არქივი

ფერეიდნელი ქართველები

791a2035e304

მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყნებში გადასახლება, ისედაც ერთი მუჭა ქართველებისათვის, ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არც შაჰ-აბას პირველის დროს დაწყებულა და არც მისი მბრძანებლობის მერე დამთავრებულა. იგი დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, რაშიც ირანი და თურქეთი ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს.

თემურლენგს ნაკლებად არ აუყრია ქართველები მშობლიური მიწიდან, მაგრამ შაჰ-აბასის სახელი მასზე უფრო მწარედ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, შაჰ-აბასს 130 ათასი სული გადაუსახლებია ირანში, მაგრამ ფრანგი მოგზაურის – შარდენის გამოანგარიშებით, საქართველოს ოთხგზის დალაშქვრის შედეგად შაჰს ირანში ტყვედ 400 ათასამდე ქართველი წაუსხამს.

მშობლიური მიწიდან აყრილთა ბედი სხვადასხვაგვარი ყოფილა – ნაწილი გზაშივე იყიდებოდა ან იხოცებოდა, ნაწილი ირანის სხვადასხვა რაიონში ჯგუფ-ჯგუფად მიმოიბნეოდა და თანდათან ადგილობრივ მოსახლეობაში ითქვიფებოდა.

ერთადერთნი არიან ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც არ აითქვიფნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და შეინარჩუნეს ქართველობა.

ქართველთა გადასახლება ირანში შაჰ-აბასის პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა – ერთი მხრივ, მათ ნაფუძარზე მაჰმადიანურ თურქმანულ ტომთა დასახლებას და ამით ირანის სახელმწიფოს განაპირა ზოლის საიმედოდ დაცვას, მეორე მხრივ, ირანში გადასახლებული ქართველებით მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან ირანელთა დაცვას.

შაჰ-აბასს ტყვე ქართველები ფერეიდანში დაუსახლებია. ქართველები ფერეიდნის თოთხმეტ სოფელში ცხოვრობენ. მათი საერთო რიცხვი 12 ათასამდეა. აი, ის სოფლებიც: ახორე ბალა (ზემო მარტყოფი) – ახლანდელი ფერეიდუნშაჰრი, სიბაქი (ვაშლოვანი), ჩოდრეთი (ჩუღურეთი), აფუზი (რუისპირი) და სხვ.ამ სოფლებში მცხოვრებთა ქართული გვარებია: ასლანიშვილი, ასპანაშვილი, ბათუაშვილი, გუგუნაშვილი, იოსელიანი, ხუციშვილი და სხვ…

ფერეიდანი ირანის გადაშიშვლებულ მთებში მდებარეობს. ქართველი კაცის გამრჯე მარჯვენას თავისი კვალი დაუმჩნევია ამ მხარისათვის, რაც თავის დროზე შეუმჩნეველი არ დარჩენია ინგლისელ მოგზაურს ჰენრი ლაიარდს, რომელმაც 1840 წელს პირველმა აღწერა ქართველებით დასახლებული ეს სოფლები. აი, რას წერს იგი: „მათი სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებებისაგან“.

რამდენადაც ფერეიდანი მთიანი მხარეა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ძირითადად მთისწინებსა და ხეობებში, მდინარეთა ნაპირებზე მდებარეობს. აქ მოჰყავთ ხორბალი, ქერი, პარკოსანი მცენარეები, ბაღჩეული… ხარობს სხვადასხვა სახის ხილი, მოჰყავთ ყურძენი. ეწევიან მესაქონლეობას.

როგორც მთელ ირანში, ისე ფერეიდანშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შინამრეწველობას, განსაკუთრებით, ხალიჩების ქსოვას, სადაც ქართულ მოტივებსაც შეამჩნევს თვალი.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადი აღნიაშვილი ფერეიდნელთაგან სამ ელემენტს გამოჰყოფს: ენას, ქართველობას და ზნეობას.

მართლაც, ფერეიდნული ქართული უნიკალური მოვლენაა. ეს არის ოთხი საუკუნის წინანდელი ქართული მეტყველება, რომელიც ჯიუტად განარძობს არსებობას უცხო ენობრივ სივრცეში.ფერეიდანში თქვენ მოისმენთ თავანკარა ქართულს და მოგეცემათ საშუალება იმოგზაუროთ მშობლიური ენის წარსულში. ქართული ყველა ფერეიდნელმა იცის, რადგან ისინი ქართულად იდგამენ ენას.

ფერეიდნელთა დახასიათებისას არ შეიძლება ერთ რამეს არ გაესვას ხაზი. რად ღირს იმის აღნიშვნა, რომ მთელი ოთხი საუკუნის მანძილზე ფერეიდანში არ ახსოვთ, ქართველს ქართველი მოეკლას. აი, როგორ უფრთხილდებოდნენ და უფრთხილდებიან ერთმანეთს ფერეიდნელი ქართველები.

მართალია, ფერეიდნელები ოთხი საუკუნეა ირანის მიწაზე ცხოვრობენ და ირანელებად ითვლებიან, მაგრამ ისინი წამითაც არ ივიწყებენ იმას, რომ ქართველები არიან, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა და დიდი და პატარა ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე, საქართველოს ნახვაზე

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button