არქივი

თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი – შვედეთის მეფე გუსტავ-ადოლფი PART 2

d3aa8d1abfc5

როდესაც გუსტავმა, 1630 წელს, თავისი ჯარი მდინარე ოდერის შესართავთან გადმოსხა, 30 წლიანი ომი უკვე ინტერნაციონალიზირებული იყო. ჰაბსბურგთა თავდაპირველი გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთმა, ინგლისმა, დანიამ და ზოგიერთმა გერმანელმა მთავარმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ იმპერიის აღორძინებისთვის.

მაგრამ ეს შეუთავსებელი გაერთიანება მალევე იქნა განადგურებული იმპერიული ძალების მიერ, რომელსაც დიდი მეწარმე (ალბრეხტ ფონ ვალენშტეინი(1) (ცნობილი მხედარმთავარი ვალენშტაინი ავსტრიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანიც იყო. ჯარისკავების დაქირავებისათვის საჭირო ფულს ის ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიდა-კ.კ.) და გამოცდილი გენერალი იოჰან ტილი მეთაურობდნენ. 1627 წლისათვის იმპერატორმა ბალტიის სამხრეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილზე აღადგინა კონტროლი. მხოლოდ რამოდენიმე პორტი, მათ შორის ყველაზე უფრო შტრალზუნდი (Stralsund), სადაც დანიური და შვედური ძალებით იყვნენ გამაგრებულნი, ცდილობდნენ მტრის შეკავებას. იმპერიული ჰეგემონიის შესაძლებლობამ ააღელვა მეფე და მან თავის Rikstag-ს (პარლამენტს) განუცხადა , რომ იგი გერმანიაში მიდიოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტანტიზმის ბედი იდო სასწორზე, არამედ იმიტომაც, რომ ბრძოლა უკეთესია საზღვრის გარეთ ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. 1629 წლისათვის გერმანიაში შეჭრისათვის მზადება უკვე დაწყებული იყო.

სტრატეგიული სიტუაცია შესაფერისი ჩანდა. ფერდინანდ II-მ დაიწყო იტალიაში საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მან თანამდებობიდან გაანთავისუფლა ვალენშტეინი და ჩრდილოეთით ტილის(2) დაუტოვა რამოდენიმე მიმოფანტული გარნიზონი. გუსტავის საექსპედიციო კორპუსი 13 ათასს ითვლიდა. იგი შოტლანდიიდან და დანიიდანაც ელოდებოდა შევსებას. გუსტავი ელოდა მნიშვნელოვან დახმარებას გერმანელი მთავრებისგან. მაგრამ იგი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ორმა დიდმა პროტესტანტმა პრინცმა ჩრდილოეთ გერმანიაში გადაწყვიტეს ნეიტრალურები დარჩენილიყვნენ.

ამიტომ გუსტავი თავიდანვე მოემზადა ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. ლოგისტიკამ, კომუნიკაციების დაცვის საჭიროებამ და რუსეთისა და დანიის მხრიდან შესაძლო საფრთხის წინათგრძნობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი სტრატეგია. პირველი (ლოგისტიკის) მოსაზრებიდან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა მდინარეებს მიჰყოლოდა და მათ გასწვრივ მნიშვნელოვანი ადგილები დაეცვა; მეორე (კომუნიკაციები) მოსაზრების გამო გუსტავი იძულებული გახდა, შეექმნა და დაეცვა საბაზისო ადგილები ჩრდილოეთ გერმანიაში, სადაც გაჭირვების შემთხვევაში მის არმიას შეეძლო უკან დაეხია და შეენარჩუნებინა თავისი ჯარის დიდი ნაწილი მშობლიური შვედეთის დასაცავად.

