საკითხავი

ამადეო მოდილიანი /დიდო მოდი/

e45fb370e183

ამასთან ერთად, როგორც ბლოგსპოტის მომხმარებელს, ვორდპრესთან პირველად მაქვს შეხება და სად რას ვწერ ღმერთმა უწყის..

დღევანდელ პოსტს მივუძღვნი ამადეო მოდილიანს, მხატვარს, რომლის ცხოვრება და შემოქმედება ძალიან მიყვარს..

1884 წლის 12 ივლისს ლივორნოში, ებრაელების წვრილბურჟუაზიულ ოჯახში ამადეო მოდილიანი დაიბადა. დიდო ფლამინო მოდილიანისა და ევგენია გარსენის მეოთხე შვილი გახლდათ.

ამადეოს მამა პატარა სამაკლერო კანტორის მფლობელი იყო, 1849 წელს ის რომის ერთ-ერთ კარდინალსაც კი ამარაგებდა სპილენძით, რომელიც ვატიკანს სჭირდებოდა მონეტების გამოსაშვებად, მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წაუვიდა. ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მათ სახლში ჩინოვნიკები გამოცხადდნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად.

მოდილიანის დედისათვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. თანახმად იტალიის მაშინდელი კანონებისა, მელოგინის კუთვნილი ქონება ხელშეუხებელი იყო, ამიტომ, სანამ ჩინოვნიკები სახლში ამოვიდოდნენ, ოჯახის წევრებმა ყველაფერი ფასეული, რაც რამ გააჩნდათ, ევგენიას საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა.

მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი, ზოგჯერ კი მტრულად განწყობილიც იყო. დედა კი გატაცებით უყვარდა და ევგენიასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. ევგენია დღიურებს წერდა, სწორედ მისი დღიურებით საკმაოდ ბევრი ვიცით მოდის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე.

1895 წელს მოდილიანმა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დამავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა: “დიდოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერ ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისაგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რათა შემეძლოს მასზე გარკვეული აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისაგაბ, იქნებ მხატვარი?’”

28dc728633d4

ხატვა დიდომ 5 წლის ასაკიდან დაიწყო, 14 წლისა კი მეცადინეობას იწყებს ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მის მიერვე დაარსებულ ფერწერის სკოლაში. ლივორნოში. მასთან ერთად სწავლობდნენ ოსკარ გილია, ბუნვენუტო ბუნვენუტი, რენატო ნატალი და სხვები.

ერთ მშვენიერ დღესაც ამადეომ დედას გამოუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და მთლიანად მიეცეს მხატვრობას.

1902-1903 წლებში მოდილიანი ვენეციასა და ფლორენციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით პარიზში გაემგზავრა, რადგან ქანდაკების შესწავლა სურდა. მისი ქანდაკებები ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა იმავე სტილშია შესრულებული, რომელშიც მისი ნახატები.

დიდო თავიდან მონმარტზე დასახლდა, მეგობრებთან, სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც, ასევე იმპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.

მოდი მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში, მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოოდ, კიდეც დაღუპა.

მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე პერიოდს გამოყოფენ. მათ შორის, ცისფერ პერიოდს, ზანგურ პერიოდს, იტალიურ პერიოდს და, ბოლოს, პორტრეტებს.შიშველი ნატურის დასახატად ის მეძავებს იყენებდა.

2e020228e295

მოდილიანი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი, მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. მისი ცხოვრება პროტესტების სერიას ჰგავს, მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად უწევდა სხვაგან გადაბარგება.

1914 წლიდან მოდილიანმა ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთან დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი მხატვრის წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი უკვე მძიმედ ავადმყოფ დიდოს სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, რადგან ამ პერიოდში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო, შეუძლებელი იყო.

1917 წლის 3 დეკემბერს, პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოდილიანის პირველი გამოფენა გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და მხატვარი აიძულა, გამოფენა სასაწრაფოდ დაეხურა.

1917 წლის ივლისში კი მოდილიანმა გაიქცნო 19 წლის ჟანა ებიუტერნი, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.

გაზაფხულზე ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანს პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში, ტუბერკულოზისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით, ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა.

f24c8d1cb8f5

ამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. მან ვერ გადაიტანა მოდის სიკვდილი, მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

დიდო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს, პერლაშეზის სასაფლაოზე. მათ ერთი ქვა ადევთ, რომელზეც შემდეგი ეპირტაფიაა გამოკვეთილი:

“ამადეო მოდილიანი,
მხატვარი,
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს.
სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო”.

ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე ვკითხულობთ:

“ჟანა ებიუტერნი.
დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს.
ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე”.

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მოდილიანის შემოქმედებამაც ავტორის სიკვდილის შემდეგ ჰპოვა აღიარება. ამადეოს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისი ნახატები პენსილვანიელმა კოლექციონერმა – ალბერტ ბარნესმა აღმოაჩინა. სწორედ ამ დროიდან იწყება მოდილიანომანია.

მოდილიანის ადრეული პერიოდის შემოქმდედება ტულიზ-ლოტრეკის გავლენას განიცდის, მოგვიანებით აფრიკული ნიღბებით, სეზანისა და პიკასოს შემოქმედებით ინტერესდება, ამავე დროს, იტალიური მანერულობა არ დაუკარგავს. მოდილიანის პორტრეტები ადვილი ამოსაცნობია გრძელი და თხელი ოვალური ფორმის თავით, დაქანებული მხრებით და საოცრად დახვეწილი, სევდიანი ფერებით.

ამადეო მოდილიანის შესახებ ვიტალი ვილენკინს აქვს დაწერილი “ამადეო მოდილიანი”, რომელიც მის შემოქმედებას ეხება. საჯაროში არის ეს წიგნი, საკმაოდ საინტერესოა, დედამისის წერილებია მოყვანილი, ის თუ რას ფიქრობდნენ მის შესახებ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები და ა.შ.

49a55b5b69ec

საკმაოდ გვიან ვნახე დევისის ფილმი “Modigliani”, რომლის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა. ჯერ ერთი, ფილმში საკმაოდ ბევრი ფაქტია დამახინჯებული, დაბადების სცენიდან დაწყებული, გარდაცვალებით დამთავრებული, მეორეც, ვისთანაც მოდის კონფლიქტი ჰქონდა, საზიზღარ და შურიან ადამიანებად ჰყავს გამოყვანილი. მაგალითად, პიკასო. ყველამ იცის მისი და მოდის დამოკიდებულება ერთმანეთთან, მაგრამ ეს ფაქტები არც ერთი გენიოსის შემოქმედებას არ აკნინებს.

რაც შეეხება ენდი გარსიას, მიმაჩნია, რომ მოდილიანი მისი საუკეთესო როლია. ვიცი, რომ ამ როლის შესრულებისას ისე შეიჭრა როლში, კინაღამ ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა.

მოკლედ, მე შემიძლია მოდილიანზე დაუსრულებლად ვილაპარაკო, ამიტომ, მოვრჩები ყბედობას და დაგიყოვებთ მის ფრაზას, რომელსაც ძალიან ხშირად იმეორებდა:

“ვფქრობ, ადამიანი მთელი სამყაროა. ზოგჯერ, სამყაროზე უკეთესიც’”..

 

 

წყარო: bioart.wordpress.com

Back to top button