არქივი

ცოტა რამ სვირინგის შესახებ

b236f538b291
ევროპაში სიტყვა ტატუ (tattoo ან tatu) შემოვიდა კაპიტან კუკის ტაიტიში მოგზაურობის შემდეგ და ნიშნავს “ჭრილობას”, “ნიშანს”. ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის. მსოფლიოში ყველაზე ძველი ტატუ გიზას პირამიდის შესწავლის შემდეგ ეგვიპტეში იქნა აღმოჩენილი. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ

ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება შთამომავლობით მიიღეს და დიდი სავაჭრო ქსელის წყალობით ბერძნებსა და სპარსელებსაც ასწავლეს სხეულის მოხატვა. ძველი ეგვიპტის მსგავსად ტატუირების ნიმუშები მეცნიერების მიერ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია აღმოჩენილი.

ტატუ ყველაზე პოპულარული იაპონიაშია. იქ მას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულზე სამგანზომილებიანი სურათების ხატვა.

მეცნიერების ვარაუდით, ტატუირების ხელოვნება სამხრეთ ამერიკაში ჩუქჩებმა ჩაიტანეს და ინდიელებში გაავრცელეს.

ინდიელები სხეულზე გამოისახავდნენ სალოცავ ტოტემებს და ფიქრობდნენ, რომ მათ ეს ძალას აძლევდა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ტატუირება პოპულარული გახდა საქართველოშიც. სამწუხაროდ ჩვენი ეროვნული ნიშან-თვისებების გაუთვალისწინებლად, ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომები, რომ იგი შეიძლება გამოვიყენოთ: ესთეტიურ-დეკორატიული თვალსაზრისით, სამკურნალოდ და ბიოენერგეტიკული ველის გასაუმჯობესებლად.

კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დერმატო-კოსმეტოლოგიური განყოფილების კაბინეტის ხელმძღანელი რუსუდან ლაცაბიძე:

“ტატუირება არის სპეციალურად მომზადებული საღებავების შეყვანა კანში, ნემსის საშუალებით. ტატუ შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ხანგრძლივობისა და შინაარსის. ტატუირებამ შესაძლებელია კანის დაზიანება არ გამოიწვიოს თუ ის პროფესიონალის მიერ არის გაკეთებული. აუცილებელია ხარისხიანი პიგმენტი და სტერილური ნემსი. ტატუირების ოსტატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხატვის ნიჭი, მაგრამ თუ ეს პირობები დარღვეულია, შესაძლებელია სავალალო შედეგებიც კი მივიღოთ, კანის კიბო, ანთებები, ინფექციები ასევე უნიჭოდ შესრულებული ნახატები, რომლებიც ესთეტიური ეფექტის ნაცვლად, ადამიანის დაცინვის საბაბიც კი შეიძლება გახდეს”.

ტატუირების სპეციალისტი კოტე ადამია:

“სვირინგი და ტატუ ერთი და იგივეა. განსხვავება ის არის, რომ სვირინგს ევროპაში უწოდებენ, ტატუს კი საქართველოში. ტატუირება ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის სხეულზე, მის კანზე კეთდება.მსურველი ძალიან ბევრია, ძირითადად გოგოები, ვიდრე ბიჭები. ბიჭებში აქტუალურია მგლის, ვეფხვის, დრაკონის და სხვა მსგავსი ტიპის ორნამენტების გამოსახვა. გოგოებში კი ძირითადად ყვავილი, ვარსკვლავი, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა ნახატებია პოლულარული.ტატუს გაკეთება უსაფრთხოა, რადგან დამზადებულია მცენარეული მასალით”. ხოლო თუ ტატუირების მოცილებას გადავწყვეტთ, ეს საქმე მხოლოდ კარგ კოსმეტოლოგს უნდა მივანდოთ.

კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დერმატო-კოსმეტოლოგიური განყოფილების კაბინეტის ხელმძღანელი რუსუდან ლაცაბიძე:

“ტატუს კანიდან მოცილება სხვადასხვა მეთოდით ხდება, რაც საკმაოდ დიდ ტკივილთანაა დაკავშირებული: კანის აქერცვლის საშუალებით, აზოტით დამწვრობის მიყენებით, ასევე ელექტრონემსით. იგი მოწვავს ტატუს და გაჩნდება ფუფხი, რომელიც 7-10 დღეში ქრება, მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებელია დარჩეს ადვილად შესამჩნევი კვალი, ნაწიბურების სახით”.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე:

“ტატუ – ეს არის ეშმაკის რუკა. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი მისცა. ადამიანის სხეულზე კიდევ რამის დატანა რომ ყოფილიყო საჭირო, უფალი, რა თქმა უნდა, ამას დაიტანდა და “დახატავდა”.

ტატუირება უფლის საწინააღმდეგო საქმეა. ეკლესია ეწინააღმდეგება სხეულზე რაიმეს დახატვას. ეს არის სხეულის წაბილწვა.

ტატუ არ არის შეწყნარებული ეკლესიის მხრიდან. ვინც ამას გააკეთებს, ცოდვას სჩადის და დროულად უნდა მოეგოს გონს, უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, რათა არ შეიქმნას უფლის მოწინააღმდეგე.

ნივთიერება, რომელიც სხეულზე დაიტანება, არის მუდმივი და დროებითი. ტატუ მავნებელია როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ისე მისი სულისა და სხეულისთვის. ტატუ სულისთვის არის ბოროტი ძალის ზემოქმედება, ხოლო სხეულისთვის კი მავნებელია. არავინ არ იცის, თუ რა შემადგენლობა აქვს მას. იგი მინიმუმ ალერგიას იწვევს, მაქსიმუმ – შესაძლოა, რომ სისხლის ფორმულებზეც იმოქმედოს.

წმინდა წერილში წერია, “სხეულს ადამიანი ფუფუნებს და უფრთხილდება”. ცუდია, რომ ადამიანი თავის სხეულზე ასეთ რაღაცებს უკეთებს. ადამიანის სხეული ხომ სულიწმინდის ტაძარია. როგორც ვიცით, ადამიანს სული და ხორცი გააჩნია. სული, რომელიც არის სხეულთან ერთად და ჩვენი სხეული გვევლინება სულიწმინდის ტაძრად. ამ ტაძრის ნებისმიერი მეთოდით შებღალვა და დაბინძურება დაუშვებელია. ტატუ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი უფლის ტაძარს რაღაცნაირად რყვნის.

ტატუირება წარმართული დროიდან მომდინარეობს. ტატუ – ეს არის ეშმაკის ბეჭედი. რასაც დაიხატავ სხეულზე, ის გაქვს სულში და მისი მიმდევარი ხდები.

ბევრი ახალგაზრდა გაუცნობიერებლად იკეთებს ტატუს. ეს მათ ბილწავს და უვლენს განსაცდელს, დაბრკოლებებს, რომლებიც ცოდვიდანაა გამოწვეული.

მით უმეტეს, მართლმადიდებელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაც აკრალულია ეკლესიისაგან, თავიდან უნდა აიცილოს. ესე იგი, უნდა ერიდოს იმ ხიფათს, რასაც ტატუირება ჰქვია”.

ასე, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ ვინმეს მაინც გაუჩნდება სურვილი, ტატუირება გაიკეთოს, გაითვალისწინეთ ერთის მხრივ , რომ მისი მოშორების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში კანზე მაინც რჩება არაესთეტიური ნაწიბურები და მეორეს მხრივ ის, რომ იგი ითვლება ცოდვად. ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგავდეთ, კარგად დაფიქრდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.
3fa187cdc9d3
წყარო : madlieri.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button