გუსტავმა თავისი კამპანია დაიწყო არა შტრალზუნდიდან (ეს ქალაქი არ მდებარეობდა მდინარეზე), არამედ მდინარე ოდერის შესართავიდან. აქ მან გამონახა კარგი სტრატეგიული პუნქტი, რომელიც ფლანგიდან ესაზღვრებოდა ტილის გარნიზონებს მეკლენბურგსა და დასავლეთ პომერანიაში. აქედან მას შესაძლებლობა ექნებოდა ზეწოლა მოეხდინა ბრანდერბურგსა და საქსონიაზე, რათა შესულიყვნენ მასთან ალიანსში. წინააღმდეგობის გარეშე იგი შევიდა შტეტინში, ნელ-ნელა დაიწყო წინსვლა და დაიპყრო პატარ-პატარა ქალაქები. მართალია, ასეთი ქმედება აუცილებლობით იყო გამოწვეული, მაგრამ იგი მაინც დამღუპველი იყო, ვინაიდან ტერიტორიებზე კონტროლის გავრცობით ჯარი თანდათან იქსაქსებოდა. გუსტავმა დაკარგა შანსი.

გუსტავის ჯარი რაოდენობით ისევ მცირე იყო, მაგრამ არც ტილის ლაშქარი იყო მრავალრიცხოვანი; გარდა ამისა, მაგდებურგში, ქალაქში რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, კარს იყო მომდგარი აჯანყება. გუსტავი რომ მდინარე ელბას მიმართულებით წასულიყო, შეიძლება ტილის ლაშქარი დაემარცხებინა მანამ, სანამ ის კონცენტრირებას მოახერხებდა. ამგვარი სწრაფი გამარჯვება პროტესტანტთა მხარდაჭერას გააძლიერებდა ადოლფის მიმართ. ამის მაგივრად, ოქტომბერში, შვედების ჯარი პომერანიასა და მეკლენბურგში შევიდა.

ცოტა ხანში, გუსტავმა შემდგომი წლისათვის დიდი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. მან ჩამოაყალიბა 100,000 კაციანი არმია, რომელიც განათავსა ცენტრალურ გერმანიაში სხვადასხვა მდინარეების გასწვრივ. მიუხედავად იმისა რომ, როგორც ერთი ბიოგრაფი აღნიშნავდა, ეს იყო “ნაპოლეონის მსგავსი გეგმა თავისი მაშტაბით და სიდიადით”, გუსტავს არ გააჩნდა საჭირო მდგრადობა და რესურსი. მეფეს არ ჰქონდა სტრატეგიული პოზიცია და არ ყავდა საკმარისი ჯარი. მას გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა თავის შესაძლებლობაზე, შეექმნა ახალი ჯარი და კარგად არ ესმოდა ესოდენ მასშტაბური დისტანციების, კომუნიკაციების, მომარაგების და ოპერაციების ურთიერთმიმართებათა თავისებურებები.

ზამთრის პერიოდში მეფის ჯარი ვერ მარაგდებოდა და ამიტომ იძულებული გახდა უარი ეთქვა ტილისთან ბრძოლაზე. მან მხოლოდ რამოდენიმე პატარა ოპერაცია აწარმოა მდინარე ოდერთან და მეკლენბურგთან. 1631 წლის მარტის დასაწყისში, ტილიმ გადაწყვიტა 20,000 ჯარისკაცით იერიში მიეტანა მოწინააღმდეგის ჯარზე, მაგრამ გუსტავმა თავის 18,000 კაციანი ლაშქარით უარი თქვა ბრძოლაზე. ეს იყო მთელი მისი სამხედრო კარიერის განმავლობაში ყველაზე უხეში შეცდომა. ეს იყო ის, რასაც კლაუზევიცი დამცინავი ტონით აღწერდა, როგორც “სტრატეგიული მანევრის მეშვეობით ომის მოგების მცდელობის ახალი მეთოდს”. გუსტავი განაგრძობდა სვლას მდინარე ოდერის ზევით. მან დაიპყრო რამოდენიმე პატარა ქალაქი. აპრილში იერიში მიიტანა ფრანკფურტზე, სადაც გაანადგურა მოწინააღმდეგის გარნიზონი და გაძარცვა პროტესტანტთა ქალაქები. სანამ გუსტავი ფრთხილად მიიწევდა წინ და ამავე დროს უკან დასაბრუნებელი გზის თაობაზე იწყებდა ფიქრს, იმპერიის არმიამ 20 მაისს მაგდებურგი აიღო.

