არქივი

10 რჩევა სოკოს მოყვარულთათვის

03fe52364bf4
მცირეოდენი ინფორმაცია სოკოს შესახებ

სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის (რომელთაც სჭირდებათ სპეციალური კულინარული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე) და შხამანად, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს). მოშხამვებს ძირითადად შხამიანი ან პირობითად შხამიანი სომოები იწვევს, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ.

პირობითად ვარგისი სოკოებიც იწვევს სასიკვდილო მოშხამვას. ასეთ სოკოებს უვნებელს ხდის 10-20 წუთი ხარშვა (ნახარში უნდა გადაიღვაროს) ან 2-3 კვირა შრობა. დუღილის დროს შხამი ნახარშში გადადის, ხოლო შრობისას იშლება. სოკოების ზოგი სახეობის დამუშავება კი ხდება მათი დამარილებით, დამწნილებით, დამუჟუჟებით. ამგვარი დამუშავების დროსაც შხამი იშლება.

სოკოს გამოყენებას საკვებად დიდი ხიფათი ახლავს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა კიდევ ერთხელ მივმართავ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:

1# შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
2# სოკოს რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
3# არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
4# სოკოს, განსაკუთრებით ხრაშუნას მოგროვებისას, ამოიღეთ იგი მთელი ფეხით;
5# თუ ტყეში აპირებთ ქამა სოკის მოგროვებას, ყურადღება მიაქციეთ ქუდის გარსის ფერს. არასდროს შეაგროვოთ და ჭამოთ ქამა სოკო, რომელსაც აქვს თეთრი ფერის გარსი. საკვებად ვარგისი ქამა სოკოს გარსი სწრაფად იღებს ვარდისფერს, შემდეგ კი მუქდება. შხამიან თეთრ შხამა სოკოს, რომელიც გარეგნულად ქამა სოკოს ჰგავს, გარსი ყოველთვის თეთრი ფერის აქვს;
6# თუ მარინადის დასამადებლად აგროვებთ ნაბადას, სოინჯს, სნშიოს, არყას, პაჭიჭას ან სხვა სოკოს, რომელიც შეიცავს რძისებრ წვენს, აუცილებელია წინასწარ მოხარშოთ ან დაალბოთ, რათა მათგან გამოიყოს მწარე, კუჭისთვის გამღიზიანებელი ნივთიერებები;
7# არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
8# ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
9# მცდარია წარმოდგენა, იმის შესახებ, რომ შხამიან სოკოსთან ხარშვისას ხახვი და მოვერცხლილი საგნები მუქდება;
10# საკვებად ვარგის სოკოს ნუ შეაგროვებთ ქალაქის პარკებში, სკვერებში, ეზოებში, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გასწვრივ. აღნიშნულ ადგილებში სოკოები შთანთქავენ მომწამლავ ნივთიერებებს და საკვებად უვარგისია.

P.S გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და აღარ მოიწამლებით.

წყარო: medportal.ge

მსგავსი ამბები

Back to top button