საკითხავისასარგებლო

გამოჩენილი ბიზნესმენები (მესამე ნაწილი)

ვაგრძელებ შემეცნებით-გასართობ ციკლს და ამჯერად, როგორც შეგპირდით, გთავაზობთ ჯონ როკფელერის მოღვაწეობას. 

ჯონ როკფელერი 1839 წელს დაიბადა პატარა ქალაქ რიჩფორდში (Richford), ნიუ-იორკის შტატში. ის იყო ერთ-ერთი დედ-მამის ხუთი შვილიდან. ჯონის მამა- უილიამ როკფელერი (William Rockfeller) თავს ექიმად ასაღებდა და “სასწაულმოქმედ” წამლებს ამზადებდა. ერთხელაც მან მიატოვა თავისი ცოლ-შვილი და სადღაც გადაიკარგა.

1854 წელს ჯონის დედა ელიზა როკფელერი საცხოვრებლად კლივლენდში, ოჰაიოს შტატში გადავიდა. ჯონი მაშინ 15 წლისა იყო. მას დედა, წარმოშობით შოტლანდიელი და ბაპტისტი, დიდი სიმკაცრით ზრდიდა. ახალგაზრდა ჯონი არ თამაშობდა ბავშვებთან, არ ხარჯავდა ფულს და არ ჰყავდა მეგობრები. ბავშვობიდანვე ძუნწ ჯონს ჩვევად ჰქონდა თავისი ფულით ნაყიდი კამფეტები და-ძმებისთვის უფრო მაღალ ფასში მიეყიდა. ერთხელ, სკოლაში თავის მერხის მეზობელს უთხრა: “მე მინდა, როცა გავიზრდები, ასი ათასი დოლარი მქონდეს. და მე ეს მექნება.”

სკოლის დამთავრების შემდეგ, თექვსმეტი წლის ასაკში, მან სასურსათო მაღაზიაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა და თავისი მუყაითი შრომით მაღაზიის მფლობელის პატივისცემა დაიმსახურა. ის იმ ტიპის ბუღალტერთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და არაფერი ავიწყდებათ. თავისი პირველი გამოცდილება დიდად გამოადგა მას საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის.

მას, როგორც ხელმომჭირნე ადამიანს, სძულდა ფულის ფლანგვა, უყვარდა წესრიგი ყველგან და ყველაფერში. იგი უპირატესობას ლიდერის პოზიციაში ყოფნას ანიჭებდა. არ უყვარდა საზოგადოებაში გამოჩენა. მისი ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავის ოფისში, სახლსა და ბაპტისტურ ეკლესიაში. მას თითქმის არავინ იცნობდა თავის კომპანია- “სტანდარდ ოილ კომპანი”-ში (Standard Oil Company). ხალხში მრავალი ჭორი დადიოდა როკფელერზე, თუმცა ყველანი უცნაური პატივისცემის გრძნობით იყვნენ გამსჭვალული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არავინ იცნობდა, მაგრამ რომელიც ყველას აკონტროლებდა. როკფელერი არასდროს იღიმებოდა, მხოლოდ განსაკუთრებით მომგებიანი გარიგების დადებისას თუ გაიღიმებდა ხოლმე.

როცა როკფელერს თვრამეტი წელი შეუსრულდა, თავისი დანაზოგი ფულითა და მამისგან აღებული სესხით დააფუძნა საკუთარი საკომისიო ფირმა- “კლარკ ენდ როკფელერი” (Clark and Rockfeller). რაც დრო გადიოდა, ფირმა მით უფრო და უფრო მსხვილ სასაქონლო ბრუნვებს აკეთებდა და წარმატებით ვითარდებოდა.

1860 წლის გაზაფხულზე ვაჭართა და მრეწველთა ერთმა ჯგუფმა წინადადებით მიმართა ჯონს, წასულიყვნენ მეზობელ პენსილვანიის შტატში და ადგილზე შეემოწმებინათ, თუ როგორია ნამდვილი პერსპექტივა ახლად გახსნილ ნავთობის საბადოში კაპიტალის დაბანდებისთვის.

როკფელერი მაშინვე მიხვდა, რომ ეს მომგებიანი საქმე იყო და თავის სანდო ხალხს ურჩია, ფული ნავთობის ანძებში ჩაედოთ. ის თვლიდა, რომ ეს ძალიან სარისკო საქმეა. ამავე დროს ფიქრობდა, რომ ნავთობსადენი ქარხნის მშენებლობა სასარგებლო და მომგებიანია. თუმცა ეს საქმეც დაკავშირებული იყო გარკვეულ რისკთან. მალე ის ერთ-ერთი პირველი ქარხნის თანამფლობელი გახდა კლივლენდში. ასე დაიწყო მისი ყბადაღებული “ნავთობთან რომანი”, რომელიც ჯონის ყოვლისმომცველი გატაცება გახდა და მისი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.