ძარცვა რომელიც ამას მოჰყვა, ყველაზე ცნობილი გაძარცვაა ქალაქისა მე-17 საუკუნეში; 25 ათასამდე კაცი უმოწყალოდ იქნა დახოცილი და ყველა შენობა, კათედრალის გარდა, დანგრეული იქნა. ეს, გუსტავისთვის, როგორც გერმანელ პროტესტანტთა დამცველისთვის, ყოვლად მიუღებელი იყო და მან მოქმედება დაიწყო. თავდაპირველად მან აიძულა ბრანდენბურგის კურფიურსტები, რომ ორი ძირითადი ციხე-სიმაგრე, კიუსტრინი (Küstrin) და შპანდაუ (Spandau) მის განკარგულებაში გადაეცათ და ამის შემდეგ ელბას დასავლეთისკენ აიღო გეზი, მაგრამ გადაადგილებისას იგი ისევ დიდ სიფრთხილეს იჩენდა.

გუსტავის ჯარი მიადგა ვერბენს, რომელიც მდებარეობდა ჰაველსა და ელბას შორის. ეს იყო კარგი პოზიციური ადგილი, რომლის დაკავებაც ტილიმ ივლისის თვეში სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმპერიის ძალები იტალიიდან ელოდებოდნენ დახმარებას და როდესაც გუსტავი მათ მიუახლოვდა, იმპერიელები შევიდნენ საქსონიაში და დიდ მთავარს – იოჰან გეორგს მოთხოვეს მათ მხარეს გადასვლა. ამან საქსონიის კურფიურსტი, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახადა მხარი დაეჭირა გუსტავისთვის.

გადამწყვეტი მომენტი ახლოვდებოდა. გუსტავმა საქსონიის ჯარი შემოიერთა და 1631 წლის 17 სექტემბერს შვედეთ-საქსონიის გაერთიანებული ჯარი და ტილის არმია ერთმანეთს სოფელ ბრაიტენფილდში შეეტაკნენ. თუმცა საქსონელები ბრძოლის დაწყებისთანავე გაიქცნენ, გუსტავმა 5 საათიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ მაინც მოიპოვა გამარჯვება. მაგრამ გამარჯვება მის მიერ გამოყენებული არ იქნა. იგი არ გასდევნებია უკანდახეულ მოწინააღმდეგეს. პირიქით – ერთი კვირის შემდეგ სამხედრო საბჭომ ქალაქ ჰალეში, ახალი მოქმედებების შესახებ მსჯელობისას, გადევნება გამორიცხა. დისკუსია ორი შესაძლო ვარიანტის გარშემო წარიმართა – ბოჰემიის მთებით გადასულიყვნენ და იერიში მიეტანათ ვენაზე, თუ სამხრეთ დასავლეთით რაინლანდისა და პალატინეტისკეს მობრუნებულიყვნენ.

ვენაზე იერიშის მიტანა იქნებოდა იმპერიის შუაგულში დარტყმა, მაგრამ გუსტავმა ზამთრის პერიოდში ამგვარი სვლა მეტად სარისკოდ ჩათვალა. მან გადაწყვიტა სამხრეთ-დასავლეთით წასულიყო, სადაც კარგი სტრატეგიული პოზიცია არსებობდა, აღმოსავლეთიდან ბავარიელებსა და დასავლეთიდან ჰაბსბურგთა შორის. იმისათვის, რომ დაეცვა ჩრდილოეთის ხაზი, ძლიერი დანაყოფები იქნა განთავსებული მაგდებურგისა და ერფურტის მახლობლად, სადაც ამავე დროს გერმანელთა საკვანძო გზა იყო. ხოლო იოჰან გეორგმა თავისი არმია, დაზვერვის მიზნით, ბოჰემიასა და სილეზიაში გადაისროლა.

