არქივი

სულთანი ბეიბარსი

45jbd
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სტატია ისლამის ერთ-ერთ უდიდეს ლიდერზე, ალაჰის რაინდზე და ჯვაროსნების დაუძინებელ მტერზე, მამლუქ სულთან ბეიბარსზე:

ბეიბარსი, სრული სახელი – ალ მალიქ, ალ ზაქირ რუქნ ალ-დინ ვა-დ-დინ ბეიბარს ალ-ბუნდუკდარი ას სალიჰ(არაბ. الملك الظاهر ركن الدين بيبرس البندقداري, 1223 ან 1225 – 1277, 1 ივლისი, დამასკო) – ეგვიპტისა და სირიის მამლუქი სულთანი(1260-1277) ბაჰრიტების დინასტიიდან. ცნობილია წარმატებული ომებით პალესტინასა და სირიაში მონღოლი ილხანებისა და ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ.
ბეიბარსის წარმომავლობა ახლაც დავის საგანია. ყველაზე მიღებული ვერსიის თანახმად ის დეშტ-ი-ყიფჩაყში დაიბადა, შავი ზღვის ჩრდილოეთით და ბერშების თურქული ტომის წარმომადგენელი იყო. დედამისს აინეკი ერქვა, ხოლო მამას ჟამაკი, ორივენი ცნობილი და დიდებული გვარიდან იყვნენ. დაბადების სახელად ბავშვს მაჰმუდინი ან მაჰამედდინი უწოდეს. სულთან ბეიბარსად ის მხოლოდ შუა ხნის ასაკში იქცა. მონღოლთა შემოსევის დროს ბეიბარსის ტომმა ბულგარეთის ხანს მიმართა დასახმარებლად, რომ ნება დაერთო მათთვის მის ტერიტორიაზე გაევლოთ. ხანი დასთანხმდა, მაგრამ შემდეგ გზაში თავს დაესხა მათ და დიდძალი ნადავლი და ტყვე ჩაიგდო ხელთ. ბეიბარსის ყირიმის სტეპებში დაბადების ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც სულთანი გახდა, მან ყირიმის ქალაქ სოლხატში მდიდრული მეჩეთი ააგებინა. ამ ისტორიული ძეგლის ნანგრევები ახლაცაა შემორჩენილი და ბეიბარსის მეჩეთი ეწოდება.
ost9u
ბულგარელებმა ბეიბარსი 800 დირჰემად მიყიდეს დამასკოელ ვაჭარს, ალ-იმად ად-დაიგუს, მაგრამ როდესაც ვაჭარმა დაინახა, რომ ახალგაზრდა მაჰმუდინს ერთ თვალის კაკალზე სითეთრე ჰქონდა, რაც მას მხედველობასაც უშლიდა და ამახინჯებდა კიდეც, გადაწყვიტა გაეყიდა. მომავალი სულთანი მამლუქმა ამირამ ალ-ად-დინ აიტეგინ ალ-ბუნდუკდარმა შეიძინა. მას შემდეგ მაჰმუდინს ბეიბარს ალ-ბუნდუკდარი ეწოდა. როგორც სხვა მამლუქები, ბეიბარსი ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის ერთ-ერთი კუნძულზე, როდზე გაიგზავნა სამხედრო ხელოვნების შესასწავლად და საბრძოლველად მოსამზადებლად. აქ მან ყველაფრის შესანიშნავი უნარი გამოავლინა და კარგი მამლუქი გამოვიდა. ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი და ძლიერი მეომარი შეამჩნია ეგვიპტის სულთანმა, ალ-სალიჰ აიუბმა და თავისი გვარდიის ერთ-ერთი რაზმის უფროსად დანიშნა(1246).
პირველი საბრძოლო ნათლობა ბეიბარსმა აიუბიდების არმიის ომებში მიიღო, მანსურისა და ფარისკურეს ბრძოლებში 1250 წელს. ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაური, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI ტყვედ ჩავარდა და მხოლოდ უზარმაზარი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა. შემდეგმა ეგვიპტელმა სულთანმა, თურანშაჰმა თავისი გადაწყვეტილებებით მამლუქების უკმაყოფილება გამოიწვია და მათმა ჯგუფმა ბეიბარსის ხელმძღვანელობით ის სიცოცხლეს გამოასალმეს. სულთნის ტახტი დაიკავეს თურანშაჰის ქვრივმა შაჯარ ად-დურმა და მის ქმრად გამოცხადებულმა მამლუქმა აიბეკმა(ალ-მალიქ ალ-მუ’იზზ იზზ ად-დინ აიბეკ ატ-თურქმანი ად-ჯაშნაკირ ას-სალიჰი, არაბ.الملك المعز عز الدين أيبك التركماني الجاشنكير الصالحى). 1255 წლის შემოდგომაზე სულთანმა აიბეკმა და ამირა კუტუზმა მოკლეს ამირა აქტაი, რადგან ხედავდნენ, როგორ იზრდებოდა მისი გავლენა. ბეიბარსი, კალაუნი და სხვა მამლუქები, რომლებიც ახლოს იყვნენ აქტაისთან, შეშინდნენ, რომ მათაც იგივე ბედი ელოდათ და სირიაში გაიქცნენ.
ბეიბარსი ადგილობრივი მმართველის, ალ-ნასირ იუსუფის(სალადინის შვილიშვილის შვილისამსახურში შევიდა, მანამდე, სანამ მის ტახტზე ამირა კუტუზი არ ავიდა(1259 წ. 12 ნოემბერი).

