართველის მონაცემებზე დაყრდნობით)

(გალში მცხოვრები 65 ქართველის მონაცემებზე დაყრდნობით)

როგორც ვხედავთ, მამობრივი ხაზის (Y-DNA)მონაცემებით, ქართველები (ისევე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ერი) არ ვართ ერთგვაროვანი ჯგუფი. მაგრამ შეიძლება ამის გამო ჩვენს «შერეულობაზე» საუბარი?

გენეტიკური მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ ქართველებში ორი ჰაპლოჯგუფია დომინანტი –G2aდაJ2a.

G2aნაკლებად შესწავლილი ჰაპლოჯგუფია და მისი სიხშირე მაქსიმუმს კავკასიაში აღწევს.

მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჰაპლოჯგუფი G ირანში, ზაგროსის მთების მიდამოებში, დაახლოვებით 30 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი G2a – 10–12 000 წლის წინ, აღმოსავლეთ ანატოლიში ან კავკასიაში. დღესდღეისობით იგი მაქსიმუმს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში აღწევს. ადიღეურ ხალხებში ყველაზე გავრცელებულია ამ ჰაპლოჯგუფის ერთი შტო – G2a3b1, ოსებში კი ძირითადად, ყველაზე ახალგაზრდა, G2a1a დომინირებს. საქართველოში ამ ორი ტიპის გარდა ასევე გვხვდება G2a*, G2a3c, რაც G2a-ს ჩვენი ტერიტორიიდან ჩრდილოეთით გავრცელებას უნდა მიანიშნებდეს. საინტერესოა, რომG2a-ს ქვეჯგუფები აღმოაჩენილ იქნა დასავლეთ ევროპის უძველეს სამარხებში. ცნობილი «ყინულის კაცი» ოტციც, რომლის მუმია ალპებში აღმოაჩინეს, ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი იყო. შესაძლოა, ევროპაშიG2a-ს არსებობა ნეოლითურ რევოლუციას უკავშირდება, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან (და სავარაუდოდ კავკასიიდანაც) მიწათმოქმედება ევროპის კონტინენტზე გავრცელდა.

მეორე დომინატი ჰაპლოჯგუფი არისJ2a,რომელიც გავრცელებულია მთელს ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუაზღვისპირეთში.


J2 სავარაუდოდ 18-20 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი J2a – 12–15 000 წლის წინ. წარმოშობის ადგილად მესაპოტამია ან სამხრეთ ანატოლია მიიჩნევა. მისი ფართო გავრცელება მიგვანიშნებს, რომ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები რეგიონის უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც თავიანთი ცოდნა და კულტურა მთელს რეგიონში გაავრცელეს. არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთის სამხრეთით მდებარე გობეკლი–ტეპეს უძველესი რელიგიური კომპლექსის შემქმნელთა უმრავლესობა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი იყო. კავკასიაში J2a ყველაზე მაღალი სიხშირე ქართველებსა და ნახურ ხალხებშია. თუმცა, ქართველებში ამ ჰაპლოჯგუფის დიდი მრავალფეროვნებაა და რამოდენიმე განსხვავებული ქვეჯგუფია გავრცელებული (J2a*, J2a1a, J2a1b, J2a1b1, J2a1k, J2a2*, J2a2a), ხოლო ჩეჩნებსა და ინგუშებში ძირითადად ერთი ტიპი – J2a4b* დომინირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უძველეს პერიოდში, რეგიონში შემოსვლის შემდეგ, J2a–სწარმომადგენლები სწორედ ამიერკავკასიაში დასახლდნენ, სადაც მათ შთამომავლებს ახალი მუტაციები გაუჩნდათ, რომლებიც შემდგომ სხვა რეგიონებში გავრცელდნენ. ამაზე საქართველოში აღმოჩენილი J2a* სიძველეც მეტყველებს.

