გასართობისაკითხავი

ჩიკაგო – მეგაპოლისი ინდიელთა ნამოსახლარზე

d01d1ff8d788
გამარჯობათ, მე ამ პოსტში გესაუბრებით ამერიკის უდიდეს მეგაპოლის ჩიკაგოზე და მის ისტორიაზე.

ჩიკაგო ამერიკის მესამე უდიდესი ქალაქია ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის შემდეგ. ის შტატ ილინოისში, მიჩიგანის ტბის სამხრეთ–დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. ჩიკაგო “მეორე ქალაქს” ან “ქარის ქალაქს” ნიშნავს. პოტავატომის ტომის ინდიელების ენაზე, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე, ამ ადგილს “ჩეეკაგუ” ეწოდებოდა.

1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება დროთა განმავლობაში გაიზარდა, განვითარდა და მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან მეტროპოლიად იქცა. დღეს ჩიკაგო მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალაქების ათეულშია.

ჩიკაგო იყო ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდა და დღეისათვის იგი ამერიკის ფინანსური, სატრანსპორტო და კულტურული დედაქალაქია. ის ასევე ცნობილია ეთნიკური მრავალფეროვნებით. ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო და ტრადიციები ჩიკაგოს ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.

კლიმატი

ქალაქში ზამთარი ცივი და ქარიანია, ხოლო ზაფხული – მზიანი და ცხელი. ტბის სანაპიროზე მდებარეობის გამო ქალაქში მცირედი ნესტიცაა. ზამთარში წვიმა უფრო ხშირია, ვიდრე თოვლი. ზაფხულის თვეებში მინიმალური ტემპერატურა 32 გრადუსია. გაითვალისწინეთ, რომ ჩიკაგოში აგვისტო ძალიან წვიმიანია. მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდად ივლისი ითვლება.

ენა

ჩიკაგოს, ისევე როგორც მთელი შტატების, სახელმწიფო ენად ინგლისურია გამოცხადებული. სახელმწიფო ენას ნებისმიერი ემიგრანტი კარგად ფლობს. მოსახლეობის 80% – ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენი 20% ფრანგულსა და რუსულ ენებზე საუბრობს. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული მეორად ენად ისწავლება. თუ არც ინგლისური იცით, არც ფრანგული და რუსული, არ იდარდოთ, ენობრივი ბარიერი მაინც არ შეგექმნებათ, რადგან ჩიკაგო სავსეა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩასული ემიგრანტებით.

ფული

ამერიკული დოლარი ჩიკაგოს ოფიციალური ვალუტაა. როგორც ცნობილია, ამერიკული დოლარით არამარტო შტატებში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად ისარგებლებთ. ტურისტებს სხვა სახის ვალუტა იშვიათად ჩააქვთ, მაგრამ, რომც ჰქონდეთ, ეს პრობლემა არაა, რადგან ვალუტის გადაცვლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ.

ჩიკაგო არცთუ ძვირი ქალაქია. იქ ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ტურისტს ადვილად დააკმაყოფილებენ. ამ ქალაქში განსაკუთრებით იაფია საკვები, მით უმეტეს, თუ სწრაფი კვების ობიექტებს მიაკითხავთ.

გადაადგილება

ჩიკაგოს სატრანსპორტო სისტემა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვეა. აქედან გამომდინარე, იქ მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს. ქალაქში ორი დიდი აეროპორტია – ო,ჰარას და მიდვეის საერთაშორისო აეროპორტები. ორივე მათგანი ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ქალაქის ცენტრამდე ტაქსით მგზავრობის ღირებულება 30–40 დოლარამდე მერყეობს. შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ისარგებლოთ.

ჩიკაგოს მიმართულებით შტატებიდან ავტობუსები ყოველდღიურად გადიან. ავტობუსით მგზავრობა კანადიდანაც შესაძლებელია. მატარებლით მგზავრობას რაც შეეხება, ის კომფორტულთან ერთად უსაფრთხოცაა.

ქალაქში გადაადგილებისათვის მეტრო პირველ ადგილზეა. ჩიკაგოს მეტროპოლიტენი აშშ–ში მესამეა დატვირთვის მიხედვით ნიუ იორკისა და ვაშინგტონის მეტროპოლიტენის შემდეგ. მისი უძველესი ნაწილი 1892 წელს ააშენეს, ამიტომ ჩიკაგოს მიწისქვეშა ტრანსპორტი ამერიკაში მეორეა სიძველით, ნიუ იორკის მეტროს შემდეგ, რომლის პირველი მოქმედი ნაწილი 19–ე საუკუნის 80–იან წლებში აშენდა. ჩიკაგოს მეტროპოლიტენი 8 ხაზისგან შედგება და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველაზე იაფ ტრანსპორტს ავტობუსი და მეტრო წარმოადგენს. მათი ღირებულება ნებისმიერ ადგილამდე 2.50 დოლარია. ტაქსით მგზავრობის ღირებულება კილომეტრობით განისაზღვრება და 1 კმ–ის ფასი 2.50 დოლარია.

ჩიკაგოში თითქმის ყველა ადგილობრივს საკუთარი ავტომობილი ჰყავს და ისინი პარკირებისათვის ყოველთვიურად 125 დოლარს იხდიან. ამ საფასურის გადახდა მანქანის დაქირავების შემთხვევაშიც მოგიწევთ.

ჩიკაგოში წლის ნებისმიერ სეზონზე სააგენტოები გაცილებით მეტ ველოსიპედს აქირავებენ, ვიდრე მანქანას. ქალაქი უზრუნველყოფილია ველოსიპედისტებისათვის განკუთვნილი ტრასებით. გირჩევთ, გადაადგილებისთვის სპეციალური რუკა შეიძინოთ, რომლის ყიდვასაც ნებისმიერ სადგურში შეძლებთ.

