არქივი

“იქს–ადამიანები: პირველი კლასი / X-men: First Class” – რეცენზია

5887363201 ed31fdac32 z
ცოტა ხნის წინ კინოთეატრ რუსთაველში შედგა მარველის კომიქსებზე დაფუძნებულია ფრანშიზეს, იქს–ადამიანების კიდევ ერთი ფილმის, “იქს–ადამიანები: პირველი კლასის” პრემიერა. ფილმის რეჟისორია მეთიუ ვონი, რომელიც აქამდეც ძალიან ახლოს იყო “იქს–ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლის” სარეჟისორო სკამთან, თუმცა გაადღების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ის ბრეტ რატნერით შეცვალეს. მთავარ პერსონაჟებს, ერიკ ლენშერსა (მაგნეტო) და ჩარლზ იქსავიერს (პროფესორი იქსი) განასახიერებენ მაიკლ ფასბენდერი და ჯეიმს მაკევოი. ფილმში ასევე მონაწილეობენ კევინ ბეიკონი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი და სხვები.

ფილმი იწყება იმ სცენით, რომელშიც ერიკს აცილებენ თავის მშობლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვონმა ეს სცენა თავიდან გადაიღო, ის ძალიან ჰგავს ანალოგიურ სცენა პირველი იქს–ადამიანებიდან. აღსანიშნავია, რომ ვონმა ამ სცენაში ასევე გამოიყენა რამდენიმე კადრი სინგერის “იქს–ადამიანებიდან”. ძალის გამოვლენის შემდეგ ის ნაცისტი ოფიცერის სებასტიან შოუს ყურადღების ქვეშ ექცევა, რომელიც მას ტკივილისა და ტრამვის მეშვეობით აიძულებს თავისი ძალები გამოიყენოს. სიუჟეტი შემდეგ მოგვითხრობს ახალგაზრდა ჩარლზისა და ერიკის შესახებ. პირველი მათგანი წარმატებული პროფესორია, მეორე კი კვლავ სებასტიან შოუზე ნადირობს.

სიუჟეტი ვითარდება 60–იან წლებში, ცივი ომის პერიოდში, თუმცა დიალოგებში ეს მაინცდამაინც არ იგრძნობა და თანამედროვეს უფრო ემგვანება. ფილმს სიძველის ელფერი მხოლოდ შემდგომში ეძლევა კენედის გამოსვლების ვიდეოჩანაწერისა და სამხედროების (განსაკუთრებით რუსების) გამოჩენისას.

X Men First Class Charles Xavier 20 1 11 kc
პროფესორი იქსი

“იქს–ადამიანები: პირველი კლასის” გამოცხადებისას, მაყურებელთა უმეტესობა იქნებოდნენ ისინი კომიქსების ფანები თუ ტრილოგიის, საკმაოდ კრიტიკულად განეწყვნენ მის მიმართ და კარგს არც არაფერს მოელოდნენ. ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტიდან, რომ ბრაინ სინგერის წასვლის შემდეგ ბრეტ რატნერის “იქს–ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლის” წარუმატებლობამ ფრანშიზეს პოტენციალი შეარყია, ანუ პროდიუსერებმა პრიქველების გადაღებაზე დაიწყეს ფიქრი. პირველი კლასისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავა ერთ–ერთი ამგვარი სურათის, “იქს–ადამიანების წარმოშობა: სამურავის” წარუმატებელმა გამოსვლამ, რომელმაც უარყო კიდეც ტრილოგიის სცენარის რაღაც ნაწილები. თუმცა ყველას გასაკვირად ფილმი, როგორც ცალკე მდგომი ნაწარმოები გაცილებით უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მისი წინამორბედები. ეს წარმატება ფრანშიზესთვის ახალი სიცოცხლის შთანერგვის იმედსაც ბადებს, თუმცა აქ ყველაფერი უფრო რთულადაა. პირველი კლასი თავისმხრივ წინააღმდეგობაში მოდის მესამე სერიასა და სამურავთან, რის გამოც მას ხშირად ერთდორულად პრიკველ/რებუთს უწოდებენ.