პირველ ეტაპზე როკფელერმა გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საუკეთესო ნაწილის ხელში ჩაგდება. მის მფლობელობაში ეტაპობრივად გადადიოდა ნავთობის მრეწველობის მთელი სფერო, დაწყებული ნავთობის მოპოვებიდან მის რეალიზაციამდე. როკფელერი აწარმოებდა ნავთობის ცისტერნებსაც კი. მისი ამბიციური გეგმა წარმატებით განხორციელდა და მოკლე დროში “სტანდარდ ოილ”-ის ხელში გადავიდა არა მხოლოდ ნავთობის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, არამედ ნავთობსადენები, მანქანები, ცისტერნები, მაღაზიები. “სტანდარდ ოილ”-მა ბაზარზე მონოფსონის პოზიცია დაიკავა.

ნავთობის მრეწველობაში როკფელერის პირველი კომპანიონი იყო სამუელ ენდრიუსი, რომელმაც კარგად იცოდა ტექნიკა და ნავთობის გადამუშავების საკითხები. ქარხანა “როკფელერ ენდ ენდრიუსი” (Rockfeller and Endrews) კარგ მოგებას იძლეოდა, რამაც უბიძგა ჯონს, გაეგრძელებინა კაპიტალის დაბანდება ამ სფეროში. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ფული ამ საქმისთვის, მაგრამ იცოდა თუ როგორ მოეძებნა საჭირო კომპანიონები და თანამშრომლები.

1864 წელს ჯონი დაქორწინდა და მალე ახალი კომპანიონი შეიძინა ჰენრი მ. ფლეგერის სახით. ეს უკანასკნელი გახლდათ ს.ვ. ჰარკნესის სიძე, რომელიც ცნობილი იყო, როგორც “ვისკის მეფე” ოჰაიოს შტატიდან. როგორც ჩანს, ფლეგერს სიმამრის კაპიტალზე მიუწვდებოდა ხელი, ვინაიდან მან მოახერხა მისგან 70 ათასი დოლარის აღება ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის. მალე ნათელი გახდა, რომ ვისკტან შედარებით ნავთობი მნიშვნელოვნად მეტ მოგებას იძლევა. ამავე დროს ჯონმა დაითანხმა თავისი უმცროსი ძმა უილიამი კლივლენდში არსებული კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეეძინათ. თვითონ უილიამ როკფელერი ნიუ-იორკში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის ბიუროს ხელმძღვანელი გახდა.

1870 წელს როკფელერმა, ფლეგერმა და ენდრიუსმა ჩამოაყალიბეს ახალი კომპანია “სტანდარდ ოილ კომპანი ოვ ოჰაიო” (Standard Oil Company of Ohio), საიდანაც წარმოიშვა დღეისთვის არსებული მრავალი კონცერნი. კონცერნების მესვეურები “სტანდარდ ოილ”-ს უმატებენ იმ შტატის სახელს, სადაც მათი რეზიდენციები მდებარეობენ. პირველმა კომპანიამ საქმიანობა ერთი მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალით დაიწყო. ამ კომპანიის ხელში იყო იმ დროისთვის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელშიც ათასი მუშა იყო დასაქმებული.

ფირმა “სტანდარდ ოილი” უზარმაზარ მოგებას იძლეოდა. პირველ წლებში მოგებამ შეადგინა ინვესტირებული კაპიტალის 100%. მაგრამ ჯონისთვის ეს არ იყო საკმარისი. ამ დროისთვის როკფელერს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გზიდან ჩამოეშორებინა ყველა კონკურენტი და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში მონოპოლისტის პოზიცია დაეკავებინა. ამაში მას ხელი შეუწყო რკინიგზის მფლობელებთან დადებულმა საიდუმლო გარიგებებმა.

პენსილვანიის ქალაქ ტიტუსვილის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობი უნდა გადაეზიდათ ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, ე.ი. ასი კილომეტრის მანძილზე. ამის შემდეგ ნავთობპროდუქტები ქარხნიდან უნდა მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მალე კი საზღვარგარეთაც. ნავთობის მრეწველობაში არსებით პრობლემას წარმოადგენდა ნავთობისა და ნავთობქროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის დადგენა. როცა როკფელერი და მისი კონკურენტები ნავთობსადენის მშენებლობას შეუდგნენ, რინიგზის მფლობელებთან შეთანხმების დადების აუცილებლობა გაჩნდა, რადგან ნავთობსადენები, როგორც წესი, რკინიგზის ხაზების პარალელურად უნდა განლაგებულიყო.

