არქივი

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (1) ალავერდი ხან უნდილაძე

r7sj7

მაშ ასე, რახან რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა, გავაგრძელებ წერას. ისე კი რაც მეტი დაინტერესდება უკეთესია, რადგან აღნიშნული საკითხების ღრმა გაანალიზებას დღეს ჩვენთვის სასიცოცხლო (!) მნიშვნელობა აქვს.

პირველი ნაწილის სანახავად დააკლიკეთ აქ

ალავერდი ხან უნდილაძე

ზოგადად “ქართველები ირანში” ეს ძალიან დიდი და უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელსაც ყველა ქართველი კარგად უნდა იცნობდეს.

ქართველები ირანში საკმაოდ დაწინაურდნენ შაჰ–აბასის დროს, მაშინ ისინი იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს, მეტიც_ყულარაღასები, ტარუღები, ბეგლარბეგები აუცილებლად ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, ასეთი იყო კანონი. თვით შაჰ აბასის პირად დაცვას 12 000 გამაჰმადიანებული ქართველი წარმოადგენდა. ქართველებს იყენებდნენ ამბოხებების ჩასახშობად და ურჩების დასამორჩილებლად, ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ყანდაარი (ავღანეთში), რომლის ბეგლარბეგიც იყო გიორგი მეთერთმეტე, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. აღსანიშნავია, რომ შაჰ–აბასის ბებია ქართველი იყო, გვარად შალიკაშვილი, ასევე შაჰს ორი ქართველი ცოლიც ჰყავდა, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა და შესაბამისად ისინი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მაგალითად ნებისმიერ დროს შეეძლოთ შაჰთან მისვლა, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იყო ირანის სამეფო კარზე.

როგორც ვთქვით, საუბარი უნდა დავიწყოთ ალავერდი ხან უნდილაძით, რომელიც შაჰ–აბასის კარზე მოღვაწეობდა და უდიდესი გავლენით სარგებლობდა.

ალავერდი ხანი ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიტაცეს საქართველოდან და ტყვედ წაიყვანეს ირანში. მისი გვარი იყო უნდილაძე. ალავერდი ხანი იყო ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იმდროინდელ ირანში, იგი იყო სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, რომელმაც მრავალჯერ გამოიჩინა თავი, როგორც ძლიერმა მხედართმთავარმა (განსაკუთრებით ოსმალეთთან ომში). შაჰ აბასმა მას ფარსის ბეგლარბეგობა უბოძა.

gzgrj
ფარსის პროვინცია დღეს ირანში.

ალავერდი ხანმა დიდი წვლილი შეიტანა ირანის აღმშენებლობის საქმეში. უნდა აღინიშნოს მის მიერ აშენებული ცნობილი ოცდაცამეტ თაღიანი ხიდი ისფაჰანში

ალავერდი ხან უნდილაძის ხიდი

ალავერდი ხან უნდილაძის უზარმაზარ როლზე და გავლენაზე ირანში მეტყველებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შაჰ აბასი მას, არც მეტი არ ნაკლები, მამას ეძახდა. ცნობილია შაჰის სიტყვები: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო.

როდესაც ალავერდი ხანი გარდაიცვალა, ის დიდი პატივით დაკრძალა შაჰ–აბასმა.

ერთ–ერთი ვერსიით უნდილაძე სწორედ შაჰმა გამოასალმა სიცოცხლეს, რადგან ხანის გავლენა ლამის შაჰის გავლენას აღემატა.

P.S. თუ მეტის გაგებას მოინდომებთ ალავერდი ხანზე ან ზოგადად ირანში მოღვაწე ქართველებზე, შეგიძლიათ გაეცნოთ თამაზ ნატროშვილის წიგნს “მაშრიყით მაღრიბამდე”.

მსგავსი ამბები

Back to top button