XMen First Class Magneto
მაგნეტო “პირველ კლასში”

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასი მთლად არ არის ტრილოგიის პრიკველი, მთელი ფილმი ემსახურება ჩარლზისა და ერიკის პერსონაჟებისა და მათი ურთიერთობის განვითარებას, იმისთვის რომ საბოლოოდ მათგან დადგეს ის პროფესორი იქსი და მაგნეტო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. და რაც მთავარია, ეს შესამზადებელი ფუნქციით დატვირთული სცენარი საუკეთესოა მთელი ფრანშიზეს სცენარებს შორის. მაიკლ ფასბენდერისა და ჯეიმს მაკევოის დუეტი კიდევ უფრო მეტ ეფექტს სძენს ამ ისტორიას. ყველაზე საინტერესო მაინც მაგნეტოს პერსონაჟის განვითარებაა, როგორ გადაიქცა უწყინარი ებრაელი ბავშვი ჩარლზისა და იქს–ადამიანების მთავარ მოწინააღმდეგედ, თანაც ისე რომ ფილმის ბოლომდე ის მაყურებლისთვის ისეტივე დადებითი პერსონაჟია, როგორც დასაწყისში იყო.

სამაგიეროდ სურათის ერთადერთ მნიშვნელოვან უარყოფით მხარეს წარმოადგენენ დამხმარე პერსონჟები. ახალგაზრდა მუტანტები (მისტიკის გამოკლებით) სიუჟეტში მხოლოდ იმისთვის არიან ჩართულნი, რომ იქს–ადამიანებები გუნდია, რომლის წევრებიც ექშენის სცენებისთვის არიან საჭირონი. მოკლედ მეთიუ ვონს ახალი პერსონაჟების შემოყვანა არ გამოუვიდა, მათ შორის ემა ფროსტისაც. კომიქსში ის საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია იმით, რომ დგება ჯინ გრეისა და ციკლოპს შორის. ამ ორი გმირის არ ყოფნამ კი ფროსტი უინტერესო პერსონაჟად აქცია. ერთადერთი დატვირთვა, რაც ვონმა ჯენუარი ჯონსზე გააკეთა, იყო მაყურებლების მოზიდნა მსახიობის გარეგნობითა და ჩაცმულობით. კიდევ ორი საინტერესო პერსონჟია CIA-ის აგენტი მოირა მაკტაგერტი და სებასტიან შოუ. საწყის კადრებში კევინ ბეიკონის მიერ განსახიერებული სს–ის ოფიცერი სებასტიან შოუ აუცილებლად მოგაგონებთ კრისტოფ ვალცს ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრებიდან”.

X Men First Class White Queen Sebastian Shaw
ემა ფროსტი და სებასტიან შოუ

კომიქსზე დაფუძნებული ფილმები ძირითადად მოტივირებულია ექშენზე, რაშიც არც “იქს–ადამიანები: პირველი კლასი” მოიკოჭლებს, განსაკუთრებით მისი წინამორბედის “სამურავის” შემდეგ. ფილმის მეორეხარისხოვანი მსახიობები სწორედ აქ იჩენენ თავს და არც ისე ურიგოდ. სპეც–ეფექტები არ იყო გასაოცარი, თუმცა სავსებით დამაკმაყოფილებელი. ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ფილმს განასხვავებს იქს–ადამიანების ფრანშიზეს სხვა ფილმებისგან. ის უფრო ფოკუსირებულია სიუჟეტსა და პერსონაჟბზე, ვიდრე ექშენზე, რაც მას იქს–ადამიანების სერიის საუკეთესო ფილმად აქცევს.

 

საბოლოო შეფასება
4stars
4/5

თქვენ რას ფიქრობთ ფილმზე?

www.sincopy.com(გვერდი Facebook-ზე)

Back to top button