ჩვენში გავრცელებული სხვა ჰაპლოჯგუფების და მათი ქვეტიპების უმრავლესობაც (R1b1a1, J1*, J1b, I2c)კავკასიის, ანატოლიისა და ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონს უკავშირდება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მათი ქართველების გენოფონდში არსებობა სწორედ შემოსევების შედეგად დატოვებულ კვალს უკავშირდება, თუმცა, როგორც კვლევებიდან ჩანს, ქართველების ჰაპლოტიპების უმეტესობა (ჰაპლოჯგუფის ინდივიდუალური მაჩვენებლები, რომლებიც მათ იგივე ჰაპლოჯგუფის სხვა წარმომადგენლებისგან განასხვავებს) საკმაოდ ძველი და სხვებისგან ცალკე მდგომებია, რაც მათ უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს.

იგივე ვითარებაა მიტოქნოდრიალურ, ანუ დედობრივ ხაზებთან მიმართებაში. ქართველებში რამდენიმე განსხვავებული გენეტიკური ხაზია გავრცელებული.


(412 ქართველის მონაცემებზე დაყრდნობით)

ყველაზე მრავალრიცხოვანი, Uჰაპლჯგუფი55-60 000წლის წინ წარმოიშვა სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე, საიდანაც იგი კავკასიის გავლით ევროპის კონტინენტზე გავრცელდა.

Hჰაპლჯგუფი 25-30 000 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. იგი გავრცელებულია როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე კავკასიასა და ევროპაში.

ყველაზე იდუმალებით მოცული ჰაპლოჯგუფიX–ა,რომელიც დაბალი სიხშირით მთელს მსოფლიოში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მაღალი კონცენტრაცია საქართველოში, შოტლანდიაში და ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენებშია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველების გენეტიკურ ეთნოგენეზში რამოდენიმე განსხვავებულ ხაზი იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად ჩვენ ვერ ვისაუბრებთ «სუფთა ქართულ გენზე». თუმცაღა, ჩვენში გავრცელებული გენეტიკური ხაზები უძველესია და ჩვენი რეგიონისთვის ავტოქტონური, რაც ათასწლეულების მანძილზე ქართველების გენეტიკის უწყვეტობაზე მიუთითებს.

აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აუტოსომური დნმ–ის მონაცემებიც. იგრეკ და მიტოქონდრიული დნმ–ი გვაჩვენებს მხოლოდ ერთი, უძველესი წინაპრის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს საკმარისი. ჰიპოტეთური სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ: როგორც ცნობილია, ანტიკურ პერიოდში ბერძნებს დასახლებები გააჩნდათ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მონებით ვაჭრობაც მიმდინარეობდა. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ–ერთმა აფრიკელმა მონამ მოახერხა გათავისუფლება, ის ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა და მან ოჯახი ქართველთან შექმნა. ბუნებრივია, დღეს მისი შთამომავლები ფიზიკურად განურჩევლები იქნებოდნენ სხვა ქართველებისგან, თუმცაღა აფრიკული, რეგიონისთვის უცხო ჰაპლოჯგუფი ექნებოდათ. შეიძლება ასეთი ადამიანი «აფრიკელად» მივიჩნიოთ? ბუნებრივია არა, ვინაიდან იგრეკ–ქრომოსომა მხოლოდ 1 უძველეს წინაპარზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში აუტოსომური მონაცემები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ბოლო ~25 თაობის ყველა წინაპრის მიერ გადმოცემულ გენეტიკურ ინფორმაციას წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემებით შეგვიძლია როგორც გარკვეული წინაპრული კომპონენტების სიხშირის განსაზღვრა გენომში, ასევე პოპულაციების და ინდივიდების რუკაზე დატანა, რაც ეთნოსებს შორის ურთირთკავშირს გვიჩვენებს.

