აშლილი შიდა გეომეტრიის რამდენიმე ნიმუში. ფრანჩესკა ვუდმანი
ფრანჩესკა ვუდმანი. უსათაურო, 1977-78
„18 წლის გოგო რომ წელამდე გაზრდილი თმით დადის, მთლად ნორმალური ვერ უნდა იყოს, არა?“ – ეს დაკვირვება თვითმკვლელობამდე ოთხი წლით ადრე წელამდე თმაჩამოშლილმა ფრანჩესკა ვუდმანმა თავის მეგობარ ბეტსი ბერნის გაანდო, გოგოებს შორის რომ ხდება ხოლმე, ერთ-ერთი ისეთი საუბრის დროს. ხელოვნების სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიაში გენიოსად და მით უფრო, ვუნდერკინდად აღიარებული ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ. თუმცა ფრანჩესკა ვუდმანის სახელის გარშემო ატეხილი ხმაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაგვახსენდება, რომ გამონაკლისი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, წესს ადასტურებს. გოგონას 800-მდე ფოტო, მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, ხელოვნებათმცოდნეებსა და ფოტომოყვარულებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. ადრეული სიკვდილის ფაქტმა კი მისი ნამუშევრების იდუმალება უფრო გაამძაფრა. გაუთავებელი ძიება, საკუთარ თავზე (და სხეულზე) დაკვირვება და რაც მთავარია თვითირონია, ფრანჩესკა ვუდმანის ავტოპორტრეტების განუყოფელი ნაწილია. ფოტოსურათებზე მისი შიშველი სხეული ხან საფლავის ქვას ეხუტება, წარწერით To Die Is Gain (სიკვდილი შენაძენია), ხანაც ვიქტორიანული სტილის ოთახში, კედელზე დახატულ შავ-თეთრ ყვავილებში შეუმჩნევლად გარდასახვასა და გაქრობას ცდილობს. სიკვდილის და ფოტოგრაფიის კავშირი ხომ სამყაროსავით ძველი თემაა. თუნდაც როლან ბარტის ესე Camera Lucida გავიხსენოთ, რომელშიც ის ფოტოგრაფიას სიკვდილთან აიგივებს. ფოტოზე გამოსახული ადამიანი ბარტისთვის მკვდარია – ის ოდესღაც იყო, მაგრამ აღარ არის. ფერწერული ტილოსგან განსხვავებით, რომელზეც გამოხატული ადამიანის თუ საგნის არსებობა ბარტს არც კი აეჭვებს, მისთვის ის თავიდანვე ხელოვანის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ფრანჩესკას ფოტოების უმეტესობა არა იმდენად სიკვდილის თემაზეა აგებული, რამდენადაც გოთურ ესთეტიკას ეხმაურება. ფემინისტები, თავის მხრივ, ვუდმანის ფოტოებში ქალის დაქვემდებარებული პოზიციის ასახვის და ხელოვნების საშუალებით მასთან დაპირისპირების სურვილს ხედავენ. სიურრეალიზმის მოყვარულები პირველ რიგში ფანტასმაგორიულ ელემენტებს უსვამენ ხაზს და მის ნამუშევრებს ყოველდღიური ყოფისგან გაქცევის მცდელობად აფასებენ, პოსტმოდერნისტები კი ფროიდის და ლაკანის ჭრილში ცდილობენ სექსუალური სიმბოლიკის ამოკითხვას და ასე დაუსრულებლად.
ფრანჩესკა ვუდმანი. უსათაურო, 1972-7