ამის შემდეგ ბეიბარსი ეგვიპტეში დაბრუნდა. კუტუზმა მას სამმართველოდ გამოუყო ქალაქი კალიუბი მიმდებარე ტერიტორიებით და ასევე ლიბიის უდაბნოს ოაზისები. 1260 წელს კაიროში ჰულაგუ ყაენის ელჩობა გამოცხადდა კაპიტულაციის მოთხოვნით. მონღოლეთის არმიამ გატეხა ირანელი ისმაელიტების წინააღმდეგობა(1256 წ. ქართველი მეფის, დავით ულუს დახმარებით), გაანადგურა აბასიდების სახალიფო(1258), დაიკავა სირია(1259-1260) და თითქმის ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია. სწორედ ამ დროს ჰულაგუმ დიდი ყაენის, მუნქეს სიკვდილის შესახებ შეიტყო და იძულებული გახდა აღმოსავლეთში დაბრუნებულიყო და პალესტინაში მხოლოდ მცირერიცხოვანი მონღოლური კორპუსი დაეტოვებინა კიტ-ბუღას მეთაურობით. კუტუზმა ბეიბარსის ინიციატივით დაასჯევინა მონღოლი ელჩები. ომი ჰულაგუს საყაენოსა და ეგვიპტის სასულთნოს შორის გარდაუვალი გახდა. მალე კუტუზი და ბეიბარსი კაიროდან დაიძრნენ, გაიარეს იერუსალიმის სამეფო და ჯვაროსანთა დედაქალაქ აკრასთან დასცეს ბანაკი, სადაც სამი დღით შეისვენეს და მარაგი შეივსეს. ბეიბარსს სურდა დაეკავებინა აკრა, მაგრამ კუტუზმა უარი თქვა მოკავშირეზე თავდასხმის განხორციელებაზე. 1260 წლის 3 სექტემბერს მონღოლური და ეგვიპტური ჯარები ერთმანეთს აინ-ჯალუტთან დაუპირისპირდნენ, ნაზარეთის მახლობლად. ბეიბარსმა მოჩვენებითი უკანდახევით კიტ-ბუღა საფარში შეიტყუა, სადაც ის ყველა მხრიდან ეგვიპტელებით გარემოცული აღმოჩნდა. მონღოლთა ჯარი დამარცხდა, კიტ-ბუღა ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დაისაჯა. მონღოლთა შემოსევა ლევანტში შეჩერდა, ხოლო მამლუქები სირიაში შევიდნენ.

