არქივი

ერთი თუთიყუშის ტრაგიკული ისტორია

44246d7f76b4
1908 წელს ტოტენჰემ ჰოთსპურმა თავისი სამხრეთ ამერიკული ტურნე დაიწყო არგენტინასა და ურუგვაიში. კონტინენტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიამ ცოტა რამ თუ შემოგვინახა, მაგრამ, სამაგიეროდ, ტურნესთან დაკავშირებით ერთი საინტერესო და, ამავე დროს, ტრაგიკული ისტორია არსებობს.

გუნდმა სამხრეთ ამერიკაში თავისი ვიზიტი დაასრულა და არგენტინიდან ინგლისისკენ გემით უკან გამოემართა. ამ ორ ქვეყანას შორის მანძილი ძალიან დიდია და მგზავრებიც მალე გადაიღალნენ. ამიტომ, ეკიპაჟთან ერთად, გადაწყვიტეს მასკარადი მოეწყოთ. მგზავრები სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე ორიგინალურად ჩაცმულები გამოდიოდნენ და ერთმანეთსაც ახალისებდნენ.

მასკარადს არც ჩვენი ფეხბურთელები ჩამორჩნენ თურმე და ორი მათგანი რობინზონ კრუზოსა და პარასკევას (არა, არა, დეფო არ გვყავდა მაშინ!) კოსტუმებში გამოწყობილი წარმდგარა პუბლიკის წინაშე. მეტი ბუნებრიობისათვის, კრუზოს მხარზე გემზე მობინადრე თუთიყუში ჰყავდა დასმული, რამაც მაყურებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. შოუს დასრულების შემდეგ ფრინველი და ფეხბურთელი ერთმანეთს დაახლოებიან და მოგზაურობის ბოლომდე ერთად ყოფილან. ამის შემყურე გემის კაპიტანმა გადაწყვიტა, თუთიყუში კლუბისთვის სახსოვრად გადაეცა.

თუთიყუშმა, რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა, უაით ჰართ ლეინზე დაიდო ბინა, სპეციალურად მისთვის გამზადებულ ქანდარაზე.

დრო კი გადიოდა… 1919 წელს ტოტენჰემსა და არსენალს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. I მსოფლიო ომის შემდეგ მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ინგლისშიც ბევრი ცვლილება მოხდა. ამის ფონზე, რეფორმირება განიცადა საფეხბურთო ლიგამაც. არსენალი, რომელმაც სეზონი მე-2 დივიზიონში მე-6 ადგილზე დაასრულა, საეჭვო ვითარებაში, ხმის მიცემის პროცედურით, I დივიზიონში დააწინაურეს. შედეგად კი ტოტენჰემი, რომელიც I დივიზიონში ასპარეზობდა, II დივიზიონში ჩამოაქვეითეს. მოკლედ რომ ვთქვათ, არსენალმა უმაღლეს დივიზიონში ტოტენჰემის ადგილი დაიკავა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ტოტენჰემის ფანები დღესაც არსენალს N1 მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.

ვერავინ იტყვის, უბრალო დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როდესაც ზემოთ აღწერილი მოვლენები განვითარდა, ჩვენი თუთიყუში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თავის ქანდარაზე ტრაგიკულად გარდაიცვალა… ამბობენ, რომ ამან დაუდო საფუძველი ინგლისურ გამოთქმას – ”As sick as a parrot!’, რომელსაც ინგლისელი მაშინ ამბობს ხოლმე, როცა რაღაც ძალიან ცუდს ელოდება…

წყარო:geospurs.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button