არქივი

გასული კვირა მეცნიერებაში [28.10-3.11]

new leaftail gecko

რა მოხდა ბოლო ერთ კვირაში მეცნიერების განხრით…

● ავსტრალიაში 3 ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ჩატარებულმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი კონრად ჰოსკინი და ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ფოტოგრაფი და ჰარვარდის უნივერიტეტის მკვლევარი დოქტორი ტიმ ლამანი, სამი ახალი სახეობა აღმოაჩინა. ამ ნაკლებად გამოკვლეულ რეგიონში უცნობ ფოთლისკუდიან გეკონს, ოქროსფერ ხვლიკსა და ქვებზე მობინადრე ბაყაყს წააწყდნენ. ისინი სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ იზოლირებულნი და უნიკალური შტრიხები ჩამოუყალიბდათ.
ice cubes openphoto
● გაირკვა, რატომ იყინება ცხელი წყალი ცივზე სწრაფად.
ეს მოვლენა ცნობილია, როგორც მპემბას ეფექტი. 1963 წელს ტანზანიელმა სტუდენტმა ერასტო მპემბამ შენიშნა, რომ ცხელი ნაყინი ცივზე სწრაფად იყინებოდა. თუმცა ისტორიაში პირველად ეს მოვლენა არისტოტელემ აღწერა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. მას მოჰყვნენ ფრანსის ბეკონი და რენე დეკარტი. სინგაპურში მდებარე ნანიანგის ტექნიკური უნივერსიტეტის მკლევართა ჯგუფმა კი დაადგინა, რომ ამის მიზეზი ის ქიმიური კავშირია, რომელიც წყალს კრავს, ანუ ატომებს შორის არსებული მიზიდულობა. წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისგან. ზოგჯერ მათ შორის ელექტრონების გაცვლაც ხდება ხოლმე. ჯგუფის განცხადებით, როცა წყლის მოლეკულები ახლო კონტაქტში არიან, ბუნებრივი განზიდვის ძალა კოვალენტურ ბმას ენერგიის დაგროვებას აიძულებს. რაც შეეხება ცხელ სითხეს, მოშორებით მყოფი მოლეკულები უფრო „მოდუნებულები” არიან და ენერგია იკარგება, რაც მის უფრო სწრაფად გაციებას იწვევს.

 

virus 3d
● გრიპის ვირუსის 3D მოდელი.
ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის (Rhinovirus C) 3D მოდელი. სწორედ ეს ვირუსი იწვევს ბავშვებში ხშირად გაციებას. Rhinoviruse A, B და C ვირუსებისგან განკურნებისთვის ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიარდი დოლარი იხარჯება. A და B ვარიანტები ადვილი სამკურნალოა, C-სთან მიმართებაში კი ბევრი წამალი უძლური ხდება. 3D მოდელით მიზეზის გარკვევა შესაძლებელი გახდა. საქმე იმაშია, რომ ამ ვირუსის ცილოვანი გარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი „თანამოძმეებისგან”, მისი მეშვეობით ახდენს ის მასპინძლის უჯრედებში დაბინავებას და იმუნური სისტემის დასუსტებას. აქამდე ეს მექანიზმი უცნობი იყო, შესაბამისად მეცნიერები მალე დაიწყებენ ახალი ტიპის ეფექტურ წამლებზე მუშაობას.

 