მონღოლების დამარცხების შემდეგ ბეიბარსს სურდა სამმართველოდ მიეღო მდიდარი ქალაქი ჰალაბი, მაგრამ სულთანი სხვაგვარად ფიქრობდა. შურისძიების სურვილით ანთებულმა ბეიბარსმა სხვა ამირებთან ერთად შეთქმულება მოაწყო. მოღოლების დამარცხების შემდეგ კაიროსკენ მომავალ გზაზე ნადირობისას ბაიბარსმა კუტუზს ტყვე მონღოლი გოგონა სთხოვა, ისიც დასთანხმდა თხოვნაზე. “მადლიერი”ბაიბარსი მას მიუახლოვდა რომ ხელზე ეკოცნა. ეს ნიშანი იყო, ამ დროს წამოიშალნენ შეთქმული მამლუქები და თავს დაატყდნენ კუტუზს, ხოლო ბეიბარსმა კისერში ხმალი შემოკრა მას(1260 წ. 24 ოქტომბერი). ამირების გადაწყვეტილებით სულთანი ბაიბარსი გახდა და იმავე წელს ის ტრიუმფით შევიდა კაიროში. გახდა თუ არა მბრძანებელი, თავის ყოფილ ბატონს, აიტეგინ ალ-ბუნდუკდარს დამასკოს მმართველობა ჩააბარა. ბეიბარსის პირველი გადასაჭრელი პრობლემა მონღოლთა და მათ მოკავშირეთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომლებიც აინ-ჯალუტისა და ხომსის(1260 წ. 11 დეკემბერი) ბრძოლების შემდეგაც შეიძლებოდა დამუქრებოდნენ ეგვიპტის სასულთნოს საზღვრებს. ბეიბარსმა დიპლომატიური კონტაქტი დაამყარა რუმ-იკონიის სასულთნოსა და საქართველოს სამეფოსთან და ბიზანტიის იმპერატორ მიხაელ VIII პალეოლოგოსთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეგვიპტის ხომალდებს შავ ზღვაში შესვლის უფლება ეძლეოდათ. სულთანი ასევე დაუმეგობრდა სიცილიის სახელმწიფოს მეფეს, მანფრედ სიცილიელს და გიბელინთა პარტიას აღმოსავლეთში. ყველაზე ძლიერი მოკავშირე ბეიბარსმა ჩრდილოეთ კავკასიაში შეიძინა, ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას სახით, რომელიც ილხანთა საყაენოსთან არცთუ კარგ დამოკიდებულებაში იყო. 1262 წელს ეგვიპტის სულთანმა ალანი ვაჭრის დახმარებით წერილი გაუგზავნა და ისლამის მიღება შესთავაზა. ამას გარდა ოქროს ურდომ იტალიელი ვაჭრების მეშვეობით ეგვიპტეში მონების დიდი პარტია გაგზავნა, რომლებიც შემდეგ მამლუქებად გაიწვრთნებოდნენ და გააძლიერებდნენ ბეიბარსის არმიას. განსაკუთრებულ ყურადღებას ბეიბარსი სირიას უთმობდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა, მათ შორის ჰალაბი. 1261 წელს აიტეგინ ალ-ბუნდუკარის მეთაურობით ეგვიპტის ჯარმა დაამარცხა და დასაჯა მამლუქი სანჯარ ალ-ჰალაბი, რომელიც აინ-ჯალუტის შემდეგ კუტუზმა დამასკოს მმართველად დანიშნა, ხოლო ბეიბარსის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თავს სრულიად დამოუკიდებლად თვლიდა. ეგვიპტელებმა დაიკავეს ელ-კარაკის ციხე-სიმაგრე იორდანიაში და გაამაგრეს სირიის სხვა ქალაქები და სიმაგრეები, ასევე მოაწყვეს იარაღის რამდენიმე დიდი არსენალი და შექმნეს სატვირთო და სამხედრო ხომალდებისგან შემდგარი ფლოტი.

