არქივი

დელტაპლანერიზმი

0a5d67cd19ab
დელტაპლანერიზმი.

სპორტის სახეობა _ ფრენა დელტაპლანებით (ბერძნ. delta – ∆ ასოს სახელწოდება) მსუბუქი სამკუთხა (დელტისებური) ფორმის პლანერით, რომელიც მფრინავს ხელით უჭირავს. პლანერი წარმოადგენს ლითონის ჩარჩოზე გადაჭიმულ ქსოვილს, კორპუსის როლს მფრინავის სხეული ასრულებს. აფრენა და დაშვება ხდება მიწაზე გარბენით. ასაფრენად იყენებენ შემაღლებული ადგილებს (ბორცვებს, მთის კალთებს). დელტაპლანს მართავენ სხეულის მდგომარეობის შეცვლით, სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით.

bece948c6ab5

ხელოვნური ფრთებით ფრენა ადამიანის ძველთაძველი ნატვრა იყო, მაგრამ დელტაპლანი ახალი დროის გამოგონებაა. XIX საუკუნის ბოლოს გერმანელმა ინჟინერმა ოტო ლილიენთალმა მრავალჯერ იფრინა ფრთის ფორმის მქონე მსუბუქი ბალანსირებადი პლანერებით, მაგრამ დელტაპლანის შექმნას საფუძველი ჩაუყარა პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ფრენსის მელვინ როგალომ. იგი 1936 წლიდან ლენგლის სამეცნიერო ცენტრში აეროდინამიკაში ექსპერიმენტებს ატარებდა და გამოიგონა დრეკადი სამკუთხა ფრთა, რომელსაც შემდგომ ამერიკის ეროვნულ აეროკოსმოსურ სააგენტოში (NASA) “როგალოს ფრთა” უწოდეს.

60-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიელმა წყალმოთხილამურეებმა “როგალოს ფრთა” პირველად გამოიყენეს ინდივიდუალურ საფრენ აპარატად, რომელიც კატარღას ბუქსირით მიჰყავდა. ბილ მეიესი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ აპარატით იფრინა (მიაღწია 300 მეტრის სიმაღლეს). 1963 წლიდან მეიესმა “წყლის ფრანების” დამზადება და გაყიდვა დაიწყო. “წყლის ფრანად” წოდებული “როგალოს ფრთა” ავსტრალიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წელს ჩაიტანა მეიესის თანამშრომელმა ბილ ბენეტმა და “თავისუფლების ქანდაკებას” შემოუფრინა.

1971 წლის 23 მაისს კალიფორნიაში ოტო ლილიენთალის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ ტრადიციულ შეკრებაზე ამერიკელმა აერონავტებმა გადაწყვიტეს, ერთ კონსტრუქციად გაეერთიანებინათ ლილიენთალის ბალანსირებადი პლანერი და როგალოს ფრთა. ეს დღე მიჩნეულია დელტაპლანერიზმის დაბადების დღედ. მიწაზე ფეხით გარბენის შემდეგ დელტაპლანით პირველად აფრინდა დეივ კილბორნი 1971 წელს.

1974 წელს საავიაციო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FAI) დელტაპლანერიზმი საავიაციო სპორტის ახალ სახეობად აღიარა და შექმნა “თავისუფალი ფრენის” კომისია (CIVL), რომელიც ზრუნავს დალტაპლანერიზმისა და პარაპლანერიზმის განვითარებაზე. 1975 წელს ავსტრიაში ჩატარდა პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი დელტაპლანერიზმში (მონაწილეობდა 20 ქვეყნის 300 სპორტსმენი). 1979 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი ორი კლასის _ ბალანსირებადი და აეროდინამიკური (კომბინირებული) მართვის დელტაპლანებისთვის.

61659936d7c0

წყარო: http://www.sok.ge/ge/?p=1349

იხილეთ ასევე
Close
Back to top button