სამზარეულო

ჩიკაგოს სამზარეულო, ქალაქში მცხოვრები უამრავი ემიგრანტის წყალობით, საკმაოდ მრავალფეროვანია, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ კერძს დააგემოვნებთ. იტალიელებმა ჩიკაგოს ჩიზქეიქითა და პიცით გაუთქვეს სახელი. ქალაქის საწარმოები დიდი რაოდენობით უშვებენ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც დაკონსერვებულია და მოხმარებისათვის მზადაა, მხოლოდ ქილის გახსნა და პროდუქტის გაცხელებაა საჭირო.

ჩიკაგოელებს ენჩილადასი უყვართ – ეს არის ბლომად პილპილმოყრილი ხორციანი ბლინები. თითქმის ყველა რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გერმანული კერძი – მოხრაკული ხორცი მჟავე კომბოსტოთი.

ჩიკაგოში გაზიანი სასმელების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მოითხოვთ თუ არა, მომსახურე პერსონალი მაინც მოგიტანთ, თუმცა შეიძლება უარიც თქვათ და უკან წაიღებენ. ამ ქალაქის მცხოვრებთ ძალიან უყვართ ჭამა, ამიტომ თუ ქუჩაში მოსიარულე ხალხს ჰოთ დოგებით ხელში დაინახავთ, არ გაგიკვირდეთ.

ქალაქში 24 საათის განმავლობაში 300–მდე სწრაფი კვების ობიექტი ფუნქციონირებს. ყველგან შემოგთავაზებენ აღმოსავლურ კერძებს: ფალაფელს, ქაბაბს. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ვეგეტარიანელებისათვის სამოთხეა. მათზე გათვლილი რესტორნები თუ არა, კერძები მაინც მრავლადაა. რაც შეეხება სასმელს, ყავა და ჩაი ერთნაირად მოთხოვნადია. ალკოჰოლიდან კი უპირატესობა რომს ენიჭება.

ღირსშესანიშნაობები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩიკაგო კულტურული ცენტრია. დაუნთაუნი, ანუ ქალაქის ცენტრი, ძალიან ლამაზია – უამრავი ცათამბჯენი, ხმაურიანი ქუჩები და, რაც მთავარია, მიწისზედა მეტრო, რომელსაც ადგილობრივები “დ”–ს ეძახიან.

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა უილის ტაუერი. ეს არის უმაღლესი საოფისე შენობა ამერიკაში. მისი მშენებლობა 1970 წლის აგვისტოში დაიწყო და შენობამ მაქსიმალურ სიმაღლეს 1973 წლის 3 მაისს მიაღწია. უილის ტაუერმა სიმაღლით მსოფლიო სავაჭრო ცენტრ “ტყუპებს” გაუსწრო, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტამდე ნიუ იორკში მდებარეობდა. უილის ტაუერი 108 სართულიანია და მისი სიმაღლე 442 მეტრია. ის 2004 წლამდე მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა გახლდათ ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აშენებამდე.

ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილი მილენიუმ პარკი ანუ ათასწლეულის პარკია. საზოგადოებრივი პარკი–ტბა მიჩიგანის სანაპიროსთანაა გაშენებული. მისი მშენებლობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყეს და 2004 წლის ივლისში დასრულდა. გახსნის ცერემონია 2004 წლის 16 ივლისს შედგა და მას 300.000 ადამიანი დაესწრო. მას შემდეგ ათასწლეულის პარკი თავისი საოცარი გასართობებით და სანახაობებით ჩიკაგოს ერთ–ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა.

ქალაქში 1500–ზე მეტი კულტურული დაწესებულება და 100–ზე მეტი ხელოვნების გალერეაა. ისტორიისა და ეროვნულ მუზეუმებში ხალხმრავლობა დაარსების დღიდან არასოდეს წყდება. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩიკაგოში ნებისმიერი ქვეყნის ხელოვნებასა და ხელოვანის შემოქმედებას საფუძვლიანად გაეცნობით. ჩიკაგოს უნივერსიტეტი და თეატრი თავისი არქიტექტურით დიდებული შენობებია.

ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად და გასარუჯად შეგიძლიათ ტბა მიჩიგანის სანაპიროზე ე.წ. ოქროს პლაჟს ეწვიოთ. მოკლედ, ჩიკაგოში ბევრი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. ესაა ადგილი, სადაც სიცოცხლე დუღს და არასოდეს მოიწყენ.

უსაფრთხოების წესები

ჩიკაგო ამჟამად კრიმინალის დაბალი დონით გამოირჩევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე უნდა მოადუნოთ. ჩანთებისა და ძვირფასი ნივთების გატაცების შემთხვევები ხალხმრავალ ადგილებში ყოველდღიურად ფიქსირდება. საგზაო წესების დარღვევისთვის დიდი ჯარიმებია დაწესებული. არ გაბედოთ მანქანის მართვისას მობილურით საუბარი, აგრეთვე ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა. ნებისმიერ შემთხვევაში, დასახმარებლად პოლიციას მიმართეთ. თუ გულწრფელები იქნებით, აუცილებლად დაგეხმარებიან.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები;

შტატი – ილინოისი;

ქალაქი – ჩიკაგო;

ფართობი – 606.2 კვ.კმ;

მოსახლეობა – 2.833.321;

სახელმწიფო ენა – ინგლისური;

ოფიციალური ვალუტა – დოლარი.

წყარო-http://sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close