ბეიბარსმა გაიმყარა ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. მან 1261 წელს ხალიფად გამოაცხადა ალ-მუსტანსირი(აბუ-ალ-აბას აჰმედ იბნ აზ-ზაჰირ იმამ ალ-მუსტანსირ ბილლაჰი, არაბ. المستنصر بالله الثاني), ბაღდადის ხალიფის, აზ-ზაჰირის(1225-1226)ძე, რომელიც ფორმალურად ბაღდადის მმართველი და ისლამური სამყაროს ლიდერი გახდა(სინამდვილეში მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა). ახლა ბეიბარსს, როგორც ისლამის მეომარს შეეძლო ეწარმოებინა მასშტაბური, საერთო ისლამური სამხედრო მოქმედება ქრისტიანების წინააღმდეგ ლევანტში(იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო და კილიკიის სამეფო). 1262 წელს მამლუქებმა ანტიოქიის მიმდებარე ტერიტორია დაარბიეს. ამით დაიწყო ეგვიპტელთა ყოველწლიური ლაშქრობები პალესტინაში. 1263 წელს სულთნის მეთაურობით მამლუქებმა დალაშქრეს აკრას, ტიროსის და ტრიპოლის მიდამოები. ჯვაროსნებმა საპასუხოდ ასკალონისა და ბეთ-შანის მიდამოები დაარბიეს, ხოლო კილიკიელმა სომხებმა და მონღოლებმა სირიას შეუტიეს, თუმცა ბეიბარსმა უკუაგდო ისინი.
1265 წლიდან დაიწყო ბეიბარსის წარმატებული ლაშქრობები ჯვაროსნების წინააღმდეგ. ეგვიპტელებმა ჯერ ბირა აიღეს, შემდეგ ხუთდღიანი ალყის შემდეგ კეისარია და ჰოსპიტალიერთა ციხე-სიმაგრე არსუფი. ტამპლიერთა სიმაგრის, ატლიტის ალყა უშედეგო გამოდგა და მამლუქთა არმია ეგვიპტეში დაბრუნდა. 1266 წელს ბეიბარსმა საფედს შეუტია, ტამპლიერთა სიმაგრეს აკრის გზაზე. ციხე-სიმაგრე დიდხანს უძალიანდებოდა მტერს, შემდეგ კი როდესაც ბეიბარსი მათ სიცოცხლის შენარჩუნებას და თავისუფლად გაშვებას დაჰპირდა, კაპიტულაცია გამოაცხადეს, თუმცა სულთანმა ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა. იმავე წელს მამლუქებმა აიღეს ბიბლოსი და ტორონი. კვიპროსისა და იერუსალიმის სამეფოს ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ტიბერიადისკენ, მაგრამ კარებლიზთან(აკრის მახლობლად) დამარცხდნენ, დაკარგეს 500 მეომარი და უკან დაიხიეს. ბეიბარსი დაბრუნდა დამასკოში და იქიდან გაუგზანა ელჩობა კილიკიის მეფე გეტუმს და მოსთხოვა დაებრუნებინა რამდენიმე სასაზღვრო სიმაგრე, რომელიც თავის დროზე სომხებმა მონღოლებთან ერთად დაიკავეს. მეფეს შეეშინდა, რომ ილხანი ხანი აბაგა ამას სომხეთის ეგვიპტის მორჩილებაში შესვლად აღიქვამდა, უარი განაცხადა. სულთანი ჰალაბაში გადავიდა და იქიდან ჯარი გაგზავნა კილიკიის წინააღმდეგ ამირების იზზ ად-დინ იგანას და კალაუნის მეთაურობით. მეფე გეტუმმა მონღოლებს დახმარება სთხოვა, ხოლო თავისი ვაჟები ლევონი და ტოროსი მტრის წინააღმდეგ გაგზავნა ჯარით. სომხები სასტიკად დამარცხდნენ მარისთან გამართულ ბრძოლაში. ტოროსი დაიღუპა, ხოლო ლევონი ტყვედ ჩავარდა. მამლუქებმა ილაშქრეს ადანამდე და აიღეს კილიკიის დედაქალაქი სისი და დაატყვევეს უამრავი ადამიანი.