წინაპრული კომპონენტების მიხედვით, ქართველები საკმაოდ ჰომოგენურები არიან. ჩვენში, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი სიხშირე აქვს «დასავლეთ აზიურ» კომპონენტს, რომელიც დამახასიათებელია კავკასიის და ანატოლიის ხალხებისთვის.

http://s017.radikal.ru/i423/1110/c5/374de5ef102d.jpg

თუკი შევხედავთ აუტოსომური მონაცემების მიხედვით შედგენილ რუკას, დავინახავთ, რომ ქართველები კავასიურ კლასტერში ექცევიან და ცალკე მდგომ ჯგუფს ქმნიან.

ინდივიდუალური გენეტიკური ტესტირების მნიშვნელობა და მეთოდები
უკანასკნელ წლებში გენეტიკის სწრაფმა განვითარებამ საშუალება მოგვცა არ ვიყოთ დამოკიდებულები მხოლოდ მეცნიერულ კვლევებზე და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ერის გენეტიკური ისტორიის შესწავლაში.

სამწუხაროდ, ქართველების გენეტიკის შესახებ ჯერ კიდევ ძალზედ მწირი მონაცემები გაგვაჩნია. პასიურობაა როგორც სამეცნიერო, ასევე ინდივიდუალური ტესტირების მხრივ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ ორი სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ქართველების იგრეკ დნმ–ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ისიც, მთლიანობაში მხოლოდ 131 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ძალიან ცოტაა. ინდივიდუალურ ტესტირებას რაც შეეხება, მხოლოდ 20 ქართველის მონაცემი გაგვაჩნია. იგივე მდგომარეობაა აუტოსომური დნმ–ის მხრივ. ყველა არსებული კვლევა მხოლოდ და მხოლოდ 20 ქართველის ანალიზის შედეგს ეყრდნობა.

ამ მხრივ, საგულისხმოა ჩვენი მეზობელი სომხების აქტიურობა. სომხეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებს გენეტიკის კვლევითი ცენტრი. დღეისთვის, მათ 3 000–ზე მეტი ადამიანის მონაცემი გააჩნიათ, რეგულარულად ქვეყნდება სამეცნიერო ნაშრომები სომხების გენეტიკის შესახებ. მაგრამ ყველაზე საგულისხმო ინდივიდუალური ტესტირების პოპულარობაა. გენეტიკური გენეალოგიის ყველაზე მსხვილი კომპანიის,«Family Tree DNA»სომხურ პროექტში 500–მდე ადამიანის მონაცემია შეგროვებული, რომლებმაც ინდივიდუალურად, საკუთარი ხარჯებით გაიკეთეს დნმ ტესტი. აღნიშნული მონაცემებით სარგებლობს უამრავი მკვლევარი და მეცნიერი. ვინაიდან კავკასია და ანატოლია უძველესი და სხვებისგან ცალკე მდგომი გენეტიკური ხაზების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, მსოფლიო ამ რეგიონის შესახებ ინფორმაციას სწორედ ჩვენი მეზობლებისგან იღებს.

ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში. გენეტიკური ტესტირება დღეს ძალზედ მარტივი და ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

არსებობს მრავალი კომერციული კომპანია, რომელიც აკეთებს გენეტიკურ ანალიზებს. ამათგან ორი ყველაზე დიდი და პოპულარული – 23andme (https://www.23andme.com/) და Family Tree DNA (https://www.familytreedna.com/).


23andme–ს კომერციული გენეტიკური კომპანიებიდან ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აქვს ერთი პროდუქტი, რომლის ღირებულებაა 99$ + ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 9$. მასში შედის როგორც წარმომავლობის დადგენა (Y-DNA (მამის მხარე), mtDNA (დედის მხარე) აუტოსომური მონაცემები) ასევე ჯანმრთელობის გამოკვლევა (ანუ გენეტიკური მიდრეკილებები ამა თუ იმ დაავადების მიმართ).

