ახალგაზრდობის ელექსირი
ოპტიმისტები გვიან ბერდებიან! – იქნებ, არ გჯერათ, მაგრამ, აბა, მიმოიხედეთ გარშემო და თავად შეაფასეთ, როგორ ადამიანებს არ ეტყობათ ასაკი – ენერგიულებს, სიცოცხლისუნარიანებს, ღიმილიანებს. თქვენ მხოლოდ მოინდომეთ და ახალგაზრდობის ელექსირი თქვენს ხელშია.
აუცილებელია გქონდეთ საჭირო მომენტში მოდუნების უნარი. შეეცადეთ, დასვენებას საკმარისი დრო დაუთმოთ. აუცილებელი არ არის, წელიწადში ათასჯერ უცხოეთში იაროთ. სასიამოვნო გარემოში, კარგი მუსიკის თანხლებით, ჭიქა ყავასთან ერთადაც კარგად დაისვენებთ. თუ იმაზე ინერვიულებთ, ფეშენ-კურორტებზე წასასვლელი ფული რატომ არ მაქვსო, თქვენ დაბერება მაშინ ნახეთ!
მეგობრებთან შეხვედრები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. საქმე ზოგჯერ მოიცდის, მაგრამ, მათ იმიტომ კი არ უნდა შეხვდეთ, რომ იწუწუნოთ და საკუთარ უიღბლობაზე იტიროთ, არამედ, დადებითი ემოციების მისაღებად.
თქვენი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას უდიერად არ უნდა მოეპყრათ, პირიქით, უნდა გაუფრთხილდეთ. მაგალითად, რატომ არ უნდა თქვათ უარი თუნდაც სიგარეტზე, ხომ იცით, რომ ის სიბერის მოახლოებას უწყობს ხელს?!
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამტკიცებდა, დღეში სამოცწუთიანი ფიზიკური დატვირთვა (ნებისმიერი ფორმის) წაადგება ჯანმრთელობას და აამაღლებს სასიცოცხლო ტონუსსო. ჩვენი თუ არ გჯერათ, ჰიპოკრატეს მაინც დაუჯერეთ!
… და, რა თქმა უნდა – სიყვარული. თუ არ იცით, ისწავლეთ, როგორ უნდა გიყვარდეთ, სულერთია, მამაკაცი იქნება ეს, ბავშვი, უბრალოდ, რომელიმე არსება თუ მცენარე. თუ ამას მოახერხებთ, მაშინ სიცოცხლესაც შეიყვარებთ და არასოდეს დაბერდებით!
წყარო– tbiliselebi.ge