ზოგიერთი კრიტიკოსი გუსტავს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ გამარჯვება არ გამოიყენა. მისი რეალური მიზანი ხომ, უფრო ტილის არმია იყო, ვიდრე რაინი ან თუნდაც ვენა. ზამთრის პერიოდში ტილის და მისი არმიის ლეიტენანტ (თანაშემწეს) პაპენჰეიმს, შეეძლოთ ძალები მოეკრიბათ. მაგრამ გუსტავს მზარდი და მდგრადი წარმატებებისთვის საფუძველი უნდოდა ჩაეყარა. რაინისკენ გეზის აღებით და ჰაბსბურგთა, ბავარიელთა და ესპანელთა პატარა გარნიზონების განდევნით, მან მთელი რაინლანდი მოაქცია თავისი კონტროლის ქვეშ. საალყო ომის მეთოდების – მოტყუების, სწრაფი თავდასხმის, გამოფიტვისა და დაბომბვის კომბინაციის – წყალობით იგი სწრაფად მიიწევდა წინ. 1631 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის იგი უკვე მომავალი წლის ახალ ამბიციურ გეგმას ადგენდა. მისი ჩანაფიქრი წარმოადგენდა ერთი დიდ ოპერაციას, სადაც 7 არმია მოქმედებდა. მათ ნამგლისმაგვარი განლაგება ჰქონდათ და მოიცავდნენ ტერიტორიას ვისტულადან ბრენერამდე და გლოგაუდან ტბა კონსტანცამდე. ძირითადი არმია, რომელსაც მეფე თავად ხელმძღვანელობდა, უნდა შეჭრილიყო ბავარიაში. შემდეგ კი, მდინარე დუნაის გაყოლოდა და აეღო ვენა. არმიის მნიშვნელოვან დანაყოფებს იმპერიის ჯარები ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში უნდა შეეჩერებინათ, ხოლო სხვა დანაყოფებს კომუნიკაციების დაცვა ევალებოდათ. საქსონელებს გარეშე, მეფე 120,000 ჯარისკაცამდე ყოლას ვარაუდობდა. ხოლო ახალწვეულების ხარჯზე მას განზრახული ჰქონდა გაზაფხულისთვის არმიის შემადგენლობის 170,000 კაცამდე გაზრდა.

1632 წლის მარტში, გუსტავმა პოზიციების გამაგრება დაიწყო. 10 აპრილს შტურმით აიღო ყველაზე დასავლეთით მდებარე ციხესიმაგრე დონაუვორთი (Donauwörth). 10 დღის შემდეგ მან განსაცვიფრებელი ტაქტიკური სვლა გააკეთა, როცა მდინარე ლეჩი გადაკვეთა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტილი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, როდესაც გუსტავი ძლიერ ციხესიმაგრე ინგოლშტატის (ingolstadt) წინაშე აღმოჩნდა, დაინახა, რომ ჩვეული მეთოდებით მის აღებას ვერ შეძლებდა. გუსტავმა გეზი შეიცვალა და ბავარიასა და შვაბიაში მცირე დაპყრობები განახორციელა, მაგრამ დაკარგა სტრატეგიული ინიციატივა.

წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ჯარის შეკრულობის და სიძლიერის უკმარისობა იყო. არმია ადრინდელივით შთამბეჭდავი რაოდენობის იყო, მაგრამ – ძალზე დაფანტული და პრობლემები ჰქონდა ახალწვეულებთან დაკავშირებით. ბრაიტენფილდის ბრძოლისას არგანადგურებამ ტილის შესაძლებლობა მისცა მომაგრებულიყო და ახლა შვედებს სულ სხვა ძალის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა, ძალისა, რომელსაც ვალენშტეინი ფანტასტიური სისწრაფით აგროვებდა მორავიაში. გარდა ამისა მეფის ბოლოდროინდელმა საქციელმა მისი მოკავშირეები აღაშფოთა. მისმა მოქმედებებმა რაინზე უთანხმოება წარმოშვა ფრანგებთან, რომლებიც შვედების მთავარი ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ. ხოლო ბრანდენბურგისა და საქსონიის მთავრებმა ნელ-ნელა მერყეობა დაიწყეს, ვინაიდან ვალენშტეინი მათ არწმუნებდა, რომ ურთიერთშეთანხმების საუკეთესო საშუალება უცხოელი დამპყრობლის განდევნა იყო.