დადებითი მხარე ის არის, რომ ერთ პაკეტშია გაერთიანებული ყველაფერი – როგორც Y-DNA და mtDNA ასევე ჯანმრთელობის გამოკვლევა. აუტოსომური მონაცემების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა საშუალებას იძლევა გააგზავნოთ თქვენი მონაცემები სხვადასხვა უფასო კვლევით პროექტში (მაგ. http://bga101.blogspot.com/, http://dodecad.blogspot.com/, http://dioegenesartemis.blogspot.com/, http://www.harappadna.org/, http://gedmatch.com/, http://snpology.com/), სადაც ენთუზიასტ გენეტიკოსები აწარმოებენ სხვადასხვა ხალხების წარმომავლობის და გენეტიკური ურთიერთკავშირებისკვლევას.

მინუს ის არის, რომ მამის და დედის ხაზის დადგენისას მიიღებთ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. სიღრმისეული გამოკვლევის და გენეტიკური ხაზის სხვა წარმომადგენლებთან შედარების საშუალება არ არის.


Family Tree DNA ლიდერია გენეტიკური გენეალოგიის კვლევაში. აქვს ყველაზე სრული მონაცემთა ბაზა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების გენეტიკური მონაცემების შესახებ. პროდუქტი ბევრი აქვთ, შესაძლებელია ცალკე Y-DNA და mtDNA-ს გამოკვლევა, ასევე აუტოსომური დნმ ტესტირება, რომელიც სხვა მომხარებლებთან ნათესავური კავშირის დადგენის საშუალებას იძლევა.

დადებითი მხარე – ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, მუდმივი კვლევა ახალი მუტაციების აღმოჩენის მხრივ, ყველაზე თანამედროვე ჰაპლოფგუფების “ხე”, მონაცემების დეტალური ანალიზის შესაძლებლობა, არანაირი ყოველთვიური გადასახადი.

უარყოფითი მხარე – სამედიცინო გამოკვლევის არარსებობა, სრული პაკეტის (23andme–ს მაგვარის) სიძვირე.

თუ Family Tree DNA–ზე ტესტის შეკვეთისას რომელიმე ჯგუფში გაწევრიანდებით (მაგალითად კავკასიის ჯგუფში http://www.familytreedna.com/public/Caucasus/default.aspx?section=yresults), შეგეძლებათ ფასდაკლებებით სარგებლობა და ნაკლებ მარკერიანი ტესტის შეკვეთა. (http://dgmweb.net/DNA/General/FAQs.html#cost)

ტესტის შეკვეთის შემდეგ, კომპანია გამოგიგზავნით დნმ–ის მოსაგროვებელ პაკეტს. 23andme-ს შემთხვევაში ეს არის კოლბა, რომელიც ნერწყვით უნდა აავსოთ და გააგზავნოთ ლაბორატორიაში. Family Tree–ს შემთხვევაში ეს არის 2 ჯაგრისი და 2 პატარა კოლბა სითხით. ჯაგრისით უნდა მოიფხიკოთ ლოყის შიდა მხარე, ჩადოთ იგი სითხიან კოლბაში და გაუგზავნოთ ლაბორატორიას. დაახლოვებით 1 თვის შემდეგ მიიღებთ შედეგებს.

თუკი გადაწყვეტთ ტესტის გაკეთებას, ან გაგიჩნდებათ შეკითხვები გენეტიკური გენეალოგიის შესახებ, გაწევრიანდით ჩვენს ჯგუფში ფეისბუქზე – «ქართველების გენეტიკური წარმომავლობა» (https://www.facebook.com/groups/162433570486756/) ან მიმართეთ «Family Tree DNA»–ს კავკასიის პროექტის ადმინისტრატორს (http://www.familytreedna.com/public/Caucasus/default.aspx). ჩვენ არ ვართ პროფესიონალი გენეტიკოსები ან მეცნიერები, მაგრამ შეძლებისდაგვარად შევეცდებით დაგეხმაროთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close