არქივი

პრეზიდენტთა ჩრდილქვეშ… (ნაწილი I)

a93ee2f16846

ბევრი დაწერილა აშშ–ს პრეზიდენტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საინტერესო ფაქტების შესახებ, მაგრამ იშვიათად საუბრობენ იმ ქალბატონების შესახებ, რომლებიც ქვეყნის პირველ პირებს არა მარტო გვერდს უმშვენებდნენ, არამედ თვითონაც დიდი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარების ისტორიაში. წარმოგიდგენთ აშშ–ს 10 ყველაზე ცნობილ პირველ ლედის.

1.დოლი მედისონი
e4471177fb02

ჯეიმს მედისონი
521d38f97126

დოლი პეინ ტოდ მედისონი (Doley Madison) (1768-1849) 17 წლით იყო უმცროსი მის მეუღლე აშშ-ს მე-4-ე პრეზიდენტ ჯეიმს მედისონზე (James Madison), რომელიც თომას ჯეფერსონის (Thomas Jefferson) შვილიშვილი და თეთრ სახლში დაბადებული პირველი ბავშვი იყო. დოლი იყო პირველი ლედი
1809-1817 წწ.-ში. ის უკვე ქვრივი იყო, როდესაც ცოლად მედისონს გაჰყვა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყოლია მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა და საკმაოდ დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ისინი ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები იყვნენ.
ცნობილია, რომ დოლი უძღვებოდა ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პირველ მეჯლისს და საზოგადოება მოხიბლული დარჩა დიასახლისით.
დოლი მედისონი ისტორიაში შევიდა მისი გმირული საქციელით. მან უარი განაცხადა თეთრი სახლის დატოვებაზე ომის დროს 1812 წელს, როდესაც ბრიტანელები უტევდნენ ვაშინგტონს. მიზეზი ერთი იყო – პირველი ლედი აანალიზებდა ეროვნული განძის მნიშვნელობას. საბოლოოდ პრეზიდენტის ოჯახს მაინც მოუწია თეთრი სახლის დატოვება მაგრამ ბრიტანელების მიერ რეზიდენციის გადაწვამდე დოლის ძალისხმევით მოხერხდა ბევრი მნიშვნელოვანი ნივთის გადარჩენა და თაობებისთვის შემონახვა.

2. სარა პოლკი
e8de6858de21

ჯეიმს ნოქს პოლკი
13f4d22f6eba

სარა ჩაილდრის პოლკი (Sarah Polk) (1803-1891) იყო აშშ-ს მე-11-ე პრეზიდენტ ჯეიმს ნოქს პოლკის (James Knox Polk) მეუღლე და პირველი ლედი 1845-1849 წწ.-ში. წყვილმა ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნო და 8 წლიანი ნაცნობობის შემდეგ 1824 წელს ისინი დაქორწინდნენ. ამ დროისთვის სარა 21 წლის იყო, ჯეიმსი – 29. წყვილი უშვილო იყო და ჯეიმსის ძმიშვილს, მარშალ ტეიტ პოლკს (Marshal Tate Polk) ზრდიდა.
სარა პოლკი კარგად განათლებული და მდიდარი ქალბატონი გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა იმ დროისთვის ქალებისთვის დასაშვები ერთერთი უმაღლესი სასწავლებელი. ცნობილია, რომ სარა წერდა მოხსენებებს მეუღლისთვის, პასუხობდა კორესპონდენციებს. ის მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი განათლება მეუღლის კარიერის სასარგებლოდ გამოეყენებინა. სარა ხშირად საუბრობდა პოლიტიკურ საკითხებზე, რაც იმ დროისთვის მიუღებელი იყო ქალებისთვის, თუმცა მისი ყოველი აზრი იწყებოდა სიტყვებით ,,როგორც მისტერ პოლკი ამბობს….”
სამოქალაქო ომის დროს პირველმა ლედიმ რეზიდენციაში სტუმრად მიიღო როგორც გაერთიანების, ასევე კონფედერაციის ოფიცრები და ამ ფაქტით უარი განაცხადა მონობის საკითხში ვინმეს სუბიექტურ მხარდაჭრაზე.
რელიგიური მოსაზრებების გამო მან აკრძალა თეთრ სახლში მეჯლისები, ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოწევა. გარდა ამისა უარს აცხადებდა კარტის თამაშზე და თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებაზე.
როდესაც პრეზიდენტი პოლკი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,მიყვარხარ, სარა, უკუნითი უკუნისამდე მიყვარხარ.” მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სარა პოლკს ძაძა არ გაუხდია დარჩენილი 42 წელი და საკვირაო წირვის გარდა თითქმის არ გადიოდა სახლიდან.