იმ დროს, როცა გუსტავი ვალენშტეინის განადგურებას ცდილობდა და ბავარიის ჩრდილოეთ მხარეს აპარტახებდა, მისი მოწინააღმდეგე მშვენივრად მიხვდა შვედების მდგომარეობის სისუსტეს. იგი დამოკიდებული იყო საქსონიასთან კავშირზე. თუკი საქსონია დაკარგული იქნებოდა, იგი კარგავდა კომუნიკაციებს შვედეთთან, რისი დაშვებაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, ვალენშტეინი მობრუნდა ბოჰემიისკენ, იოლად განდევნა საქსონიელები და საოცარი სისწრაფით დაიწყო მოქმედება. გუსტავი კიდევ ერთხელ არ წავიდა რისკზე. იგი ნიურბერგის მახლობლად დაბანაკდა. ვალენშტეინი, რომელიც იქვე მახლობლად იყო დაბანაკებული, მეფის მოქმედებას ელოდებოდა. მან გააანალიზა შვედების ოპერატიული მეთოდები და ტაქტიკური სისტემა, რომელიც ბრძოლის ველზე მობილურობას ემყარებოდა. ასევე – სტრატეგიული სისტემა, რომელიც კომუნიკაციების და დაცული ადგილების შენარჩუნებას ითვალისწინებდა. იმის შემდეგ, რაც არმიები ექვსი კვირის განმავლობაში, შიმშილითა და ავადმყოფობით გაწამებულები, აგრძელებდნენ დაპირისპირებას, გუსტავი იძულებული გახდა 3-4 სექტემბრისთვის იერიში მიეტანა ვალენშტეინის ძირითად პოზიციებზე, რის შედეგადაც სერიოზული დანაკარგები განიცადა.

მეფის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ვალენშტეინი ძალიან ახლოს იყო პროტესტანტების ტერიტორიასთან და მისი ყურადღების მისაქცევად გუსტავმა ვენისკენ აიღო გეზი. მაგრამ ვალენშტეინმა ყურადღება არ მიაქცია ამას. აიღო ლაიფციგი და ქვეყნის ძარცვას შეუდგა. ეს იყო გონიერი სვლა და არაპიდაპირი სტრატეგიის შესანიშნავი მაგალითი. ვინაიდან იმპერიის ძალები იოლად ელეოდნენ ვენის დაკარგვას, ხოლო გუსტავს არ შეეძლო თავის მოკავშირე საქსონიელთათვის მხარი არ დაეჭირა. გუსტავი სასწრაფოდ ჩრდილოეთისაკენ გაემართა. მისმა ჯარმა 20 დღეში 270 მილი გაიარა, რაც გმირობის ტოლფასი იყო. მაგრამ ჯარის შემადგენლობაში მხოლოდ 18,000 ჯარისკაცი იყო. გარდა ამისა, მომარაგების უკმარისობამ და უეცარმა თავდასხმებმა, ჯარი კიდევ უფრო დაასუსტეს. გუსტავს მხარი მისმა ყველაზე ერთგულმა გერმანელმა მოკავშირემ, საქსონია-ვაიმარის ჰერცოგმა ბერნარდმა დაუჭირა. მაგრამ საქსონიის მთავარმა დახმარებაზე უარი განუცხადა და თავისი არმიის ძირითადი ნაწილს, ტორგაუს მიმართულებით უკანდახევა უბრძანა. ამ დროისთვის, ზამთარი ახლოვდებოდა და ვალენშტეინი არმიის დროებით დაშლას გეგმავდა. როდესაც მან ეს განახორციელა, გუსტავმაც ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა.

1632 წლის 6 ნოემბერს, საქსონიელი მოკავშირეების გარეშე, ლაიპციგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცენთან (Lützen), მან თავისი ბოლო ბრძოლა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ვალენშტეინს ბრძოლისას ძალები შემოემატა, გუსტავმა მაინც შეძლო კათოლიკეთა ჯარის დამარცხება, მაგრამ ცხენოსანი ჯარით იერიშის მიტანისას თვითონაც მოკლულ იქნა.

