არქივი

ოიდიპოს მეფე

d8212eca6804

გააგრძელე არ ინანებ

ოიდიპოსი (ბერძნ. Οίδιπους) მეფე ლაიოსის და იოკასტეს ვაჟი, თებეს მითიური მეფე, რომელმაც გაუცნობიერებლად საკუთარი მამა მოკლა და დედაზე იქორწინა.
ოიდიპოსის დედას მითებში ეპიკასტეს უწოდებენ, იოკასტე მას ტრაგიკოსებმა შეარქვეს. ოიდიპოსის მამას უწინასწარმეტყველეს, რომ მას მოელოდა თავისი შვილის ხელით სიკვდილი. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც მას ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (ოიდიპუს ნიშნავს ფეხებშეკრულს) და მონას გადასცა გადასაგდებად, მაგრამ მონას შეეცოდა ჩვილი და აღსაზრდელად მისცა მწყემსებს კორინთოში. არსებობს მითის ძველი ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც მამამ ბავშვი თვითონ გადააგდო ზღვაში, მაგრამ ტალღებმა იგი ნაპირზე ცოცხალი გარიყეს და სიკიონის მეფემ იგი შვილად აიყვანა. როდესაც ოიდიპოსი გაიზარდა, დელფოს ორაკულმა უწინასწარმეტყველა, რომ მამას მოკლავდა და დედას ცოლად შეირთავდა. ამ საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა ოიდიპოსმა გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო და სასწრაფოდ გაეცალა კორინთოს. გზაში მას, ერთ–ერთ გზაჯვარედინზე შეეჩეხა ვინმე დიდებული, რომელიც შეედავა, შემდეგ შეებრძოლა და შემდეგ შემოაკვდა კიდეც. მასთან ერთად ოიდიპოსმა მისი მთელი ამალა ამოხოცა ერთის გარდა, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ოიდიპოსი წავიდა თებეში და შესასვლელში მიადგა სფინქსს, რომელიც დარაჯობდა ქალაქის შესასვლელს და შესვლის მსურველთ უსვამდა კითხვას: “რა არის ისეთი, რაც დილას დადის ოთხ ფეხზე, შუადღისას – ორზე, და საღამოს – სამზეო”, გამოცანას ვინც ვერ გამოიცნობდა, სფინქსი ყველას ჭამდა. ოიდიპოსმა გამოიცნო ეს გამოცანა – უპასუხა ეს ადამიანიაო, ამით გამწარებული სფინქსი უფსკრულში გადაიჩეხა. თებე განთავისუფლდა ამ საშინელი ურჩხულისაგან და მადლიერმა თებელებმა გმირს ახლად დაღუპულ მეფის ულამაზესი ქვრივი და სამეფო ტახტი შესთავაზეს. ოიდიპოსმა მიიღო შენათავაზები ჯილდო და თებეს მეფე გახდა. იოკასტეს და ოიდიპოსის ქორწინების შედეგად დაიბადნენ ვაჟები: ეტეოკლე და პოლინიკე და ქალები: ანტიგონე და ისმენე.
გარკვეული ხნის შემდეგ ქვეყანას შიმშილი და ჭირი მოედო. დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველების მიხედვით ყოველივე ამას არ მოეღებოდა ბოლო, მანამ ქალაქიდან ლაიოს მეფის მკვლელი არ გაძევდებოდა. ოიდიპოსი შეუდგა დამნაშავის ძებნას. გარკვეული დროის შემდეგ მან მიაგნო ლაიოსის ამალიდან გადარჩენილ ერთადერთ მოხელეს და მისგან გაიგო საშინელი ამბავი: რომ ის დიდებული, რომელიც მან რამოდენიმე წლის წინად გზაჯვარედინზე მოკლა, იყო სწორედ ლაიოს მეფე. ეს გადარჩენილი მოხუცი კი გამოდგა სწორედ ის, რომელსაც მრავალი წლის წინად ლაიოსმა ფეხებგაკოჭილი ოიდიპოსი გადასცა გადასაგდებად და დაადასტურა, რომ ოიდიპოსი ლაიოსისა და მისი ცოლის იოკასტეს ვაჟი იყო. ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო გამწარებულმა გმირმა და თავი დაიბრმავა. იოკასტემ კი გაიგო რა, რომ ახდა წინასწარმეტყველება, თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ დაბრმავებული მეფე გასცილდა თებეს და უგზო–უკვლოდ ხეტიალი დაიწყო. ოიდიპოსის შემდგომი ცხოვრების შესახებ არსებობს მრავალი, სხვადასხვა შინაარსის ლეგენდა. ერთ–ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ მან ცხოვრების უკანასკნელი წლები ისევ თებეში გაატარა. სხვა მითის მიხედვით მამა შვილებმა განდევნეს სამშობლოდან, რისთვისაც მან ისინი დაწყევლა და სწორედ ეს გახდა მათ შორის განხეთქილებისა და მათი დაღუპვის მიზეზი. ერთ–ერთი ათენური ლეგენდის თანახმად ოიდიპოსმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები კოლონოში გაატარა. ზოგიერთი მეცნიერი ოიდიპოსს წინაბერძნულ ღვთაებად მიიჩნევს. სამხრეთ და შუა საბერძნეთში შემორჩენილია ოიდიპოსის კულტის ნიშნები. ჯერ კიდევ კლასიკურ პერიოდში ოიდიპოსის მითი დაამუშავეს და გამოიყენეს სოფოკლემ, სენეკამ, ესქილემ, ევრიპიდემ და სხვებმა. მითმა შთააგონა კორნელი, ვოლტერი, შილერი და ხელოვნების სხვა კორიფეები.სპექტაკლი ოიდიპოს მეფე ასევე დაიდგა საქართველოში რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით,ოიდიპოსის როლს ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა

მსგავსი ამბები

Back to top button