არქივი

პერსონაჟ ჯოკერის შემქმნელი – ვიქტორ ჰიუგო?!

2f0e75ed568e

უსაქმურობისგან და სიცხისგან შეწუხებულმა წიგნებით დატვირთულ (და სამწუხაროდ დამტვერილ) თაროებს მივაშურე და ამოვარჩიე საკმაოდ ძველი წიგნი რომელის გვერდზეც ძლივსღა თუ გაარჩევდით წარწერას “კაცი რომელიც იცინის”…

წიგნი მოგვითხრობს XVII-XVIII საუკუნის ინგლისზე, მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა, მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას მთელი სიცოცხლის მანძილზე მოუწევდა სოფლების მოედნებზე ხალხის გართობა რამდენიმე გროშად, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გვინპლაინს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა, თუმცა მას ბედმა ოდნავ განსხვავებული ცხოვრება მოუმზადა, ის შეხვდა ადამიანს რომელიც საკუთარ თავს ურსუსს ეძახდა (ლათინურად დათვი), მისი თქმით ის ფილოსოფოსი იყო, განმარტოვებით ცხოვრობდა და თავს ექიმბაშობით ირჩენდა, გვინპლაინი იზრდებოდა ბრმა გოგონა დეასთან ერთად.
როდესაც გვინპლეინი გაიზარდა მან სახელი გაითქვა როგორც “კაცი რომელიც იცინის”, რადგან ის, ურსუსი და დეა ქალაქ-ქალაქ დადიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, ხალხისთვის საკმარისი იყო რომ მისი სახისთვის შეეხედათ, ისინი მაშინვე მხიარულებას მიეცემოდნენ, რადგან მათ ასეთი სიმახინჯე ჯერ არ ენახათ, გვინპლეინიც მიეჩვია თავის ბედს და შეეგუა იმ აზრს, რომ მას არასდროს არავის შეიყვარებდა, თუმცა დეას ის უყვარდა როგორც არავის არავინ ჰყვარებია და გვინპლეინსაც უყვარდა დეა იგივე სიძლიერით, ამ წარმოდგენებით გვინპლეინი და მისი ოჯახი საკმაოდ გამდიდრდა და ის ბედნიერადაც გრძნობდა თავს, თუმცა ბედის ჩარევით გამომჟღავნდა რომ ის სინამდვილეში დიდგვაროვანი იყო. თუმცა ნამდვილი განსაცდელი სწორედ აქ ელოდა გვინპლეინს….

ბოდიშს გიხდით თუ წიგნის შინაარსი სერიალის სიუჟეტს დავამსგავსე, უბრალოდ მინდოდა გადმომეცა მცირე შინაარსი წიგნისა ისე რომ მთავარი არ მეთქვა მათთვის ვისაც წაკითხული არ აქვს წიგნი, სინამდვილეში თუ წიგნს წაიკითხავთ მეტად ღრმა აზრს ნახავთ ვიდრე ამ ჩემს “ნაცოდვილარში”..

ცოტა დიდი შესავალი კი გამომივიდა მაგრამ, როდესაც წიგნის კითხვას მოვრჩი გუგლში ინსტიქტურად ჩავწერე წიგნის სათაური და საკმაოდ საინტერესო ფაქტიც გავიგე, როგორც აღმოჩნდა პერსონაჟი ჯოკერი (ჩემი ერთერთი საყვარელი პერსონაჟი) დაფუძნებული ყოფილა ზემოთ აღნიშნული წიგნის მთავარ გმირზე – გვინპლეინზე, როდესაც წიგნს ვკითხილობდი და ავტორი აღწერდა გვინპლეინის სახეს, მაშინვე რატომღაც ჯოკერი გამახსენდა ასე რომ ძალიან გაკვირვებულიც არ დავრჩენილვარ, თუმცა ფაქტი თავისთავად საკმაოდ საინტერესოა.

1928 წელს ამ წიგნზე ფილმიც არ გადაღებული, ზარმაცებს, ვისაც კითხვა გეზარებათ შეგიძლიათ უყუროთ, თუმცა არ გირჩევთ რადგან ბევრი რამ არსებითად არის შეცვლილი, მათ შორის დასასრულიც.

წიგნის კითხვის დროს მუდმივად მქონდა შეგრძნება რომ ავტორის ჩანაფიქრს ვერ ვხვდებოდი, თითქოს მას სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული მე კი სხვა აზრი გამომქონდა, როდესაც თავიდან დავიწყე კითხვა მეგონა წიგნის მთავარი გმირი ურსუსი იყო, შემდეგ მეგონა რომ წიგნი მაშინდელი მონარქიის კრიტიკას ემსახურებოდა, შემდეგ მეგონა რომ ეს იყო წიგნი გვინპლეინის შურისძიებაზე, ბოლო მეგონა რომ ეს იყო წიგნი სიყვარულზე, თუმცა არცერთი გამართლდა, როდესაც წიგნის ბოლო სტრიქონები წავიკითხე, მივხვდი რომ ამ წიგნს მხოლოდ ერთი მთავარი გმირი ჰყავს და ეს არის ცხოვრება, სიცოცხლე, წუთისოფელი, რაც გინდათ ის უწოდეთ, მხოლოდ წუთისოფლის უკუღმართობას შეიძლება მივაწეროთ ის რომ ბრმა უფრო მეტს ხედავს ვიდრე ხილული, ის რომ მახინჯი უფრო ლამაზია ვიდრე ჩვენთვის მიღებულის სილამაზის მქონე ადამიანი, ის რომ ღარიბი უფრო ბედნიერია ვიდრე მდიდარი, ის რომ დიდებულების მიერ ცხოველებად მიჩნეული მდაბიოები მათზე უფრო დიდი ადამიანები არიან, ის რომ რათა შენ სიყვარულთან იყო, ამისთვის საჭიროა მოკვდე… სწორედ ამ მიზეზების გამო მგონია რომ ამ წიგნის გმირმა არა მარტო თავისი გარეგნობით მოახდინა მომავალ ჯოკერზე გავლენა, არამედ მის პიროვნებაზეც, ამ წიგნში აღწერილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები რატომღაც ძალიან გვაგონებს ჯოკერის პიროვნებას, ისიც ხომ ცხოვრებასავით ქაოსურია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით შევძლებთ ქაოსში წესრიგიც შევამჩნოით.

P.S. ბოლოს მინდა ვთქვა რომ პოსტი ცოტა სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა სხვანაირი გამომივიდა, ცოტა უფრო მეტი ყურადღება გავამახვილე წიგნზე, ალბად იმიტომ რომ ჯერ კიდევ ამ დიდებული წიგნის ზეგავლენის ქვეშ ვარ, თუმცა იმედი მაქვს პოსტით ისიამოვნეთ და წიგნსაც წაიკითხავთ, მისი წაკითხვა ნამდვილად ღირს.

მსგავსი ამბები

Back to top button