არქივი

ორსულთა ნარკომანიის შედეგები

067c1a6f3c73

შვილის გაჩენა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა… შეიტყობთ თუ არა, რომ მალე დედა გახდებით, გონებაში უმალვე იწყებთ განვლილი ცხოვრების კინოფირივით გადახვევას: ცუდად იკვებებოდით, ბევრს ეწეოდით, ზოგჯერ სვამდით კიდეც… კიდევ? საქმე ის არის, რომ თუ დედობა გსურთ, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომავალი შვილისთვის. ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… რა ემართება ნაყოფს, როცა დედა ნარკოტიკებს იღებს? ამის თაობაზე გვესაუბრება კლინიკა “მედიჰელფის” მეან-გინეკოლოგი ნატალია ნანობაშვილი.

– როდესაც დედა წამალდამოკიდებულია, იმატებს პერინატალური პათოლოგიების – თვითნებური აბორტების, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების, ჰიპოქსიის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკების, აგრეთვე – ახალშობილებში აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკი. ორსულები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ, არცთუ იშვიათად არიან მწეველები ან/და იღებენ ალკოჰოლს. გარდა ამისა, ქალების უმეტესობა, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ორსულობის შემდეგ ნარკოტიკებს უბრუნდება, ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, რათა ამ მავნე მორევმა ისევ არ ჩაითრიოს. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული ნარკოტიკის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე.

ჰაშიში. მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე. ტეტრაჰიდროკანაბინოლები ძნელად გადიან პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ მათი დონე ნაყოფის სისხლში დედის სისხლთან შედარებით რამდენჯერმე დაბალია, მაგრამ მარიხუანას მოხმარებისას ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი (გაძლიერებული ნერწყვდენა, პირღებინება), რაც აუარესებს ნაყოფის კვებას. ხშირია ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებაც. ახალშობილის წონა დაბადებისას ნორმაზე საშუალოდ 100-130 გრამით ნაკლებია. ასევე მცირდება თავის გარშემოწერილობა და ნაყოფის სიგრძე. პრობლემები იჩენს თავს მშობიარობის დროსაც – მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა. ამასთანავე, შესაძლოა ბავშვი მცირე წონისა დაიბადოს. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებში ხშირია მომატებული აღგზნებადობა. იმატებს თუ არა რისკი მარიხუანასა და ალკოჰოლის ერთდროული მოხმარებისას, ჯერჯერობით დაუდგენელია. უცნობია ასევე, იწვევს თუ არა მარიხუანა ნაყოფის ინტრანატალურ ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს) და განვითარების მანკს.

კოკაინი. კოკაინი ორსულისთვის ყველაზე საშიში ნარკოტიკია. ქალებს, რომლებიც კოკაინს მოიხმარენ, სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე ხშირად უჩნდებათ მკვდარი ბავშვები. კოკაინმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის განვითარება მუცლადყოფნის დროს, გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება. როცა კოკაინს მეძუძური დედა მოიხმარს, ნარკოტიკი მაშინვე ხვდება რძეში. შედეგად ბავშვი მუდამ აღგზნებულია, ცუდად სძინავს, შესაძლოა ეპილეფსიური გულყრებიც განუვითარდეს. კოკაინის მოქმედება განპირობებულია ადრენერგული იმპულსაციის მატებით, რის შედეგადაც იწყება სისხლძარღვების პულსაცია და იმატებს არტერული წნევა, რაც იწვევს ქსოვილთა პერფუზიის დაქვეითებას და, ამის კვალობაზე, ჟანგბადის მიწოდების შემცირებას. ორსულის, ისევე როგორც ნაყოფისა და ახალშობილის ორგანიზმში დაქვეითებულია შრატის ფსევდოქოლინესთერაზის აქტივობა, რაც ზრდის კოკაინური ინტოქსიკაციის რისკს, პლაზმის ფსევდოქოლინესთერაზის მემკვიდრეობითმა უკმარისობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი კოკაინის მიღებისას. კოკაინის მოხმარების დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), არიტმია, სტენოკარდიული შეტევები და მიოკარდიუმის ინფარქტი, ეპილეფსიური კრუნჩხვა, ინსულტი, ფულტვის შეშუპება, ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერთერმია) და ა.შ. კოკაინი ნაყოფზე ისევე მოქმედებს, როგორც დედაზე. ის პლაცენტაში გაივლის, ხვდება ნაყოფის სისხლში და იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, გულისცემის გახშირებას, არტერიული წნევის მატებას. იზრდება ორგანოთა (ძირითადად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელებისა და საშარდე გზების) თანდაყოლილი მანკების ალბათობა. ირღვევა საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევა. შესაძლოა, განვითარდეს პლაცენტური უკმარისობაც. ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოკაინის გამოყენება ზრდის პლაცენტის ნაადრევი აცლის რისკს. არსებობს მონაცემები, რომ იმ ბავშვების 15%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოკაინს მოიხმარდნენ, უეცარი სიკვდილი განუვითარდა.

ამფეტამინები. წინათ ამფეტამინებს ორსულებს სიმსუქნის სამკურნალოდ უნიშნავდნენ. ეს ნივთიერებები იწვევს ფსიქომოტორულ აღზნებას, უძილობას, უმადობას, ხანგრძლივი გამოყენებისას – ორგანიზმის გამოფიტვას. მძიმე შემთხვევებში ვითარდება არითმია, იშვიათად – ვასკულიტი თავის ტვინის, ფილტვებისა და თირკმელების სისხლძარღვთა დაზიანებით. სისხლში ამფეტამინების მაღალი კონცენტრაციისას მოსალოდნელია ჰალუცინაცია. ამფეტამინები გაივლის პლაცენტურ ბარიერს და უშუალოდ მოქმედებს ნაყოფზე, აფერხებს მის განვითარებას. ახალშობილის წონა მცირდება დაახლოებით 225 გრამით, ხოლო მისი თავის გარშემოწერილობა – 0,8 სანტიმეტრით. პლაცენტის ნაადრევი აცლის, თანდაყოლილი მანკებისა და საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხების საფრთხე მცირეა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამფეტამინები იწვევს აღგზნებას, უძილობას და მადის დაქვეითებას, საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება ფერხდება. როდესაც დედა ამფეტამინებს რეგულარულად მოიხმარს, ახალშობილს აბსტინენციური სინდრომი უვითარდება. ბავშვი, რომელიც იმყოფება ამფეტამინების ზემოქმედების ქვეშ, ჰგავს ნახევრად მძინარეს, დუნედ წოვს ძუძუს და წონას ცუდად იმატებს.

წყარო– mkurnali.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button