სწორედ ამ სფეროში, რკინიგზის მაგნატებთან საიდუმლოდ დადებული მაქინაციური გარიგებებით როკფელერი თავის ტალანტს სრული სახით ავლენდა და ყველა კონკურენტს აკოტრებდა. “სტანდარდ ოილ”-ის ჩამოყალიბების პარალელურად ჯონმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რაღაც საწარმო, უცნაური, თითქმის არაფრის მთქმელი სახელწოდებით- “საუზ იმფრუვმენთ ქომფანი” (South Improvement Company), რაც სიტყვასიტყვით თარგმანში ნიშნავს “სამხრეთის გაუმჯობესების კომპანიას”. ამ ფირმის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენდა “სტანდარდ ოილ”-ის კონკურენტების მოტყუება.

მიხვდნენ რა “სტანდარდ ოილ”-ის მუხანათობას, ტიტუსტვილის ნავთობის მეწარმეები შეეცადნენ კონტრიერიში მიეტანათ ამ კომპანიაზე. გადაწყვიტეს არ მიეყიდათ როკფელერისთვის და არ გადაეზიდათ ნავთობი იმ რკინიგზით, რომლის მესვეურებიც როკფელერთან იყვნენ შეკრულები. ერთი სიტყვით, ტიტუსტვილში შეიკრიბა მენავთობეთა მიტინგი, სადაც სახალხოდ სახრჩობელაზე ჩამოკიდეს ჯონის გამოსახულების მქონე ფიტული. პენსილვანიის შტატის საკანონმდებლო კრებამ გააუქმა “საუზ იმფრუვმენტ ქომფანი”-ს სტატუსი.

ეს უსიამოვნებანი ნაკლებად აღელვებდა როკფელერს. ის ეძებდა და პოულობდა კიდეც კონკურენტების მოტყუებისა და გასულელების ახალ საშუალებებს და ნავთობის მრეწველობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. მის წინააღმდეგ აღძრული გამოძიების მსვლელობისას, როკფელერსა და პროკურორს შორის ამ საქმისთვის დამახასიათებელი დიალოგი გაიმართა. პროკურორის მიერ როკფელერისადმი დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს უკანასკნელი კომპანია “საუზ იმფრუვმენ ქომფანი”ს ერთ-ერთი მფლობელთაგანი, მან მტკიცედ უპასუხა:- “არა!”. დამსწრენი ფრიად შეაძრწუნა ამ ცხადმა სიცრუემ. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფორმალურად როკფელერი მართალი იყო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ პროკურორი შეცდა ფირმის სახელის წარმოთქმისას. კერძოდ, სიტყვა “სამხრეთი” (South- “საუზ”) ნაცვლად მან “სამხრეთის” (Southern) წარმოთქვა, რამაც გაუადვილა ჯონს უარყოფითი პასუხის გაცემა.

კიდევ ერთი მაგალითი როკფელერის მოქმედების მეთოდისა:კლივლენდში როკფელერისგან დამოუკიდებლად არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მეპატრონეთა ჯგუფმა გაერთიანება გადაწყვიტა, რათა ურთიერთშეთანხმებით წინ აღდგომოდნენ როკფელერის დიქტატს. ამ მიზნით შეიქმნა ახალი ფირმა სახელწოდებით- “აკმე ოილ ქომფანი” (Akme Oil Company). ფირმის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა ჯონ არჩბოლდმა, რომელსაც ყველა როკფელერის მტრად მიიჩნევდა. ადვილი წამოსადგენია, რა რეაქციას გამოიწვევდა ჯგუფის წევრებში იმ ფაქტის გაგება, რომ მათ მიერ დანიშნული არჩბოლდი როკფელერის მოკავშირე იყო და მის მიზანს ჯგუფის წევრთა გეგმის ჩაშლა და ამის შემდეგ კომპანია “სტანდარდ ოილ”-ში თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დაკავება წარმოადგენდა.

მალე არჩბოლდი როკფელერის უახლოესი მეგობრების წრეში აღმოჩნდა. ის იყო არა მხოლოდ უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, არამდე ადამიანი, რომელიც მზად იყო ყველანაირი საქმე გაეკეთებინა. ზოგიერთ წიგნში არჩბოლდს ხშირად უწოდებდნენ “კორუფციის ჩემპიონს”.

როკფელერის კიდევ ერთი სანდო პიროვნება გახლდათ ჰენრი როჯერსი, რომელსაც როკფელერმა კონცერნის სამრეწველო განყოფილების ხელმძღვანელობა ანდო.