r659dბეიბარსისთვის განსაკუთრებით წარმატებული 1268 წელი აღმოჩნდა. 7 მარტს მან აიღო იაფა, შემდეგ ათდღიანი ალყის შემდეგ ტამპლიერთა სიმაგრე ბოფორი. მაისის დასაწყისში ეგვიპტის ჯარმა მოაოხრა ტრიპოლის მიდამოები, შემდეგ კი მოულოდნელად ანტიოქიისკენ დაიძრა. 14 მაისს ანტიოქიის ჯარი განადგურდა ქალაქის კედლებთან და დაიწყო ალყა. დამცველებმა უარი განაცხადეს კაპიტულაციაზე, რადგან იმედოვნებდნენ, რომ დასახმარებლად მოვიდოდა მათი მთავარი ბოჰემუნდ IV, მაგრამ ეს უკანასკნელი ტრიპოლში იყო და არ იცოდა ანტიოქიის ალყის შესახებ. ორი დღის შემდეგ ბეიბარსმა ქალაქი აიღო, შემდეგ კი 18 მაისს – ციტადელი. ქრისტიანთა ნაწილი ეგვიპტელებმა დახოცეს, ნაწილი მონებად გაყიდეს, ქალაქი კი დაანგრიეს. ნადავლი იმედენად დიდი იყო, რომ ოქროთი ჭიქებს ავსებდნენ, ხოლო ქრისტიანი ტყვეები მრავლად გაყიდეს, ყმაწვილები 12 დიჰრემებად, გოგონები კი – 5. ეგვიპტელებმა ხელთ იგდეს ანტიოქიის ფლოტიც. ამის შემდეგ ბეიბარსმა სარკაზმულობით აღსავსე წერილი მისწერა ბოჰემუნდ IV-ს, რომელმაც საპასუხო წერილში მამლუქ სულთანს ზავი სთხოვა. ბეიბარსი დასთანხმდა და ტრიპოლში მოწინააღმდეგე მხარეებმა ერთობლივად დაამტკიცეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ზავი დაიდო იერუსალიმის სამეფოსთანაც, რომლის წამომადგენლები ასევე გამოცხადდნენ ტრიპოლში. ტამპლიერებმა, რომელთაც აღარ შეეძლოთ დაეცვათ ბაგრასის ციხე-სიმაგრე, დაანგრიეს მისი კოშკები და კედლები. მათ ასევე დატოვეს როშ დე რუსელი. ჩრდილოეთ სირია საბოლოოდ დაიკარგა ჯვაროსნებისთვის.
ბეიბარსს სამი ვაჟი ჰყავდა(საიდ ბერქე-ხანი, სალამიში და მასუდ ჰადარი). სალამიშის დედა იბნ-იიასის ცნობების მიხედვით ბედუინი ქალი იყო. საიდი კი ხუსამ ად-დინ ბერქე ხანის ქალიშვილისგან შეეძინა.
სულთანი ბეიბარსი 1277 წელს გარდაიცვალა დამასკოში. მისი სიკვდილის შესახებ არსებობს ცნობა, რომ მან მოწამლული კუმისი დალია და ამით გამოესალმა სიცოცხლეს, ხოლო მეორე ვერსიით ის ავად გახდა, რაც შემდეგ მისი სიკვდილის მიზეზი შეიქნა. ისლამის გმირი და ეგვიპტის სასულთნოს ერთ-ერთი უდიდესი მმართველი, მამლუქი ბეიბარსი დაკრძალეს დამასკოს ალ-ზაჰირიას ბიბლიოთეკაში.

http://samxedro-istoria.blogspot.com/

ნიკა ხოფერია

Back to top button