3. აბიგაილ ფილმორი
82b02aa5ed7d

მილარდ ფილმორი
3dd180a21295

აბიგაილ ფაუერს ფილმორი (Abigail Fillmore) (1798-1853) აშშ-ს მე-13-ე პრეზიდენტ მილარდ ფილმორის
(Millard Fillmore) მეუღლე და პირველი ლედი 1850-1853 წწ.-ში. აბიგაილი მილარდის მასწავლებელი იყო ,, ნიუ ჰოუფის აკადემიაში” (,, New Hope Academy”) (ინგლ. – ახალი იმედი) . ის მეუღლეზე ორი წლით უფროსი იყო. პირველი ლედი მთელი ცხოვრება ქმარს გვერდში ედგა და მის განათლებაზე ზრუნავდა, ეხმარებოდა იმის შესწავლაში, რაც თვითონ კარგად იცოდა, ხოლო რა საგნებიც მისთვისაც უცხო იყო, წყვილი ერთად სწავლობდა მათ.
აბიგაილ ფილმორი ისტორიაში შევიდა, როგორც თეთრი სახლის ცნობილი ბიბლიოთეკის დამაარსებელი. იმ დრომდე კონგრესს ეშინოდა თეთრ სახლში ბიბლიოთეკის შექმნის, რათა პრეზიდენტი მეტისმეტად განათლებული და ძლევამოსილი არ გამხდარიყო, მაგრამ წყვილის ცოდნის სიყვარულმა თავისი ქნა და 1850 წელს პრეზიდენტმა ფილმორმა 2000$-ით დააფინანსა ეს იდეა. პირველი ლედი უშუალო მონაწილეობას იღებდა წიგნების შერჩევაში.
აბიგაილი მუსიკითაც იყო გატაცებული და შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, გიტარასა და არფაზე.
1853 წელს იგი გაცივდა შემდგომი პრეზიდენტის, ფრანკლინ პირსის (Franklin Pierce) ინაუგურაციაზე და 26 დღეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ის ერთადერთი პირველი ლედი იყო, რომელიც მხოლოდ 3 წელი დიასახლისობდა თეთრ სახლს. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავდა. მეუღლის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ მილარდ ფილმორი ქეროლაინ მაკინტოშზე დაქორწინდა.

4. ქეროლაინ ჰარისონი
70e2a005a4da

ბენჯამენ ჰარისონი
bb97b8193848

ქეროლაინ ლავინია სკოტ ჰარისონი (Caroline Harrison) (1832-1892) გახლდათ აშშ-ს მე-23-ე პრეზიდენტ ბენჯამენ ჰარისონის (Benjamen Harrison) მეუღლე და პირველი ლედი 18889-1892 წწ.-ში. ქეროლაინის მამა უიზერსპუნ სკოტი (Witherspoon Scott) მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და მათემატიკის პროფესორი გახლდათ. ასევე პირველი პრეზიდენტი ოქსფორდის (ოჰაიოს შტატი) ქალთა ინსტიტუტისა, რომელიც ქეროლაინმა დაამთავრა მუსიკის განხრით. ბენჯამენ ჰარისონი სკოტის მოსწავლე გახლდათ ცინცინატის ფერმერთა კოლეჯში და სწორედ ქეროლაინის მამის მეშვეობით ხასიათებით რადიკალურად განსხვავებულმა წყვილმა ერთმანეთი გაიცნო და 1853 წელს იქორწინა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ.
ქეროლაინის დიასახლისობისას თეთრ სახლში გაიყვანეს ელექტროენერგია, განაახლეს სანტექნიკის გაყვანილობა, ააშენეს დამატებითი სართულები. სწორედ მის დროს დაიდგა თეთრ სახლში პირველი საშობაო ნაძვისხე.
ისტორიაში ქეროლაინი შევიდა, როგორც ქალთა უფლებების დიდი მხარდამჭერი. ის იყო პირველი გენერალური პრეზიდენტი ქალთა ორგანიზაციისა ,,Daughters of American Revolution ” (DAR) (,,ამერიკის რევოლუციის შვილები”), რომლის წევრებიც იყვნენ შთამომავლები იმ პიროვნებებისა, რომლებიც იბრძოდნენ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის.
1892 წელს ქეროლაინი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. 4 წლის შემდეგ 62 წლის ბენჯამენ ჰარისონი 37 წლის მერი დიმიკზე დაქორწინდა.

5.ედით უილსონი
04efc1dae4f8

ვუდროუ უილსონი
b546b90bea33

ედით ბოლინგ გოლთ უილსონი (Edith Willson) (1872-1961) იყო აშშ-ს მე-28-ე პრეზიდენტ ვუდროუ უილსონის (Woodrow Willson) მეუღლე და პირველი ლედი 1915-1921 წწ.-ში. წყვილი დაქორწინდა 1915 წელს. ორივე მათგანისთვის ეს მეორე ქორწინება იყო.
ვინაიდან ედითის დიასახლისობა თეთრ სახლში ომის პერიოდს დაემთხვა, ის ცდილობდა რესურსების განაწილების მაგალითი მიეცა ყველასთვის იმით, რომ ორშაბათობით არ მიირთმევდა ხორცს, ოთხშაბათობით – ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტებს და კვირაობით არ იყენებდა გაზს. გაზონების საკრეჭად, ადამიანთა ძალის დაზოგვის მიზნით, თეთრი სახლის ეზოში ცხვრებს უშვებდა და შემდეგ მათ მატყლს აუქციონზე ჰყიდდა, ფულს კი ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაციაში რიცხავდა.
ედითი ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ძალაუფლების მქონე ქალბატონი. ის დაყვებოდა მეუღლეს საერთაშორისო შეხვედრებზე.1919 წელს პრეზიდენტ უილსონის ინსულტის შემდეგ, ედითს უწევდა ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება. ის არჩევდა, თუ რა ინფორმაციას უნდა ან არ უნდა მიეღწია პრეზიდენტამდე. ბევრი აკრიტიკებდა მას ამის გამო, მაგრამ ფაქტი ერთია ედით უილსონს დღემდე მოიხსენიებენ, როგორც ,,საიდუმლო პრეზიდენტს” და ,,პირველ ქალს, რომელიც მართავდა ამერიკას”. ბევრი მას ,,აშშ-ს პირველ ქალ-პრეზიდენტსაც” კი უწოდებს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ედითმა დიდად შეუწყო ხელი ვუდროუ უილსონის ფონდის განვითარებას.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button