მისი პირველივე დავალება საკმაოდ რთული იყო: კონკურენტი ფირმის “ემფაის თრანსპორთეიშნ ქომფანი”-ს (Empire Transportation Company) ლიკვიდაცია. ამ ფირმას გააჩნდა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობსადენები. ფირმის სათავეში იდგა ტომ სკოტი, რომელიც, როგორც რკინიგზის ხაზის “პენსილვანია რეილროუდის” (Pennsilvania Railroad) მფლობელი, როკფელერისგან დამოუკიდებელი იყო. როჯერსმა, შეუთანხმა რა მოქმედების გეგმა სხვა რკინიგზის მაგნატებს, ომი გამოუცხადა სკოტს. სკოტის გასაკოტრებლად როკფელერის მომხრეებმა დროებით გააიაფეს ნავთობი. იმავე 1877 წელს დაიწყო რკინიგზელთა გრანდიოზული გაფიცვები. სკოტი იძულებული გახდა კაპიტულაცია მოეხდინა და თავისი ყველა საწარმოს გაყიდვაზე დათანხმებულიყო.

როკფელერმა ერთდროულად დაამარცხა კიდევ რამდენიმე კონკურენტი: 1878 წელს “სტანდარდ ოილ”-ის ირგვლივ გაერთიანებული და ამ კომპანიის გავლენის ქვეშ არსებული ფირმების ხელში იყო ამერიკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისა და ნავთობსადენების 95%. მათ თავიანთი პირობების წაყენება შეეძლოთ არა მარტო ნავთობის მწარმოებლებისთვის, არამედ ნავთის მყიდველებისთვისაც. იმ დროისათვის ამ პროდუქტს უპირველესად განათებისთვის იყენებდნენ და დიდ შემოსავალსაც იძლეოდა.

გამდიდრების შემდეგ როკფელერმა შეიცვალა გარეგნული სახე- მოუშვა ულვაშები და დაიწყო ცილინდრის ტარება, რაც მაშინ მოდაში იყო მდიდარი ფენისთვის. მალე თავისი ოჯახით პროვინციული კლივლენდიდან ნიუ-იოკრში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ააშენა თავისი კომპანიის რეზიდენცია. კონცერნის მისამართი (ბროდვეი 26) მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ამერიკის ბიზნეს სამყაროში. როკფელერმა შეერთებული შტატების ერთი-ერთი უმდიდრესი ადამიანის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ასტორებისა და ვანდერბილტების მსგავსი ძველი მილიონერები მას ვიგინდარად მიიჩნევდნენ და თავიანთ სალონებში არ იწვევდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში როკფელერი ამერიკაში ყველაზე საძულველ ადამიანად ითვლებოდა. მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მის მიერ გაკოტრებული კონკურენტები, რკინიგზის მაგნატები, რომლებსაც თავს მოახვია თავისი პირობები. როკფელერს პრესაც ცუდად იხსენიებდა და აკრიტიკებდა მონოპოლიური პოზიციის ხელში ჩაგდების მის მიერ გამოყენებულ მეთოდს. ხშირად იბარებდნენ კონგრესის კომისიის სხდომებზე, სადაც განიხილებოდა მისი საეჭვო საქმიანობა. პროკურორები ხშირად იძიებდნენ როკფელერის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს.

ჯონი წარმატებით ახერხებდა გამკლავებოდა ბედის უკუღმართობას. ნიჭიერი იურისტ-მრჩევლების საშუალებით ის ადვილად უვლიდა გვერდს სავალდებულო კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ როკფელერს კონცერნი სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდა, ის გაურბოდა პირად პასუხისმგებლობას “სტანდარდ ოილ”-ის საქმიანობაზე. ბევრჯერ დაუპატიმრებიათ კონცერნის დირექტორები, მაგრამ თვით როკფელერი ყოველთვის ახერხებდა პროკურორის ხელიდან დასხლტომას.

1896 წელს ჯონი მოულოდნელად “ტოვებს ბიზნესს”. ბრჭყალების გამოყენება აქ აუცილებელია, ვინაიდან კიდევ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის თავის ნავთობის იმპერიას. “ბიზნესიდან წასვლა” მას გაუადვილებდა კონკურენტების თავდასხმებისგან თავის დაცვას. ჯონი ყიდულობს მამულს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ თერითაუნში და იქ გადადის საცხოვრებლად. ქალაქში ის იშვიათად და არცთუ ისე დიდი ხნით ჩამოდიოდა.

 

თეგები
Back to top button
Close
Close