გუსტავი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მას თავისი წარმატებების პიკი უკვე მიღწეული ქონდა. როცა იგი გარდაიცვალა, გერმანიის კონტროლზე და გამოყენებაზე დამყარებული სისტემა, რაც მისი ოპერაციების დასაყრდენი იყო, ჩაიშალა. გუსტავს საქსონიელთა მხარდაჭერაც რომ ჰქონოდა, და კიდევ ერთი ბრძოლაც რომ მოეგო, ომი მაინც არ დამთავრდებოდა. კომუნიკაციების მდგომარეობა და ცენტრალური ევროპის აგრიკულტურული რესურსები, მსგავსი დიდი თეატრის მქონე ოპერაციების ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. თუკი ჯარის მომარაგება შეფერხდებოდა, მაშინ ლოგისტიკური და არა სტრატეგიული მოსაზრებები იქნებოდა მოქმედების განმსაზღვრელი. გარდა ამისა, განსაკუთრებით მაშინ. როცა ხმელეთით მძიმე შეიარაღება იყო გადასატანი, დაბალი იყო გადაადგილების სიჩქარე. თვით მალბორომაც (Marlborough) კი ვერ შეძლო ერთი ძირითადი ოპერაციის ჩატარებით ომის მოგება; ისეთმა დიდებულმა გამარჯვებებმაც კი, როგორიც იყო ბლენჰეიმი და რამილიესი (Blenheim, Ramillies), ვერ განაპირობეს ომის მოგება.

მიუხედავად ამისა, გუსტავი იყო ოცდაათწლიანი ომის პერიოდის გამოჩენილი მხედართმთავარი. მისი პოზიციური და მანევრული სტრატეგია თანამედროვე კონფლიქტებზე გავლენას საფრანგეთის რევოლუციამდე ახდენდა. ობიექტურ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, გუსტავმა დიდ წარმატებებს მიაღწია. მან დიდად გააფართოვა თავისი ოპერაციების არეალი და ფაქტიურად არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, თუ არ ჩავთვლით 1632 წელს ვალენშტეინის მიერ გაკეთებულ ეშმაკურ მანევრს. მისი ადმინისტრაციული, ტაქტიკური და ოპერატიული გამოცდილება იმ საუკუნის მრავალი სამხედრო გენერლის მიერ იქნა გადაღებული. მიუხედად მისი შეცდომებისა, იგი იყო დიდი მხედართმთავარი. იგი უფრო პრაქტიკოსი იყო ვიდრე თეორეტიკოსი და ამავე დროს ტურენის(3), მონტეკუკოლის, მარლბოროს და ევგენი სავოელის(4) წინამორბედი. ნაპოლეონი მას დიდი გენერლების მცირე სიას მიაკუთვნებდა.

1. ვალენშტაინი ალბრეხტ ევსევი ვენცელი (1583-1634) საღვთო რომის იმპერიის მთავარსარდალი, გენერალისიმუსი. მოახერხა დეზორგანიზებული არმიის გადაწყობა ქმედით ძალად და რამდენჯერმე დაამარცხა პროტესტანტები, მაგრამ ლიუტცენტან გუსტავ-ადოლფან დამარცხდა. ავსტიის კარის ინტრიგებში გახვეულმა დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები შვედებთან, რაც გახმაურდა და მოკლულ იქნა საკუთარი ოფიცრების მიერ.
2. ტილლი იოჰანეს ზერკლასი (1559-1632) გერმანელი ფელდმარშალი. ოცდაათწლიან ომში რამოდენიმეჯერ გაიმარჯვა დანიელებზე მაგრამ მარცხდებოდა შვედებთან. საბოლოოდ მათთან ბრძოლისას დაირუპა კიდეც.

3. ტიურენი დე ლა ტურ დ,ოვერნი (1611-1675)-საფრანგეთის მთავარი მარშალი (გენერალისიმუსი), მორის ნასაუელის დისშვილი, რომელმაც სამხედრო განათლება ბიძასთან მიიღო. ოცდაათწლიანი ომისას გამარჯვებებს მიაღწია ფრიბურგთან და ნორდლინგეთან. წარმატებებს მიაღწია ჰოლანდიასთან ომშიც. თავისი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი მხედარმთავარი.
4. ოიგენ (ევგენი) სავოელი ( 1663-1736) ცნობილი ავსტრიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. გენერალისიმუსი. ესპანეთის მემკვიდრეობის ომისას რამოდენიმეჯერ დაამარცხა ფრანგები (მათ შორის მალბოროსთან ერთად), მაგრამ დამარცხდა დენენთან. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომებისას, რამოდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხა ისინი და ბელგრადი წაართვა

პირველი ნაწილი
წყარო:presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button