artificial blood
● შეიქმნა ახალი ტიპის ხელოვნური სისხლი.
ადამიანის სისხლი ძალიან საჭირო რამაა, მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გადასხმა ყოველ ორ წამში ხორციელდება, დღეში კი 41 000 დონორია საჭირო. ამერიკელების 38% დონორად ვარგისია, მაგრამ სურვილი მხოლოდ 10%-ს აქვს. თუმცა სინთეტიკურმა სისხლმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს. რუმინელი მკვლევარების მიერ ლაბორატორიაში შექმნილი სისხლის პირველმა ტესტებმა დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. ის შედგება ტრადიციული კომპონენტებისგან, როგორიცაა წყალი, მარილი და ალბუმინი (წყალში ხსნადი უმარტივესი ცილა), მაგრამ პროტეინები აღებულია უჩვეულო წყაროდან – ზღვის ჭიებისგან. რკინის ცილები და ჰემერითრინი ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვას უზრუნველყოფს. ჰემერითრინი სისხლს გამძლეობასაც მატებს, რაც მანამდე სინთეტიკური სისხლის მინუსი იყო. თაგვებზე ცდები წარმატებული აღმოჩნდა და რუმინელი მეცნიერები თვლიან, რომ ორ წელიწადში ფორმულა მზად იქნება ადამიანებზე გამოსაცდელად.

 

mars olympus mons
● ESA-მ მარსის ახალი ვიდეო გამოუშვა.
Mars Express-იდან გადაღებული ფოტოები დაგათვალიერებინებთ წითელი პლანეტის გამორჩეულ ადგილებს, უმაღლესი მთიდან უდაბლეს კანიონამდე, უძველესი მდინარეების ნარჩენებსა და ლავის ნაკვალევს. თანამგზავრმა მარსს 12500-ჯერ შემოუფრინა და შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო.

 

walking dinosaur
● მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოძრაობდნენ უდიდესი დინოზავრები.
არგენტინოზავრი დაახლოებით 95 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ხმელეთის ერთ-ერთი უდიდესი ხერხემლიანი იყო. მისი სიგრძე 40 მეტრამდე, წონა კი 100 ტონამდე იყო. აქამდე ყოველთვის ეჭვს იწვევდა, რამდენად რეალური იყო, ამხელა ცხოველს თავისუფლად ემოძრავა. მკვლევარებმა 30 000 კომპიუტერის ძალა გააერთიანეს და ძვლების ნამარხების ანალიზზე დაფუძნებით შექმნეს მოდელი, თუ როგორ გადაადგილდებოდა არგენტინოზავრი. მისი სიჩქარე დაახლოებით 8 კმ/სთ იქნებოდა, ანუ წამში 2 მეტრი.

 

kepler burn
● ასტრონომებმა ლავით დაფარული პლანეტა აღმოაჩინეს.
Kepler-78b გარს უვლის მზის მსგავს ვარსკვლავს, რომელიც დედამიწიდან 400 სინათლის წლითაა დაშორებული და გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. პლანეტა ვარსკვლავისგან მხოლოდ 1.6 მილიონი კმ-ითაა დაშორებული (რაც მერკურის მაჩვენებელზე 40-ჯერ ნაკლებია) და მის გარშემო შემოვლას 8.5 საათს ანდომებს. ამის გამო ზედაპირის ტემპერატურა 2000-2800 გრადუსს შეადგენს. მისი წარმოქმნა ჯერჯერობით საიდუმლოა. პლანეტების ფორმირებაზე არსებული ამჟამინდელი წარმოდგენით, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო პლანეტის ვარსკვლავთან ასე ახლოს ყოფნა. სავარაუდოა, რომ Kepler-78b-ს მალე „ჩაყლაპავს” დედა-ვარსკვლავი, რომლის გრავიტაციული ძალებიც მას ნაწილებად დაშლის.

 

new dolphin
● აღმოაჩინეს დელფინის ახალი სახეობა.
ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან აქამდე უცნობი სახეობის დელფინს წააწყდნენ. გენეტიკურმა ტესტებმა და ფიზიკური მახასიათებლების ანალიზმა აჩვენა, რომ ის განხვავებული სახეობაა. აღმოჩენა არამარტო იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სახეობების რიცხვი ერთით გაზარდა, არამედ დელფინთა პოპულაციებს შორის არსებული განსხვავებების ანალიზი დაეხმარება მეცნიერებსა და კონსერვაციონისტებს, გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ მათ დასაცავად. ახალმა აღმოჩენებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ცხოველების დაცვის ახალი პოლიტიკის შემუშავებას.

 

წყარო : charliuss.com

Back to top button