არქივი

ომარ ხაიამი

be6b83e301f6

ომარ ხაიამი (ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი).

ბევრი ლეგენდა არსებობს ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა განგების ძალით წუთისოფელს მოევლინა კაცი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, თუ რატომ დაიბადა ამქვეყნად, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რა არის სიკვდილის შემდეგ.
ხაიამის ცხოვრების მკვლევართა და საერთოდ, სპარსული ლიტერატურისა და ირანის ისტორიის სპეციალისტთა შორის დამკვიდრებული აზრის თანახმად, ეს გენიალური კაცი XI საუკუნის შუა წლებში უნდა დაბადებულიყო. მავანი მეცნიერნი უფრო შორსაც მიდიან და მისი დაბადების ზუსტ თარიღსაც კი ასახელებენ – 1048 წლის 18 მაისს. ასეა თუ ისე, ომარ ხაიამი XI საუკუნის პირველ ნახევარში ნამდვილად დაბადებულა და საკმაოდ დიდხანსაც უმზერია მზისა და მთვარისათვის. ზემოხსენებული “მავანი მეცნიერნი” გარდაცვალების ზუსტი თარიღის გამოთვლასაც ახერხებენ იმ ასტროლოგიური მონაცემების საშუალებით, რომლებსაც ხაიამთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან წყაროებში წააწყდნენ, ანუ – 1131 წლის 4 დეკემბერს. ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, ალბათ, იმის მტკიცება, შეიძლება თუ არა ამ თარიღების ნდობა თუ უარყოფა, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამოცდათორმეტ წელს მაინც გასტანა ხაიამის სიცოცხლემ, რასაც ზოგიერთ რობაიში თავად ავტორიც ადასტურებს:

“…სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ

და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია”.
9cf4532c28ef
ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ – ქალაქი ნიშაბური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ქალაქი ნიშაბური, როგორც ხაიამის დაბადების ადგილი, თითქმის არ იწვევს ეჭვს და ამას ზურგს უმაგრებს ზედწოდება, “ნიშაბური” (ნიშაბურელი), რაც, როგორც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.
შესაძლებელია, თავად სიტყვა “ხაიამ”-შიც ამოვიკითხოთ საჭირო ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ. ეს გახლავთ არაბული სიტყვა, რაც “კარვის მკერავს (მეკარვეს)” ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, თავად იყო ამ ხელობის, თუ მისი წინაპრებისაგან შემორჩა “გვარის” სახით ომარად წოდებულ კაცს.

“ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბური” – საბოლოოდ ასე დადგინდა ამ პიროვნების სახელი, თუმცა მას მთელი მსოფლიო უფრო მარტივად მოიხსენიებს – ომარ ხაიამი.

————————————————————————————————————————–

903b6b2f9e24

პირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ “კავკასიონში” (#1-2) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერულმა თვალსაზრისმა განაპირობა და, ბუნებრივია, ვერ მიიპყრობდა პოეზიის მოყვარულთა ყურადღებას. პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად “ამეტყველება” სცადა, ამბაკო ჭელიძე გახლდათ, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნებაში”დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერთად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.

ხაიამის გარდა, არ არსებობს, ალბათ სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის “სიმარტივე” იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვს, რათა ითქვას:

ხაიამი ქართველი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა.

საბედნიეროდ, საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.

1959 წელს გამოიცა მაგალი თოდუას მიერ შესრულებული დიდებული თარგმანები, რასაც დღემდე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობთ და, დარწმუნებულნი ვართ, მომავალი თაობებიც არ მოიკლებენ მათგან მონიჭებულ სიამეს.

1963 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემულ თარგმანებში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ომარ ხაიამი ქართულად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაც ზემოთ ვახსენეთ, ანუ – პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი. სრული გულწრფელობით და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ვახუშტის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემადგენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ ითქვა სპარსულად, მაგრამ…. ომარ ხაიამი მაინც არ აძლევს მოსვენებას (….ალბათ, არც მომავალში მისცემს!) პოეტურ სიტყვასთან მოპაექრე ადამიანებს და, მიუხედავად უკვე არსებული დიდებული თარგმანებისა, სულ ახალი და ახალი “ვარიაციების” შექმნას აიძულებს მათ.

1966 წელს თამაზ ჩხენკელმა აღმოსავლური ლირიკის კრებულში ერთხელ კიდევ სცადა ხაიამის რობაიების თარგმნა და კვლავ ახალი სიტყვა თქვა. მის თარგმანებში სხვა კუთხით დავინახეთ ის, რაც თითქოს უკვე ნაცნობი და გააზრებული იყო მანამდე.

მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი “ხაიამის ასპარეზზე” და ამით, თუ ვერ გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს მაინც რობაიების თარგმანთა გალერეა. აღსანიშნავია სულ ახლახან გამოსული ორენოვანი წიგნი, სადაც ნომადი ბართაიამ,სპარსული ტექსტის გვერდით მშვენიერი თარგმანები წარმოადგინა.

1bade63074af

 

 

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button