არქივი

ბედისწერა თუ თავისუფლება

5a27cef9e239

მიუხედავად ადამიანის თავისუფლების შესახებ არსებულ შეხედულებათა სიჭრელისა, მაინც შეიძლება გამოიყოს ის უმთავრესი ნიშნები, რაც ყველა მათგანს მეტნაკლებად ახასიათებს. ასეთი ნიშნებია: ფატალიზმი, ვოლუნტარიზმი და დეტერმინიზმი.

1.ფატალიზმი
(ლათ. fatalis – ბედისწერით წინასწარ განსაზღვრული, საბედისწერო), მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, სამყაროს ყოველგვარი ხდომილობა და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება. განასხვავებენ სამი ტიპის ფატალიზმს: მითოლოგიურს, რელიგიურს და რაციონალისტურს. პირველს გარდაუვალობის საფუძვლად მიაჩნია ბედისწერა, მეორეს – ღმერთი, მესამეს კი – მიზეზობრიობის უწყვეტი ჯაჭვი.

ფატალიზმი თავისი კლასიკური სახით ანტიკურ სამყაროში ჩამოყალიბდა. ბერძნულ-რომაული პანთეონის ყველა ღვთაება, უპირობოდ ემორჩილება ბედიწერას. ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი მოქმედება მკაცრადაა შემოსაზღვრული ბრმა ბედიწერის მიერ და ადამიანს ამ საზღვრებს გარეთ გასვლა არ ძალუძს. ამგვარი ფატალისტური დეტერმინიზმი მთლიანად აუქმებს ადამიანს, როგორც ზნეობრივ არსებას და უხსნის პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე. ადამიანი თუ მკვლელობას ჩადის, ეს ცოდვა კი არაა, არამედ ბედისწერის მიერ წინასწარგანზრახულის აღსრულება, ასევე კეთილი საქმე მას სათნოებად კი არ შეერაცხება, არამედ ისიც აუცილებლობის გამოვლინებად ითვლება. ამგვარ მიდგომას კი სიკეთისა და ბოროტების განუსხვავებლობამდე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმამდე მივყავართ. მსგავსი ფატალიზმი ახასიათებს ბევრ ოკულტურ სწავლებას, მათ შორისაა ასტროლოგიაც. ოღონდ იქ ბრმა ბედიწერის ბატონობა ადამიანის ბედზე ციურ სხეულთა მოქმედებით არის შეცვლილი. რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, მათი საერთო ნიშნები პანთეიზმი და იმპერსონალიზმია, რაც არა მხოლოდ პიროვნული ღმერთის ცნებას აუქმებს, არამედ თვით ადამიანშიც მისი ბუნების და პიროვნების იგივეობასაც ამტკიცებს. ამ შემთხვევაში ადამიანის მოქმედება ერთმნიშვნელოვნადაა განპირობებული მისივე ბუნებით. იგი საკუთარი თავის წინაშეც კი არაა თავისუფალი. გარდა ამისა ინდუიზმსა და ბუდიზმში კარმის კანონი ბატონობს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრებას მისი უწინდელი ცხოვრების წესი განსაზღვრავს.

601367deb0ba

2. ვოლუნტარიზმი
იდეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის თვისება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნების გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებიდან და ამ ნების გონებისა და საზოგადოებრივი კანონებისადმი დაპირისპირებიდან. დამახასიათებელია სუბიექტურის ობიექტურისაგან მოწყვეტა, ირაციონალურობის, იმპულსურობის, სტიქიურობის, სპონტანურობის როლის გაზვიადება, პოლიტიკასა და პრაქტიკაში ისტორიული განვითარების რეალური პირობებისა და შესაძლებლობების და პირობების იგნორირება, განუკითხაობა და სუბიექტივიზმი. ბუნებრივია, რომ ვ. განსაკუთრებით დამახასიათებელია სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების სუბიექტივისტური მიმართულებისათვის, ხოლო პოლიტიკასა და პრაქტიკაში – ავტორიტარიზმის, ბონაპარტიზმის, ტოტალიტარიზმისათვის. მან არაერთხელ პოვა თავისი გამოვლინება ხალხოსნების, ანარქისტების, ესერების, ბოლშევიკების რევოლუციურ მოღვაწეობაში ოქტომბრამდე და ოქტომბრის შემდეგ, სტალინიზმის თვითნებობასა და განუკითხაობაში, ხრუშჩოვის სუბიექტივიზმსა და არაპროგნოზირებად პოლიტიკაში, როგორც პერესტროიკის, ისე უკანასკნელი ათწლეულის რეფორმატორი მოღვაწეების არაკომპეტენტურ, გაუთვლელ, დაუფიქრებელ, უსაფუძვლო და წინააღმდეგობებით აღსავსე პროექტებსა და პრაქტიკულ მოქმედებებში.

3. დეტერმინიზმი
დეტერმინიზმი (ლათ. Determinare – განსაზღვრა) – შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს. მატერიალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყველა მოვლენა აუცილებელი მიზეზობრივი კავშირით არის განპირობებული.

11b2581d3f1d

წყაროები: wikipedia.org ;
ზურაბ ეკალაძე. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 39, 2000 წ. ;
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი და უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

მსგავსი ამბები

Back to top button