საკითხავისასარგებლო

გარგარი უგემრიელესი ხილი


გამარჯობა, გადავწყვიტე პოსტი დამედო უგემრიელეს ხილზე გარგარზე რომელიც პირადად ჩემთვის უგემრიელესი ნუგბარია. მაშ ასე :
გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს – შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მათი ბუნებრივი კომბინაციის წყალობით არის, რომ ამ ხილს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.

გარგარში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებზე. გარგარის ჩირი შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული საუცხოოა ანემიის დროს. გარგარის კანი სასარგებლო ნივთიერებებით გაცილებით მდიდარია, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით მარგებელია, როცა ცოცხალს მივირთმევთ, ოღონდ მანამდე გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და მკვრივი. მისი რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება, მალე ფუჭდება, რადგან დღეში თავისი წონის 1%-ს კარგავს და სწრაფად შრება. უმჯობესია, თუ გარგარს მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ფართო ზედაპირზე გაშლით. გარგარის ჩირიც ძალიან სასარგებლოა და შესანიშნავად ინახება მთელი წლის განმავლობაში. გარგარის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, სხვადასხვა ნამცხვრის გულსართს. აღმოსავლურ სამზარეულოში გარგარით კაზმავენ სხვადასხვა კერძს. ძალიან უხდება ინდაურის, იხვის, ცვრის და ღორის ხორცს. ამგვარი შეზავებით უგემრიელესი და პიკანტური კრძები მიიღება. თუ გარგარის მურაბას ან კონფიტიურს ამზადებთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გარჩეული კურკის გულიც, ნაჭუჭი კი დოლბანდში გამოაკარით და ადუღებულ მურაბაში ჩადეთ – მკვეთრ გემოს მისცემს. ჩაცივებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად შეიძლება სუფრასთან მიიტანოთ მაყალზე შემწვარი ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი. ეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი დელიკატესია. ჩირის მომზადება შინაც შეიძლება: ორად გაყოფილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით მინიმალურ ტემპერატურამდე გახურებულ ღუმელში. ღუმლის კარი ღია დატოვეთ, რომ სითხე კარგად აორთქლდეს, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ – მეტისმეტად არ გამოგიხმეთ. ამგვარად მომზადებული ჩირი 8-10 დღე ინახება. ჯობს, შეინახოთ მაცივარში.

ღორის ნეკნები გარგარით
საჭიროა: 1 კგ ღორის ნეკნი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ფოთოლი სალბი, 4 ცალი მწიფე გარგარი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, წიწაკა, 1 კბილი ნიორი, 1 ტოტი როზმარინი. აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი წიწაკა, ნივრის წვენი, წვრილად დაჭრილი სალბი და როზმარინი. მომზადებულ საკაზმში ამოვლებული ღორის ნეკნები 5 საათით შეაწყვეთ მაცივარში. შემდეგ შეწვით ამავე წვენში, მოასხით თაფლი. აცადეთ შემაგრება და დაამატეთ წვრილად დაჭრილი გარგარი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, თავზე დაახურეთ და 1 საათი ნელ ცეცხლზე შუშეთ, თან ურიეთ.

ფენოვანი ცომის ნამცხვარი გარგარით
საჭიროა: 250 გ გაყინული ფენოვანი ცომი, გარგარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ და მოაწყვეთ გარეცხილი, გამშრალი, კურკაგამოცლილი გარგარი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და შედგით ღუმელში 25 წუთით. მიირთვით თბილი ან შეგრილებული.

გარგარის ნაყენი
საჭიროა: 500 გ მწიფე გარგარი, 0,25 ლ გაცივებული ნაღები, 250 გ ხაჭო, 5 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი. გარგარი გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, გაფცქვენით, გამოაცალეთ კურკა და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 4 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. შუშვის დროს მოაყარეთ ვანილიც. დროდადრო ურიეთ. თუ ბევრი წვენი გამოუშვა, თავსახური მოხადეთ და სითხე ააორთქლეთ. მერე გააცივეთ. ათქვიფეთ ნაღები, დარჩენილი შაქარი შეურიეთ ხაჭოს. გარგარის პიურე, ვანილი და ხაჭო შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს. ჩაასხით სპეციალურ ფორმაში და შედგით მაცივარში 30 წუთით. მიირთვით ნუშის ნამცხვართან ერთად.

წყარო: mkurnali.ge

თეგები
Back to top button
Close
Close